Gccc-logo.png


მუხლი 28. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო...

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 28. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის წესი


ირაკლი ბურდული
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ — მარეგისტრირებელი ორგანო).

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება ამ კოდექსითა და მეწარმე სუბიექტების, უცხო ქვეყნის მეწარმე იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 — სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 — სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3140 — სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 — სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2458 — სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.370
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 — სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 — ვებგვერდი, 14.07.2011წ.

I. ნორმის ისტორია, სტრუქტურა, მიზანი და საგანი (შესავალი)

1

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი ცვლილების შედეგად ახლებურად არის ჩამოყალიბებული. 2006 წლამდე ძველი რედაქციის 28-ე მუხლი განსაზღვრავდა იურიდიული პირის ფილიალს, მის ცნებასა და სამართლებრივ ბუნებას. რეფორმის შემდეგ ფილიალის კანონისმიერი დეფინიცია გაუქმებულია. სამოქალაქო კოდექსი კი მხოლოდ არასამეწარმეო (უცხო ქვეყნის) იურიდიული პირის ფილიალის თაობაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა ლეგალური ცნების დონეზე მას მაინც არ განმარტავს. ამიტომ ფილიალის (წარმომადგენლობის) განმარტებისთვის მეწარმეთა კანონი და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების კომპლექსურად განმარტებაა საჭირო.

2

წინამდებარე მუხლი ნაციონალური არასამეწარმეო იურიდიული პირის, როგორც სამოქალაქო ურთიერთობის დამოუკიდებელი სუბიექტის და უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის, მისი წარმომადგენლობის რეგისტრაციის წესს ეხება. შესაბამისად, ნორმის სტრუქტურა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რის საფუძველზე უნდა დარეგისტრირდეს საქართველოში არაკომერციული იურიდიული პირი, მათ შორის, უცხოეთში რეგისტრირებულის ფილიალი, ვინ არის სუბიექტი, რომელიც უფლებამოსილი და პასუხიმგებელია მის რეგისტრაციაზე და საქართველოში არსებული რომელი კანონმდებლობა უნდა იქნეს გამოყენებული ამ პროცესის განსახორციელებლად. 28-ე მუხლი აფუძნებს აუცილებლობას, რომ განიმარტოს, თუ რა არის ფილიალი, რა სამართლებრივი ბუნების მქონე წარმონაქმნია იგი, რა დანიშნულებას ასრულებს და რა დოგმატურ-სამართლებრივი საფუძველბი გააჩნია ამ უკანასკნელს.

II. ფილიალის (წარმომადგენლობის) ცნება

1. იურიდიული პირის ძირითადი და „დამატებითი“ ადგილსამყოფელი

3

ნებისმიერი იურიდიული პირის, რომელიც კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში გამოდის და ბაზარზე ოპერირებს, სახასიათო ნიშანი არის მისი ადგილსამყოფელი. მას „საჯარო-სამართლებრივი“ დატვირთვა აქვს, რადგანაც იგი ამის მიხედვით არის შეტანილი მარეგისტრირებელ ორგანოში, მესამე პირისთვის სწორედ ეს არის მინიშნება იმის თაობაზე, თუ რომელ სუბიექტს აქვს აქტიური საპროცესოუნარიანობა, ვინ არის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარანტი და ა.შ.[1] თუმცა სამართალში განასხვავებენ იურიდიული პირის ძირითად (ფაქტობრივ) ადგილსამყოფელს, იურიდიულ მისამართს და მის ფილიალს, წარმომადგენლობას.

4

იურიდიული პირის ძირითადი ადგილსამყოფელი და მისი იურიდიული მისამართი ხშირ შემთხვევაში ემთხვევა კიდეც ერთმანეთს, თუმცა შესაძლოა, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი რეგისტრირებული იყოს ერთ მისამართზე, ხოლო ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ჰქონდეს სხვაგან. ამასთან, იურიდიულ პირს აქვს უფლება, ძირითადი ადგილსამყოფელის გარდა, საქმიანობა ტერიტორიულად სხვა ადგილიდან განახორციელოს, ანუ მისი წარმომადგენლობის — ფილიალის მეშვეობით გამოვიდეს სამოქალაქო ბრუნვაში. 28-ე მუხლი[2] სწორედ იმ შემთხვევას განსაზღვრავს, როდესაც არასამეწარმეო იურიდიულ პირს აქვს ადგილსამ ყოფელი (იურიდიული მისამართი), აქვს ძირითადი (ფაქტობრივი) ადგილსამყოფელი[3] და ამასთანავე, აქვს ტერიტორიულ-ორგანიზაციული, როგორც წესი, ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, განცალკევებულად მდებარე წარმონაქმნი,[4] რასაც ფილიალი დაერქმევა.[5]

5

ფილიალი კორპორაციულ-სამართლებრივი ტერმინია და იგი, ძირითადად, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის არის დამახასიათებელი.[6] ქართული სამართალი ფილიალთან (წარმომადგენლობასთან) მიმართებაში უნიფიცირებულ მიდგომას აყალიბებს, რაც ნიშნავს, რომ დამკვიდრებულია მისი (ფილიალის) ზოგადი ცნება, თუმცა ისევე, როგორც ამას მრავალი ევროპული ქვეყანა აკეთებს,[7] იგი არ არის საკანონმდებლო ლეგალური დეფინიციის სახით ჩამოყალიბებული. ამიტომ მისი განსაზღვრება დოგმატურ-სამართლებრივი, ხელოვნურ-იურიდიული კონსტრუქციის სახით არის მოცემული.

2. ფილიალის სამართლებრივი ბუნება

6

არაკომერციულ იურიდიულ პირს, როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, უფლება აქვს დააარსოს ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც, მიუხედავად გარკვეული ორგანიზაციულ- სტრუქტურული დამოუკიდებლობისა,[8] არ განიხილება იურიდიულ პირად და, შესაბამისად, იგი არ რეგისტრირდება რეესტრში როგორც საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი სამართლებრივი ფორმა.

7

ფილიალი იურიდიული თვალსაზრისით არის „ერთიანი საწარმოს (იურიდიული პირის)[9] ძირითადი ადგილსამყოფლის არადამოუკიდებელი (მაგრამ მისი შემადგენელი) ნაწილი“.[10] შესაბამისად, გაბატონებული იურიდიული მოსაზრების თანახმად, ფილიალი[11] არ არის აღჭურვილი საკუთარი სამართალსუბიექტობით,[12] არ ჰყავს განსაკუთრებული კანონისმიერი წარმომადგენელი, არ არის სამართლებრივად დამოუკიდებელი ქონების მესაკუთრე და დავაში არ გამოდის დამოუკიდებელ მხარედ.[13]

3. ფილიალის სახასიათო ნიშნები

8

იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ფილიალის განსხვავება ძირითადი „დანაყოფისაგან“, იურიდიული პირისაგან იგი გარკვეულ კრიტერიუმებს, ნიშნებს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველი ის არის, რომ ფილიალი, როგორც იურიდიული პირის წარმომადგენლობა, „დამოუკიდებელ ტერიტორიულ ერთეულს“ უნდა წარმოადგენდეს.[14] იგი „განცალკევებული ტერიტორიული ქვედანაყოფია, რომელიც იურიდიული პირის (ძირითადი) ადგილსამყოფელის გარეთ მდებარეობს“.[15] არ შეიძლება, რომ იურიდიული პირის ფილიალი და მისი ძირითადი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე სივრცეში მდებარეობდეს,[16] რაც ტერიტორიული თვალსაზრისით მათ გადაფარვას გამოიწვევდა. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ფილიალი ძირითადი ადგილსამყოფლის ტერიტორიულ ერთეულში[17] მდებარეობდეს.[18] მთავარია, რომ ეს ორი „სუბიექტი“ ერთსა და იმავე შენობაში, ოთახში არ იყოს განთავსებული.

9

შემდეგი ნიშანი არის ორგანიზაციული დამოუკიდებლობა.[19] ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მას საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვის უფლებამოსილება ჰქონდეს.[20] მართალია, იგი ვალდებულია დაიცვას ძირითადი იურიდიული პირის საქმიანობის „საგნობრივი მახასიათებლები“,[21] ანუ საქმიანობის საგნიდან გამომდინარე, მუშაობდეს მხოლოდ იმ სფეროში, რომელშიც ძირითადი სუბიექტი მოღვაწეობს, თუმცა მოცულობის, ინტენსიურობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით, მისი (ფილიალის) საქმიანობა დამოუკიდებელია.[22] ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, არ განაპირობებს ფილიალის კერძო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტად აღიარებას,[23] რაც ნიშნავს, რომ ფილიალი ძირითადი იურიდიული პირის საქმიანობის, მათ შორის ტერიტორიულ, განვრცობა-გაფართოებას ემსახურება.[24]

