Gccc-logo.png


მუხლი 274. გირავნობის საგნის გასხვისება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 274. გირავნობის საგნის გასხვისება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.

3. მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს.

4. დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი #4310 – სსმ I, #2, 04.01.2007 წ., მუხ. 35.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი #1833 – ვებგვერდი, 03.01.2014 წ.


I. ზოგადი დებულებები

1

274-ე მუხლი აწესრიგებს გირაოს გასხვისების შემთხვევაში შემძენის მიერ დატვირთული და დაუტვირთავი საკუთრების მოპოვების წინაპირობებს. მისი მესამე ნაწილი მეტ-ნაკლებად იმეორებს 187-ე მუხლის პარადიგმას, რის გამოც მას ამ მუხლის „მინიატურადაც“ მოიხსენიებენ.[1] მფლობელობის მინიჭების შესაძლებლობით აღჭურვილ გამსხვისებელს შეუძლია, (კეთილსინდისიერ) შემძენს არა მარტო საკუთრება მოაპოვებინოს, არამედ მოაპოვებინოს ეს საკუთრება მესამე პირის უფლებებისაგან დაუტვირთავი.[2] არც ეს მუხლი და რეფორმირებული გირავნობის ქვეთავის არც სხვა რომელიმე მუხლი არ ითვალისწინებს თავად გირავნობის უფლების კეთილსინდისიერად მოპოვებას.

2

274 I, IV მუხლი მოქმედებს როგორც სახელშეკრულებო, ისე კანონისმიერი გირავნობის შემთხვევაში.

II. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გირავნობით დატვირთული საკუთრების გადასვლა, 274 I

3

მოძრავი ქონების დაგირავება არ გულისხმობს მისი განკარგვის შეზღუდვას, მაშინაც კი, როდესაც მხარეები ამას შეათანხმებენ (იხ. მუხ. 266, მე-4 ველი). დამგირავებელს (ან გირაოს მესაკუთრეს) შეუძლია, ნასყიდობის, ჩუქების ან გაცვლის ფარგლებში გადასცეს საკუთრება გირავნობის საგანზე, თუმცა შემძენზე, 274 I მუხლის მიხედვით, გადავა გირავნობით დატვირთული ნივთი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. გასხვისებაში იგულისხმება მესაკუთრის ცვლილება 186-ე მუხლის მიხედვით (როგორც პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემის, ისე მფლობელობის მოთხოვნის – მათ შორის მოგირავნისაგან – დათმობის გზით) და საკუთრების კეთილსინდისიერად მოპოვება (187).

4

გირაოს შემძენსა და მოგირავნეს შორის გირავნობის კანონისმიერი ურთიერთობა წარმოიშობა მფლობელობითი გირავნობისას, შეძენისთანავე, ხოლო რეგისტრირებული გირავნობისას – რეგისტრაციის მომენტიდან (შდრ. მუხ. 258, მე-5 ველი).[3] წინა დამგირავებლის მიერ ვალდებულების დარღვევისათვის შემძენი პასუხს არ აგებს. გირავნობის უფლებათა რიგითობა რჩება უცვლელი (თუმცა შდრ. 267 II). 274 I მუხლი ძალაში უნდა დარჩეს ასევე გირავნობით დატვირთული მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, თუმცა ამ დროს 274 III-IV მუხლები აღარ გამოიყენება.

