Gccc-logo.png


მუხლი 281. გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების მქონე მოგირავნისათვის

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 281. გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების მქონე მოგირავნისათვის


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების მქონე მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. თუ მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამა თუ იმ იურიდიული მოქმედების შესრულებაზე, მაშინ მოგირავნეს შეუძლია, დამგირავებელს მოსთხოვოს ამის განხორციელება. თუ დამგირავებელი ორი კვირის ვადაში არ შეასრულებს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია, ეს მოქმედება დამგირავებლის სახელით განახორციელოს მესამე პირთა მიმართ.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი #1541 – სსმ I, #21, 03.08.2009 წ., მუხ.124.

I. ზოგადი დებულებები

1

მოგირავნეს მხოლოდ მაშინ შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა გირაოს რეალიზაციით, როდესაც ის დაგირავებული ნივთის მფლობელია. მფლობელობის გარეშე მისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია გირავნობის საგნის გაყიდვა და შემძენისათვის საკუთრების გადაცემა. თუ გირაო (რეგისტრირებული გირავნობისას) დამგირავებლის მფლობელობაშია, მოგირავნემ რეალიზაციამდე ჯერ მასზე მფლობელობა უნდა მოიპოვოს, რასაც ემსახურება 281 I მუხლი. ამ მუხლის მეორე ნაწილი მოთხოვნის მოგირავნეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს დამგირავებლისაგან რეალიზაციის ხელშემშლელი გარემოების აღმოფხვრა, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ის უფლებამოსილია, თავად აღმოფხვრას ეს გარემოება.

II. გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების მქონე მოგირავნისათვის, 281 I

2

281 I მუხლი აქტუალური ხდება მხოლოდ რეგისტრირებული ან კანონისმიერი არამფლობელობითი გირავნობისას, რადგან მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში დამგირავებელი თავად არის გირაოს (პირდაპირი ან არაპირდაპირი) მფლობელი (შდრ. მუხ. 257, მე-4 და მომდევნო ველები).

3

მოთხოვნა, 281 I 1 მუხლის მიხედვით, მიმართულია გირაოს (პირდაპირი ან არაპირდაპირი) მფლობელი დამგირავებლის, სხვა მოგირავნეების (იხ. მუხ. 279, მე-3 და მე-9 ველები) და არა მესამე პირის წინააღმდეგ (შდრ. 268).[1] თუ დამგირავებელი და მესაკუთრე სხვადასხვა პირია (იხ. მუხ. 254, მე-9 ველი), მაშინ 281 I 1 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მესაკუ- თრის წინააღმდეგაა მიმართული, თუკი გირავნობის დადგენისას დამგირავებელი შესაბამისი უფლებამოსილების საფუძველზე მოქმედებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პასუხს აგებს როგორც ნებისმიერი სხვა მესამე პირი, ზოგადი წესების მიხედვით (შდრ. 268).[2] 281 I 1 მუხლზე მითითებით ნივთის გამოთხოვის წინაპირობააა გირაოს ვადამოსულობა (278).[3] დამგირავებელს შეუძლია, შეუზღუდავად წაუყენოს მოგირავნეს მოთხოვნის უფლების გამაქარწყლებელი ან განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლები (იხ. მუხ. 263, მე-2 და მომდევნო ველები). ამ შესაგებლების გარდა, მფლობელობის უფლებაზე მითითების შესაძლებლობა მას არ აქვს,[4] ისევე როგორც გირაოს დროებით შენარჩუნების ინტერესზე მითითებისა (281 I 2).

4

281 I მუხლი გამოიყენება ანალოგიით მოგირავნის მიერ გირაოზე საკუთრების მოპოვებით დაკმაყოფილების შემთხვევაში ნივთზე მფლობელობის მოთხოვნისათვის.

