მუხლი 278. გირავნობის საგნის რეალიზაციისა და მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება
გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284. |
I. ზოგადი დებულებები
მუხლი აკონკრეტებს მოგირავნისათვის 254-ე მუხლით მინიჭებული (გირაოდან საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების) უფლების განხორციელების მომენტს (გირაოს ვადამოსულობა). ეს არის მოვალის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების მომენტი. შესაბამისად, მოგირავნის მიერ მისი დაკმაყოფილების ფარგლებში გირავნობის საგანზე საკუთრების მოპოვება (იხ. მუხ. 276, მე-10 ველი), ისევე როგორც ამ საგნის რეალიზაცია (იხ. 283-ე მუხლის კომენტარი) უზრუნველყოფილი მოთხოვნის ვადამოსულობის შემდეგაა შესაძლებელი.
II. გირაოს ვადამოსულობა
გირაოს ვადამოსულობასთან ერთად კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა მისი რეალიზაციით ან მასზე საკუთრების მოპოვებით. ვადამოსულობა სახეზეა შესრულების ვადის (365, 366) დადგომისას მოვალის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად ან ნაწილობრივ[1] (მაგ., პროცენტები ან განვადების წილის) შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას (361 II). აუცილებელი არ არის მოვალისათვის დამატებითი შესრულების ვადის განსაზღვრა (400 ბ),[2] ისევე როგორც მას ხელს არ უშლის მოვალის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნის სადავოდ ქცევა ან შესაგებლის წარდგენა.[3] ამ შემთხვევაში დამგირავებლის დაცვა მოულოდნელი რეალიზაციისაგან და მისთვის შესრულების „მეორე შანსის“ მინიჭება უზრუნველყოფილია შეტყობინების ვალდებულებით, 282 I მუხლის მიხედვით. გირაოდან საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არამართლზომიერად არ აქცევს კრედიტორი-მოგირავნის მიერ ვადის გადაცილება (390),[4] თუმცა ამ შემთხვევაში მან დამგირავებელს უნდა აუნაზღაუროს გირაოს რეალიზაციით გამოწვეული ზიანი.[5] გირაოდან დაკმაყოფილების უფლება მოგირავნეს აღარ აქვს, თუ მოვალე (ან არამოვალე-დამგირავებელი), მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნას (282 IV).[6]
მხარეებს შეუძლიათ, გირაოს ვადამოსულობა დამატებით წინაპირობებს დაუკავშირონ, მაგალითად: გაფრთხილებას, უშედეგო აღსრულებას მოვალის წინააღმდეგ და ა. შ., თუმცა ამგვარ შეთანხმებას მხოლოდ ვალდებულებითსამართლებრივი ძალა აქვს და მისი დარღვევით განხორციელებული გირაოს რეალიზაციაც მესამე პირების წინაშე მართლზომიერად მიიჩნევა.[7] დაუშვებელია შეთანხმება ვადამოსულობამდე გირაოს რეალიზაციასთან (საკუთრებაში გადაცემასთან) დაკავშირებით,[8] თუმცა დათქმა, რომ მოგირავნეს ნებისმიერ დროს შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა გირავნობის საგნიდან, შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ მოგირავნეს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოვალისათვის შესრულების მოთხოვნის წარდგენა.[9] იხ. მოგირავნის მიერ გირაოდან მის ვადამოსულობამდე დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით მუხ. 285, მე-8 და მომდევნო ველები, ასევე მუხ. 266, მე-5 ველი.
- ↑ შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 5 სექტემბრის № 3კ/705-01 განჩინება (4).
- ↑ შდრ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 150; თუმცა იხ. საპირისპირო მოსაზრებისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის № ას-304-289-2013 განჩინება, რაც კანონიდან არ გამომდინარეობს.
- ↑ LG Wuppertal NJW-RR 2004, 1309; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1228, Rn. 3.
- ↑ მოვალემ ამ შემთხვევაში დეპონირების (434) მეშვეობით უნდა გააქარწყლოს გირავნობის უფლება, თუ სურს გირაოს რეალიზაციის თავიდან აცილება (Damrau, in MьKo BGB, 7. Aufl. 2017, § 1228, Rn. 11).
- ↑ RG LZ 1930, 120.
- ↑ RGZ 100, 277.
- ↑ Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1228, Rn. 6; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1228, Rn. 9.
- ↑ Sosnitza, იქვე.
- ↑ KGJ 40 [1911], 293.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა