Gccc-logo.png


მუხლი 27. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 27. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება


ირაკლი ბურდული
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აქვს სახელწოდება, რომელშიც აღინიშნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისადმი მისი კუთვნილება.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი გრაფიკული სიმბოლოები, რომელთაც არ აქვთ ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმებისათვის დამახასიათებელი აღნიშვნები. ამასთანავე, სახელწოდებას არ უნდა ერთოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა სუბიექტის ფორმისა თუ საქმიანობის გამო.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება არ შეიძლება ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებას.

4. პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.

5. იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 — ვებგვერდი, 14.07.2011წ.

I. შესავალი, წარმოშობის ისტორია

1

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული თავით (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი) წესრიგდება ე.წ. იდეალური მიზნის მქონე საზოგადოების ურთიერთობასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც შეეხება ამ ტიპის იურიდიული პირის სახელს (სახელწოდებას), მის ფილიალს (წარმომადგენლობას), რეგისტრაციის წესსა და პირობებს, რეგისტრაციაზე, მათ შორის, ცვლილების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების წესს, ამგვარი იურიდიული პირის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის თავისებურებებს, მესამე პირებთან ურთიერთობას დაკავშირებულს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობასთან, ამასთან, ქონებრივ საკითხებს, მათ შორის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის კონტექსტში, ასევე, იურიდიული პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

2

აღსანიშნავია, რომ არაკომერციულ იურიდიულ პირებთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლიდან დღემდე, მართლაც, „რევოლუციური“ ცვლილებები განხორციელდა. ამ თვალსაზრისით გამოსაყოფია 2006 წელს გატარებული რეფორმა,[1] რომელმაც რადიკალურად შეცვალა არაკომერციულ იურიდიულ პირებთან მიმართებაში ადრე არსებული საკანონმდებლო მიდგომა.[2] ამან, თავის მხრივ, დიდი გავლენა მოახდინა თავად ამ იურიდიული პირის კონფიგურაციაზე, შეცვალა რა გარკვეულ პრიზმაში მისი ეგზისტენციალური ხასიათი და რეგულატორული ფუნქციები. ამა თუ იმ საკითხის ლიბერალური მოწესრიგების სულისკვეთებამ,[3] შეიძლება ითქვას, მოჭარბებული ოდენობით შეაღწია არაკომერციული იურიდიული პირების ნაწილში და მის მიმართ კანონმდებლის საწესდებო ავტონომიის თავისუფლების შეუზღუდავ ფარგლებს დაუდო დასაბამი, რამაც ქართული იურიდიული საზოგადოება მწირი სასამართლო პრაქტიკისა და ამ სფეროში თითქმის საერთოდ არარსებული კაუტელარული იურისპრუდენციის პირობებში, გარკვეული სირთულეების წინაშე დააყენა. საკანონმდებლო ცვლილებათა შედეგად სპეციალური მომწესრიგებელი ნორმა-დებულებები ფონდებისა და კავშირების[4] შესახებ გაუქმებულ იქნა. ამან კი საქართველოში არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მხოლოდ ერთადერთი, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა — არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი[5] — ჩამოაყალიბა.[6] თუმცა ეს უკანასკნელიც ალბათ უფრო ასეთი ფორმის შინაარსობრივი ონტოლოგიის გამომხატველია და არა თავად სამართლებრივი ფორმის ლეგალური აღმნიშვნელი. მართალია, სპეციალური მომწესრიგებელი ნორმები კავშირებისა და ფონდების, ისევე, როგორც ამ სამართლებრივი ფორმების ლეგალური დეფინიციის მომცველი დებულებები სამოქალაქო კოდექსიდან ამოღებულია და, ერთადერთი სამართლებრივი ფორმაა საკანონდებლო დონეზე დარჩენილი, თქმა იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ რეალობაში კავშირები და ფონდები გაუქმებულია, რასაკვირველია, არ შეიძლება. არასამეწარმეო იურიდიულ პირს მისი საქმიანობის წარმართვა ნებისმიერი კანონით აუკრძალავი ტრანსკრიფციით შეუძლია, მათ შორის, კავშირის ან ფონდის, ან ასოციაციის დამატებით.[7] მით უმეტეს ამას არანაირად არ გამორიცხავს 27 I და II მუხლი. ეს საკითხი მთლიანად საწესდებო ავტონომიის ფარგლებშია მოქცეული. ამას კი თავად ამ სამართლებრივი ფორმის (ა(ა) იპ) შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბება-განსაზღვრის, ასევე, საზოგადოების სახელწოდების არჩევის[8] თავისუფლება ადასტურებს.

