Gccc-logo.png


მუხლი 268. მოგირავნის უფლებების დაცვა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 268. მოგირავნის უფლებების დაცვა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ მოგირავნეს ხელი შეუშალეს თავისი უფლებების განხორციელებაში, მას შეუძლია, იგივე უფლებები გამოიყენოს, რაც მესაკუთრემ.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

I. ზოგადი დებულებები

1

ეს დანაწესი მიზნად ისახავს მოგირავნის დაცვას მისი სანივთო უფლების ხელყოფის შემთხვევაში. მართალია, კანონმდებელი მოგირავნეს მესაკუთრის უფლებებს აკუთვნებს, რითაც ნათელყოფს, რომ ეს ნორმა პირდაპირ მხოლოდ ნივთის გირავნობას ეხება, თუმცა ის ძალაში უნდა დარჩეს ასევე მოთხოვნის დაგირავების შემთხვევაშიც, თუ მოგირავნე სხეულებრივი საგნის, მაგალითად იპოთეკის მოწმობის, მფლობელი ხდება.[1] ამის მიუხედავად, იპოთეკის მოგირავნეს არ შეუძლია, მოითხოვოს უძრავ ნივთზე ზემოქმედების აღკვეთა.[2] 268-ე მუხლი არ გამოიყენება რეგისტრირებული გირავნობისას, რადგან ამ შემთხვევაში გირაო დამგირავებლის ხელშია, ისევე როგორც ნივთით სარგებლობის უფლება და, შესაბამისად, მასვე ეკისრება ამ მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დაცვა, ხოლო მოგირავნის უფლებები 261 I, IV მუხლის მიხედვით ამომწურავად არის დაცული (შდრ. გამონაკლისთან დაკავშირებით ქვევით, მე-3 ველი).

II. საკუთრების უფლებიდან წარმომდგარი მოთხოვნები

2

სხვა სანივთო უფლებების მსგავსად, მოგირავნეს ენიჭება ვინდიკაცია (172 I, II) ნივთის არაუფლებამოსილი პირის მფლობელისაგან გამოსათხოვად, მათ შორის დამგირავებლის, მესაკუთრისა[3] და მომდევნო რიგის მოგირავნისაგან, რომელთაც არ აქვთ მფლობელობის უფლება.[4] დამგირავებელს არ აქვს ამ შემთხვევაში 263-ე მუხლზე დაფუძნებული შესაგებლის წარდგენის შესაძლებლობა, რადგან ეს შესაგებელი მხოლოდ გირაოს რეალიზაციას შეიძლება დაუპირისპირდეს და არა მისი დაბრუნების მოთხოვნას 268, 172 I მუხლის მიხედვით.

3

163 I 2, 164 1 მუხლების მიხედვით, მოგირავნეს შეუძლია, გამოითხოვოს Nაყოფი (256 II) და ასევე გირაოთი სარგებლობის უფლების შემთხვევაში (261 II 2) – სარგებელი. დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მას აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (992). გამომდინარე იქიდან, რომ მესაკუთრისა და მოგირავნის ინტერესი ურთიერთმფარავი არ არის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ვადამოსულობის მიხედვით – რეალიზაციის ვადის მოსვლამდე (278) მოგირავნეს უნდა მიენიჭოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის უფლება, ამ ვადის მოსვლის შემდეგ კი მას შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობით (256 I).[5] გამონაკლისის სახით, ნაყოფის დაკარგვის გამო, ზიანის ანაზღაურება, ზემოთ ხსენებული პრინციპის მიხედვით, შეუძლია ასევე რეგისტრირებულ მოგირავნესაც (256 I). მოგირავნის ამ მოთხოვნების საპირისპიროდ მფლობელს ენიჭება ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა (163 II, 164 3) და დაკავების უფლება (163 III), რისი წინაპირობაც არის ნივთზე გაწეული დანახარჯების მეშვეობით მისი საბაზრო ღირებულების ზრდა.[6] მესაკუთრეს, მოვალესა და დამგირავებელს არ აქვთ დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.[7] მოგირავნეს ენიჭება ასევე ნეგატორული სარჩელი (172 II) და მის სასარგებლოდ მოქმედებს პრეზუმფცია, 158 I მუხლის მიხედვით,[8] რომლის შინაარსიც ამოიწურება გირავნობის უფლების ვარაუდით, თუ სახეზეა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ან, სულ მცირე, სამომავლო მოთხოვნა. თავად მოთხოვნის არსებობა არ ივარაუდება.[9]

III. სხვა მოთხოვნები

4

268-ე მუხლი მოგირავნეს ანიჭებს გირაოს დაცვისას მესაკუთრის უფლებებს, თუმცა მას აქვს ასევე მისი სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე საკუთარი მოთხოვნებიც. მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში, მოგირავნეს გირავნობის საგანზე თავისი მფლობელობის დასაცავად შეუძლია, ისარგებლოს ასევე მფლობელობის დაცვის სარჩელებითაც, 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად.[10] გარდა ამისა, როგორც რეგისტრირებულ, ისე მფლობელ მოგირავნეს აქვს დელიქტური[11] და კონდიქციური[12] მოთხოვნები, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ისევე როგორც კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმომდგარი მოთხოვნები (261, იხ. ამ მუხლის კომენტარი) და მოთხოვნები დამგირავებელთან დადებული ხელშეკრულებიდან.




  1. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1227, Rn. 1.
  2. იქვე, იხ. ასევე მითითება საწინააღმდეგო მოსაზრებაზე.
  3. შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის #ას-483-457-2012 გადაწყვეტილება, სადაც სასამართლო არამართებულად საერთოდ არ ახსენებს ამ შესაძლებლობას და სრულებით დაუცველს ტოვებს მოგირავნეს დამგირავებლის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წინაშე.
  4. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 122; BGH WM 1956, 161.
  5. RGZ 116, 268; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1227, Rn. 1; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1227, Rn. 3.
  6. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1227, Rn. 3.
  7. იქვე.
  8. BGH WM 1969, 1233; OLG Hamburg OLGE 8, 193.
  9. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl. 2014, § 1227, Rn. 1.
  10. RGZ 57, 325.
  11. RGZ 100, 278; OLG Stu􀆩 gart OLGE 41, 185.
  12. OLG Stuttgart OLGE 41, 185.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_268._მოგირავნის_უფლებების_დაცვა&oldid=2052"