III. შემძენის დამგირავებლად დარეგისტრირების ვალდებულება, 274 II

5

რეგისტრირებული გირავნობისას გირაოს გასხვისების შემთხვევაში დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ შემძენის დამგირავებლად დარეგისტრირების ვალდებულება, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს (274 II, 463). ამ დანაწესის მეშვეობით უზრუნველყოფილია მოგირავნის დაცვა იმგვარად, რომ ვერც დამგირავებელმა და ვერც შემძენმა ვერ მოახერხოს ამ მოქმედების განუხორციელებლობისას თავის გამართლება იმით, რომ ის მეორე მხარის იმედზე იყო. გამომდინარე იქიდან, რომ გირავნობის კანონისმიერი ურთიერთობა შემძენსა და მოგირავნეს შორის მხოლოდ რეგისტრაციის მომენტიდან წარმოიშობა, მოგირავნეს თავისი უფლებების (მაგ., 261 I, IV, V) განუხორციელებლობით შეიძლება ზიანი მიადგეს. 274 II მუხლი მიზნად ისახავს შემძენისათვის, ამ ვალდებულების დარღვევის გამო, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკვე წინარე (რეგისტრაციამდე) სტადიაზე. გარდა ამისა, რეგისტრაციის დაყოვნებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მოგირავნეს გირაოს რეალიზაციაში ან საერთოდ დააკარგვინოს მას გირავნობის უფლება (274 IV), რისთვისაც დამგირავებელმა და შემძენმა ასევე სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი.

IV. დაუტვირთავი საკუთრების მოპოვება კეთილსინდისიერად, 274 III

6

მფლობელობითი გირავნობისას 274 III მუხლი ითვალისწინებს შემძენის მიერ დაუტვირთავი საკუთრების კეთილსინდისიერად მოპოვებას იმ შემთხვევაში, თუ მას თავად მოგირავნე გადასცემს მფლობელობას. დაუტვირთავი საკუთრების მოპოვება შესაძლებელია როგორც გარიგებით მესაკუთრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისაგან (186), ასევე არაუფლებამოსილი პირისაგან შემძენის კეთილსინდისიერებისას (187).

1. შემძენის კეთილსინდისიერება

7

გირაოზე დაუტვირთავი საკუთრების მოპოვების პირველი წინაპირობაა შემძენის კეთილსინდისიერება (იხ. კეთილსინდისიერების ცნებასთან დაკავ- შირებით მუხ. 187, მე-5 და მომდევნო ველები) – მას უნდა მიაჩნდეს, რომ გამსხვისებელი დაუტვირთავ საკუთრებას გადასცემს. მართალია, კანონში კეთილსინდისიერება დაუტვირთავი საკუთრების მოპოვების წინაპირობად ცალსახად დაფიქსირებული არ არის, თუმცა, მისი განმარტების მეშვეობით, აუცილებელია ამ წინაპირობის ჩამატება ნორმის დისპოზიციაში. პირველ რიგში, ეს გამომდინარეობს 187-ე მუხლთან გავლებული პარალელიდან, რომლის „მინიატურული“ ფორმაცაა 274 III მუხლი (იხ. ზემოთ, 1-ლი ველი).[4] გარდა ამისა, 274 IV მუხლიდან, რომელიც დამატებითი წინაპირობების არსებობისას (იხ. ქვემოთ) ზედმეტად მიიჩნევს შემძენის კეთილსინდისიერებას, გამომდინარეობს, რომ 274 III მუხლის შემთხვევაში ეს აუცილებელი წინაპირობა უნდა იყოს. კეთილსინდისიერების წინაპირობად ჩამატების გარეშე, ეს დანაწესი წააქეზებს შემძენს, სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი ქცევის მეშვეობით გამოსტყუოს მოგირავნეს მფლობელობა ნივთზე და ამგვარად, საბოლოო ჯამში, დაუტვირთავი საკუთრებაც.

8

ამრიგად, 274 I მუხლის მიხედვით, გასხვისებისას შემძენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს გირავნობით დაუტვირთავ საკუთრებას, თუ ამ უფლების არსებობის შესახებ არაფერი იცის. ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამსხვისებელი-მესაკუთრე, გირავნობის მიუხედავად, უფლებამოსილია, გადასცეს დაუტვირთავი საკუთრება, დაცული არ არის.[5] არაუფლებამოსილი პირისაგან საკუთრების მოპოვებისას სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ 273 III მუხლის, არამედ ასევე 187-ე მუხლის წინაპირობებიც, რადგან ამის გარეშე საკუთრება შემძენზე საერთოდ არ გადადის, შესაბამისად, შეუძლებელია მისი დაუტვირთავად მოპოვებაც. შემძენი არაკეთილსინდისიერია, თუ იცის გირავნობის არსებობის შესახებ, თუმცა შეცდომაშია მის ფარგლებთან (მაგ., უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობასთან) დაკავშირებით.[6] ამ შემთხვევაში შემძენი მოიპოვებს გირავნობის სრული მოცულობით დატვირთულ საკუთრებას და არა მხოლოდ მისი წარმოდგენის შესაბამისად.