II. ნორმის სტრუქტურა, მიზანი და საგანი

3

27-ე მუხლი არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელწოდებას და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობას ეხება. ნორმის სტრუქტურა საკანონმდებლო დონეზე იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მას უშუალო შეხება აქვს სხვა საკანონმდებლო აქტებით რეგლამენტირებულ მსგავს საკითხებთან და ხშირად შემვსებ მინიშნებებსაც აკეთებს, მაგალითად, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნული მუხლის მიზანია განსაზღვროს არაკომერციული იურიდიული პირის სახელწოდება, როგორც მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში იდენტიფიცირების საშუალება, დაადგინოს მისი ლეგალური დეფინიცია, ის იურიდიული შესაძლებლობა, რომლის დროსაც ამა თუ იმ არასამეწარმეო იურიდიულ პირს საკუთარი სახელწოდების დართვის უფლება ექნება, რაც როგორც სხვისი, ისე თავად ამ სუბიექტის დაცვის მოტივით არის განპირობებული. ეს კი კარგად ვლინდება იმ შინაარსში, რომელიც ამ ნორმაშია ჩადებული: „სახელწოდებას არ უნდა ერთვოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან გამოიწვიოს შეცდომა, ან გაუგებრობა სუბიექტის ფორმისა თუ შინაარსის გამო“ (27 II, 18); ზიანის ანაზღაურებისა და მართლსაწინააღმდეგო სარგებლობის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება (27 IV); პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის ამკრძალავი, უფრო სწორედ, ასეთი შელახვის შედეგად გამოწვეული თანმდევი ქმედების განეიტრალებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (27 V). ეს კი სამართლებრივ ურთიერთობაში სიცხადისა და ბრუნვის სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ ნორმას სიცხადის შემცველი ხასიათიც აქვს.

III. იურიდიული პირის სახელწოდება

1. ცნება

4

საზოგადოებრივი ცხოვრება რთული და მრავალფეროვანია. იგი ურთიერთობათა მრავალრიცხოვან სეგმენტს მოიცავს, რაშიც ძალიან ბევრი ფიზიკური თუ იურიდიული პირია ჩართული. ფიზიკური პირი, სამართლებრივ ურთიერთობაში საკუთარი იდენტიფიცირების მიზნით, იყენებს სახელს, რათა ყოველი მესამე პირისათვის შესაცნობი იყოს თუ ვისთან აქვს ამ უკანასკნელს საქმე. იგივე პრინციპი ვრცელდება იურიდიული პირის მიმართაც, რომელსაც ასევე უნდა ჰქონდეს იდენტიფიცირების შესაძლებლობა სამართლებრივ ურთიერთობაში, რასაც მისი სახელწოდება ემსახურება.[9]

5

წარმოდგენილი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არასამეწარმეო იურიდიულ პირს აქვს სახელწოდება, რომელიც ამ იურიდიული პირის სამართლებრივ ურთიერთობაში დამოუკიდებელი სამართლის კონსტრუქციად აღქმის წინაპირობაა. მისი კუთვნილებაა იურიდიული პირის სახელწოდება (სახელი), რომლის მეშვეობითაც „ხორციელდება ბრუნვის მონაწილეთა, ერთი მხრივ, იდენტიფიკაცია, ანუ მათი იგივეობის, თავისთავადობის დადგენა და, მეორე მხრივ, ინდივიდუალიზაცია“, რაც ნიშნავს მის განსხვავებას სხვა ორგანიზაციული ერთეულისაგან.[10] მოკლედ, არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელწოდება არის კერძო სამართალურთიერთობის სუბიექტის სახელი, რითიც იგი გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში.