III. იურიდიული მოქმედების შესრულება, 281 II

5

თუ გირავნობის საგანია მოთხოვნის უფლება, რომლის რეალიზაციაც მოვალის მიერ მოგირავნის სასარგებლოდ შესრულებით (იხ. მუხ. 276, მე-7 ველი, მუხ. 283, მე-12 ველი) დამოკიდებულია გარკვეული იურიდიული მოქმედების განხორციელებაზე (მაგ., ხელშეკრულებიდან გასვლა ან მისი მოშლა, გაფრთხილება, ვადის დანიშვნა (400 ბ), სარჩელის აღძვრა, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანა და ა. შ.,[5] (იხ. დამატებით მუხ. 283, მე-12 და მომდევნო ველები), მაშინ მოგირავნეს შეუძლია, დამგირავებელს მოსთხოვოს ამ მოქმედების შესრულება (281 II 1). ამგვარად, კანონმდებელი, მოთხოვნის დაგირავების მიუხედავად, მხოლოდ დამგირავებელს მიიჩნევს მოთხოვნის სამართლებრივი ბედის ბატონ-პატრონად და მხოლოდ მას აკისრებს იურიდიული მოქმედების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის ვერგანხორციელების რისკს. თუმცა ეს წესი შეუზღუდავად მხოლოდ გირაოს ვადამოსულობის (278) მომენტამდე მოქმედებს, რადგან ამ მომენტამდე მოგირავნისათვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შეასრულებს თუ არა დაგირავებული მოთხოვნის მოვალე ამ მოთხოვნას და წარმოეშობა თუ არა მას შესრულების საგანზე გირავნობა (264 I), თუ არ შეასრულებს და საშუალებას მისცემს, გირაოს ვადამოსულობის შემდეგ, 283 III მუხლის მიხედვით, დაიკმაყოფილოს თავისი ინტერესი.[6] მართალია, გირაოს ვადამოსულობის შემდეგაც, 281 II 1 მუხლის მიხედვით, მისი რეალიზაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი მოქმედების განხორციელების უფლება დამგირავებელს რჩება, თუმცა მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში დამგირავებლის მიერ მისი განუხორციელებლობის შემთხვევაში, მოგირავნეს შეუძლია, ეს მოქმედება თავად განახორციელოს დამგირავებლის სახელით (281 II 2). ეს წესი მოქმედებს ასევე სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაშიც, როდესაც დაზღვეული აგირავებს აქედან წარმომდგარ უფლებას.[7]




  1. თუმცა, გამონაკლისის სახით, 281 I 1 მუხლი ანალოგიით უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევაზეც, როდესაც დამგირავებლის მიერ გირაოს გასხვისებისას მესამე პირი-შემძენი მასზე საკუთრებას მოიპოვებს, თუმცა მოგირავნე მაინც ინარჩუნებს მასზე გირავნობის უფლებას და, ამავდროულად, მოიპოვებს საკუთარი მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების შესაძლებლობას (266 II, იხ. 266-ე მუხლის კომენტ., მე-5 ველი).
  2. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1231, Rn. 2.
  3. გაუგებარია, თუ რას გულისხმობს უზენაესი სასამართლო (თავის 2015 წლის 30 იანვრის #ას- 784-744-2013 განჩინებაში), როდესაც ამბობს, რომ `შესრულების ადგილს იკავებს გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემის ან მისი რეალიზაციის მოთხოვნის უფლება~, გირაოს რეალიზაცია და მასზე საკუთრების მოპოვება არ არის მოთხოვნის უფლება, რომელიც დამგირავებელმა უნდა დააკმაყოფილოს, არამედ მოგირავნის უფლებაა, რომელიც თავად უნდა განახორციელოს. ხოლო, თუ სასამართლო ზემოთქმულში გირაოს გამოთხოვის მოთხოვნას გულისხმობს 281 I 1 მუხლის მიხედვით, ესეც არასწორია, რადგან ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ იკავებს შესრულების ადგილს. ამ ლოგიკით, გამომდინარე იქიდან, რომ მოგირავნეს გირაოს გამოთხოვის უფლება უჩნდება უზრუნველყოფილი ვადამოსული მოთხოვნის შეუსრულებლობასთან ერთად (278), ის ამ მომენტში უნდა კარგავდეს ამ უზრუნველყოფილ მოთხოვნას, რაც აბსურდია. გარდა ამისა, დამგირავებელ მოვალეს შეუძლია, გირაოს რეალიზაციამდე ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მოგირავნე (282 IV), რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლოს ამ დაშვებას.
  4. Damrau, იქვე, Rn. 6.
  5. შდრ. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1282, Rn. 2.
  6. ერთადერთი გამონაკლისი ამ წესიდან დასაშვები უნდა იყოს მოთხოვნის მოგირავნისათვის მისით სარგებლობის უფლების მინიჭებისას (იხ. 254-ე მუხლის კომენტ., მე-13 ველი), რადგან ამ შემთხვევაში დამგირავებელი-კრედიტორი მოთხოვნის გაუქმებით აკარგვინებს მოგირავნეს გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ (261 II) სარგებელს. ამიტომაც ამ შემთხვევაში სასურველი იქნება, თუ სასამართლო პრაქტიკა დამგირავებლის მიერ მოთხოვნაზე უარის თქმას მოგირავნისთვის თანხმობასავალდებულოდ აღიარებს (შდრ. გსკ-ის 1283 I პარაგრაფის მე-2 ვარიანტი).
  7. BGH NJW 1966, 1073, დაზღვეულის მიერ ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის პირადი ხასიათის უფლება, რომლის განხორციელებაც სხვა პირის მიერ დაუშვებელია (Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1283, Rn. 3).


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_281._გირავნობის_საგნის_გადაცემა_რეალიზაციის_უფლების_მქონე_მოგირავნისათვის&oldid=2132"