Gccc-logo.png


მუხლი 269. გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტორზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 269. გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტორზე


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. სხვა პირისათვის მოთხოვნის გადაცემით ამ პირზე (ახალ კრედიტორზე) გადადის გირავნობის უფლებაც.

2. გირავნობის უფლება წყდება, თუ მფლობელობითი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის დათმობის მომენტიდან გონივრულ ვადაში, ახალი კრედიტორი არ მოითხოვს გირავნობის საგნის მისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას ან გირავნობის უფლების რეგისტრაციას.

3. ყოველი მესამე პირი, რომლის უფლებრივი მდგომარეობაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად შეიძლება გაუარესდეს, უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს მოგირავნის მოთხოვნა და ამ გზით შეიძინოს მისი უფლებები დამგირავებლისა და შესაძლო მოვალე მესამე პირის მიმართ.

4. გირავნობის უფლება არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს შესაბამისი მოთხოვნის გადაცემის გარეშე. თუ მოთხოვნის გადაცემისას გამორიცხულია გირავნობის უფლების გადაცემა, მაშინ გირავნობის უფლება წყდება.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005წ., მუხ.284.

I. ზოგადი დებულებები

1

269 I, IV მუხლი 270-ე მუხლთან ერთად არის გირავნობის აქცესორულობის Pრინციპის ნორმატიული კონსტატაცია (იხ. მუხ. 254, 22-ე ველი). 201 I მუხლში დისპოზიციურად გაწერილი წესი, რომლის მიხედვითაც აქცესორული უფლებები მოთხოვნას მიჰყვება, 269 I, IV მუხლის მეშვეობით იმპერატიულ ხასიათს იძენს გირავნობისათვის. 269-ე მუხლის ეს ორი ნაწილი ავსებს ერთმანეთს და მათი ურთიერთკავშირიდან გამომდინარეობს, რომ გირავნობის უფლების გადაცემის ერთადერთი გზა უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობაა. აქცესორულობა მოქმედებს როგორც სახელშეკრულებო (მფლობელობითი და რეგისტრირებული), ისე კანონისმიერი გირავნობისათვის.

2

მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მოწესრიგებულია მოგირავნის მიერ ამ უფლების დაკარგვის საფუძვლები. ერთ შემთხვევაში, ეს არის ცედენტის მიერ გირავნობის საგანზე მფლობელობის მოპოვების ან რეგისტრაციის დახანება, ხოლო მეორე შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მისი დაკმაყოფილება.

II. მოთხოვნის გადაცემა, 269 I, IV

3

გირავნობის უფლება აქცესორული უფლებაა და იგი კანონის ძალით მიჰყვება მისით უზრუნველყოფილ მოთხოვნას, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა საფუძვლით იცვლება მოთხოვნის კრედიტორი – გარიგებით (199 II), კანონის ძალით (207) თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით (სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 57 I).[1] ცალკე შეთანხმება გირავნობის უფლების გადასვლასთან დაკავშირებით აუცილებელი არ არის, ისევე როგორც მფლობელობის გადაცემა ან გირავნობის უფლების რეგისტრაცია,[2] თუმცა გონივრულ ვადაში ამის მოთხოვნის გარეშე ცესიონერი კარგავს გირავნობის უფლებას (იხ. ქვევით, მე-7 და მომდევნო ველები). თუ ახალ კრედიტორზე მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ გადადის, მაშინ გირავნობა იხლიჩება ცედენტთან დარჩენილი და ცესიონერზე გადასული მოთხოვნის ნაწილის უზრუნველმყოფ ორ (ერთი და იმავე რიგის, იხ. მუხ. 267, მე-2 ველი) გირავნობად.[3]

4

ქართველმა კანონმდებელმა გირავნობის სამართლის რედაქტირებულ ვერსიაში ამ უფლების კეთილსინდისიერად მოპოვების შესაძლებლობა არ გაითვალისწინა (იხ. მუხ. 254, მე-2 ველი). მართალია, ამით სამართლის შემფარდებელს თავიდან ააცილა ყველა ის პრობლემა, რომლებიც წარმოიშობა გერმანულ სამართალში ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მეორე მხრივ, ამით ნამდვილად არ შეუწყო ხელი გირავნობის უფლების ბრუნვაუნარიანობას. გირავნობის უფლების მოთხოვნისაგან დამოუკიდებლად გადაცემა შეუძლებელია. ამ შინაარსის შეთანხმება უნდა ჩაითვალოს არანამდვილად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა ნების გამოხატვის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ მათ გირავნობის უფლებისა და მისით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ერთობლივად გადაცემა სურდათ,[4] თუმცა ამ შეთანხმების კონვერსია (60) იმგვარ გარიგებად, რომელიც აღარ ეწინააღმდეგება 269 I, IV მუხლის მოთხოვნებს, დაუშვებელია.[5] თუ მოთხოვნის დათმობისას გამორიცხულია

