Gccc-logo.png


მუხლი 276. მოგირავნის დაკმაყოფილება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 276. მოგირავნის დაკმაყოფილება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007წ., მუხ.260.

I. ზოგადი დებულებები

1

ამ მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს როგორც კანონისმიერი, ისე სახელშეკრულებო გირავნობისას მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფორმებს; მუხლის მე-2 ნაწილის მიზანია დამგირავებლის ინტერესების დაცვა იმ შემთხვევაში, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას.

II. მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფორმები, 276 I

1. ზოგადი წესი

2

კანონი ადგენს მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების ორ ფორმას – გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემასა (2601) და გირავნობის საგნის რეალიზაციას. პირველი დასაშვებია მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში იმ პირობით, რომ საკუთრებაში გადაცემის შესახებ პირდაპირ მითითებულია გირავნობის ხელშეკრულებაში. რაც შეეხება გირავნობის საგნის რეალიზაციას, მისი განხორციელება შესაძლებელია შემდეგი ფორმით: უშუალოდ მოგირავნის მიერ რეალიზაციით (პირდაპირი მიყიდვის (283 I 2) ან გირავნობის საგნის გაყიდვის სავაჭრო დაწესებულებისათვის მინდობის (283 II) გზით შესაბამისი შეთანხმების არსებობისას (283 I), ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (284 I).[1] მხარეებს შეუძლიათ, შეათანხმონ გირაოს რეალიზაციის განსხვავებული ჭესი (284 II) და გამორიცხონ რომელიმე ზემოხსენებული; თუმცა კანონით დადგენილი ყველა წესის გამორიცხვა ალტერნატიული წესის შეთანხმების გარეშე შეუძლებელია. გარდა ამისა, კრედიტორს შეუძლია, დამგირავებლის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დააყადაღოს გირავნობის საგანი და გაიტანოს საჯარო აუქციონზე (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 50-ე მუხლი).[2] უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა ამ ფორმას შორის არჩევანი მოგირავნის გასაკეთებელია.

3

მოგირავნეს არ ეკისრება გირაოს რეალიზაციის ვალდებულება.[3] ფულის დაგირავების შემთხვევაში (ოღონდ არა არარეგულარული გირაოს ფორმით, იხ. მუხ. 254, მე-18 ველი) მოგირავნეს შეუძლია, გირაოდან მისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის შესაბამისი თანხა მიისაკუთროს;[4] რეალიზაციის უფლება მას მისაკუთრების უფლებას ანიჭებს.[5]

4

მნიშვნელოვან საკანონმდებლო ხარვეზად უნდა მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ კანონში არ არის გაწერილი, თუ რეალიზაციის რა წესი მოქმედებს მხარეთა შეთანხმების გარეშე, რადგან 2601, 283 I და 284 I, II მუხლების (განსხვავებით თავდაპირველი რედაქციის 272-ე მუხლისაგან) გამოყენების წინაპირობაა გირაოდან დაკმაყოფილების შესაბამის წესზე შეთანხმება, რის გარეშეც მოგირავნე ამ წესს ვერ გამოიყენებს, თუმცა კანონში გამორჩენილია მითითება შესაბამისი სპეციალური შეთანხმების გარეშე მოქმედ წესზე, რაც დაუშვებელია. მაშინაც კი, როდესაც მხარეებს გამორჩებათ გირაოს რეალიზაციის სპეციალური წესის შეთანხმება, რაც საკმაოდ ხშირად ხდება, გირაოს რეალიზაცია მაინც შესაძლებელი უნდა იყოს სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გარეშე (იხ. ზემოთ, მე-2 ველი). ამგვარ, შეთანხმების გარეშე მოქმედ, წესად (იხ. მუხ. 283, მე-5 ველი), სავარაუდოდ, უშუალოდ მოგირავნის მიერ რეალიზაცია უნდა იქნეს შერჩეული, რადგან სწორედ მას მიუჩინა კანონმდებელმა ცენტრალური ადგილი გირაოს რეალიზაციის ნაწილში და ყველაზე დეტალურად მოაწესრიგა.[6]

2. დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემა

5

მოგირავნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ხერხად და გირაოს რეალიზაციის ალტერნატივად 276 I მუხლი ითვალისწინებს ამ ნივთის მის საკუთრებაში გადაცემას (იხ. წინაპირობებთან დაკავშირებით 2601-ე მუხლის კომენტარი). სამართლებრივი კონსტრუქცია, რომელიც ამ შედეგის მისაღწევად გამოიყენება, ერთი მოსაზრების[7] თანახმად, არის პირობადებული საკუთრება – 278-ე მუხლის წინაპირობების (როგორც გადადების პირობის) დადგომისას მოგირავნეზე გადადის საკუთრება,[8] ხოლო მეორე მოსაზრების[9] თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილების ამ ფორმის შეთანხმებისას დამგირავებელი აკეთებს ნივთის საკუთრებაში გადაცემის მბოჭავ შეთავაზებას, რომელსაც მეორე მხარე 278-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სულ მცირე, კონკლუდენტურ) აქცეპტირებას უკეთებს.[10] მხარეთა მიერ არჩეული გზა ნების განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს.[11]

6

საწინააღმდეგო შეთანხმების არარსებობისას მოგირავნეს შეუძლია, 278-ე მუხლის წინაპირობების დადგომის შემდეგაც კი გააკეთოს არჩევანი გირაოს რეალიზაციასა და მასზე საკუთრების მოპოვებას შორის.[12] დასაშვებია, რომ მხარეთა შეთანხმებით მოგირავნის დაკმაყოფილების ფორმებს შორის არჩევანის უფლება დამგირავებელს ჰქონდეს მინიჭებული.[13]

3. დაგირავებული მოთხოვნისა და უფლების რეალიზაციის წესი .. 425

7

გირავნობის ქვეთავის თავდაპირველი რედაქციის 284-ე მუხლისაგან განსხვავებით, კანონმდებელი მოგირავნეს პირდაპირ აღარ ანიჭებს დაგირავებული მოთხოვნის შესრულების მოთხოვნის უფლებას, თუმცა ეს მაინც გამომდინარეობს 283 III მუხლიდან, რომელიც მოთხოვნის რეალიზაციის ერთ-ერთ ფორმად მის მოგირავნის სასარგებლოდ შესრულებას მიიჩნევს (იხ. მუხ. 283, მე-12 ველი და მომდევნო). ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია შესაძლებელია როგორც მოძრავი ნივთის, ისე მოთხოვნის რეალიზაციის (იხ. მუხ. 283, მე-12 და მომდევნო ველები) წესების მიხედვით.[14] ეს უკანასკნელი წესი რჩება ძალაში სხვა საბაზრო ღირებულების მქონე უფლების რეალიზაციისას.[15]

III. უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაფარვა, 276 II

1. გირაოს რეალიზაციით დაკმაყოფილება

8

მოგირავნე გირაოს რეალიზაციიდან ამონაგები თანხით დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ ეს თანხა სრულად ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნას, პროცენტებისა და პირგასამტეხლოს (მისი შეთანხმების შემთხვევაში) ჩათვლით, ისევე როგორც ყველა 256 I მუხლით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნას (იხ. ამ მუხლის კომენტარი).[16] თუმცა ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ამონაგები თანხა ვერ ფარავს მოგირავნის ამ ინტერესს, ის მხოლოდ შესაბამისი შეთანხმების შემთხვევაში ინარჩუნებს თავის მოთხოვნას, რისთვისაც მოვალემ პირადად უნდა აგოს პასუხი. ამგვარად, 276 II მუხლის 1-ლი ვარიანტის მიხედვით, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად უნდა ჩაითვალოს მაშინაც კი, როდესაც რეალიზაციიდან ამონაგები არასაკმარისია მის სრულად დასაფარავად. ეს დათქმა არა მხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილების პრეზუმფციაა, რომლის გაქარწყლებაც შესა- ძლებელი იქნებოდა, არამედ მოთხოვნის დაკმაყოფილების ამოსავალი კანონისმიერი წესი – საპირისპიროზე შეთანხმების გარეშე[17] (რისი მტკიცების ტვირთიც მოგირავნეს ეკისრება[18]) მოთხოვნა ამონაგებიდან ითვლება სრულად და არა მხოლოდ ამონაგების ოდენობით დაკმაყოფილებულად.