10

განსხვავების შემდეგი კრიტერიუმია ფილიალის მოქმედების ხანგრძლივობა. როგორც ლიტერატურაშია ნათქვამი, ერთჯერადი ღონისძიების განსახორციელებლად (მაგალითად, ბაზრობის ჩასატარებლად) ფილიალის სუბსტანციას ვერ მივიღებთ.[25] ამასთან, წარმომადგენლობის (ფილიალის) საქმიანობა არ უნდა ატარებდეს ძირითადი იურიდიული პირის საქმიანობის დამხმარე ხასიათს. შესაბამისად, ფილიალის საქმიანობა სრულყოფილად უნდა ქმნიდეს ძირითადი იურიდიული პირის არსებითი საქმიანობის ასოციაციასა და წარმოდგენას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებში.[26] არ შეიძლება, რომ ფილიალი ძირითადი იურიდიული პირის გარიგებების, ღონისძიებების მხოლოდ მომზადება-დაგეგმვით, შუამავლობით იყოს დაკავებული.[27] ეს მის ბუნებას შეეწინააღმდეგებოდა.

III. ფილიალის საპროცესოუნარიანობა

11

ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, რომელიც ქართულ სამართალწარმოებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალურია, ფილიალის (წარმომადგენლობის) პროცესუალურ-სამართლებრივ უნარიანობას ეხება. მისი სხვადასხვა სახიდან გამომოდინარე,[28] სრული საპროცესოუნარიანობა, ანუ პირი იყოს თანაბრად წარმოდგენილი სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, მხოლოდ იურიდიული პირისთვის არის დამახასიათებელი. შესაბამისად, გაბატონებული შეხედულების თანახმად, პროცესში ფილიალი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მხარეს.[29] ეს ნიშნავს, რომ ფილიალს არ უნდა ჰქონდეს აქტიური საპროცესოუნარიანობა, თუმცა საკითხი იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა, რომ წარმომადგენლობის წინააღმდეგ შეტანილ იქნეს სარჩელი, განსხვავებულია. გერმანულ სამართალში ფილიალი შესაძლოა (პასიურ) მოპასუხედ იქნეს წარმოდგენილი იმ დავაში, რომელიც მისი უშუალო გარიგების შედეგად იქნა წარმოშობილი და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ეს ფილიალი საკუთარ სახელს ატარებს, ანუ აქვს საფირმო სახელწოდება.[30]

12

ქართული სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილებით[31] საწარმოს (იურიდიული პირის)[32] ფილიალი სასამართლო დავაში მხარედ იქნა მიჩნეული. საფუძველი ამ არგუმენტაციისა იყო 16 III მუხლის, რომელიც იურიდიული პირის ფილიალის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განსჯადობას ადგენს.[33] ისიც გასათვალისწინებელი იქნებოდა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ (ძირითადად, უცხოური საწარმოს (იურიდიული პირის) ფილიალის (წარმომადგენლობის) ცალკე სამართლებრივ ფორმად რეგისტრაცია მომხდარიყო. აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელი სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტის მიმართ აღიძრება და საკამათო არაფერი იქნება.[34] მაგრამ, როდესაც საქმე იურიდიული პირის წარმომადგენლობას ეხება, პროცესში მისი მხარედ ჩართვა შესაძლოა უმართებულო იყოს.

13

ქართულ სასამართლო პრაქტიკაში ერთიანი პოზიცია ყალიბდება იმაზე, რომ საწარმოს ფილიალი შეიძლება გამოვიდეს მხარედ სამართალურთიერთობაში, თუმცა არა როგორც იურიდიულად დამოუკიდებელი წარმონაქმნი, სამართლებრივი ფორმა, არამედ როგორც „ძირითადი საწარმოს უფლებამოსილების დელეგირების ფარგლებში“ მოქმედი სუბსტრატი.[35] „შესაბამისად, ასეთი სამართალურთიერთობის დროსაც კი ფილიალი შეიძლება მონაწილეობდეს სამართალწარმოებაში, თუმცა მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლის სტატუსით, ისიც მხოლოდ საამისოდ საპროცესო-სამართლებრივი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში.“[36] ამ მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანცია აკეთებს დასკვნას, რომ აქტიური საპროცესოუნარიანობა მხოლოდ იურიდიულ პირს აქვს, ხოლო „ფილიალი შეიძლება მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლად გამოდიოდეს“.[37]