5

გირავნობის უფლების გადაცემა, მაშინ გირავნობის უფლება უქმდება (269 IV 2), თუმცა გირავნობა არ ითვლება გამორიცხულად მხარეთა შეთანხმებით გირავნობის საგნის ცედენტის მფლობელობაში დატოვებისას.[6] ცედენტის მიერ გირაოს რეალიზაციის უფლების შენარჩუნება უნდა განიმარტოს როგორც მოთხოვნის იმ ნაწილის დათმობა, რომელიც გირავნობით არ არის უზრუნველყოფილი.[7]

III. გირავნობის შეწყვეტა, 269 II

6

გარდა ზემოხსენებულისა, გირავნობის უფლება წყდება ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოთხოვნის დათმობის მომენტიდან გონივრულ ვადაში ახალი კრედიტორი არ მოითხოვს გირავნობის საგნის გადაცემას (მისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის) ან გირავნობის უფლების რეგისტრაციას (269 II). ეს წესი ანალოგიურად უნდა მოქმედებდეს კანონისმიერი ცესიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოთხოვნის სხვა პირზე გადასვლის შემთხვევებშიც.

1. მფლობელობის გადაცემის ან რეგისტრაციის მოთხოვნა

7

269 II მუხლი არ მიიჩნევს გირაოზე მფლობელობის ან რეგისტრაციის მოპოვებას გირავნობის უფლების ახალ კრედიტორზე გადასვლის პოზიტიურ წინაპირობად, არამედ მიიჩნევს მის განუხორციელებლობას უკვე გადასული გირავნობის დაკარგვის საფუძვლად (ნეგატიური წინაპირობა).

8

მოთხოვნის წაყენებისათვის გონივრულ ვადაზე აპელირებით კანონმდებელი ნათელყოფს იმ ფაქტს, რომ მისი ათვლა მხოლოდ ახალი მოგირავნის მიერ გირავნობის არსებობის შესახებ შეტყობის მომენტიდან უნდა დაიწყოს. უმნიშვნელოა, თუ ვისგან იღებს ის ამ ცნობას – დამგირავებლისაგან თუ ცედენტი-მოგირავნისაგან, თუმცა გირაოს გაუმჟღავნებლობა თითოეულს შეიძლება შეერაცხოს ვალდებულების დარღვევად კონკრეტულ სიტუაციაში (მაგ., სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 57 III მუხლი).

9

კანონმდებელი არც ამ ნორმაში და არც სადმე სხვაგან არ იძლევა გონივრული ვადის ლეგალურ დეფინიციას, თუმცა შესაძლებელია, ამ დეფინიციისათვის გერმანულ სამართალს დავესესხოთ, სადაც თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში მოქმედება ითვლება დაუყოვნებლად (გონივრულ ვადაში) განხორციელებულად, თუ ის ბრალეული დახანების გარეშე ხდება.[8] ეს ვადა გულისხმობს არა მყისიერად – გირავნობის არსებობის შესახებ შეტყობისთანავე – მფლობელობის გადაცემის ან რეგისტრაციის მოთხოვნას,[9] არამედ გონივრული ვადის გამოთვლისას გათვალისწინებული უნდა იყოს მონაწილეთა პატივსადები ინტერესი[10] – ერთი მხრივ, დამგირავებლის ინტერესი, რომ გირავნობის ურთიერთობის გაგრძელებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა გაგრძელდეს, რაც შეიძლება, ცოტა ხანს, თუმცა, მეორე მხრივ, აუცილებელია, ახალ კრედიტორს ჰქონდეს საკმარისი დრო იმის მოსაფიქრებლად, უღირს თუ არა საერთოდ ამ ურთიერთობის გაგრძელება. ამ გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის ოდენობას, გირაოდ გამოყენებული საგნის თვისებებს (მაგ., დაგირავებული ცხენის მოვლა-შენახვის სირთულეს) და მოვალის გადახდისუნარიანობის შეფასებას ცესიონერის პოზიციიდან. გირავნობის შენარჩუნებისათვის საკმარისია ახალი კრედიტორის მიერ 269 II მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენა და არა მისი დაკმაყოფილება დამგირავებლის მიერ.

10

კანონის მიზნიდან გამომდინარე, დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული მხარეთა შეთანხმებით წინა მოგირავნესთან შეთანხმებული მფლობელობითი გირავნობის რეგისტრირებულით შეცვლა, და პირიქით.

11

მფლობელობის გადაცემისა და რეგისტრაციისათვის ძალაშია ამ ტიპის გირავნობის დადგენის ზოგადი წესები (257, 258, 259).

2. სამართლებრივი შედეგები

12

მართალია, ცესიონერი გირავნობის უფლებას მოიპოვებს მოთხოვნის დათმობისთანავე, თუმცა, 269 II მუხლის თანახმად, მასა და მოგირავნეს შორის გირავნობის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა მხოლოდ მფლობელობის გადაცემის ან რეგისტრაციის მომენტიდან წარმოიშობა.[11] შესაბამისად, ახალი მოგირავნე პასუხს აგებს მხოლოდ საკუთარი ვალდებულების დარღვევისათვის და მას არ შეერაცხება წინა მოგირავნის მიერ ვალდებულების დარღვევა.[12] იგივე წესი მოქმედებს დამგირავებლის მოთხოვნების შემთხვევაში.

IV. „გირაოს გამოხსნის უფლება“, 269 III

13

ამ მუხლის მე-3 ნაწილის ნორმა არის 372-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი წესის დაკონკრეტება გირავნობის ურთიერთობისათვის; ამ შემთხვევაშიც კანონი ნებისმიერ მესამე პირს ანიჭებს უფლებას, მოგირავნის დაკმაყოფილების გზით, თავიდან აიცილოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, რის შედეგადაც ის დაკარგავდა თავის სამართლებრივ პოზიციებს – „გირაოს გამოხსნის უფლებას“. ეს დანაწესი ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული კანონისმიერ გირავნობაზე.[13]

1. უფლებამოსილი პირი

14

„გირაოს გამოხსნის უფლება“ აქვს პირს, რომელიც გირაოს რეალიზაციის შედეგად დაკარგავდა სანივთო უფლებას (285 I).[14] ეს პირი შეიძლება იყოს არამოვალე-მესაკუთრე, მაშინაც კი, როდესაც ის, ამავდროულად, მოვალის თავდებია;[15] ასევე იმავე ნივთის ყველა სხვა მოგირავნე. მოგირავნე-კრედიტორის დაკმაყოფილების უფლება არ აქვს ნივთის მხოლოდ მფლობელს,[16] თავდებს,[17] საზოგადოების პარტნიორს შპს-ის წილის დაგირავებისას, ან ნებისმიერ მესამე პირს, რომელიც 371-ე მუხლის მიხედვით ასრულებს სხვის ვალდებულებას.[18]

15

მოგირავნის დაკმაყოფილების უფლება მესამე პირს წარმოეშობა იმ მომენტიდან, როდესაც მოვალე უკვე უფლებამოსილია, შეასრულოს (366) და მთავრდება გირავნობის საგნის რეალიზაციის განხორციელებასთან ერთად (282 IV, მუხ. 282, მე-11 ველი). თუ ერთი მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე ნივთზე გირავნობით, მაშინ თითოეული ნივთის მესაკუთრეს აქვს მოგირავნის დაკმაყოფილების უფლება, თუმცა ამ შემთხვევაშიც მთლი ანი მოთხოვნა უნდა დაიფაროს.[19]

2. სამართლებრივი შედეგები

16

მესამე პირის მიერ მოგირავნის მოთხოვნის დაფარვის შემთხვევაში, 269 III მუხლის მიხედვით, ეს მოთხოვნის უფლება მასზე გადადის. მოთხოვნასთან ერთად მესამე პირზე გადადის ასევე გირავნობის უფლებაც (207, 201 I), თუმცა ის, ძირითადად, ქარწყლდება კონსოლიდაციის გამო (273). მოთხოვნის გადასვლისათვის საკმარისია, თუ მესამე პირი მას საკუთარი სახსრებით ფარავს, დამოუკიდებლად მონაწილეთა ნებისაგან.[20] ნაწილობრივი შესრულების შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ გადადის, თუმცა მისი გირავნობის უფლება რიგით წინ უსწრებს მესამე პირზე გადასულ გირავნობას.[21]




  1. შდრ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 122.
  2. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1250, Rn. 2.
  3. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1250, Rn. 2; Sosnitza, იქვე.
  4. RG JW 1938, 44; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1250, Rn. 4.
  5. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1250, Rn. 4.
  6. იქვე, Rn. 5.
  7. RGZ 135, 273.
  8. იხ. გსკ-ის 121 I 1 პარაგრაფი. აქ მოცემული დეფინიცია აღიარებულია გონივრული ვადის ზოგად განმარტებად.
  9. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 121, Rn. 7; Alexander/Linsenbarth/Schiller, „Barock vs. Bar-Rock“, JA 2013, S. 423.
  10. OLG Hamm NJW 2012, 1157.
  11. BGHZ 36, 268.
  12. BGHZ 36, 269.
  13. RGZ 135, 27; BGH NJW 1956, 1197.
  14. RGZ 167, 299.
  15. BGH NJW 1956, 1197.
  16. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1249, Rn. 2; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1249, Rn. 2.
  17. RGZ 53, 404.
  18. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1249, Rn. 2.
  19. RGZ 83, 391.
  20. BGH NJW 1956, 1197.
  21. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1249, Rn. 6; Sosnitza, იქვე, Rn. 3.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_269._გირავნობის_უფლების_გადასვლა_ახალ_კრედიტორზე&oldid=2054"