2. მფლობელობის გადაცემა

9

გარდა შემძენის კეთილსინდისიერებისა, დაუტვირთავი საკუთრების მოპოვებისათვის აუცილებელია, რომ თავად მოგირავნემ, ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა გადასცეს მას მფლობელობა. მფლობელობის გადაცემა ამ შემთხვევაში განაპირობებს გირავნობის გაუქმების პრეზუმფციას, რასაც შეიძლება დაემყაროს შემძენის ნდობა. 272 II მუხლის 1-ლი ვარიანტის მიხედვით, გირავნობა უქმდება, თუ მოგირავნე დამგირავებელს უბრუნებს ნივთს და, ამასთან, გაცნობიერებული აქვს, რომ ის დამგირავებელია (იხ. მუხ. 272, მე-10 ველი). ამიტომაც 274 III მუხლის გამოყენების სფეროში მხოლოდ ის შემთხვევებიღა ექცევა, როდესაც მოგირავნე შემძენს ისე უბრუნებს ნივთს, რომ არ იცის მის მიერ წინა დამგირავებლის ჩანაცვლების შესახებ, რადგან სხვა შემთხვევაში ეს მუხლი წინააღმდეგობაში მოვიდოდა ზემოთ ხსენებულ დანაწესთან.

10

მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ აკონკრეტებს, თუ რა ტიპის მფლობელობის გადაცემა უნდა ჩაითვალოს აუცილებლად დაუტვირთავი საკუთრების მოპოვებისათვის, 274 III მუხლში ნახსენებ მფლობელობად მაინც მხოლოდ პირდაპირი მფლობელობა უნდა მოვიაზროთ.[7] შემძენის არაპირდაპირ მფლობელად აღიარებას ან მესამე პირისაგან ამ მფლობელობის გამოთხოვის მოთხოვნის დათმობა ვერ გაამართლებს გირავნობაზე უარის ვარაუდს.

3. სამართლებრივი შედეგი და მტკიცების ტვირთი

11

274 III მუხლის წინაპირობების არსებობისას გირავნობის უფლება წყდება, თუმცა მოგირავნეს შეუძლია, მოითხოვოს გამსხვისებლისაგან ნივთის დაუტვირთავად გასხვისებით მიღებულის დაბრუნება (982 II),[8] ხოლო უსასყიდლოდ გასხვისების შემთხვევაში, კონდიქციური მოთხოვნის წაყენება პირდაპირ შემძენის მიმართ არის შესაძლებელი (989 I). დაუტვირთავად გასხვისების მეშვეობით მიღებული განისაზღვრება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობის მიხედვით.[9]

12

შემძენმა უნდა ამტკიცოს გარიგების მეშვეობით საკუთრების მოპოვება, ხოლო მოგირავნემ მისი არაკეთილსინდისიერება გირავნობის უფლებასთან დაკავშირებით. თუ შემძენი არაუფლებამოსილი პირისაგან იძენს ნივთს, მაშინ საკუთრების დაუტვირთავად გადასვლა გამორიცხულია, თუ მოგირავნე დაამტკიცებს, რომ შემძენმა იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, ან ნივთი მესაკუთრის ნების გარეშე გავიდა მისი მფლობელობიდან (იხ. 187-ე მუხლის წინაპირობების არსებობასთან დაკავშირებით მე-9 ველი).[10]

V. დაუტვირთავი საკუთრების მოპოვება სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისებით, 274 IV

1. სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისება

13

თუ დამგირავებელი დაგირავებულ ნივთს ასხვისებს თავისი ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ შემძენი მოიპოვებს დაუტვირთავ საკუთრებას, დამოუკიდებლად იმისა, იცოდა თუ არა ნივთზე დადგენილი გირავნობის შესახებ, გარდა შემძენისა და დამგირავებლის წინასწარშეთანხმებული არაკეთილსინდისიერი ქცევისა (274 IV).[11] ამგვარად, ამ დანაწესის მოქმედებაში მოსაყვანად გამსხვისებელი უნდა იყოს მეწარმე მეწარმეთა შესახებ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად და მან უნდა გაასხვისოს ნივთი ამავე კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში. აუცილებელი არ არის, რომ შემძენიც მეწარმე იყოს.

2. 274 IV 1 მუხლის ტელეოლოგიური რედუქცია

14

მიუხედავად კანონმდებლის ცალსახა და ლეგიტიმური მიზნისა, ამ დანაწესის მეშვეობით გაამარტივოს აღებმიცემობა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში შემძენის ნდობის გაძლიერებული დაცვით, მიზნის მიღწევისათვის არჩეულ გზას სამართლის პოლიტიკის კუთხით გაუმართლებელ შედეგებამდე მივყავართ. თუ შემძენს გირავნობის არსებობის შესახებ პოზიტიური ჩოდნის შემთხვევაშიც კი შეეძლებოდა დაუტვირთავი საკუთრების მოპოვება, ეს პირდაპირ უბიძგებდა მხარეებს არაკეთილსინდისიერი ქმედებისაკენ. თუ გამსხვისებელმაც და შემძენმაც ზუსტად იციან მოგირავნის უფლების შესახებ და მაინც დებენ გირაოს გასხვისების გარიგებას, სხვა რაღას უნდა გულისხმობდეს მათი არაკეთილსინდისიერი ქცევა (272 IV 2)? მოგირავნისათვის, შემძენის პოზიტიური ცოდნის გარდა, მისი არაკეთილსინდისიერების განმაპირობებელი სხვა დამატებითი გარემოების მტკიცების ტვირთის დაკისრება სრულებით გაუმართლებელია – რეალობასთან მიახლოებულ ნებისმიერ შემთხვევაში ის ვერ მოახერხებს, მაგალითად, ფარული ჩანაწერის მეშვეობით ამტკიცოს გამსხვისებელსა და შემძენს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა. ამგვარი (გირავნობის შესახებ პოზიტიური ცოდნის მქონე) არაკეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვა არ შეესატყვისება სხვა ქვეყნების პრაქტიკას,[12] რადგან აქ უკვე შეუძლებელია მის ნდობაზე საუბარი, რაც დაუტვირთავი უფლების მოპოვებას ამართლებს.

15

შესაბამისად, აუცილებელია ამ დანაწესის თავისებური ტელეოლოგიური ღედუქცია იმგვარად, რომ გირავნობის შესახებ პოზიტიური ცოდნა განაპირობებდეს გაუქარწყლებელ ვარაუდს გამსხვისებლისა და შემძენის არაკეთილსინდისიერი ქცევისას, რაც გამორიცხავს დაუტვირთავი საკუთრების მოპოვებას 274 IV 2 მუხლის მიხედვით (მიუხედავად 274 IV 1 მუხლისა), ხოლო გაუფრთხილებლობით არცოდნა მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობისას უნდა განაპირობებდეს (გაქარწყლებად) ვარაუდს მხარეთა ამ არაკეთილსინდისიერი ქცევისას.

