Gccc-logo.png


მუხლი 270. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოთხოვნის გაუქმების გამო

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 270. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოთხოვნის გაუქმების გამო


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

I. ზოგადი დებულებები

1

270-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც, გირავნობა უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ერთად წყდება, 269 I, IV მუხლის მსგავსად, გამყარებულია აქცესორულობის პრინციპი. ზემოთ ხსენებულის საპირისპიროდ, ეს პრინციპი არ გულისხმობს გირავნობის უფლების გაუქმებასთან ერთად მოთხოვნის გაუქმებასაც (შდრ. 269 II, IV 2, 272 II). მუხლი აწესრიგებს გირავნობის უფლების გაუქმების ერთ-ერთ შემთხვევას; სხვა შემთხვევები მოწესრიგებულია მომდევნო მუხლებში (იხ. მუხ. 271, მე-5 ველი).

II. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოთხოვნის გაუქმების გამო

2

მოთხოვნის ნაწილობრივი შეწყვეტის შემთხვევაში გირავნობაც უქმდება ამ ფარგლებში (378), თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გირაო მაინც მთლი ანი მოცულობით აგებს პასუხს შემცირებული მოთხოვნისათვის; მოთხოვნისათვის პასუხს არ აგებს მხოლოდ შესაბამისი ნივთის იდეალური წილი.[1] თუ გირავნობის დადგენა მოხდა ყველა არსებული და სამომავლო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, მაშინ ის წყდება მხოლოდ მისი განმაპირობებელი სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ან, როდესაც ცხადი ხდება, რომ მხარეთა შორის მოთხოვნა აღარ წარმოიშობა.[2] თუ დამგირავებელი, ამავდროულად, თავდებია, გირავნობა წყდება მხოლოდ მთავარი ვალდებულებისა და თავდებობის გაუქმებასთან ერთად.[3] უზრუნველყოფილი მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობის საბაბით გაუქმებისას გირაო `პასუხს აგებს~ შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის (იხ. მუხ. 256, მე-2 ველი) და უქმდება მხოლოდ მისი დაფარვის ან არწარმოშობის შემთხვევაში. მოთხოვნის ხანდაზმულობა არ იწვევს გირავნობის შეწყვეტას (იხ. მუხ. 254, 21-ე ველი), ისევე, როგორც გირაოს არამართლზომიერი რეალიზაცია (შდრ. მუხ. 285, მე-9 ველი).[4] მტკიცების ტვირთს მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით ატარებს მხარე, რომელიც მასზე აპელირებს.[5]

3

გირავნობა არ წყდება, თუ უზრუნველყოფილი მოთხოვნა მხოლოდ მოჩვენებით ქარწყლდება, თუმცა სინამდვილეში მაინც აგრძელებს არსებობას (მაგ., ვალის პატიების ხელშეკრულების შეცილების შემდეგ).[6] მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში გირავნობის საგნის დამგირავებლისათვის დაბრუნება (ან რეგისტრაციის გზით მასზე უარის თქმა) მაინც წყვეტს გირავნობის უფლებას (272 II 1-ლი ვარიანტი, იხ. მუხ. 272, მე-7 ველი).[7]




  1. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1252, Rn. 2; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1252, Rn. 1.
  2. BGHZ 86, 347; BGH NJW 1983, 1125.
  3. RGZ 153, 347.
  4. Sosnitza, იქვე, Rn. 2; Damrau, იქვე, Rn. 4.
  5. BGH NJW 1986, 2426.
  6. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1252, Rn. 7.
  7. იხ. იქვე, Rn. 2; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1252, Rn. 2.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_270._გირავნობის_უფლების_შეწყვეტა_მოთხოვნის_გაუქმების_გამო&oldid=2056"