Gccc-logo.png


მუხლი 281¹. დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე...

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 281¹. დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მოგირავნისათვის გადაცემა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/ და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა.

2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ მოგირავნისათვის დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სააღსრულებო დაწესებულებაში ერთი და იმავე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მფლობელობაში გადაცემისათვის სხვადასხვა მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში გირავნობის საგანი გადაეცემა იმ მოგირავნეს, რომელსაც აქვს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლება.

4. გირავნობის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას.

5. მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში გადაეცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/ და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება.

6. მოგირავნისათვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს.

7. მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის მართლზომიერებისთვის პასუხისმგებელია მოგირავნე.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი #1541 – სსმ I, #21, 03.08.2009 წ., მუხ.124.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი #1833 – ვებგვერდი, 03.01.2014 წ.

I. ზოგადი დებულებები

1

მართალია, რეგისტრირებული გირავნობისას მოგირავნეს აქვს გირაოდან დაკმაყოფილების მიზნით მასზე მფლობელობის გადაცემის მოთხოვნის უფლება 281 I მუხლის მიხედვით, თუმცა დამგირავებლის მიერ ამ მოთხოვნის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნეს მხოლოდ ერთი გზაღა რჩება – სასამართლოსათვის მიმართვა და საკუთარი მოთხოვნის იძულებითი აღსრულების ფარგლებში განხორციელება. კანონმდებელი სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მოგირავნეს აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ანიჭებს რა მას უფლებას, სასამართლოს გვერდის ავლით, მხოლოდ გირავნობის მოწმობის საფუძველზე, იძულების წესით, მოითხოვოს გირაოს მის მფლობელობაში გადაცემა.

II. დაგირავებული სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულებითი წესით გადაცემა რეალიზაციის უფლების მქონე მოგირავნისათვის

1. გირაოს გამოთხოვა იძულებითი წესით

2

281¹ მუხლის მიხედვით, დაგირავებული სატრანსპორტო და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება მოგირავნეს მფლობელობაში გადაეცემა სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით გირავნობის მოწმობის საფუძველზე (2581), სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 20 I,[1] 25, 831 I მუხლების მიხედვით, მოძრავი ნივთის გადაცემისათვის კანონით დადგენილი წესით. 25 IV 1 მუხლის მიხედვით, მოგირავნემ სააღსრულებო წარმოების დაწყების განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს გირაოს საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3

იძულებითი წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება მოვალეს (281¹ VI), მაშინაც კი, როდესაც ის და გირაოს მესაკუთრე არაიდენტური პირები არიან და ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე, დამგირავებელი და მესაკუთრე სამი განსხვავებული პირია (იხ. მუხ. 254, მე-9 ველი). თუმცა ეს მოთხოვნაც ითვლება გირავნობით უზრუნველყოფილად (256), რის გამოც ამ ხარჯების დაკმაყოფილებაც გირაოდან უნდა მოხდეს (276 I).

4

გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის მართლზომიერებაზე, როგორც პროცედურული, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით, პასუხისმგებელია მოგირავნე (281¹ VII, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 831 II), რის გამოც ის თავს ვერ გაიმართლებს მხოლოდ მოწმობის გამცემი ორგანოს (შდრ. მუხ. 2581, მე-3 ველი) დაუდევრობაზე მითითებით და თავად ანაზღაურებს არამართლზომიერი რეალიზაციით გამოწვეულ ზიანს (იხ. მუხ. 285, სქ. 39). მას არ წარმოეშობა კანონიერი ნდობა ამ მოწმობის საფუძველზე. გირავნობის მოწმობის გასაჩივრება გამცემ ან ზემდგომ ორგანოში არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას (281¹ IV).

2. იძულებით გადაცემის წესი რამდენიმე მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, 281¹ III

5

თუ სააღსრულებო დაწესებულებაში ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მფლობელობაში გადაცემის მოთხოვნით გირავნობის მოწმობას ერთდროულად რამდენიმე მოგირავნე წარადგენს, მაშინ გირავნობის საგანი გადაეცემა იმ მოგირავნეს, რომელსაც აქვს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლება (279 II).

3. სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია ან საკუთრებად რეგისტრაცია 281¹ IV

6

281¹ I მუხლი მოგირავნეს უმარტივებს მხოლოდ გირაოზე მფლობელობის მოპოვების გზას,[2] ხოლო, რაც შეეხება გირაოდან დაკმაყოფილებას, ამ შემთხვევაშიც ძალაში რჩება 276 I მუხლი – მოგირავნის დაკმაყოფილება შესაძლებელია გირაოს რეალიზაციის ან მასზე საკუთრების მოპოვების მეშვეობით (281¹ IV), შესაბამისი წინაპირობების არსებობისას.[3] მართალია, 281¹ IV მუხლში საუბარია მოგირავნის ვალდებულებაზე, თუმცა ეს ფორმულირება არაზუსტია; მოგირავნეს, რა თქმა უნდა, არ აწევს გირავნობის საგნის არც რეალიზაციისა და არც მასზე საკუთრების მოპოვების ვალდებულება და ის, შეუძლია, უბრალოდ, უკან დაუბრუნოს დამგირავებელს და უარი თქვას გირავნობაზე.




  1. გირავნობის მოწმობის საფუძველზე იძულებითი აღსრულებისას აუცილებელი არ არის სააღსრულებო ფურცლის დედნის წარდგენა (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მე-20 I მუხლი), შდრ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის #ას-11-11-2014 განჩინება.
  2. იხ. სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 25 IV 1 და 831 მუხლები, თუმცა შდრ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 157.
  3. სასამართლოს გარეშე გირაოს რეალიზაცია იძულებითი აღსრულების ფარგლებში მოგირავნეს შეუძლია მხოლოდ 284 I მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_281¹._დაგირავებული_სატრანსპორტო_საშუალების_ან/და_სასოფლო-სამეურნეო_მანქანის_დამხმარე...&oldid=2135"