Gccc-logo.png


მუხლი 283. გირავნობის საგნის რეალიზაცია

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 283. გირავნობის საგნის რეალიზაცია


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოგირავნე უფლებამოსილია, უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებლის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში, მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში, თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.

2. თუ გირავნობის საგანს აქვს საბირჟო ან საბაზრო ფასი, მოგირავნეს შეუძლია, გირავნობის საგნის გაყიდვა მიანდოს სპეციალურ სავაჭრო დაწესებულებას.

3. თუ დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაცია ხორციელდება მოვალის მიერ მოგირავნის სასარგებლოდ შესრულებით, მოგირავნე ვალდებულია, წარუდგინოს დამგირავებელს ანგარიში მოვალის მიერ თავის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

I. ზოგადი დებულებები

1

283 I, II მუხლი ადგენს გირაოს რეალიზაციის ზოგად წესს (იხ. მე-5 ველი) – მის რეალიზაციას უშუალოდ მოგირავნის მიერ. ეს გირავნობის სამართლის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნოვაციაა და ზედმეტს ხდის გირავნობის საგნის აუქციონის მეშვეობით რეალიზაციას. უშუალოდ მოგირავნის მიერ დაგირავებული ნივთის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს მისი პირდაპირი მიყიდვით მესამე პირისათვის (283 I 2), ან სპეციალური სავაჭრო დაწესებულებისათვის გასაყიდად ჩაბარებით (283 II). დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაცია ხორციელდება მოგირავნის სასარგებლოდ შესრულებით (283 III).

2

მოგირავნეს შეუძლია, 283 I და II მუხლით გათვალისწინებულ რეალიზაციის ფორმებს შორის 278-ე მუხლის წინაპირობების დადგომის შემდეგაც კი გააკეთოს არჩევანი, თუ ეს გამორიცხული არ არის მხარეთა შეთანხმებით.[1] დასაშვებია, რომ მხარეთა შეთანხმებით მოგირავნის დაკმაყოფილების ფორმებს შორის არჩევანის უფლება დამგირავებელს ჰქონდეს მინიჭებული.

II. გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ მოგირავნის მიერ

3

გირაოს რეალიზაცია უშუალოდ მოგირავნის მიერ მისი რეალიზაციის ერთ-ერთი გზაა (იხ. რეალიზაციის სხვა ფორმებთან დაკავშირებით მუხ. 276, მე-2 ველი). მოგირავნე გირავნობის საგანს ყიდის თავისი შეხედულებით, თუმცა კანონი ადგენს ზოგად პირობებს, რომლებიც უნდა იქნეს დაცული გასხვისების დროს.

1. შეთანხმება

4

კანონმდებლის ცალსახად გაცხადებული ნების თანახმად, გირაოს უშუალოდ მოვალის მიერ რეალიზაცია საჭიროებს შესაბამის შეთანხმებას მხარეთა შორის. ეს შეთანხმება შესაძლებელია გირავნობის ხელშეკრულების დადებისას ან მოგვიანებით,[2] ინდივიდუალური შეთანხმების ფორმით, ისევე, როგორც სტანდარტულ პირობებში.[3] შეთანხმება, ჩვეულებრივ, ხდება მოგირავნესა და დამგირავებელ-მესაკუთრეს შორის, თუმცა შესაძლებელია მოგირავნესა და დამგირავებელს შორის, რომელიც, ამავდროულად, არ არის მესაკუთრე, მაგრამ მინიჭებული აქვს მისგან საგნის დაგირავების უფლებამოსილება.[4]

