მუხლი 271. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობის საგნის დაღუპვის გამო
გირავნობის უფლება წყდება, თუ გირავნობის საგანი ფიზიკურად შეწყვეტს არსებობას. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005წ., მუხ.284. |
სარჩევი
I. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობის საგნის სრული განადგურებით
გირავნობა სანივთო უფლებაა და არა ვალდებულებითი მოთხოვნა, შესაბამისად, ის ვერ არსებობს კონკრეტული საგნისაგან მოწყვეტილად (როგორც აბსტრაქტული პირადი ვალდებულება) და უნდა შეწყდეს ამ უფლებით დატვირთული ნივთის განადგურებასთან ერთად (271). განსხვავებით 272-ე მუხლისაგან, რომელიც ცალ-ცალკე საფუძველს ადგენს რეგისტრირებული და მფლობელობითი გირავნობის შეწყვეტისათვის, 271-ე მუხლი ადგენს წესს ორივე ფორმით არსებული გირავნობის უფლების შეწყვეტისათვის.
გირავნობის საგნის განადგურება გულისხმობს მისი სუბსტანციის სრულ განადგურებას. მისი მხოლოდ დაზიანება, მნიშვნელოვანი დაზიანების ჩათვლით, არ არის გირავნობის შეწყვეტის საფუძველი, 271-ე მუხლის მიხედვით. გერმანული დოქტრინა[1] განადგურებაში მოიაზრებს ასევე ნივთის სრულ გაუფასურებას (მაგ.: ჯართად ქცეული ავტომანქანა, გატეხილი და შეწებებული ძვირფასი ვაზა და ა. შ.), რაც საქართველოშიც გასაზიარებელია, რადგან ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს გირავნობის უფლების ფორმალურ შენარჩუნებას საგანზე, რომელიც, მართალია, ფიზიკურად არსებობს, თუმცა მისი რეალიზაციით, ღირებულების სრული დაკარგვის გამო, შეუძლებელია მოგირავნის დაკმაყოფილება.
271-ე მუხლი ანალოგიით უნდა გავრცელდეს მოთხოვნის დაგირავების შემთხვევებზე, როდესაც ეს გირაოდ გამოყენებული მოთხოვნა წყდება.
Gამონაკლისი 271-ე მუხლით დადგენილი წესიდან – როდესაც გირავნობის უფლება არ წყდება მას შემდეგაც კი, რაც გირავნობის საგანი შეწყვეტს არსებობას, არის 264 I-III, 265 I მუხლებში დაფიქსირებული სუროგაციის შემთხვევები.
II. გირავნობის უფლების შეწყვეტის სხვა საფუძვლები
271-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, კანონი ადგენს გირავნობის უფლების შეწყვეტის მთელ რიგს სხვა საფუძვლებისას. ესენია: გირავნობაზე უარი (272 I, II მე-2 ვარიანტი); მოგირავნისათვის მფლობელობის დაბრუნება (272 II 1-ლი ვარიანტი); მოთხოვნის დათმობა გირავნობის გარეშე (269 IV); (ერთპიროვნული) საკუთრების გადასვლა გადამუშავება-შერწყმა- შერევის შედეგად (265 I 2, 196); დაუტვირთავი საკუთრების გადასვლა შემძენზე (274 III, IV) და მოგირავნის დაკმაყოფილება გირაოს რეალიზაციის მეშვეობით (276 I). გარდა ამისა, გირავნობა შეიძლება შეწყდეს ზოგადი საფუძვლითაც (90, 206).
- ↑ RGZ 96, 185 (აქციების გაუფასურება); Derleder/Knops/Bamberger, Handbuch zum deutschen und europäischen Bankrecht, 2. Aufl., 2009, S. 879: Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1252, Rn. 6; თუმცა ყოველგვარი შემდგომი დასაბუთების გარეშე ამ აზრს არ იზიარებს Bülow, Recht der Kreditsicherheiten, 8. Aufl., 2012, S. 186.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა