Gccc-logo.png


მუხლი 267. საგნის დაგირავება რამდენჯერმე და გირავნობის უფლებათა რიგითობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 267. საგნის დაგირავება რამდენჯერმე და გირავნობის უფლებათა რიგითობა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.

2. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს სამომავლო ქონება, მაშინ დამგირავებლის მიერ ქონების შეძენის შემთხვევაში წინა მესაკუთრის დროს წარმოშობილი გირავნობის უფლება წინ გაუსწრებს ახალი მესაკუთრის დროს წარმოშობილ გირავნობის უფლებას, მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.

3. ამ კოდექსის 568-ე, 586-ე, 596-ე, 634-ე, 685-ე და 796-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოგირავნეს აქვს გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა მოგირავნესთან შედარებით.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი #4744 – სსმ I, #18, 22.05.2007 წ., მუხ. 158.

I. გირავნობის უფლებათა რიგითობა

1

ერთსა და იმავე საგანზე წარმოშობილ რამდენიმე გირავნობის უფლებას შორის რიგითობის განსაზღვრისას გადამწყვეტია მათი დადგენის (257) და არა უზრუნველყოფილი მოთხოვნის წარმოშობის მომენტი. ამ რიგითობას (რანგს) არ ცვლის არც უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლების გაფართოება (იხ. მუხ. 256, მე-2 ველი).

2

267-ე მუხლი არ წარმოადგენს დისპოზიციურ დანაწესს და, შესაბამისად, მხარეებს არ შეუძლიათ გირავნობათა რიგითობის წესის შეცვლა,[1] თუმცა ამ მიზნის მიღწევა მაინც შესაძლებელია არსებული გირავნობების გაუქმებით, შემდგომ კი სასურველი თანმიმდევრობით მათი თავიდან შეთანხმებით.[2] გარდა ამისა, მხარეებს შეუძლიათ, ხელშეკრულების მეშვეობით შეათანხმონ, რომ რეალიზაციისას მოიქცევიან ისე, როგორც ეს გირავნობათა მათთვის სასურველ რიგითობას შეესატყვისება და არა კანონისმიერ რიგითობას.[3] ერთდროულად დადგენილ გირავნობის უფლებებს ერთი და იგივე რანგი აქვთ,[4] ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგნის რეალიზაციიდან ამოღებული თანხა არ არის საკმარისი ორივე მოგირავნის დასაკმაყოფილებლად, მოქმედებს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 822 III მუხლი. წინა რიგის გირავნობის გაუქმების შემთხვევაში, ყველა მომდევნო გირავნობა წინ გადმოიწევს (ე.წ. მოძრავი რიგითობა).[5]

3

გირავნობის რიგითობის განსაზღვრისას პრობლემურია შემთხვევა, როდესაც რეგისტრირებული გირავნობა წარმოიშობა ცვლადი შემადგენლობის მქონე სასაქონლო საწყობზე (254 41, იხ. მუხ. 254, მე-17 ველი) და საწყობზე გირავნობა კონკურირებს ახლად შემოტანილ ნივთზე შემოტანამდე წარმოშობილ რეგისტრირებულ გირავნობასთან.[6] აქ გირავნობათა რანგის დადგენისას მათი საწყობში შემოტანისა და არა საწყობის დაგირავების მომენტი უნდა იყოს გადამწყვეტი.

II. მფლობელობითი გირავნობის რიგითობა

4

267-ე მუხლი ეხება რეგისტრირებულ გირავნობას – მფლობელობით გირავნობაზე პირდაპირ ვრცელდება მხოლოდ ამ დანაწესის მე-3 ნაწილი, რაც ნამდვილად ვერ ჩაითვლება წარმატებულ საკანონმდებლო გადაწყვეტად,[7] რადგან რიგითობის პრობლემა დგება არა მხოლოდ რეგისტრირებული, არამედ ასევე მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მფლობელობითი გირავნობის დადგენის წინაპირობა სწორედ მფლობელობის გადაცემაა, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია ამ ფორმით ერთი და იმავე ნივთის რამდენიმეჯერ დაგირავება. ეს შესაძლებელია პირველი მოგირავნისათვის პირდაპირი მფლობელობის (257 I მუხლის 1-ლი ვარიანტი), ხოლო მეორისათვის არაპირდაპირი მფლობელობის დათმობისა და ამის შესახებ პირდაპირი მფლობელისათვის შეტყობინების მეშვეობით (257 I მუხლის მე-2 ვარიანტის ანალოგიით, იხ. მუხ. 257, მე-7 ველი, თუმცა შდრ. მუხ. 266, მე-5 ველი).[8] მფლობელობითი გირავნობის რიგითობა 267 I მუხლის ანალოგიის მეშვეობით უნდა გადაწყდეს, ისევე როგორც რეგისტრირებული და მფლობელობითი გირავნობის კონკურენცია.

