Gccc-logo.png


მუხლი 280. რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 280. რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა.

2. გირავნობით რამდენჯერმე დატვირთული საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია, რეალიზაციის ხარჯების დაფარვისა და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა შეინახოს ნოტარიუსთან დეპოზიტზე შემდგომი მოგირავნეების მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ყოველი შემდგომი მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

3. გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს.

4. გირავნობის საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე პასუხს აგებს სხვა მოგირავნეების წინაშე იმ ზიანისათვის, რაც წარმოიშობა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

I. ზოგადი დებულებები

1

280-ე მუხლი მის მომდევნო მუხლებთან ერთად ქმნის გირაოს რეალიზაციის პროცედურისა და შედეგების მომწესრიგებელ რეგულაციურ კომპლექსს. ეს ნორმა ადგენს გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილების წესს და მიზნად ისახავს მოგირავნისა (მოგირავნეების) და დამგირავებლის ურთიერთდაპირისპირებულ ინტერესებს შორის კომპრომისის მონახვას. რეალიზაცია მოგირავნის გირაოდან დაკმაყოფილების სპეციალური წესია, რომელსაც ანალოგიით ვერ გავავრცელებთ გირაოს საკუთრებაში გადაცემის გზით დაკმაყოფილების შემთხვევებზე (2601).

II. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილება

1. ამონაგები თანხის განაწილების ზოგადი წესი

2

280 I მუხლი, ფაქტობრივად, იმეორებს 256-ე მუხლში მოცემულ დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გირაო პასუხს აგებს არა მხოლოდ უზრუნველყოფილი (ძირითადი) მოთხოვნისათვის, არამედ ასევე რეალიზაციის ხარჯებისათვისაც და დამატებითი მოთხოვნებისათვის[1] (იხ. დეტალურად ამასთან დაკავშირებით 256-ე მუხლის კომენტარი). ხაზგასმა იმისა, რომ ამონაგებით, „პირველ რიგში“, რეალიზაციის ხარჯები იფარება, მოკლებულია რაიმე პრაქტიკულ მნიშვნელობას, რადგან, თუ ამონაგები მთლიან მოთხოვნას ვერ ფარავს, დარჩენილი ნაწილისათვის მოვალე მაინც პირადად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს (შდრ. მუხ. 276, მე-9 ველი) და ამიტომაც კრედიტორისათვის ამ ნორმაში მოცემული რიგითობა მხოლოდ შესაკრებთა გადანაცვლებაა, რაც ჯამზე არ აისახება.

3

რეალიზაციიდან ამონაგებ თანხას მოგირავნე, უბრალოდ, ისაკუთრებს, რისი უფლებაც მას მინიჭებული აქვს რეალიზაციის უფლებამოსილებით.[2] მისაკუთრება უნდა მოხდეს გარეშე პირთათვის შეცნობადი ფორმით, თუმცა მისი გაცხადება დამგირავებლის წინაშე აუცილებელი არ არის.[3]

2. რამდენჯერმე დაგირავებული გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილება

4

თუ გირავნობის საგანი დატვირთულია რამდენჯერმე, ყოველი შემდგომი მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

ა) მოგირავნის მოთხოვნის დაფარვა

5

მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაფარვა გულისხმობს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაფარვას 256 I მუხლით გათვალისწინებულ ყველა ნაწილში. ამ შემთხვევაში მოთხოვნა ითვლება გირაოს მესაკუთრის მიერ დაფარულად. თუ მესაკუთრე, ამავდროულად, მოგირავნის პირადი მოვალეცაა, მაშინ ის თავისუფლდება თავისი ვალდებულებისაგან, მაგრამ თუ დამგირავებელი-მესაკუთრე და პირადი მოვალე არ არის ერთი და იგივე პირი (გირავნობა სხვისი ვალისათვის), მაშინ მოგირავნის მოთხოვნა მოვალის მიმართ, 269 III ანალოგიით,[4] მესაკუთრეზე გადადის.[5] მოთხოვნა მესაკუთრეზე გადადის იმ შემთხვევაშიც, როდესაც მესაკუთრე დამგირავებელი და პირადი მოვალე სამი განსხვავებული პირია (იხ. მუხ. 254, მე-9 ველი), ან, როდესაც მხოლოდ დამგირავებელი და პირადი მოვალეა იდენტური.[6]