9

ქართული სასამართლო პრაქტიკა[19] ამ დანაწესის განმარტებისას ძალზე შორს მიდის და მის საფუძველზე გამორიცხავს მოგირავნის მიერ, გირაოს გარდა, მოვალის სხვა ქონებიდან დაკმაყოფილების შესაძლებლობას,[20] რაც არასწორია. 276 II მუხლის 1-ლი ვარიანტი მოქმედებს მხოლოდ უშუალოდ მოგირავნის მიერ გირაოს რეალიზაციის შემდეგ. როდესაც მოგირავნე დამგირავებელს უკვე აკარგვინებს საკუთრებას გირაოზე, მაშინ ის რეალიზაციიდან ამონაგებს უნდა დასჯერდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მანამდეც მოკლებულია შესაძლებლობას, წარადგინოს სარჩელი მოვალის წინააღმდეგ და მოითხოვოს საკუთარი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის, იძულებითი აღსრულების ფარგლებში აგრეთვე გირაოს რეალიზაციის მეშვეობით (შდრ. ზემოთ, მე-2 ველი).[21] სასამართლოს საპირისპირო დაშვებიდან კი, ფაქტობრივად, გამომდინარეობს, რომ გირავნობის დადგენით (276 II მუხლის 1-ლი ვარიანტიდან გამონაკლისის შეთანხმების გარეშე) მოგირავნე უარს ამბობს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მხოლოდ გირაოს რეალიზაციის უფლებას იტოვებს,[22] რაც შეუსაბამოა თავად ამ სანივთო უფლების კონსტრუქციასთან, რომელიც უზრუნველყოფილ მოთხოვნაზეა მიბმული. ამგვარი გადაწყვეტა არ გამომდინარეობს მხარეთა ნების განმარტებიდან, არც კანონიდან და, საერთოდ, შეუძლებელს ხდის მოთხოვნის ნაწილობრივ უზრუნველყოფას.[23] ამ წესის მიხედვით, განლევადი ნივთის გირავნობა მოგირავნისათვის ყოველგვარ აზრს მოკლებულია და უარეს მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე ყოველგვარ უზრუნველყოფაზე უარის თქმა. საბოლოო ჯამში, სასამართლო უარყოფს გირავნობის, როგორც პირველ რიგში უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორის, დაკმაყოფილების საშუალებას და მას თავისებურ მოთხოვნის შემოსაზღვრის საშუალებად აღიქვამს, რომელიც უფრო მეტად დამგირავებლის ინტერესებს ემსახურება – თუ ამონაგები აჭარბებს მოთხოვნას, ის დამგირავებელს უბრუნდება (280 III), ხოლო თუ სრულად ვერ ფარავს, მოგირავნე მაინც დაკმაყოფილებულად ითვლება – რისი გაზიარებაც შეუძლებელია.[24] ამიტომაც 276 II მუხლის 1-ლი ვარიანტი უნდა განიმარტოს როგორც წესი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ უშუალოდ მოგირავნის მიერ გირაოს რეალიზაციისას (283 I 2, II, III) – თუ მოგირავნე უარს ამბობს სასამართლოსათვის მიმართვაზე და მოთხოვნის აღმასრულებლის მეშვეობით დაკმაყოფილებაზე, რაც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს გირაოს მაქსიმალურ ფასად რეალიზაციას, ამის მაგივრად კი მისთვის ყველაზე მოსახერხებელ გზას, გირაოს უშუალოდ მის მიერ რეალიზაციას ირჩევს, მაშინ ის გირაოდან ამონაგებს უნდა დასჯერდეს. პირველ შემთხვევაში კი შეუძლია, შეუზღუდავად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა.[25] კანონის ამგვარი გაგება უფრო ახლოს დგას მის სიტყვასიტყვით განმარტებასთან, რადგან კანონმდებელი გირავნობის ქვეთავში „რეალიზაციის“ ცნებაში გულისხმობს არა გირაოს სააღსრულებო წარმოებისას აუქციონზე გასხვისებას, არამედ მხოლოდ უშუალოდ მოგირავნის მიერ მის გასხვისებას (შდრ. 283-ე მუხლი). შესაბამისად, 276 II მუხლის 1-ლი ვარიანტით გათვალისწინებული შეზღუდვაც მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა მოქმედებდეს. რამდენჯერმე დაგირავებული ნივთის მოგირავნეთა დაკმაყოფილების წესთან დაკავშირებით იხ. 279-ე მუხლის კომენტარი.