6

იურიდიული პირის სახელწოდება, იქნება ეს იდეალური თუ სამეწარმეო სუბიექტისა,[11] გარკვეული საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციული წარმონაქმნის „საჯაროობის შემადგენელი ნაწილია“ და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა დაცვის გარანტიის ფუნქციით არის გამსჭვალული.[12] ამიტომაც კანონმდებლობა (27 II) ამ მიზნის მისაღწევად იურიდიული პირის სახელწოდების მოთხოვნათა დადგენისას აწესებს შემზღუდველ ნორმებს, რომელთა დარღვევა გარკვეული სანქციის შემცველი შედეგით შეიძლება იყოს განპირობებული. შესაბამისად, სახელწოდება „კუთვნილებაუნარიანობისა და განსხვავებულობის ხარისხის“ მატარებელი უნდა იყოს, რათა მან, ყველა შეზღუდვის გათვალისწინებით, სამართალურთიერთობაში „სახელის ფუნქციის“ შესრულება შეძლოს.[13] ამასთან, სახელწოდება იურიდიული პირის აუცილებელი ატრიბუტია, მისი სუბსტანციის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ სადამფუძნებლო დოკუმენტებში (წესდება) მისი მითითება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

2. შეზღუდვები სახელწოდების გამოყენებისას

ა. დასაშვები და დაუშვებელი სახელწოდებები

7

იურიდიული პირის მიერ სახელწოდების გამოყენების პროცესს იურიდიულ ლიტერატურაში „ფირმის ჩამოყალიბების“ სამართალს უწოდებენ.[14] ამიტომ კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ შეზღუდვებს, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ სამოქალაქო ბრუნვაში სახელწოდებამ არ შექმნას მცდარი წარმოდგენა მესამე პირთა თვალში იურიდიული პირის მიზნის, სახეობის, საქმიანობის[15] და ა.შ. შესახებ.

8

იურიდიული პირის სახელწოდების ფუნქციიდან გამომდინარე,[16] იგი უნდა შეიცავდეს ისეთ აღნიშვნებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პირის სხვა პირისაგან იდენტიფიცირება, განსხვავება, ასევე, იგი სხვა უკვე არსებული არაკომერციული იურიდიული პირების სახელწოდების გადაფარვის დაუშვებლობას უნდა ემსახურებოდეს. როგორც წესი, სახელწოდების არჩევა თავისუფალია.[17] ეს ნიშნავს, რომ მისი შერჩევისას არაკომერციული იურიდიული პირის წევრები დამოუკიდებლად და თავისუფლად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა საგნობრივი, ტერიტორიული, საქმიანობითი თუ სხვა კრიტერიუმზე დაფუძნებული სახელწოდება უნდა შეირჩეს.[18] როგორც წესი, არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელწოდება ასოცირდება იმ საქმიანობის საგანთან, რომელსაც ესა თუ ის პირი წარმართავს. თუმცა შესაძლებელია, რომ იგი მისი (იურიდიული პირის) მიზნის მიღმა სფეროს გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს[19] და დამოკიდებული არ იყოს ორგანიზაციის მიზანსა[20] და საქმიანობის საგანზე.

9

გამომდინარე იქიდან, რომ 27 II და III მუხლი საჯარო ინტერესის დამცველი ნორმებია,[21] იურიდიულ პირს მხოლოდ ერთი სახელწოდების ქვეშ საქმიანობის უფლება აქვს[22] და გამორიცხულია მის მიერ რამდენიმე სახელწოდების გამოყენება.

10

სახელწოდება აუცილებლად უნდა შედგებოდეს სიტყვებისაგან (ანბანური ასოებისაგან),[23] რომელშიც იგულისხმება მისი შექმნა გარკვეული ტრანსკრიფციული დამატებებისაგან, საგნობრივი აღმნიშვნელებისაგან, შემოკლებებისაგან.[24] ამასთან, ყურადსაღებია, რომ სახელწოდება გარკვეულ შინაარსს უნდა გამოხატავდეს და იგი აღქმადი იყოს მესამე პირის მხრიდან. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ ხარვეზის გამოსწორების ვადა უნდა დანიშნოს იმ შემთხვევაში, როდესაც სახელწოდებაში გამოყენებულია უაზრო სიტყვები, მხოლოდ ასოთა წყება და ა.შ.,[25] რომელიც არანაირ მნიშვნელობას არ იძლევა.

11

სახელწოდება შეიძლება იყოს ფანტაზიის ნაყოფი,[26] თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი აღნიშვნები, რომელიც მორალური ან ეთიკური ნორმების საწინააღმდეგოა. ამასთან, როდესაც არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელწოდებაზეა საუბარი, მიზანშეუწონელია, რომ ფანტაზიის ნაყოფი იყოს სამეწარმეო სუბიექტისთვის დამახასიათებელი, მისი მიზნიდან გამომდინარე აღმნიშვნელი. მე-2 ნაწილის მიხედვით, სახელწოდებაში არ შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგალითად, „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული აღნიშვნები. აქ იგულისხმება ამავე კანონის მე-6 პუნქტის მოცემულობა, რომელიც ძირითად ყურადღებას ამა თუ იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის[27] დამატების ვალდებულებაზე ამახვილებს, თუმცა სახელწოდებაში სხვა ნებისმიერი აღმნიშვნელის გამოყენების უფლებას იძლევა.[28] არაკომერციულ იურიდიულ პირს თითქოსდა რჩება იმის უფლება, რომ სახელწოდების შერჩევისას, რადგან 27 II მუხლი მიუთითებს რა მეწარმეთა კანონზე, ხოლო ეს უკანასკნელი სავალდებულო დართვის თვალსაზრისით მხოლოდ კონკრეტული მეწარმის სამართლებრივი ფორმის აღმნიშვნელის დატანას ითვალისწინებს, იგი (სახელწოდება), სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე, ფანტაზიის ნაყოფის შედეგად ჩამოყალიბდეს, რაც მიზანშეუწონელი უნდა იყოს.[29] მართალია, იდეალური მიზნის მქონე იურიდიული პირის სახელწოდებას უნდა დაერთოს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“, მაგრამ ეს დამატება უნდა გამორიცხავდეს ფანტაზიის შედეგად სამეწარმეო მიზნის, კომერციული საქმიანობის შედეგად შექმნილ სახელწოდებას.[30]

ბ. განსხვავებულობა, შეცდომაში შემყვანი ან გაუგებარი დამატება

ბ.ა. სახელწოდების განსხვავებულობა
12

იურიდიული პირის სახელწოდებას არ უნდა დაერთოს ისეთი დამატება, რომელიც ემსახურება მესამე პირის შეცდომაში შეყვანას ან მისთვის გაუგებარ მდგომარეობაში ჩაყენებას სუბიექტის სახელწოდებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სახელწოდებას „განსხვავებულობის ძალა“ უნდა ჰქონდეს, რაც სამოქალაქო ბრუნვაში „სახელწოდების ფუნქციის“ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია.[31]

13

სახელწოდების განსხვავებულობა „საფირმო სახელწოდების ინდივიდუალიზების ფუნქციის მატარებელიცაა“.[32] იგი (სახელწოდება) იმისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, რომ მოხერხდეს ამ პირის განსხვავება სხვა ან (მით უმეტეს) იმავე საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისაგან.[33] ეს კიდევ უფრო დამაჯერებელი არგუმენტი იქნებოდა ზემოთ განვითარებულ მსჯელობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, არაკომერციული იურიდიული პირის მიერ უშუალო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად გამომდინარე სახელწოდება ან დანამატი ამ სახელწოდებაზე მიზანშეუწონელი იქნებოდა. სახელწოდება ან დამატება სახელწოდებაზე უნდა იძლეოდეს საზოგადოებისთვის იმ შეგნების შესაძლებლობას, რომ მის წევრებს, კითხვითა და სმენადობით, გაუჩნდეთ ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ასოციაცია,[34] რითიც, საბოლოო ჯამში, მოხდებოდა მისი (ამ იურიდიული პირის) განსხვავების აღქმა სხვა პირებისაგან.

ბ.ბ. „სახელწოდების ნამდვილობა“, შეცდომაში შემყვანი დამატების დაუშვებლობა
14

იურიდიული პირის სახელწოდებასთან ერთად მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც მესამე პირის შეცდომაში შეყვანას უკავშირდება. ეს პირდაპირ შემხებლობაშია ე.წ. „სახელწოდების ნამდვილობასთან“,[35] რაც ნიშნავს, რომ იურიდიული პირი ნამდვილად ამ სახელწოდებას ატარებს, იგი არ არის ფორმალური ხასიათის, გამოხატავს ამ სუბიექტის მიერ საქმიანობის წარმართვის სერიოზულობას, მის არსს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობას ემსახურება.

15

შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა ვრცელდება მთლიანად სახელწოდებაზე როგორც მის ძირითად ნაწილზე, ისე დამატებაზე,[36] მიუხედავად იმისა, რომ 27 II მუხლი ამ შემთხვევაში მხოლოდ სახელწოდების დამატებაზე საუბრობს.

