Gccc-logo.png


მუხლი 279. რამდენჯერმე დაგირავებული საგნის რეალიზაციის უფლება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 279. რამდენჯერმე დაგირავებული საგნის რეალიზაციის უფლება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ გირავნობის საგანი რამდენჯერმეა დაგირავებული, მაშინ მისი რეალიზაციის უფლება აქვს ნებისმიერ მოგირავნეს მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომისას.

2. მოგირავნეს, რომლის გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას, შეუძლია, გირავნობის საგნის შესაძლო რეალიზაციის შესახებ შემდგომი მოგირავნის წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ორი კვირის განმავლობაში აცნობოს შემდგომ მოგირავნეს იმის თაობაზე, რომ:

ა) იგი სარგებლობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებით. ამ შემთხვევაში შემდგომი მოგირავნე ვერ განახორციელებს რეალიზაციას და რეალიზაციის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება წინა მოგირავნეს;

ბ) იგი თანახმაა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია განახორციელოს შემდგომმა მოგირავნემ, ოღონდ იმ პირობით, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან თავისი მოთხოვნა უპირატესად დაკმაყოფილდება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ რეალიზაციის შემთხვევებში რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან შემდგომი მოგირავნის მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნა.

4. თუ წინა მოგირავნე არ ისარგებლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით, გირავნობის საგანი დატვირთული რჩება იმ მოგირავნეთა უფლებებით, რომელთა გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას.

5. რეალიზაციის განმახორციელებელ მოგირავნესა და შემძენს ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი #4310 – სსმ I, #2, 04.01.2007 წ., მუხ. 35.

I. ზოგადი დებულებები

1

279-ე მუხლი ადგენს რამდენჯერმე დაგირავებული გირავნობის საგნის (შდრ. ამ შემთხვევაში გირავნობის რანგთან დაკავშირებით მუხ. 267, 1-ლი და მომდევნო ველები) რეალიზაციის სპეციალურ წესს და მისი მიზანია მოგირავნეთა შორის რეალიზაციასთან დაკავშირებული უფლებებისა და Vალდებულებების განაწილება. ამ მუხლში მოცემული დანაწესები ძალაშია როგორც სახელშეკრულებო, ისე კანონისმიერი და როგორც ნივთის, ისე მოთხოვნის გირავნობის შემთხვევაში.

II. რამდენჯერმე დაგირავებული გირავნობის საგნის რეალიზაცია

2

278 და 279 I მუხლების მიხედვით, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ვადამოსულობა მოგირავნეს ანიჭებს გირაოს რეალიზაციის (ან გირაოზე საკუთრების მოპოვების მეშვეობით) დაკმაყოფილების უფლებას, თუმცა მოგირავნის ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს წინა რიგის მოგირავნის მიერ საკუთარი უფლებების შესახებ გაცხადების შემთხვევაში. წინა რიგის მოგირავნე სარგებლობს გირაოდან საკუთარი მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილების უფლებით, დამოუკიდებლად იმისა, რეგისტრირებულ გირავნობასთან გვაქვს საქმე, თუ მფლობელობითთან (გამონაკლისთან დაკავშირებით იხ. ქვემოთ).

1. წინა რიგის მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის რეალიზაცია, 279 I

3

ამგვარად, თუ ნივთს მომდევნო რიგის მოგირავნე ფლობს წინა რიგის მოგირავნის მოთხოვნის ვადამოსულობის მომენტისათვის, ამ უკანასკნელს აქვს მფლობელობის მისთვის გადაცემის მოთხოვნის უფლება, 279 I, 281 I მუხლების ანალოგიის მიხედვით.[1] თუ მას არ სურს, ან არ შეუძლია გირაოს რეალიზაცია, მაშინ ის ვერ შეუშლის ხელს მომდევნო რიგის მოგირავნეს გირავნობის საგნის რეალიზაციაში, რაც უკუდასკვნით გამომდინარეობს 279 II-IV მუხლიდან.[2] ამ შემთხვევაში მოქმედებს 279 IV, V მუხლი.

4

თუ მოგირავნეები ერთი და იმავე რანგით სარგებლობენ, ამ შემთხვევაში 279 II, III მუხლი არ მოქმედებს და თითოეულ ვადამოსული მოთხოვნის მფლობელ მოგირავნეს აქვს გირაოს რეალიზაციის უფლება 279 I მუხლის მიხედვით. მომდევნო მოგირავნის სასარგებლოდ მოქმედებს მხოლოდ 279 IV, V მუხლი.