14

იურიდიული პირის ფილიალის მხარედ განხილვას შეიძლება რამდენიმე პრობლემა დაუკავშირდეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან ფილიალი არ არის „საკუთრებაუნარიანი“ სუბიექტი, რაც მის კრედიტუნარიანობას გამორიცხავს. გასათვალისწინებელია, ასევე, ზემოთ განვითარებულ გერმანულ მსჯელობაზე დაყრდნობით, რომ ფილიალს არ ჰყავს განსაკუთრებული კანონიერი წარმომადგენელი. მესამე პირებთან ურთიერთობაში დირექტორი (ფილიალის მმართველი) გამოდის მხოლოდ „ძირითადი“ იურიდიული პირის წარმომადგენლად. სამართალურთიერთობის მონაწილე ასეთ შემთხვევაში სწორედ ძირითადი კორპორაციაა და „ფილიალის მმართველიც“ იურიდიული პირის სახელით დებს გარიგებებს. გარიგების შედეგები კი იურიდიულ პირს შეერაცხება. და მთავარი, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსი ყურადღებას საკითხის პროცესუალურ-სამართლებრივ მხარეზე ამახვილებს, და მიღმა ტოვებს მის მატერიალურ შემხებლობას. შესაბამისად, აღნიშნული კოდექსის მე-16 მუხლი საპროცესო-სამართლებრივი ინსტიტუტია, რომელიც სპეციალურ განსჯადობას აწესრიგებს. ეს ვერ დაუკავშირდებოდა ამ საკითხის მატერიალურ-სამართლებრივ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, „თუ დავა წარმოიშვა იურიდიული პირის ფილიალის, როგორც სამეწარმეო, ისე სხვა სახის კერძოსამართლებრივი საქმიანობიდან, იგი საქმის განხილვაში დამოუკიდებლად მონაწილეობს“.[38] აქ უფრო ის არის სავარაუდო, რომ მისი (ფილიალის) მეშვეობით მხარედ იურიდიული პირი ერთვება, და არა პირიქით, როდესაც ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით შეტანილი სარჩელი არა ძირითადი იურიდიული პირის, არამედ წარმომადგენლობის მიმართ არის მხოლოდ მიმართული.

IV. რეგისტრაციის განმახორციელებელი სუბიექტი

15

28 I მუხლის თანახმად, არაკომერციული იურიდიული პირის, ისევე, როგორც უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია სავალდებულოა და მას ახორციელებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ქვეშ მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში შედის. ამით საქართველოში იურიდიული პირებისა და მათთან დაკავშირებული რეგისტრაციასავალდებულო იურიდიული ფაქტების აღნუსხვის უნიფიცირებულ კონცეფციას დაედო საფუძველი.[39] „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადების მიხედვით სამეწარმეო საზოგადოების (ინდივიდუალური მეწარმის ჩათვლით) ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება, თუმცა რეგისტრაცია, უცხოური არაკომერციული იურიდიული პირის, ისევე როგორც უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის ფილიალისა (წარმომადგენლობის), აუცილებელია.[40] მოკლედ, 28-ე მუხლი განსაზღვრული წესის მიხედვით (ნაციონალური), არაკომერციული იურიდიული პირი რეგისტრირდება მეწარმეთა რეესტრში. კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება ასევე უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ფილიალი.