16

დაუშვებელი სახელწოდების შერჩევა იმ შემთხვევაშია სახეზე, როდესაც იგი ემსახურება არასწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას ამ იურიდიულ პირზე ბრუნვის მონაწილეთა მხრიდან. თანაც მნიშვნელოვანია, რომ შეცდომაში შეყვანის განზრახვა ირელევანტურია, რადგან მთავარი ამ დროს არის ის შედეგი, რომელიც დადგა, ანუ არა ბრალეული თუ არაბრალეული ქმედება სახელწოდების შერჩევისას, არამედ ბრუნვის მონაწილე მესამე პირის მცდარი წარმოდგენა მის შესახებ.[37] ამასთან, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი შეცდომას, შეცდომაში შეყვანას ან გაუგებრობას ერთ ძირითად მოცემულობას უკავშირებს. ეს არის სუბიექტის ფორმა და საქმიანობა. ეს ნიშნავს, რომ სახელწოდება არ უნდა შეიცავდეს ისეთ ფორმულირებებს (დამატებებს და ა.შ.), რომელიც გამოიწვევს გაუგებრობას ბრუნვაში მონაწილე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის გამო (ვერ მოხდება განსხვავება და დადგენა იმისა, თუ რა სახის სუბიექტთან — კომერციულთან თუ არაკომერციულთან — აქვს პირს საქმე), საქმიანობასთან — ფონდია, კავშირია თუ ასოციაცია;[38] იგი არის არასამეწარმეო ორგანიზაცია, თუმცა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს სახელწოდებიდან გამომდინარე ექმნება იმის წარმოდგენა, რომ ეს სუბიექტი სხვა საქმიანობით არის დაკავებული და ა.შ.

ბ.გ. „გადაფარვის“ დაუშვებლობა
17

შემდეგი საკითხი, რომელიც ასევე მეტად მნიშვნელოვანია საჯაროობისა და ბრუნვის მონაწილის დაცვის თვალსაზრისით, განმტკიცებულია 27 III მუხლში: მარეგისტრირებელმა ორგანომ, ფორმალური შემოწმების შედეგად, უნდა უზრუნველყოს, რომ ერთი იურიდიული პირი არ ატარებდეს (უკვე არსებული) იურიდიული პირის სახელწოდებას. თუმცა თეორიულად შესაძლებელია, რომ დაშვებულ იქნეს შეცდომა. ასეთის არსებობის შემთხვევეაში არაკომერციული იურიდიული პირის სახელწოდება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კანონის მოთხოვნებთან. პრაქტიკაში, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი იურიდიული პირი მეორე იურიდიული პირის სახელწოდებით სარგებლობს. ამ დროს მარეგისტრირებელი ორგანოს შეცდომა გამორიცხულია, ხოლო სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე ერთი სუბიექტი უკვე არსებული სუბიექტის სახელს იყენებს, რათა სხვადასხვა მიზანს მიაღწიოს: შექმნას კონკურენცია და მცდარი წარმოდგენა მის შესახებ სხვისი სახელწოდების გამოყენების ხარჯზე, მიიღოს მატერიალური სარგებელი ან სხვა სახის უპირატესობა, ან უფრო მეტიც, განზრახ მიაყენოს ზიანი სხვა პირს. 27-ე მუხლი ითვალისწინებს ასეთ შემთხვევებს და ამის თავიდან აღსაკვეთად სპეციალურ ნორმას ადგენს.

ბ.დ. სახელწოდების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების დაუშვებლობა და იურიდიული შედეგი
18

სამართლებრივ რეალობაში არ არის გამორიცხული, რომ იურიდიულ პირს ჰქონდეს სხვა სუბიექტის სახელწოდების გამოყენების უფლება. ეს შესაბამის იურიდიულ საფუძველს, მათ (პირებს) შორის ხელშეკრულების არსებობას მოითხოვს და, ვინაიდან კანონმდებლობით ურთიერთობის ასეთი კონფიგურაცია აკრძალული არ არის, ეს დასაშვები იქნება. შესაბამისად, 27 IV მუხლი ყურადღებას ამახვილებს იმ შემთხვევაზე, როდესაც ზემოთ აღნიშნული იურიდიული ნონსენსის — შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მართლსაწინააღმდეგოდ მოხდება სხვა იურიდიული პირის სახელწოდების გამოყენება და დგება გარკვეული, ამასთანავე, სანქციის შემცველი შედეგი.

19

ამ დროს ის, ვინც მართლსაწინააღმდეგოდ იყენებს სხვის სახელს, ვალდებული ხდება 1. შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და 2. აანაზღაუროს ზიანი.[39]

20

აქ რამდენიმე ფაქტორს უნდა მიექცეს ყურადღება. სარგებლობის შეწყვეტა უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე უნდა მოხდეს, ანუ მართლსაწინააღმდეგოდ პირი სახელწოდებით მანამ ისარგებლებს, სანამ მას ასეთი სარგებლობის შეწყვეტის მოთხოვნა არ წაეყენება. შესაძლოა, მხარეთა შორის ჩამოყალიბებული სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე მართლსაწინააღმდეგოდ დაწყებული სახელწოდების გამოყენება მართლზომიერად გაგრძელდეს. ეს კერძო ავტონომიის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია.

21

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ სახელწოდებით არამართლზომიერ მოსარგებლეს ეკისრება ზიანის ანაზღაურება. აქაც ნიშანდობლივია, რომ სახელწოდების არამართლზომიერი სარგებლობით პირს მიადგეს ზიანი. თუმცა ორივე პირობის არსებობა სავალდებულო არ არის პირველი შედეგის დადგომისთვის, ანუ ზიანის მიყენება აუცილებელი არ არის იმისთვის, რომ სახელწოდებით მართლსაწინააღმდეგო სარგებლობის შეწყვეტა განხორციელდეს. უფლებამოსილ პირს ამის გაკეთება ზიანის ფაქტის არარსებობის შემთხვევაშიც აქვს. რაც შეეხება უფლებამოსილ პირს. აქ პირველ რიგში იგულისხმება არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ორგანიზაციის წესდებით შესაძლოა, ეს კომპეტენცია სხვა სტრუქტურულ ერთეულს მიეცეს, მაგალითად, წევრთა კრებას ან საზედამხედველო საბჭოს წარმომადგენლობით ორგანოსთან ერთად, ან ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირს.

3. ბლანკეტური ნორმის შესახებ

22

27 V მუხლი მიანიშნებს, რომ ნებისმიერი (და არა მხოლოდ არაკომერციული) იურიდიული პირი სარგებლობს სახელის დაცვის საყოველთაო წესებით, რომლის შესახებაც დათქმას აკეთებს ამავე კოდექსის მე-18 მუხლი და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება მე-18 მუხლით დადგენილი წესები. ამიტომ ამ საკითხის განმარტებისთვის იხ. მე-18 მუხლის კომენტარი.[40]