III. სამომავლო და პირობადებული მოთხოვნების რიგითობა

5

სამომავლო ან პირობადებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფი მოთხოვნის გირავნობათა რიგი განისაზღვრება ისე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ანუ არა მოთხოვნის წარმოშობის მომენტის, არამედ გირავნობის დადგენის მომენტის მიხედვით.[9] მაგალითად, სესხის, რომელიც მხარეებმა მომავალში უნდა შეათანხმონ, უზრუნველსაყოფად დადგენილი გირავნობა წინ უსწრებს (უკვე არსებული) ნასყიდობის ფასის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მოგვიანებით დადგენილ გირავნობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისათვის პირველი მოთხოვნა ჯერ კიდევ არ არსებობდა.[10]

6

პირობადებული მოთხოვნისაგან განსხვავდება პირობადებული გირავნობის უფლება, რომელზეც 267 I მუხლი პირდაპირ არ გამოიყენება, თუმცა გერმანული დოქტრინა ამ შემთხვევაშიც გირავნობის რიგის განსაზღვრისათვის გადამწყვეტად მიიჩნევს გირავნობის დადგენის, და არა პირობის დადგომის, მომენტს,[11] რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეებს მიეცემოდათ რიგითობის თვითნებურად განსაზღვრის შესაძლებლობა და, გარდა ამისა, ეს შეეწინააღმდეგებოდა გადადების პირობისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭების პრინციპს (§ 161, გსკ).[12] საქართველოში ამავე პრინციპით ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, შეუძლებელია, რადგან აქ პირობის დადგომას სწორედ რომ არ უნდა ჰქონდეს უკუქცევითი ეფექტი (იხ. მუხ. 96, მე-8 ველი და მუხ. 97, მე-4 ველი). პირობადებული გირავნობის რანგის არა ამ პირობის დადგომის, არამედ მისი სარეგისტრაციოდ წარდგენის მომენტის მიხედვით (254 V 2) განსაზღვრისათვის არ გამოდგება არც სამომავლო ქონებაზე დადგენილი გირავნობის რიგითობის წესი, რადგან ამ შემთხვევაში მხარეებს სწორედ რომ არ სურთ გირავნობის ძალაში შესვლა მისი შეთანხმების მომენტიდან, რაც გადამწყვეტია რიგითობის განსაზღვრისათვისაც.

IV. გამონაკლისები გირავნობის უფლებათა რიგითობის ზოგადი წესიდან

7

ზემოთ აღნიშნული ზოგადი წესიდან კანონი ადგენს გამონაკლისებსაც. პირველ რიგში, ეს არის სამომავლო ქონებაზე გირავნობის დადგენის წესი. მიუხედავად იმისა, რომ სამომავლო ქონებაზე საკუთრება წარმოშობილად ითვლება რეგისტრაციის მომენტიდან და ეს არის კიდეც გადამწყვეტი ერთი დამგირავებლის მიერ დადგენილ გირავნობათა რიგითობისათვის (254 V 2), წინა მესაკუთრის მიერ დადგენილი გირავნობა რანგით ყოველთვის წინ უსწრებს მომავალი მესაკუთრის მიერ დადგენილს, მაშინაც კი, როდესაც ამ უკანასკნელის რეგისტრაცია უფრო ადრე მოხდა. გარდა ამისა, 267 III ნორმა უპირატესობას ანიჭებს კანონისმიერ გირავნობის უფლებას სახელშეკრულებო გირავნობის უფლებასთან შედარებით.[13] თავად კანონისმიერ გირავნობებს შორის რიგითობაც განისაზღვრება წარმოშობის მომენტის მიხედვით.[14]

8

რაც შეეხება საგადასახადო გირავნობას, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 82³ I 1 მუხლის მიხედვით, დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით, პირველ რიგში, დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები, ასეთების არსებობის შემთხვევაში, ხოლო მხოლოდ ამის შემდეგ კერძო პირის გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები. საგადასახადო გირავნობას რანგით წინ უსწრებს კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მსგავსი დაწესებულებების გირავნობა (82³ I 2) და ამგვარად ყველა სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის გირავნობაც. გამონაკლისს ითვალისწინებს მხოლოდ 82³ I¹ 1 მუხლი იმ შემთხვევისათვის, როდესაც 254-ე და მომდევნო მუხლების საფუძველზე წარმოშობილი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნა ვადამოსული იყო საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციამდე.




  1. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1209, Rn. 2; თუმცა შდრ. განსხვავებული მოსაზ რებისათვის: Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1209, Rn. 3; BAG NJW 1990, 2642.
  2. OLG Celle OLGR 2009, 602.
  3. Damrau, იქვე.
  4. Damrau, იქვე; Sosnitza, იქვე.
  5. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1209, Rn. 3.
  6. Thonabauer/Nösslinger, Leitfadenreihe zum Kreditrisiko _ Kreditsicherungsrecht in Polen, 2004, S. 27.
  7. შნიტგერი, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი საქართველოში, 2011, გვ. 10.
  8. Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl., 2006, § 15 VI d.
  9. BGH NJW 1993, 2878; BGH NJW 1997, 2323.
  10. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1209, Rn. 4.
  11. BGH NJW 1993, 2876.
  12. Emmerich, Pfandrechtskonkurrenzen, 1909, S. 95; Damrau, იქვე, Rn. 5; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1209, Rn. 2.
  13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის #ას-483-457-2012 გადაწყვეტილება.
  14. Damrau, იქვე, Rn. 6.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_267._საგნის_დაგირავება_რამდენჯერმე_და_გირავნობის_უფლებათა_რიგითობა&oldid=2049"