V. რეგისტრაციის განხორციელების წესი: გამოსაყენებელი კანონმდებლობა

16

28 III მუხლი იმ კანონმდებლობაზე აკეთებს მინიშნებას, რომლის მიხედვითაც ა(ა)იპ-ის, უცხო ქვეყნის ა(ა)იპ-ის ფილიალისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების რეგისტრაცია ხორციელდება. პირველ რიგში, გამოსაყენებელია 29-ე და მომდევნო მუხლები, სადაც რეგისტრაციის პირობებია მოცემული, ანუ ის, თუ რა უნდა დაედოს საფუძვლად სარეგისტრაციო პროცესს. იუსტიციის მინისტრის ბრძანება[41] კი ის ძირითადი დოკუმენტია, რომლითაც თავად რეგისტრაციის პროცესი ხორციელდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ნორმის ფორმულირება, საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, გარკვეულწილად გაუგებრობას იწვევს. თავად მუხლის სათაური და პირველი და მესამე ნაწილების ფორმულირება იმგვარად არის მოცემული, თითქოს ფილიალის რეგისტრაცია ყველა შემთხვევაშია საჭირო, ანუ როგორც ნაციონალური არაკომერციული იურიდიული პირის, ისე უცხო ქვეყნის. მაგრამ, რადგანაც წინამდებარე მუხლის მე-3 ნაწილი მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციისთვის დადგენილ წესზე ამახვილებს ყურადღებას, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 16 I 1 მუხლის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება, საკითხი იმგვარად განიმარტება, რომ არც საქართველოში რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირის წარმომადგენლობა საჭიროებს რეგისტრაციას.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ფილიალს — მასთან მიმართებაში ნაციონალური კანონმდებლობა რეგისტრაციას მოითხოვს, რაც ბუნებრივიც არის და იგი საჯარო წესრიგის, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ზემოთ განვითარებულ პოზიციას ასევე განამტკიცებს იუსტიციის მინისტრის ნახსენები #241-ე ბრძანება, რომლის 5 I მუხლი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, თუ რომელი წარმონაქმნი რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და ამავე ბრძანების 5 III მუხლი.




  1. Wamser, in Henssler/Strhon, Gesellschaftsrecht, 2. Aufl., 2014, §13 Rn. 4.
  2. სკ-ის 26-ე მუხლთან ერთობლიობაში.
  3. ის შესაძლოა ემთხვეოდეს იურიდიულ მისამართს, თუმცა შეიძლება სხვაგანაც მდებარეობდეს. შედარებისთვის იხ.: Preuss, in Oetker, Handelsgesetzbuch, 3. Aufl., 2013, §13 Rn. 11.
  4. Pentz in Ebenroth/Boujong/Joost/Strohn, HGB, o2. Aufl., 2008, §13 Rn. 22.
  5. ძირითადი და „დამატებითი“ ადგილსამყოფელის შესახებ მოკლედ შეგიძლიათ იხ.: Hopt in Baumbach/Hopt, HGB, 33. Aufl., 2008, §13 Rn. 1; MüKo/Krafka, HGB, 3. Aufl., 2010, §13 Rn. 6,7-9.
  6. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 28, გვ. 118. მაგ., გერმანულ, ავსტრიულ სამართალში ფილიალი (წარმომადგენლობის ცნებას - Repräsentanz, გერმანული სამართალი ლეგალური დეფინიციის დონეზე საერთოდ არ იცნობს. IHK, Oldenburgische Industrie- und Handelskammer, Errichtung einer Zweigniederlassung oder Betriebsstätte) შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ მეწარმე სუბიექტს. ამიტომაც არის, რომ გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში, როდესაც საუბარი ფილიალს ეხება, მისგან განსასაზღვრად ყოველთვის „საწარმოს მატარებელ სუბიექტზე“ ამახვილებენ ყურადღებას და მეწარმეზე (იქნება ეს ინდივიდუალური საწარმო თუ სამეწარმეო საზოგადოება) მიუთითებენ. იხ. მაგ.: Krafka/Kühn, Registerrecht, 9. Aufl., 2013, Rn. 289; Hüffner, Aktiengesetz, 10. Aufl., 2012, Anh. §45 §13 HGB (Zweigniederlassungen von Unternehmen mit Sitz im Inland) Rn. 6 და ა.შ.
  7. გერმანია, ავსტრია, ესპანეთი და სხვ.
  8. Preuss, in Oetker, Handelsgesetzbuch, 3. Aufl., 2013, §13 Rn. 8, 9.
  9. ბუნებრივია, გერმანულ ლიტერატურაში, ზემოთქმულიდან გამომდინარე, მხოლოდ საწარმოზე მახვილდება ყურადღება (ჩამატება ი. ბ.).
  10. Krafka/Kühn, Registerrecht, 9. Aufl., 2013, Rn. 289.
  11. როგორც შიდა იურიდიული პირისა, ისე უცხოური სუბიექტისა. Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, 33. Aufl., 2008, §13 Rn. 4.
  12. სხვადასხვა მითითებით: Preuss, in Oetker, Handelsgesetzbuch, 3. Aufl., 2013, §13 Rn. 22.
  13. Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, 33. Auf., 2008, §13 Rn. 4. ქართული სასამართლოები ამ საკითხ- თან მიმართებაში განსხვავებულ მიდგომას ამკვიდრებენ, რაზედაც ქვემოთ იქნება საუბარი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ქართულ და გერმანულ სამარ- თალს ამ შემთხვევაში ერთი საერთო უნდა ჰქონდეს: ფილიალი არ არის განსახილველი დამოუკიდებელ, სრულყოფილ უფლებაუნარიანობის მქონე წარმონაქმნად. აქედან გამომოდინარე, უფლების შემძენი და მოვალეობის მატარებელი სუბიექტი თავად იურიდიული პირია და არა მისი ფილიალი. Preuss, in Oetker, Handelsgesetzbuch, 3. Aufl., 2013, §13 Rn. 23. რაც შეეხება საპროცესოუნარიანობას, რაზედაც ქვემოთ იქნება მსჯელობა, სიტუაცია განსხვავებულია. გერმანული პროცესუალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც ფილიალი თავისი საფირმო სახელწოდებით გამოდის სამართალურთიერთობაში, მის მიერ უშუალოდ განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე), იხ. მაგ.: BGH 24.11.1951 გადაწყვეტილება, გამოქვეყნებულია: NJW 1952, 182-184; Hüffner, Aktiengesetz, 10. Aufl., 2012, Anh. §45 §13 HGB (Zweigniederlassungen von Unternehmen mit Sitz im Inland) Rn. 6.
  14. Hopt in Baumbach/Hopt, HGB, 33. Aufl., 2008, §13 Rn. 3.
  15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის #2ბ/5236-13 განჩინება.
  16. MüKo/Krafka, HGB, 3. Aufl., 2010, §13 Rn. 10.
  17. რაიონი, რეგიონი, ქალაქი და ა.შ.
  18. Krafka/Kühn, Registerrecht, 9. Aufl., 2013, Rn. 291.
  19. ამ შემთხვევაში ყურადღება მხოლოდ ეკონომიკურ, ტერიტორიულ და არა იურიდიულ დამოუკიდებლობაზე გამახვილდებოდა. ეს უკანასკნელი სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ელემენტია (ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, 2002, გვ. 4) და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტიდან და მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, დამოუკიდებელ სამართლებრივ ფორმად განხილვის მნიშვნელოვანი წინაპირობა.
  20. ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მე-3 გამოც., 2002, გვ. 208.
  21. Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, 33. Aufl., 2008, §13 Rn. 3.
  22. MüKo/Krafka, HGB, 3. Aufl., 2010, §13 Rn. 11.
  23. სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 3/2001, გვ. 226. მითითებულია: ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, 2002, გვ. 209.
  24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წ. 10 ოქტომბრის # 2ბ/5236-13 განჩინება.
  25. Hopt, in Baumbach/Hopt, HGB, 33. Aufl., 2008, §13 Rn. 3.
  26. MüKo/Krafka, HGB, 3. Aufl., 2010, §13 Rn. 14.