  1. კანონმდებლობაში 2006 წლის 14 დეკემბერს აისახა: კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006.
  2. იხ. ასევე ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის შესავალი ნაწილი, 2011, გვ. 8.
  3. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის შესავალი ნაწილი, 2011, გვ. 8.
  4. საქართველოში არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ამ იურიდიული ორგანიზაციული კონსტრუქციის გამომხატველად, მის სამართლებრივ ფორმად თავიდანვე აღებულ იქნა კავშირი და ფონდი, რომელთა შორის განსხვავებაც, ისევე როგორც ამას, მაგალითად, გერმანული სამოქალაქო სამართალი აკეთებს (ზოგადად, უფლებაუნარიანი და არაუფლებაუნარიანი სამოქალაქო- სამართლებრივი კავშირის (გაერთიანების) დახასიათების შესახებ იხ. მაგ.: Grünewald, Gesellschaftsrecht, 7. Aufl., 2008, S. 189 ff.). სამართლებრივი ფორმის დონეზე, თვალნათელი იყო. გერმანული სამართლის გავლენის შესახებ იხ.: ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, გვ. 213 და მომდევნო. კავშირებისა და ფონდების წარმომავლობის, მათ შორის, ქართულ სამოქალაქო კოდექსში მათი ადგილისა და მომწესრიგებელი ნორმების განმარტების შესახებ: ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 1997, გვ. 251-256, 257 და მომდ.
  5. შესაბამისი ცვლილებების შემდეგ ქართულ იურიდიულ ტერმინოლოგიაში მისი შემოკლებითი აღმნიშვნელიც დამკვიდრდა „ა(ა)იპ“. იხ. მაგ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე მდგომარეობით.
  6. არარეგისტრირებული კავშირი ასეთი საქმიანობის განხორციელების ერთ-ერთ შესაძლებლობას ადგენს, თუმცა იურიდიული პირის სტატუსის არქონა მის, როგორც კანონმდებლის მიერ დადგენილ ერთ-ერთ სამართლებრივ ფორმად განხილვამდე ვერ მიგვიყვანს. ვერც sui generis-ზე გაკეთდება აქცენტი, რადგან არარეგისტრირებული კავშირი წმინდა წევრთა ურთიერთკავშირია და მხოლოდ სახელშეკრულებო-სამართლებრივ გაერთიანებას წარმოადგენს. რეგისტრირებული და არარეგისტრირებული გაერთიანებების, უფრო სწორედ, „კავშირების“, მათი სამართალსუბიექტობისა და უფლებაუნარიანობის მოპოვების „იურიდიულ-ტექნიკური“ მოცემულობის (ევროპულ- ამერიკულ კონტექსტში) შესახებ მაგ.: MüKo/Reuter, 6. Aufl., 2012,Vor. §21 Rn. 175 ff.
  7. იხ. მოყვანილი მაგალითები ჭანტურიასთან: ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 254.
  8. კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
  9. Lochner/Heidel, in Heidel/Hüsstege/Mansel/Noack, BGB, 2. Aufl. 2011, §57 Rn. 5.
  10. ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, 2002, გვ. 98.
  11. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით ჩამოყალიბებული.
  12. Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, 33. Aufl., 2008, §18 Rn. 1.
  13. MüKo/Heidinger, HGB, 3. Aufl., 2010, §18 Rn. 1; Zimmer, in Ebenroth/Boujong/Joost/Strhon, HGB, 2. Aufl., 2008, §18 Rn. 1.
  14. თუმცა ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ ფირმა (საფირმო სახელწოდება) მხოლოდ მეწარმე სუბიექტისთვის დამახასიათებელი კატეგორიაა და არა იდეალური მიზნის მქონე საზოგადოებისათვის. MüKo/Heidinger, HGB, 3. Aufl., 2010, §17 Rn. 3. ამიტომაც სამოქალაქო კოდექსი აქცენტს არა „საფირმო სახელწოდებაზე“ (როგორც ეს მეწარმეთა კანონმდებლობითაა დადგენილი), არამედ იურიდიული პირის სახელწოდებაზე აკეთებს. საფირმო სახელწოდებას, როგორც კომენტატორულ ლიტერატურაშია აღნიშნული, ორგვარი ბუნება აქვს. ერთი მხრივ, იგი უზრუნველყოფს სახელის უფლებას (ე.წ. პიროვნულ უფლებებს), მეორე მხრივ, მას ქონებრივი ღირებულებაც აქვს, რადგანაც საგაკოტრებო მასაში შედის და შეიძლება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც მოემსახუროს. Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, 33. Aufl., 2008, §17 Rn. 5, 47.
  15. MüKo/Reuter, 6. Aufl., 2012,§57 Rn. 1.
  16. Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, 33. Aufl., 2008, §18 Rn. 4.
  17. Westermann, in Erman BGB, 12 Aufl., 2008, §58 Rn. 2. სამოქალაქო კოდექსი გამორიცხვის მეთოდით მოქმედებს: კანონით განსაზღვრულია მხოლოდ აკრძალვები, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელწოდების შერჩევისას სუბიექტი თავისუფალია. მან არ უნდა ხელყოს ის შეზღდუვები, რომელიც კანონმდებლობით არის დაწესებული.
  18. „ფირმის“ სახეობათა (საგნობრივი, ტერიტორიული, პერსონალური, ფანტაზიის ნაყოფის შედეგად ჩამოყალიებებული და ა.შ.) შესახებ მაგ.: Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, 33. Aufl., 2008, §17 Rn. 6 ff.
  19. Waldner/Wöhrle-Himmel, in Sauter/Schweyer/Waldner, Der eingetragene Verein, 19 Aufl., 2010, Rn. 58.
  20. ამ შემთხვევაში იგულისხმება მიზანი ვიწრო გაგებით, რადგან ფართო გაგებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზანი ყოველთვის იდეალურია და მოგების მიღებაზე ორიენტირებული არ არის.