5

წინა რიგის მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის რეალიზაციისას წყდე ბა შემდგომი მოგირავნის უფლება და შემძენი დაუტვირთავ საკუთრებას მოიპოვებს (უკუდასკვნა 279 IV მუხლიდან). მომდევნო რიგის მოგირავნის დაკარგული უფლების კომპენსირება ხდება მხოლოდ წინა მოგირავნის დაკმაყოფილების შემდეგ მონარჩენი თანხიდან (280 II 1).

2. მომდევნო რიგის მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის რეალიზაცია, 279 II, III

6

მოგირავნეს, რომლის გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას, შეუძლია, გირავნობის საგნის შესაძლო რეალიზაციის შესახებ შემდგომი მოგირავნის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში აცნობოს ამ უკანასკნელს იმის თაობაზე, რომ იგი სარგებლობს რეალიზაციის უფლებით (279 II ა).

7

კანონმდებელი არ აკონკრეტებს, არის თუ არა აუცილებელი, ასევე წინა რიგის მოგირავნის მოთხოვნაც ვადამოსული იყოს. მართალია, ამ წინაპირობის აუცილებლობა შეიძლება ამოვიკითხოთ 279 I მუხლში, რომელიც 279 II ა)-ბ) მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენების წინაპირობაა, თუმცა ამგვარი მიდგომა აზრს დააკარგვინებდა 267-ე მუხლის მიხედვით რიგითობის განსაზღვრას. მომდევნო რიგის მოგირავნე, რომლის უზრუნველყოფილი მოთხოვნაც წინა მოგირავნის მოთხოვნაზე ადრე იქნებოდა ვადამოსული, ყოველთვის მოახერხებდა გირაოდან მის უპირატეს დაკმაყოფილებას. ამიტომაც წინა რიგის მოგირავნე, რომელიც გირავნობის საგნის მფლობელია, არ არის ვალდებული, გადასცეს ეს საგანი შემდგომ მოგირავნეს მაშინაც კი, როდესაც მისი მოთხოვნა არ არის ვადამოსული.[3] მომდევნო რიგის მოგირავნეს ამ შემთხვევაში მოუწევს მოცდა მანამდე, სანამ მოვა წინა რიგის მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და ეს უკანასკნელი დაიკმაყოფილებს მას გირაოს რეალიზაციით, ან მას შეუძლია, 269 III, 207, 201 I მუხლების მიხედვით დააკმაყოფილოს წინა მოგირავნე და ამგვარად მოიპოვოს მისი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნა.[4] როდესაც წინა მოგირავნე დაიწყებს გირაოს რეალიზაციას, მომდევნო მოგირავნეს შეუძლია, შეუერთდეს მას ამ პროცესში და მოითხოვოს მონარჩენი ამონაგებიდან (280 II 2).

8

ამის საპირისპიროდ, თუ ნივთს შემდგომი რიგის მოგირავნე ფლობს, ან ის საერთოდ დამგირავებლის მფლობელობაშია (მაგ. რეგისტრირებული გირავნობისას) და წინა რიგის მოგირავნის მოთხოვნა ჯერ კიდევ არ არის ვადამოსული, იგი წინ ვერ აღუდგება ამ შემდგომი რიგის მოგირავნის მიერ გირაოს რეალიზაციას.[5] ამ შემთხვევაში შესაძლებელია, მხოლოდ დამგირავებელს (ორივე მოგირავნის რეგისტრირებული გირავნობისას) დაეკისროს ვალდებულება, შემდგომი რიგის მოგირავნის მიერ 281 I მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისას შეატყობინოს წინა რიგისას ამის შესახებ, რათა მას ჰქონდეს საშუალება, იზრუნოს საკუთარი ინტერესის დაცვისათვის – მოითხოვოს რეგისტრირებული გირავნობის მფლობელობითით შეცვლა, ან დააკმაყოფილოს მომდევნო რიგის მოგირავნე 269 III მუხლის მიხედვით.

9

თუ ნივთი მომდევნო რიგის მოგირავნის მფლობელობაშია და 278, 279 I მუხლების მიხედვით ორივე მოგირავნეს აქვს გირაოს რეალიზაციის უფლება, წინა მოგირავნის მიერ 279 II ა) მუხლით მინიჭებული შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში, შემდგომი მოგირავნე ვერ განახორციელებს რეალიზაციას და მისი განხორციელება პირველს დაეკისრება ვალდებულების სახით. ამ დროს გირაოს საგნის მფლობელმა მომდევნო რიგის მოგირავნემ ეს მფლობელობა უნდა გადასცეს წინა რიგის მოგირავნეს, ისევე როგორც ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში (მე-3 ველი). მომდევნო მოგირავნის უფლების გაქარწყლებასა და მისი მონარჩენიდან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ძალაშია ზემოთქმული. გარდა აღნიშნულისა, წინა მოგირავნეს შეუძლია, თანხმობა გამოთქვას მომდევნო მოგირავნის მიერ გირაოს რეალიზაციაზე, ოღონდ სანაცვლოდ მოითხოვოს რეალიზაციიდან ამონაგები თანხებიდან თავისი მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილდება (279 II ბ). ეს არის პირობადებული თანხმობა, რომლის დარღვევაც რეალიზატორ-მოგირავნეს არაუფლებამოსილად აქცევს და ანიჭებს წინა მოგირავნეს კონდიქციურ (982) და დელიქტურ (992) მოთხოვნებს. მომდევნო რიგის მოგირავნის მიერ წინა მოგირავნის თანხმობით გირაოს რეალიზაციისას მას აქვს ნივთზე მფლობელობის გადაცემის მოთხოვნა 279 I, II ბ), 281 I მუხლების მიხედვით, როგორც დამგირავებლის, ისე ამ რანგით წინმსწრები მოგირავნისაგან.

