Gccc-logo.png


მუხლი 272. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობაზე უარის თქმით

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 272. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობაზე უარის თქმით


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. რეგისტრირებული გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მოგირავნე უარს იტყვის გირავნობაზე რეგისტრაციის გზით.

2. მფლობელობითი გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მფლობელობა დამგირავებელს უბრუნდება ან მოგირავნე უარს ამბობს გირავნობის უფლებაზე.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

I. ზოგადი დებულებები

1

272-ე მუხლი ადგენს გირავნობის უფლების შეწყვეტის კიდევ ორ საფუძველს (იხ. სხვა საფუძვლებთან დაკავშირებით მუხ. 271, მე-5 ველი): ეს არის გირავნობის შეწყვეტა მასზე უარის თქმით – როგორც რეგისტრირებულის (272 I), ისე მფლობელობითის (272 II, მე-2 ვარიანტი) და მფლობელობითი გირავნობის შეწყვეტა დაგირავებული ნივთის დამგირავებლისათვის დაბრუნებით (272 II, 1-ლი ვარიანტი). კანონმდებელმა გირავნობის სამართალში არ გაითვალისწინა 186 II მუხლის მე-2 ვარიანტის მსგავსი დანაწესი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა გირავნობის საგნის დამგირავებლის მფლობელობაში დატოვებას და ამით ნათელყო (მფლობელობითი გირავნობისას) მოგირავნის მიერ გირაოს ფლობაში გაცხადებული საჯაროობის მომენტის აუცილებლობა გირავნობის წარმოშობისათვის (მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი შერბილებულია არაპირდაპირი მფლობელობის საკმარისად მიჩნევით). 272 II მუხლის 1-ლ ვარიანტში დაფიქსირებული წესი ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს, მიიჩნევს რა ნივთის ფლობას არა მხოლოდ გირავნობის წარმოშობის, არამედ მისი შენარჩუნების წინაპირობად. ამიტომაც ნივთის დაბრუნების შემთხვევაში გირავნობა წყდება მაშინაც კი, როდესაც მოგირავნეს ამით გირავნობაზე უარის თქმა არ ჰქონდა განზრახული, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა გირავნობის არსებობა დამგირავებლის პირდაპირ მფლობელობაში დატოვებულ ნივთზე, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა ზემოთ ხსენებულ პრინციპთან.

2

გირავნობის უფლების შეწყვეტა არ იწვევს უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეწყვეტას.

II. გირავნობის უფლების შეწყვეტა უარის საფუძველზე

3

როგორც სანივთო უფლება, გირავნობა წყდება უფლებამოსილი პირის მიერ მასზე უარით.

1. რეგისტრირებული გირავნობა, 272 I

4

რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში, გირავნობის უფლება წყდება, თუ მოგირავნე უარს იტყვის გირავნობაზე (შესაბამის) რეესტრში (იხ. 258-ე მუხლის კომენტარი) რეგისტრაციის გაუქმებით. განცხადება სამართლებრივი თვალსაზრისით არის ცალმხრივი გარიგება და მისი სამართლებრივი ძალისათვის საკმარისია მხოლოდ მოგირავნის ნების გამოვლენა.

2. მფლობელობითი გირავნობა

5

272 II მუხლი ითვალისწინებს მფლობელობითი გირავნობის შეწყვეტის ორ დამოუკიდებელ წესს. ერთი მხრივ, ეს არის გირავნობაზე უარი,[1] ხოლო, მეორე მხრივ, მოგირავნის მიერ დამგირავებლისათვის ნივთის დაბრუნება, დამოუკიდებლად იმისა, ჰქონდა თუ არა დამგირავებელს გირავნობის გაუქმების ნება.