ბ) საკუთრება და მესამე პირის უფლებები ამონაგებზე

6

თუ გირაოს რეალიზაციიდან ამონაგები მხოლოდ რეალიზატორი-მოგირავნის მოთხოვნებს ფარავს, მაშინ რეალიზატორი მოიპოვებს მასზე ერთპიროვნულ საკუთრებას და შემდგომი ვალდებულებები აღარ წარმოეშობა.[7] იმ შემთხვევაში კი, როდესაც ამონაგები აღემატება მოთხოვნის ოდენობას, რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია, რეალიზაციის ხარჯების დაფარვისა და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა შეინახოს ნოტარიუსთან დეპოზიტზე შემდგომი მოგირავნეების მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად (280 II 1). თუ მოგირავნე არ ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, იგი პასუხს აგებს სხვა მოგირავნეების წინაშე ამ კანონისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დამდგარი ზიანისათვის (280 IV). რამდენადაც ცალსახაა ამ შემთხვევაში 280 II 1 მუხლის ფორმულირება მოგირავნისათვის დაკისრებული ვალდებულებების ნაწილში, იმდენად არაცალსახაა ამონაგების სანივთოსამართლებრივი ბედი. გერმანულ დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრების თანახმად,[8] რომლის ალტერნატივაც ქართულ სამართალში გამოთქმული არ არის,[9] თუ ამონაგები აღემატება მოთხოვნის ოდენობას, მაშინ მასზე წარმოიშობა რეალიზატორი მოგირავნისა და გირაოს (ყოფილი) მესაკუთრის (მაშინაც კი, როდესაც ის არ არის ამავდროულად დამგირავებელი[10]) თანასაკუთრება. რეალიზატორ მოგირავნეს შეუძლია, თავისი თანასაკუთრება ამონაგებ ფულზე, რომელიც შეესატყვისება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას, მიისაკუთროს.[11] მონარჩენი ამონაგები რჩება მესაკუთრის ერთპიროვნულ საკუთრებაში, რაზეც, სუროგაციის პრინციპის თანახმად, გადადის სხვა მოგირავნეების გირავნობა.[12] სწორედ ეს მონარჩენი უნდა შეინახოს რეალიზატორმა, თუმცა სხვა მოგირავნეების გირავნობით დატვირთული (მათი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, 280 II 1), მესაკუთრის სახელზე დეპონირების მეშვეობით. თუ ამონაგებ ფულს მოგირავნე ზემოთ თქმულის საპირისპიროდ საკუთარ ფულს ურევს, მაშინ მას წარმოეშობა 197 I და 982-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულება გირაოს მესაკუთრის წინაშე იმ ოდენობით, რა თანხაზეც უნდა წარმოშობილიყო ამ უკანასკნელის საკუთრება.[13] მითვისებული თანხისათვის პროცენტების გადახდის ვალდებულება რეალიზატორს აწევს, 984 I, 979 I მუხლების მიხედვით. მესაკუთრის მოთხოვნაზე ძალაში რჩება მესამე პირთა ის უფლებები, რომლებითაც დატვირთული იყო გირავნობის საგანი.[14]

7

280 II 1 მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს არა მხოლოდ რეალიზატორ მოგირავნესა და მომდევნო რიგის მოგირავნეს შორის ურთიერთობაში, არამედ ამ უკანასკნელსა და მომდევნო მოგირავნეებს შორის ურთიერთობაშიც (280 II 2).

8

გირაოს არამართლზომიერი რეალიზაციისას ამონაგების სანივთოსამართლებრივი ბედი დამოკიდებულია იმაზე, გადადის თუ არა შემძენზე საკუთრება (იხ. მუხ. 285, მე-6 და მომდევნო ველები). მართალია, რეალიზატორს ამ დროს არც ერთ შემთხვევაში არ ეკუთვნის ამონაგები, თუმცა საკუთრების შემძენზე გადასვლის შემთხვევაში ამონაგებზე გირაოს (ყოფილი) მესაკუთრე მოიპოვებს ერთპიროვნულ საკუთრებას და მოქმედებს ზემოთ ხსენებული სუროგაციის პრინციპი.[15] იმ შემთხვევაში კი, როდესაც შემძენი ვერ მოიპოვებს საკუთრებას გირაოზე, ის რჩება დამგირავებლის საკუთრებაში და, რა თქმა უნდა, აქ სუროგაციის პრინციპი არ გამოდგება. ამონაგებზე ამ დროს მხოლოდ რეალიზატორი მოიპოვებს საკუთრებას.[16]

9

რეალიზაციის ფარგლებში გირაოს გასხვისებისას, თუ მყიდველი აყოვნებს ფასის გადახდას, გირაოს (ყოფილი) მესაკუთრე რეალიზატორის წინააღმდეგ მოიპოვებს მისთვის კუთვნილი ამონაგების ოდენობით მოთხოვნას, რომელზეც ისევე ვრცელდება მესამე პირის უფლებები, როგორც გირაოდან ამონაგებზე.[17] ერთი და იმავე რანგის ორი გირავნობის შემთხვევაში, თუ ამონაგები არასაკმარისია ორივე მოთხოვნის დასაფარავად, მაშინ ის უნდა განაწილდეს მოგირავნეებს შორის უზრუნველყოფის მოთხოვნების თანაფარდობის მიხედვით; თუ რეალიზაცია მოგირავნეებმა ერთდროულად განახორციელეს, მაშინ მათი თანასაკუთრებაც შესაბამისად განისაზღვრება.[18]

10

გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არიან შემდგომი მოგირავნეები, – ამონაგებიდან დარჩენილი თანხა გადაეცემა დამგირავებელს (280 III).




  1. შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის № ას-483-457-2012 გადაწყვეტილება.
  2. Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl., 2006, § 15 VII 3a bb.
  3. იქვე.
  4. OLG Frankfurt JW 1931, 2751.
  5. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1247, Rn. 4.
  6. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1247, Rn. 4.
  7. იქვე, Rn. 5.
  8. Knoke, Die Wirkungen des Pfandverkaufs, 1961, S. 81.
  9. თუმცა შდრ. ასევე გერმანულ სამართალში საწინააღმდეგო გადაწყვეტისათვის Emmerich, Pfandrechtskonkurrenzen, 1909, S. 356.
  10. OLG Dresden OLGE 6, 126.
  11. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1247, Rn. 5.
  12. RGZ 119, 269.
  13. Damrau, იქვე.
  14. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1247, Rn. 5.
  15. Knoke, Die Wirkungen des Pfandverkaufs, 1961, S. 91.
  16. იქვე, S. 108.
  17. BGH NJW 1959, 1127.
  18. Damrau, იქვე, Rn. 7.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_280._რეალიზაციიდან_ამონაგები_თანხის_განაწილება&oldid=2078"