Gccc-logo.png


მუხლი 282. გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 282. გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოგირავნე ვალდებულია, რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები.

2. (ამოღებულია).

3. რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც, თუ:

ა) არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე;

ბ) გირავნობის საგანი მალფუჭებადია.

4. მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას, თუ დამგირავებლისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია, შესრულდება უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი #4310 – სსმ I, #2, 04.01.2007 წ., მუხ. 35.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი #4744 – სსმ I, #18, 22.05.2007 წ., მუხ. 158.

I. ზოგადი დებულებები

1

გამომდინარე იქიდან, რომ მოგირავნეს არ სჭირდება სააღსრულებო ფურცელი გირაოს რეალიზაციისათვის, 283 I, II მუხლების მიხედვით, 282 I მუხლმა უნდა დაიცვას დამგირავებელი გირაოს მოულოდნელი რეალიზაციისაგან და მისცეს მას საშუალება, გამოიხსნას გირაო (269 III), ან პრევენციულად წინ აღუდგეს მის რეალიზაციას 172 II 2 მუხლის საფუძველზე წარდგენილი სარჩელისა და მისი უზრუნველყოფის ღონისძიების მეშვეობით.[1] 282 III მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისს 1-ლი ნაწილით გაწერილი გაფრთხილების ვალდებულებისაგან, მე-4 ნაწილი კი დამგირავებელსა და არადამგირავებელმესაკუთრეს გირაოს გამოხსნის უფლებას უნარჩუნებს უშუალოდ გირაოს რეალიზაციის განხორციელების მომენტამდე (იხ. მე-11 ველი).

2

282-ე მუხლი ძალაშია როგორც სახელშეკრულებო, ისე კანონისმიერი გირავნობისათვის[2] და ის ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული მოგირავნის გირავნობის საგანზე საკუთრების მოპოვების მეშვეობით დაკმაყოფილების შემთხვევებზე.

II. რეალიზაციის შესახებ გაფრთხილება, 282 I

3

დამგირავებლის წერილობითი გაფრთხილება გირაოს რეალიზაციასთან დაკავშირებით, 282 I მუხლის მიხედვით, არის ფორმა- და მიღებასავლდებულო ნების გამოხატვა.[3] უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლების მითითება აუცილებელი არ არის, ისევე როგორც რეალიზაციის ზუსტი დროისა და ადგილისა.[4] შეტყობინების ადრესატები არიან დამგირავებელი (მაშინაც კი, როდესაც ის და გირავნობის საგნის მესაკუთრე განსხვავებული პირებია[5]) და სხვა მოგირავნეები. არადამგირავებელი-მესაკუთრისათვის ამ ცნობის მიწოდება უშუალოდ დამგირავებელს ევალება. დამგირავებლის გაფრთხილების შემდეგ მესაკუთრის, რომელიც ამავდროულად არ არის დამგირავებელი (იხ. მუხ. 254, მე-9 ველი), გაფრთხილება მოგირავნეს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ გამონაკლისის სახით, კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე (8 III).[6] გირაოს ვადამოსულობამდე (278) განხორციელებული გაფრთხილება არანამდვილია.[7]

4

გაფრთხილება უნდა შეიცავდეს მითითებას რეალიზაციის ფორმასთან (283 I 2, 283 II, 283 III, 284 I, 284 II) დაკავშირებით – „რეალიზაციის თაობაზე გაფრთხილება“, რათა დამგირავებელმა თუ სხვა მოგირავნეებმა უკეთ გათვალონ რეალიზაციის შედეგები და ის, უღირთ თუ არა 269 III მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენება.

5

ორკვირიანი (მოცდის) ვადის გამოთვლა უნდა მოხდეს ნების გამოხატვის მისვლის მომენტიდან 121-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით. მოცდის ვადის გამორიცხვა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში არანამდვილია 346-ე მუხლის მიხედვით,[8] თუმცა ეს არ იწვევს გირავნობის ხელშეკრულების არანამდვილობას,[9] ისევე, როგორც დამგირავებელსა და (რეალიზატორ) მოგირავნეს შორის ინდივიდუალური შეთანხმებით გაფრთხილების გამორიცხვა არ მოქმედებს სხვა მოგირავნეების მიმართ.

III. რეალიზაცია გაფრთხილების გარეშე

6

282 I მუხლით განსაზღვრული გაფრთხილების ვალდებულებიდან დაიშვება გამონაკლისიც, კერძოდ: გირავნობის საგნის რეალიზაცია მოგირავნის მიერ შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე (282 III ა), ან გირავნობის საგანი მალფუჭებადია (282 III ბ).

7

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კანონით დადგენილი ან ზოგადად აღიარებული მყარი კრიტერიუმი იმის დასადგენად, თუ რა უნდა ჩაითვალოს გირაოს გაუფასურებად, გერმანული დოქტრინის კვალდაკვალ, ჩვეულებრივ, გაუფასურების საფრთხედ უნდა ჩაითვალოს ნივთის ღირებულების შემცირების იმგვარი მოლოდინი, როდესაც ამ ღირებულების ორი მესამედი[10] ვეღარ ფარავს გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნებს (256 I).[11] მხოლოდ დამგირავებლის მოთხოვნათა ზრდა 256 I მუხლის მიხედვით, გირავნობის საგნის ღირებულების შემცირების გარეშე, 282 III ა) მუხლზე აპელირებისათვის საკმარისი არ არის, ისევე, როგორც იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის ღირებულების ორი მესამედი თავიდანვე, ანუ გირაოს დადგენის მომენტისათვისაც, სრულად ვერ ფარავდა უზრუნველყოფილ მოთხოვნას.[12] ფასიანი ქაღალდების კურსის რყევა, განსხვავებით მისი ვარდნისაგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არ ითვლება გაუფასურებად.[13] თუ დამგირავებლის მოთხოვნა რამდენიმე გირაოთია უზრუნველყოფილი, მაშინ გადამწყვეტია მათი ჯამური ღირებულება, დამოუკიდებლად იმისა, ყველა ეს საგანი ერთი და იმავე დამგირავებლის/მესაკუთრის საკუთრებაშია თუ არა;[14] ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოთხოვნა უზრუნველყოფილია სხვა საშუალებით (თავდებობა, იპოთეკა და ა. შ.), რადგან ამ დროს მოგირავნის მოთხოვნის ვერდაკმაყოფილების საფრთხე არ არსებობს.[15] თუმცა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად საკმარისი არ არის უშუალოდ დამგირავებელთან შეთანხმებული პირგასამტეხლო ან მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა ვალდებულებითი ინსტრუმენტი, ან პირობადებული საკუთრება.

8

ზემოთ თქმულის საპირისპიროდ, გაფრთხილება სავალდებულოა მაშინაც კი, როდესაც მისი განხორციელება მოგირავნისათვის გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, ან რეალიზაციის გადავადება ორი კვირით მნიშვნელოვნად აზიანებს მის ინტერესს. თუმცა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ორი საგამონაკლისო შემთხვევისა, გაფრთხილება ზედმეტი უნდა იყოს, თუ დამგირავებლის ადგილსამყოფელი უცნობია.[16] მხოლოდ ის ფაქტი, რომ მესაკუთრე არ ფლობს უზურნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად აუცილებელ სახსარს (269 III), საკმარისი არ არის გაფრთხილების არასავალდებულოობისათვის.[17]

IV. გაფრთხილების ვალდებულების დარღვევა

9

282 I მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების დარღვევა არ იწვევს გირაოს რეალიზაციის არანამდვილობას, თუმცა ამ შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, აუნაზღაუროს დამგირავებელს ამით მიყენებული ზიანი (394 I).[18] მოგირავნე თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ამ ვალდებულების შესრულების შემთხვევაშიც დამგირავებლისათვის იგივე შედეგი დადგებოდა.[19]

V. მოგირავნის დაკმაყოფილება, 282 IV

10

თუ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება 269 III მუხლის მიხედვით უფლებამოსილი პირის მიერ დამგირავებლისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან (თუმცა მოგირავნის დაკმაყოფილება შესაძლებელია უფრო ადრეული მომენტიდან, შდრ. მუხ. 269, მე-15 ველი) გირავნობის საგნის რეალიზაციის მომენტამდე (და არა მხოლოდ გაფრთხილებიდან ორი კვირის განმავლობაში), მაშინ მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას (282 IV). რეალიზაციის განხორციელების მომენტში უნდა მოვიაზროთ, ჩვეულებრივ, მისი დაწყების მომენტი. მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადება გირაოს პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციისას. თუმცა ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, ამ მომენტმა შესაძლოა, გირაოს მყიდველთან წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებების ეტაპზეც კი გადმოიწიოს.




  1. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1234, Rn. 1.
  2. იქვე.
  3. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1234, Rn. 3; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1234, Rn. 2; Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl., 2006, § 15 VII 4b.
  4. შდრ. ამის საპირისპიროდ 1234 I 1 პარაგრაფი.
  5. შდრ. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1219, Rn. 1.
  6. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1234, Rn. 2; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1234, Rn. 2.
  7. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1234, Rn. 2.
  8. BGH NJW 1994, 2755; BGH NJW 1995, 1085; NJW 1995, 2222.
  9. BGH NJW 1994, 2755; 1995, 1086; ეს გადაწყვეტა არ მოდის წინააღმდეგობაში 282 III ა)-ბ) მუხლთან, რადგან გაფრთხილების არასავალდებულოობაზე აპელირება მხოლოდ იშვიათ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი (Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1234 Rn. 3).
  10. შდრ. გსკ-ის 237-ე პარაგრაფი, რომელიც გირაოს ღირებულების გამოთვლისას ანგარიშს უწევს იმ გარემოებას, რომ მოძრავი ნივთების გასხვისება ხშირად მხოლოდ რეალურ ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად არის შესაძლებელი.
  11. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1219, Rn. 2.
  12. იქვე.
  13. LG Nürnberg/Fürth NJW-RR 2003, 184.
  14. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1234, Rn. 3.
  15. იქვე.
  16. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1234, Rn. 3.
  17. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1234, Rn. 2.
  18. RGZ 109, 327; RGZ 145, 212.
  19. RGZ 77, 205; OLG Frankfurt a. M. NJW-RR 1986, 44.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_282._გირავნობის_საგნის_მოსალოდნელი_რეალიზაციის_შესახებ_შეტყობინების_ვალდებულება&oldid=2138"