ა) უარი გირავნობაზე, 272 II, მე-2 ვარიანტი

6

გირავნობა წყდება მოგირავნის ცალმხრივი, მიღებასავალდებულო ნების გამოხატვით მასზე უარის გაცხადებისას. დამგირავებელს ან მესაკუთრეს ამ გაუქმებისათვის ხელის შეშლა არ შეუძლია.[2] ამ შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება გირავნობის საგნის დაბრუნების გარეშეც. ნივთის დაბრუნების მოთხოვნა დამგირავებელს 275 I მუხლის მიხედვით შეუძლია. უარის გაცხადება შესაძლებელია ასევე კონკლუდენტურადაც,[3] თუმცა ბანკის ან სხვა საკრედიტო ინსტიტუტის მიერ, რომელსაც ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში გათვალისწინებული აქვს მოვალის ქონებაზე გირავნობის დადგენა, უზრუნველყოფის სხვა საშუალების (ან სხვა ნივთის დაგირავების) მოთხოვნა არ არის უარი უკვე დადგენილ გირავნობაზე.[4] უარი, როგორც ნების გამოხატვა, შეიძლება საცილო გახდეს ზოგადი საფუძვლით.[5] გირავნობაზე უარის თქმის მოთხოვნის უფლება შეიძლება გათვალისწინებული იყოს ბანკებისა და სხვა საკრედიტო ინსტიტუტების სტანდარტულ პირობებში (მოთხოვნის) ზედმეტი უზრუნველყოფის შემთხვევაში.[6] თუ ერთი მოთხოვნა რამდენიმე გირაოთია უზრუნველყოფილი, მაშინ ზედმეტი უზრუნველყოფა სახეზეა, თუ გირავნობის საგანთა ჯამური ღირებულება სამჯერ აღემატება მოთხოვნის ღირებულებას და, ამასთან, ამ საგანთა საბაზრო ღირებულება სტაბილურია.[7]

7

უარის ადრესატია დამგირავებელი ან მესაკუთრე და არა პირდაპირ მოვალე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შიკრიკია, ან ნების გამოხატვა, ამავდროულად, ვალის პატიების შეთავაზებაა.[8] დამგირავებელთა სიმრავლის შემთხვევაში უარის გაცხადება უნდა მოხდეს ყველას წინაშე, ისევე, როგორც თანასაკუთრებისას.[9]

ბ) გირავნობის შეწყვეტა ნივთის დაბრუნებით

8

გარდა ზემოხსენებული შემთხვევისა, 272 II, 1-ლი ვარიანტის მიხედვით, გირავნობის უფლება წყდება, თუ დამგირავებელი ან მესაკუთრე მოგირავნის ნებით მოიპოვებს პირდაპირ მფლობელობას გირავნობის საგანზე, დამოუკიდებლად იმისა, სურდა თუ არა მოგირავნეს ამით გირავნობაზე უარის თქმა (272 II, მე-2 ვარიანტი).[10] ამას ნათელყოფს დანაწესის სიტყვასიტყვითი განმარტება, რომელიც „ან“ კავშირის გამოყენებით გირავნობაზე უარსა და გირაოს დაბრუნებას გირავნობის შეწყვეტის თანაბარმნიშვნელოვან საფუძვლებად მიიჩნევს.

9

მოთხოვნის დათმობის გზით გირაოს (არაპირდაპირ) მფლობელობაში გადაცემისას (იხ. მუხ. 257, მე-7 ველი) მისი დაბრუნებისათვის საკმარისად უნდა ჩაითვალოს მოგირავნის მიერ მითითება პირდაპირი მფლობელისათვის, რომ გირაო ამიერიდან მხოლოდ დამგირავებელს დაუბრუნოს.[11] გადამწყვეტია, რომ მოგირავნეს არ დარჩეს მფლობელობა, რომელიც საკმარისია მფლობელობითი გირავნობის წარმოშობისათვის (იხ. 257-ე მუხლის კომენტარი).[12] მოგირავნის მიერ მფლობელობის დათმობის გარდა, აუცილებელია, ასევე, დამგირავებლის ან მესაკუთრის მიერ ამ მფლობელობის მოპოვება. ეს არ არის სახეზე იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი წარმოადგენენ დამგირავებლის მჭერს, რომლის მეშვეობითაც მოგირავნე ახორციელებს თავის მფლობელობას (მაგ. გირავნობის საგნის დაბრუნება სარემონტოდ, ან მოგირავნის თანდასწრებით ფასიან ქაღალდებში ჩახედვა[13]).[14]

10

გირაოს დაბრუნებას უთანაბრდება დამგირავებლისათვის (ან მესაკუთრისათვის) ნივთზე მფლობელობის მოპოვების ნების დართვა ან მისი შემდგომი მოწონება,[15] ისევე, როგორც აღმასრულებლის მიერ ნივთის ჩამორთმევა (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 83-ე მუხლი) და ზემოთ ხსენებული პირებისათვის გადაცემა,[16] უკან დაბრუნების საფუძველი, ისევე როგორც მისი ხანგრძლივობა.[17] 272 II მე-2 ვარიანტის მიხედვით, დაბრუნება სახეზეა მაშინაც კი, როდესაც ის განპირობებულია მოგირავნის შეცდომით,[18] იძულებით ან მისი მოტყუებით,[19] რადგან დაბრუნება არ არის გარიგება და შეუძლებელია მისი შეცილების მეშვეობით გაქარწყლება,[20] თუმცა 976 ან 992, 408 I მუხლის მიხედვით, დასაშვებია გირავნობის აღდგენის მოთხოვნა.[21]