2. გირაოს საკუთრებაში გადაცემით დაკმაყოფილება

10

მოგირავნის გირაოს საკუთრებაში გადაცემით დაკმაყოფილებისას დგება უზრუნველყოფილი მოთხოვნისა (რომელიც ზემოთ ხსენებული კომპონენტებისაგან შედგება, იხ. მე-8 ველი) და გირაოს ღირებულების შეპირისპირების საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელია, გირაოს ღირებულება შეიცვალოს გირავნობის ურთიერთობის განმავლობაში. კანონმდებელი გირაოს ღირებულების დადგენის მომენტს ღიად ტოვებს, რითაც მხარეებს უტოვებს ფართო ასპარეზს ერთმანეთის ინტერესების (არაკეთილსინდისიერად) შელახვისათვის (იხ. მუხ. 2601, მე-2 და მომდევნო ველები). მართალია, საპირისპირო შეთანხმების გარეშე, 276 II მუხლის 1-ლი ვარიანტის მიხედვით, მოგირავნე დაკმაყოფილებულად ითვლება მაშინაც კი, როდესაც გირავნობის საგნის ღირებულება ჩამოუვარდება მოთხოვნის ოდენობას,[26] თუმცა ამ ღირებულებას მაინც ენიჭება მნიშვნელობა, თუ მხარეები სწორედ საპირისპიროზე შეთანხმდნენ ან გირაოს ღირებულება აღემატება მოთხოვნას (იხ. ქვემოთ). ამიტომაც მოთხოვნა დაფარულად უნდა ჩაითვალოს საკუთრებაში გადაცემული საგნის საბაზრო თუ საბირჟო ღირებულების ოდენობით ამ მოთხოვნის ვადამოსულობის მომენტისათვის.[27] იმ შემთხვევაში კი, როდესაც საკუთრებაში გადასვლის მომენტისათვის საგნის ღირებულება აღემატება მოთხოვნის ოდენობას,[28] მოგირავნემ ან ფულით უნდა აანაზღაუროს ეს სხვაობა,[29] ან მხოლოდ (საკუთარი მოთხოვნის შესაბამისი) წილობრივი თანასაკუთრება უნდა მოიპოვოს გირაოზე.[30] გირავნობის სამართალში მოქმედ სუროგაციის პრინციპთან ეს უკანასკნელი გადაწყვეტა უფრო ახლოს დგას.[31]