5

პრობლემურია ის გარემოება, რომ გირავნობის სამართლის ახალ რედაქციაში გირაოს რეალიზაციის ამოსავალი ნორმატიული წესი, რომელიც ძალაში იქნებოდა შესაბამისი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაშიც, დაფიქსირებული არ არის. მიუხედავად ამისა, ამგვარი უნივერსალური (შეთანხმების გარეშე მოქმედი) წესის არსებობა აუცილებელია (იხ. მუხ. 276, მე-4 ველი). გირაოს რეალიზაციის ყველა შესაძლო ფორმიდან (იხ. მუხ. 276, მე-2 ველი) ამ რანგში აყვანას ყველაზე მეტად გირავნობის საგნის უშუალოდ მოვალის მიერ რეალიზაცია იმსახურებს, რომელსაც, საკანონმდებლო კონცეპტის თანახმად, ცალსახად ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭება და ყველაზე დეტალურად არის მოწესრიგებული. ამ დაშვების შესაბამისობაში მოყვანა კანონში დაფიქსირებული შეთანხმების აუცილებლობასთან შეიძლება იმგვარად, რომ, მოგირავნისათვის უშუალოდ რეალიზაციის უფლების გაცხადებულად მინიჭების გარეშეც, ის თითქმის ყოველთვის ჩაითვალოს კონკლუდენტურად შეთანხმებულად, როგორც ორმხრივ ინტერესებს მორგებული მოგირავნის დაკმაყოფილების ფორმა, მაშინაც კი, როდესაც მხარეები გაცხადებულად ამ უკანასკნელის დაკმაყოფილების სხვა წესს (მაგ., გირაოს საკუთრებაში გადაცემას) ათანხმებენ.

2. პირდაპირი მიყიდვა, 283 I

6

283 I 2 მუხლის მიხედვით, პირდაპირი მიყიდვის გზით გირაოს რეალიზატორი მოგირავნე ვალდებულია, გაასხვისოს ის გონივრულ ფასად, თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, რის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ის პასუხს აგებს ამ პირთა წინაშე კანონისმიერი ვალდებულების დარღვევისათვის. გირაოს მესაკუთრის წინაშე, რომელიც, ამავდროულად, არ არის დამგირავებელი, მოგირავნე ამ შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ 992-ე მუხლის მიხედვით.[5] თუმცა ამ დანაწესიდან უკუდასკვნით გამომდინარეობს ასევე ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევით განხორციელებული რეალიზაცია არამართლზომიერად არ ითვლება (იხ. ქვემოთ, მე-10 ველი).[6]

7

პირდაპირი მიყიდვა გულისხმობს მოგირავნის (ან მისი პირდაპირი წარმომადგენლის) Mიერ ნასყიდობის დადებას საკუთარი სახელით (ან არაპირდაპირი წარმომადგენლის მიერ თავისი სახელით) და შემდეგ გირაოზე საკუთრების გადაცემას, რისი უფლებამოსილებაც მას გირავნობის ხელშეკრულებით აქვს მინიჭებული.[7]

8

პირდაპირი მიყიდვის გზით გასხვისებასა და სავაჭრო დაწესებულებისათვის გასაყიდად მინდობას შორის არჩევანი მოგირავნის გასაკეთებელია, თუმცა გონივრულზე დაბალ ფასად გასხვისების შემთხვევაში ზემოთ ხსენებული პასუხისმგებლობისაგან (283 I 2 მუხლის ანალოგიით) ის მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება, თუ დაამტკიცებს, რომ ვერც რეალიზაციის სხვა ფორმა (შდრ. მუხ. 276, მე-2 ველი) იქნებოდა რაიმე განსხვავებული შედეგის მომატანი.[8]

3. სავაჭრო დაწესებულებისათვის მინდობა, 283 II

9

თუ გირავნობის საგანს აქვს საბირჟო ან საბაზრო ფასი, მოგირავნეს შეუძლია, გირავნობის საგნის გაყიდვა მიანდოს სპეციალურ სავაჭრო დაწესებულებას (სააუქციონო სახლი, ლომბარდი, ფასიანი ქაღალდების ბირჟა, აუდიტორული ორგანიზაცია).[9] ეს ფასი სახეზეა, თუ გირაოდ გამოყენებული საგანი იმდენად ხშირად გვხვდება ბაზარზე, რომ შესაძლებელია მისი საშუალო საბაზრო ღირებულების გამოანგარიშება.[10]

10

გერმანული გადაწყვეტისაგან განსხვავებით,[11] საბაზრო ფასზე იაფად გაყიდვის შემთხვევაში (რისი მტკიცების ვალდებულებაც დამგირავებელს ეკისრება[12]) მოგირავნემ, მართალია, უნდა აუნაზღაუროს დამგირავებელსა და სხვა მოგირავნეებს ამით მიყენებული ზიანი (283 I 2 ანალოგიით), თუმცა ეს არ იწვევს გირაოს რეალიზაციის არამართლზომიერებას.[13]

11

სპეციალურ სავაჭრო დაწესებულებაში მოიაზრება მსგავსი ტიპის საგნების ყიდვა-გაყიდვით დაკავებული ნებისმიერი იურიდიული პირი, მაგრამ ასევე ამავე საქმიანობით პროფესიულად დაკავებული ფიზიკური პირი (მაგ., სავაჭრო მაკლერი[14]).

III. დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაცია, 283 III

12

თუ გირავნობის საგანი არის მოთხოვნა, მისი რეალიზაცია ხორციელდება მოთხოვნის მოვალის მიერ მოგირავნის სასარგებლოდ შესრულებით. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნის კრედიტორად მაინც დამგირავებელი რჩება, მოგირავნეს ენიჭება მისი ინკასირების უფლებამოსილება გირაოს ვადამოსულობასთან (278) ერთად და მოვალეს მხოლოდ მის მიმართ შესრულებით შეუძლია საკუთარი ვალდებულებისაგან გათავისუფლება[15] (იხ. ვადამოსულობამდე შესრულებასთან დაკავშირებით მუხ. 259, მე-9 ველი). მოთხოვნის რეალიზაციისათვის აუცილებელი იურიდიული მოქმედების განხორციელება მოგირავნეს შეუძლია 281 II 2 მუხლის მიხედვით. სხვა მოქმედებების განხორციელების უფლება, მაგალითად: მოთხოვნის დათმობა,[16] ვალის პატიება ან შეპირებული შესრულების ნაცვლად სხვა შესრულების მიღება, გაქვითვა და მორიგება, მოგირავნეს არ აქვს, რადგან ეს ინკასირების ცნებით მოცული არ არის და ამისათვის აუცილებელია კრედიტორის ცვლილება.[17] თუმცა, გამონაკლისის სახით, თუ დაგირავებული მოთხოვნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზება სხვაგვარად შეუძლებელია, დასაშვები უნდა იყოს მოგირავნისათვის ამ მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება.[18] ინკასირების უფლება მოგირავნეს მინიჭებული აქვს მხოლოდ უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობით (256 I).

13

მოთხოვნის დაგირავებისას გირაოს ვადამოსულობის შემდეგ დამგირავებელი, მართალია, ინარჩუნებს კრედიტორის სტატუსს, თუმცა შესრულების მოთხოვნა,[19] ისევე როგორც ზემოთ ხსენებული მოქმედებების განხორციელება და მათ შორის სარჩელის აღძვრაც[20] დამგირავებელ-კრედიტორს მხოლოდ მოგირავნის სასარგებლოდ შეუძლია.[21]

14

დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, დამგირავებელს წარუდგინოს ანგარიში მოვალის მიერ განხორციელებული შესრულების შესახებ.




  1. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1259, Rn. 21.
  2. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1259, Rn. 2.
  3. იქვე, Rn. 9.
  4. იქვე; შდრ. საპირისპირო მოსაზრებისათვის Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1259, Rn. 16.
  5. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1221, Rn. 2; პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება მოგირავნეს შეუძლია იმ ფაქტის მტკიცებით, რომ შეუძლებელი იყო სხვა ფასად გასხვისება; ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 154, 159.
  6. ჭანტურია, იქვე, გვ. 154; შდრ. ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის #ას-143-134-2014 განჩინება.
  7. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1259, Rn. 11.
  8. შდრ. ამის საპირისპიროდ Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1235, Rn. 3.
  9. ჭანტურია, იქვე, 2012, გვ. 154.
  10. RG JW 1907, 6.
  11. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1221, Rn. 2.
  12. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1259, Rn. 16.
  13. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1221, Rn. 2; Emmerich, Pfandrechtskonkurrenzen, 1909, S. 333, სქოლიო 87.
  14. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1221, Rn. 3.
  15. BayObLGZ 1967, 301; OLG Bamberg WM 2007, 390; მოვალეს შეუძლია, დაგირავებული მოთხოვნის ანგარიშში გაქვითოს თავისი მოგირავნის მიმართ არსებული მოთხოვნა (RGZ 58, 105).
  16. RGZ 97, 39; RGZ 58, 107.
  17. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1282, Rn. 3.
  18. შდრ. RGZ 58, 108; RGZ 97, 39; OLG Karlsruhe OLGE 15, 395.
  19. BGH NJW-RR 1991, 537; RGZ 77, 141.
  20. BGH NJW-RR 1991, 537; RGZ 77, 147.
  21. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1221, Rn. 6.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_283._გირავნობის_საგნის_რეალიზაცია&oldid=2142"