  21. ისევე როგორც ეს, მაგალითად, გერმანულ სამართალშია აღიარებული: Waldner/Wöhrle-Himmel, in Sauter/Schweyer/Waldner, Der eingetragene Verein, 19 Aufl., 2010, Rn. 58.
  22. MüKo/Heidinger, HGB, 3. Aufl., 2010, §17 Rn. 7.
  23. მუხ. 27 II მიხედვით, სახელწოდებაში დაუშვებელია დაფიქსირება ისეთი გრაფიკული სიმბოლოებისა, რომლებსაც ენობრივი ნორმებით გათვალისწინებული ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი არ მოეძებნება. მოკლედ, იგი (სახელწოდება) აღქმული უნდა იყოს როგორც ორგანიზაციული წარმონაქმნის სახელი, რათა მან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სახელის (სახელწოდების) ფუნქციის“ შესრულება შეძლოს. BayObLGZ 1971, 329 (332) = NJW 1971, 957 f. მითითებულია: Waldner/Wöhrle-Himmel, in Sauter/Schweyer/Waldner, Der eingetragene Verein, 19 Aufl., 2010, Rn. 58; ასევე: Wamser, in Henssler/Strhon, Gesellschaftsrecht, 2. Aufl., 2014, §18 Rn. 2.
  24. Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, 33. Aufl., 2008, §18 Rn. 4; ასევე: პეპანაშვილი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 238.
  25. მართალია, გერმანული სასამართლოების ეს პრაქტიკა (სამწუხაროდ, ქართული სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხის თაობაზე ვერ იქნა მოძიებული) შპს-ს ეხება, თუმცა მისი გამოყენება ხდება არაკომერციული კავშირების მიმართაც. OLG Celle = GmbHRschau 1999, 412. მითითებულია: Waldner/Wöhrle-Himmel, in Sauter/Schweyer/Waldner, Der eingetragene Verein, 19 Aufl., 2010, Rn. 58.
  26. Schlingloff, in Oetker, HGB, 3. Aufl., §18 Rn. 13.
  27. სრულად ან შემოკლებით.
  28. გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით.
  29. ასევე: პეპანაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი,წიგნი I, 2014, გვ. 239.
  30. თავისთავად ცხადია, ამ საკითხს შეხება არ აქვს იმასთან, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირს კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს. როგორც ცნობილია, ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ მის მიზანს ემსახურება.
  31. Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, 33. Aufl., 2008, §18 Rn. 5.
  32. MüKo/Heidinger, HGB, 3. Aufl., 2010, §18 Rn. 23.
  33. Röhricht/Westphalen/Ammon/Ries, HGB, 3. Aufl. 2008, Rn. 17; Bülow, Der erweiterte Eigentumsvorbehalt nach der Insolvenzrechtsreform, DB Heft 43. 1999, S. 2169, 2170; Lutter/Welp, ZIP 1999, S. 1073, 1074. იხ. MüKo/Heidinger, HGB, 3. Aufl., 2010, §18 Rn. 23.
  34. Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, 33. Aufl., 2008, §18 Rn. 5.
  35. Firmenwahrheit; Wamser, in Henssler/Strhon, Gesellschaftsrecht, 2. Aufl., 2014, §18 Rn. 4.
  36. Wamser, in Henssler/Strhon, Gesellschaftsrecht, 2. Aufl., 2014, §18 Rn. 4.
  37. სხვადასხვა მითითებით: Schlingloff in Oetker, Handelsgesetzbuch, 3. Aufl., 2013, §18 Rn. 17.
  38. მართალია, როგორც ზემოთ აღინიშნა, ფონდისა და კავშირების მომწესრიგებელი ნორმები გაუქმებულია, თუმცა არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელწოდებაზე ამ აღმნიშვნელის დამატება აკრძალული არ არის. ამიტომ, როდესაც პირი საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული და ატარებს, მაგ., ფონდის სახელწოდებას (უფრო სწორედ დამატებას), მან ბრუნვის მონაწილეს არ უნდა შეუქმნას მცდარი წარმოდგენა მისი სხვა საქმიანობის შესახებ.
  39. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილება იქნა მოძიებული, რომელიც რეგისტრირებული კავშირის მიერ უკვე არსებული კავშირის სახელის (სახელწოდების) მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას ეხებოდა. თუმცა ამ შემთხვევაში კასატორი (მოსარჩელე) სამოქალაქო კოდექსის მუხ. 26 (ძვ. რედ.) დაყრდნობით, ამ კავშირის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა, რაც სამართლიანად იქნა უარყოფილი (მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა). იხ.: საქ. უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 28 ნოემბრის # 3კ/939-01გადაწყვეტილება; საქ. უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 30 მარტის # 3კ/211-01 გადაწყვეტილება. დანარჩენი გადაწყვეტილებები ამ თვალსაზრისით სასაქონლო ნიშნით სარგებლობის აკრძალვას ეხება: საქ. უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის # ას-1666-1563-2012 განჩინება; საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის # ას-471-445-2011გადაწყვეტილება; საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის # ას-1296-1316-2011 განჩინება.
  40. იხ. ასევე პეპანაშვილი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 240-241.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_27._არასამეწარმეო_(არაკომერციული)_იურიდიული_პირის_სახელწოდება&oldid=1084"