10

თუ წინა რიგის მოგირავნე შესაბამის ვადაში არ გამოიყენებს 279 II ა)-ბ) მუხლით მინიჭებულ უფლებებს, მაშინ კარგავს როგორც გირაოს რეალიზაციის, ისე ამონაგები თანხიდან უპირატესად დაკმაყოფილების უფლებას (279 III), მისი ინტერესები დაცულია მხოლოდ 279 IV მუხლის მიხედვით. მომდევნო რიგის მოგირავნის მიერ გირაოს რეალიზაციიდან ამონაგები თანხით წინა მოგირავნის უპირატესად დაკმაყოფილებისას (279 II ბ) უნდა დაიფაროს მისი ყველა ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო იმ მოთხოვნის დასაფარავად, რომლის შესრულების ვადაც ჯერ არ მოსულა, თანხა უნდა შეინახოს ნოტარიუსთან დეპოზიტზე, 280 III 1 მუხლის ანალოგიით. რეალიზატორ-მოგირავნეს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ ამის შედეგად მორჩენილი თანხიდან შეუძლია.[6] ყველა ზემოთ აღწერილ შემთხვევაში გირაოს რეალიზაციის პროცედურასთან დაკავშირებით ძალაში რჩება 280–2851 მუხლები.

3. უფლებრივად დატვირთული გირავნობის საგნის გადაცემა შემძენისათვის

11

შემძენი გირავნობის საგანს იძენს, როგორც წესი, დაუტვირთავად, თუმცა ამ წესიდან არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ, გირავნობის საგანი დატვირთული რჩება იმ მოგირავნეთა უფლებებით, რომელთა გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას (279 IV).

III. რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნისა და შემძენის სოლიდარული პასუხისმგებლობა შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის

12

274 II ნორმის ანალოგიურად, რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში მოგირავნე, რომლის გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას, დაცულია რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნისა და შემძენის ერთობლივი არაკეთილსინდისიერი მოქმედებებისაგან იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი არ ასრულებენ შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის კანონისმიერ ვალდებულებას; კანონი ადგენს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნისა და შემძენის სოლიდარულ პასუხისმგებლობას (463) ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.

IV. მოგირავნის დაკმაყოფილება გირაოზე საკუთრების მოპოვებით

13

279-ე მუხლში საუბარია რამდენიმე მოგირავნეთაგან ერთ-ერთის გირაოს მხოლოდ რეალიზაციის და არა მისი საკუთრებაში გადაცემის მეშვეობით დაკმაყოფილებაზე, რაც ამ შემთხვევაში მოგირავნის ასეთი ფორმით დაკმაყოფილებას საკმაოდ პრობლემურს ხდის. საკანონმდებლო კონცეპტთან ყველაზე ახლოს მდგომ გადაწყვეტად 279 IV მუხლის ანალოგიით გამოყენება უნდა მივიჩნიოთ იმ შემთხვევაში, როდესაც გირაოზე საკუთრებას მომდევნო რიგის მესაკუთრე მოიპოვებს; ხოლო წინა რიგის მოგირავნის მიერ საკუთრების მოპოვებისას მომდევნოს გირავნობის უფლება უნდა გაქარწყლდეს 279 II-IV მუხლიდან უკუდასკვნით გამომდინარე პრინციპის ანალოგიის საფუძველზე.




  1. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1232, Rn. 3; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1232, Rn. 3.
  2. შდრ. RGZ 87, 325; 97, 42.
  3. Damrau, in MьKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1232, Rn. 2.
  4. იქვე.
  5. შდრ. გსკ-ის 132 2 პარაგრაფი და ამასთან დაკავშირებით: RGZ 87, 325; RGZ 97, 42; Damrau, იქვე, Rn. 3.
  6. შდრ. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl. 2017, § 1247, Rn. 2.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_279._რამდენჯერმე_დაგირავებული_საგნის_რეალიზაციის_უფლება&oldid=2076"