  1. შდრ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 151.
  2. იქვე, გვ. 157 და შემდგ.
  3. ჭანტურია, იქვე, გვ. 150; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1228, Rn. 4; RG Recht 1914 Nr. 3013; თუმცა ხელშეკრულებიდან წარმომდგარი მეორე მხარის არდაზიანების ვალდებულებიდან გამომდინარე, მას შეიძლება წარმოეშვას რეალიზაციის ვალდებულებაც, მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც დამგირავებელს გირაოს გამოხსნის საშუალება არ აქვს, ხოლო რეალიზაციის დაყოვნებამ კი შეიძლება, ზიანი გამოიწვიოს (Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl., 2006, § 15 VII 3a aa; ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 150; იხ. იქვე ალტერნატიული გადაწყვეტა). გირაოს რეალიზაცია, რა თქმა უნდა, მოგირავნის უფლებაა და არა მოთხოვნის უფლება, როგორც ამას უზენაესი სასამართლო მიიჩნევს (2015 წლის 30 იანვრის #ას-784-744-2013 განჩინება), რომელიც შესრულების ადგილს დაიკავებდა, შდრ. 281-ე მუხლის კომენტ., სქოლიო 3.
  4. OLG Hamburg Recht 1923 Nr. 349; OLG Bamberg Seuff A 64 [1909] Nr. 48.
  5. შდრ. Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl., 2006, § 15 VII 3a bb.
  6. მოგირავნის დაკმაყოფილების ზოგად და შეთანხმების გარეშე მოქმედ წესად გირაოზე საკუთრების მოპოვების აღიარების საწინააღმდეგოდ იხ. 2601-ე მუხლის კომენტ., მე-2 და მომდევნო ველები.
  7. შდრ. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1259, Rn. 13 და იქვე მითითებული დამატებითი ლიტერატურა.
  8. შდრ. ასევე ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 153.
  9. Damrau, in MьKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1259, Rn. 20.
  10. შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის № ას-784-744-2013 განჩინება, რომელიც, სავარაუდოდ, ამ უკანასკნელ კონსტრუქციას იზიარებს.
  11. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1259, Rn. 13.
  12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის № ას-784-744-2013 განჩინება; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl. 2017, § 1259, Rn. 21.
  13. შდრ. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1259, Rn. 10.
  14. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl. 2017, § 1293, Rn. 4.
  15. RGZ 61, 333; RGZ 100, 276; KGJ 40, 285.
  16. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl. 2017, § 1293, Rn. 2.
  17. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის № ას-785-752-2014 განჩინება.
  18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის № ას-445-427-2016 განჩინება (29), თუმცა შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისის № ა-492-შ-11-2012 განჩინება.
  19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის № ას-445-427-2016 განჩინება (26-29); 2015 წლის 8 ივნისის № ას-1005-966-2014 განჩინება; 2013 წლის 5 ივლისის № ას-488-464-2013 განჩინება; 2011 წლის 18 ოქტომბრის № ას-1309-1329-2011 განჩინება; 2010 წლის 3 აგვისტოს № ას-756-707-2010 განჩინება.
  20. შდრ. ამის საპირისპიროდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის № ას-403-376-2017 განჩინება; 2015 წლის 30 იანვრის № ას-784-744-2013 განჩინება; 2014 წლის 28 თებერვლის № ას-64-62-2014 განჩინება; თუმცა აქაც სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებული ტექსტიდან ნათლად არ იკითხება მხარეთა შორის სხვა ქონებიდან დაკმაყოფილების შეთანხმების არსებობა, რა შემთხვევაშიც ეს გადაწყვეტილებებიც ზემოთ მოყვანილი ტენდენციის გაგრძელებაა.
  21. Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl., 2006, § 15 VII 3a aa; მსგავს მსჯელობას ავითარებს უზენაესი სასამართლო 2012 წლის 6 ივლისის № ა-492-შ-11-2012 განჩინებაში.
  22. მართალია, ზემოთ მოყვანილ ყველა გადაწყვეტილებაში ქართული სასამართლო „სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის“ დაუშვებლობაზე საუბრობს (რაც თავისთავად ასევე არასწორია), თუმცა სინამდვილეში გულისხმობს არა მხოლოდ მოგირავნის იძულებითი აღსრულების ფარგლებში დაკმაყოფილებას, არამედ, ზოგადად, შესრულების მოთხოვნის წარდგენას მოვალე-დამგირავებლის წინააღმდეგ, რაც სრულებით გაუმართლებელია (იხ. ზემოთ). შდრ. ამ მსჯელობიდან წარმომდგარ ბუნდოვან და დაუსაბუთებელ კაზუისტიკასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის № 784-744-2013 განჩინება.
  23. ამ გადაწყვეტის მიხედვით, მაგალითად, მოგირავნე, რომელიც თავისი ოციათასიანი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ორი ათასის ღირებულების ქონებას მიიღებდა წინასწარ შეცნობილად, ამით ავტომატურად დაკარგავდა მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში.
  24. ეს დაშვება წაახალისებდა მოგირავნის მიერ გირაოდ მხოლოდ ისეთი საგნების არჩევას, რომელთა ღირებულებაც მრავალჯერ აღემატება უზრუნველყოფილ მოთხოვნას, რაც ასევე არასასურველია.
  25. 276 II მუხლის 1-ლი ვარიანტის ამგვარი განმარტების გარეშე მოვალე-დამგირავებლის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნის ნებაყოფლობით სრულად დაფარვაც კი შესაძლებელია, უსაფუძვლო შესრულებად ჩაითვალოს, რადგან მისი ვალდებულება მხოლოდ გირაოს რეალიზაციიდან ამონაგების ოდენობით იყო შემოფარგლული. გარდა ამისა, ამგვარი განმარტებით მოცემული დანაწესი იქნებოდა მოვალე-დამგირავებლის გაუმართლებელი პრივილეგირება არამოვალე-დამგირავებელთან შედარებით, რომლის სასარგებლოდაც 276 II მუხლის 1-ლი ვარიანტი არ მოქმედებს და რომელიც სრული ოდენობით აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულებისათვის.
  26. ეს წესი შესაბამისად მოქმედებს მოგირავნის გირაოზე საკუთრების მოპოვებით დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის № ას-1309-1329-2011 განჩინება; ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 153.
  27. იხ. გსკ-ის 1247 1 პარაგრაფი, Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, §1259, Rn. 14; Thonabauer/Nösslinger, Leitfadenreihe zum Kreditrisiko – Kreditsicherungsrecht in Polen, 2004, S. 28 (შდრ. საპირისპიროდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის № ას-1119-1066- 2013 განჩინება); რა თქმა უნდა, გირაოს ღირებულება განისაზღვრება ობიექტური საზომით და არა მხოლოდ მოგირავნის შეფასებით, შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის № ას-42-327-08 გადაწყვეტილება.
  28. რა შემთხვევისათვისაც 276 II მუხლი სპეციალურ წესს არ შეიცავს, თუმცა ეს მოგირავნის დაკმაყოფილების გამარტივებისათვის შემოტანილი (გირაოს საკუთრებაში გადაცემის) წესი, რა თქმა უნდა, არ უნდა ანიჭებდეს მოგირავნეს დამგირავებლის გაყვლეფის უფლებას (იხ.260¹-ე მუხლის კომენტ., მე-3 ველი).
  29. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, §1259, Rn. 14; შდრ. იდენტური გადაწყვეტისათვის პოლონურ სამართალში Thonabauer/Nösslinger, Leitfadenreihe zum Kreditrisiko – Kreditsicherungsrecht in Polen, 2004, S. 28.
  30. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl. 2017, § 1259, Rn. 29.
  31. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1259, Rn. 14.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_276._მოგირავნის_დაკმაყოფილება&oldid=2070"