11

დაბრუნება არ არის სახეზე, თუ ის მოგირავნის ნების გარეშე ხდება,[22] მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მოგირავნე სულ სხვა ნივთის გადაცემას აპირებდა, ან არ იცოდა, რომ მიმღები დამგირავებელი ან მესაკუთრე იყო.[23]




  1. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 163.
  2. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1255, Rn. 1.
  3. RG Seuff A 89 (1935), Nr. 80.
  4. BGH NJW 1983, 2701.
  5. Damrau, იქვე, თუმცა გირაოს დაბრუნების შემდეგ შეცილება უშედეგოა (იხ. მე-9 ველი).
  6. Damrau, იქვე.
  7. BGH NJW 1981, 571; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1255, Rn. 1; მტკიცების ტვირთი, რომ გირავნობის უფლების შენარჩუნება სამართლიანია, აწევს ბანკს. გირავნობაზე უარის თქმის მოთხოვნა რამდენიმე გირაოს შემთხვევაში შეიძლება გამომდინარეობდეს ასევე ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპიდან.
  8. Damrau, იქვე, Rn. 2.
  9. OLG Königsberg OLGE 6, 275; Damrau, იქვე.
  10. განსხვავებით რომის სამართალსა და ius commune-ში აღიარებული პრინციპისაგან, რომლის მიხედვითაც, გირაოს დამგირავებლისათვის დაბრუნება მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდა გირავნობის გაუქმების საფუძვლად, თუ მოგირავნეს ამით გირავნობაზე უარის თქმა სურდა (და რაც განპირობებული იყო არამფლობელობითი გირავნობის შესაძლებლობით), შემდგომი პერიოდის გერმანულმა დოქტრინამ გირაოს დაბრუნება აღიარა არა მხოლოდ გირანვობაზე უარის პრეზუმფციად, არამედ გირავნობის გაქარწყლების დამოუკიდებელ საფუძვლად (Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl., 2006, § 15 VIII 2b; RGZ 57, 325; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, §1253, Rn. 2). მართალია, ქართული სამართალი, გერმანულისაგან განსხვავებით, იცნობს (არამფლობელობით) რეგისტრირებულ გირავნობას, თუმცა მფლობელობითი გირავნობის ნაწილში თითქმის უცლველად იმეორებს გერმანულ კონცეპტს, რის გამოც გირაოს დაბრუნებაც მისი გაქარწყლების დამოუკიდებელ საფუძვლად უნდა იქნეს აღიარებული.
  11. RGZ 92, 267.
  12. RGZ 92, 267.
  13. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1253, Rn. 3; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1253, Rn. 8; Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl., 2006, § 15 VIII 2b, aa.
  14. Damrau, იქვე, Rn. 2.
  15. RGZ 67, 423; RG WarnR 1914 Nr. 58.
  16. Sosnitza, იქვე, თუმცა არა სასამართლოს აღმასრულებლისათვის რეალიზაციის მიზნით გადაცემის შემთხვევაში (OLG Dresden OLGE 12, 295).(OLG Dresden OLGE 12, 295).
  17. Sosnitza, იქვე.
  18. OLG Dresden WM 2010, 213.
  19. RG JW 1912, 459.
  20. Sosnitza, იქვე.
  21. RG JW 1912, 459; RG JW 1929, 2514; KG JW 1931, 544; OLG Dresden WM 2010, 212 [213]; R. Schmidt AcP 134 [1931], 1 [67]; Damrau, იქვე, Rn. 7.
  22. RGZ 67, 423; შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის #ას-483-457-2012 გადაწყვეტილება, სადაც სასამართლო წინა ინსტანციის სწორი მოსაზრებების უგულებელყოფით სრულებით გაუმართლებელ შედეგამდე მიდის.
  23. Sosnitza, იქვე, Rn. 4.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_272._გირავნობის_უფლების_შეწყვეტა_გირავნობაზე_უარის_თქმით&oldid=2060"