16

გარდა 274 III-IV მუხლების შემთხვევებისა, შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება მისი გირავნობის რეალიზაციის ფარგლებში მოპოვებისას (285 I, 1-ლი ვარიანტი, თუმცა შდრ. 285, მე-2 ვარიანტი), სააღსრულებო წარმოებისას აუქციონზე ქონების შეძენისას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 75 IV 2-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ამავე კანონის 771 VII მუხლის მიხედვით ქონების სახელმწიფოსათვის ნატურით მიკუთვნებისას.[13]




  1. Kindl, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 936, Rn. 1.
  2. იქვე.
  3. გირავნობით დატვირთული ნივთის შეძენაზე 274 I მუხლის მიხედვით, რა თქმა უნდა, არ გადადის უზრუნველყოფილი ვალდებულება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის #ას-944-906-2014 განჩინება, ხოლო 893 2 მუხლის ორმაგი ანალოგიით, გირაო პასუხს არ აგებს უზრუნველყოფილი მოთხოვნის გირავნობის გადასვლის შემდეგ გაზრდილი ოდენობისათვის (იხ. 256-ე მუხლის კომენტ., მე-6 ველი).
  4. შდრ. გსკ-ის ანალოგიური დანაწესი – 936 II პარაგრაფი – რომელიც დაუტვირთავი საკუთრების მოპოვებას მხოლოდ შემძენის კეთილსინდისიერების შემთხვევაში უშვებს.
  5. Kindl, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 936, Rn. 4.
  6. Westermann/Gursky, Sachenrecht, 7. Aufl., 1998, § 50, Rn. 1a.
  7. შდრ. პირდაპირი მფლობელობის გადაცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით გერმანულ სამართალში, სადაც ეს დათქმა პირდაპირ კანონიდან გამომდინარეობს, იქვე, Rn. 6.
  8. RGZ 119, 269.
  9. შდრ. Kindl, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 936, Rn. 8.
  10. Kindl, იქვე, Rn. 10.
  11. შდრ. მაგალითებისათვის ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 165.
  12. გერმანიაში სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისებისას დამატებით დაცულია მხოლოდ შემძენის ნდობა გამსხვისებლის უფლებამოსილებასთან და არა საკუთრებასთან დაკავშირებით, როგორც ეს ყველა სხვა შემთხვევაშია აუცილებელი (გერმანიის სავაჭრო კოდექსის 366 II მუხლი, Koller/Kindler/Roth/Morck, in Beck OK HGB, 41. Aufl., 2016, § 366, Rn. 2); პოლონეთში სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ნივთის გასხვისება შემძენს ათავისუფლებს მხოლოდ რეესტრში ჩახედვის ვალდებულებისაგან, რაც სხვა შემთხვევაში მას არაკეთილსინდისიერად აქცევდა (Thonabauer/Nösslinger, Leitfadenreihe zum Kreditrisiko – Kreditsicherungsrecht in Polen, 2004, S. 26); ეს გადაწყვეტა, ძირითადად, დაფიქსირებულია აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის რეგისტრირებული გირავნობის შესახებ კანონებში, იმ განსხვავებით, რომ ზოგ შემთხვევაში, რეგისტრაციასთან ერთად, შემძენის არაკეთილსინდისიერება ივარაუდება, რითაც მეწარმის კონტრაჰენტისათვისაც კი გართულებულია საკუთრების დაუტვირთავი მოპოვება (იხ. Meyer/Athenstaedt, Einführung der besitzlosen Registerpfandrechte in Südosteuropa, 2009, S. 397 ff).
  13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის #ას-1296-1223-2012 გადაწყვეტილება; შდრ. ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის #ას-743-699-2012 გადაწყვეტილება: სასამართლოს მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევამ გირავნობის გაქარწყლება არ უნდა გამოიწვიოს 771 VII მუხლის ანალოგიის საფუძველზე, რაც სწორია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არც ჩამორთმევის უსასყიდლო ხასიათი გულისხმობს აუცილებლობის ძალით ჩამორთმეულ ქონებაზე მესამე პირების უფლების გაქარწყლებას, სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს, თავისი გადაწყვეტილებით დაადგინოს ეს, თუ საქმე ეხება, მაგალითად, საფრთხის შემცველ ნივთს, რომლის ბრუნვიდან ამოღებაც აუცილებელია (შდრ. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 74e II 2, 74 II # 2 პარაგრაფები, Riess, in Löwe/Rosenberg StPO, 25. Aufl., 2001, § 431, Rn. 14.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_274._გირავნობის_საგნის_გასხვისება&oldid=2065"