  27. ROHG 14, 401, 402; RGZ 77, 60, 64. მითითებულია: MüKo/Krafka, HGB, 3. Aufl., 2010, §13 Rn. 14.
  28. ზოგადად, საპროცესო-სამართლებრივი უნარიანობის შესახებ იხ. მაგ.: Bendtsen in Saenger (Hrsg.), Zivilprozessordnung, 5. Aufl., 2013, §50 Rn. 12 ff; ქართულად საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის თაობაზე: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო-სამართალი, 2005, გვ. 108-112. ისევე როგორც ქართული საპროცესო სამართალი, გერმანულიც (სამოქალაქო-საპროცესო კანონი, § 21) სპეციალურ განსჯადობას ადგენს. მაგალითისთვის: Rintelen in Beckmann/Matusche- Beckmann, Versicherungsrechts-Handbuch, 2. Aufl., 2009, §23 Rn. 4.
  29. Oetker, Handelsgesetzbuch, 3. Aufl., 2013, §13 Rn. 26.
  30. გერმანული სამართლის მიხედვით, ფილიალს შესაძლოა ჰქონდეს ფირმა (საფირმო სახელწოდება), რომლის ფარგლებში იგი სამართალურთიერთობაში გამოვა. Oetker, Handelsgesetzbuch, 3. Aufl., 2013, §13 Rn. 26. ამ შემთხვევაში ფილიალის ფირმა არის ის სახელწოდება, რომლითაც იურიდიული პირი მისი წარმომადგენლობის მეშვეობით გამოდის საქმიან ურთიერთობაში.
  31. იხ. საქ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 ნოემბრის # ას-1144-1073-2012 განჩინება.
  32. ბუნებრივია, ამას არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზეც გავავრცელებთ.
  33. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ კანონის ჩანაწერი ფილიალის ადგილსამყოფელზე ამახვილებს ყურადღებას და არა რეგისტრირებულ მისამართზე. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების შესაბამისად, საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება. იგივე ითქმის არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალის შემთხვევაში, რადგანაც 28-ე მუხლის სათაურის და მისი პირველი ნაწილის მიხედვით რეგისტრაციას უნდა დაექვემდებაროს მხოლოდ უცხოური იურიდიული პირის წარმომადგენლობა და არა საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირისა.
  34. თუმცა ისიც საინტერესოა, თუ რა სამართლებრივი საფუძველი აქვს წარმომადგენლობის ცალკე სამართლებრივ ფორმად (მაგ., შპს-დ) რეგისტრაციას. ფილიალი, მათ შორის, უცხოური კორპორაციის მხოლოდ წარმომადგენლობას ნიშნავს და არა დამოუკიდებელ სამართლებრივ ფორმას. ამ უკანასკნელის შემთხვევაში დედა-შვილობილ საზოგადოებას მივიღებდით, რაც თავისი სამართლებრივი ბუნებით, რა თქმა უნდა, ფილიალისაგან განსხვავდება. კონცერნის თაობაზე მაგ.: ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, 2002, გვ. 213 და მომდევნონი. კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრის პრაქტიკა კი სწორი მიმართულებით მიდის, როდესაც რეესტრიდან ამონაწერის იმ გრაფაში, სადაც სამართლებრივ ფორმაზეა მითითება, უცხოური იურიდილი პირის წარმომადგენლობაა ჩაწერილი. ამიტომ საწინააღმდეგოს მტკიცება მხოლოდ მხარის შეცდომას თუ დაბრალდებოდა.
  35. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წ. 10 ოქტომბრის განჩინება # 2ბ/5236-13.
  36. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წ. 10 ოქტომბრის განჩინება # 2ბ/5236-13.
  37. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წ. 10 ოქტომბრის განჩინება # 2ბ/5236-13.
  38. სწორედ ასეთია უზენაესი სასამართლოს მსჯელობა. საქ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 ნოემბრის #ას-1144-1073-2012 განჩინება.
  39. განსხვავებით 2006 წლამდე მდგომარეობისა, როდესაც კომერციული და არაკომერციული საზოგადოებების რეგისიტრაციაზე განსხვავებული უწყებები იყვნენ პასუხისმგებელნი.
  40. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 259-260. შესაბამისად, იურიდიული პირის მიერ რეესტრის წინაშე ფილიალის რეგისტრაციის მოთხოვნის დაყენების მიუხედავად, მისი რეგისტრაცია არ უნდა მოხდეს. ეს შეეწინააღმდეგებოდა მეწარმეთა კანონის იმპერატიულ მოთხოვნას. განსახვევბული სიტუაციაა უცხოური იურიდიული პირის შემთხვევაში, სადაც, ერთი მხრივ, სამოქალაქო კოდექსი, ხოლო, მეორე მხრივ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის #241 ბრძანების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტია აღებული. თუმცა რამდენად შეიძლება მეწარმეთა კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისთვის დისპოზიციური, უფრო სწორედ, შემვსები ხასიათის მინიჭება, რთული სათქმელია) მისი წარმომადგენლობის რეგისტრაციას საჭიროდ მიიჩნევს. რეესტრში მხოლოდ ფილიალის ხელმძღვანელი, ანუ „ძირითადი“ იურიდიული პირის წარმომოადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ე.წ. ფილიალის მმართველი) უნდა დარეგისტრირდეს.
  41. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბერის # 241 ბრძანება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_28._არასამეწარმეო_(არაკომერციული)_იურიდიული_პირის,_უცხო_ქვეყნის_არასამეწარმეო...&oldid=1096"