Gccc-logo.png


მუხლი 284. მხარეთა შეთანხმება რეალიზაციის სხვა წესზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 284. მხარეთა შეთანხმება რეალიზაციის სხვა წესზე


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოგირავნესა და დამგირავებელს წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით.

2. დამგირავებელსა და მოგირავნეს შეუძლიათ ასევე შეთანხმდნენ გირავნობის საგნის რეალიზაციის განსხვავებულ წესზე, რომელიც განსხვავდება ამ თავში მოცემული წესებისაგან. ასეთ შემთხვევაში გირავნობის საგნის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს გონივრულ და სამართლიან ფასში, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი #3879 – სსმ I, #48, 22.12.2006 წ., მუხ. 321.

I. ზოგადი დებულებები

1

284 I მუხლი ავსებს 283-ე მუხლის დანაწესს იმგვარად, რომ უფლებას ანიჭებს მოგირავნეს (შესაბამისი შეთანხმების შემთხვევაში), სასამართლოს გარეშე მოიპოვოს სააღსრულებო ფურცელი ნოტარიუსის მეშვეობით, რომლის საფუძველზეც შეუძლია გირავნობის საგნის დამგირავებლის მფლობელობიდან გამოთხოვა და მისი რეალიზაცია საჯარო აუქციონზე (ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 40 V და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 50-ე მუხლი[1]).

2

284 II მუხლი მხარეთა კერძო ავტონომიის პრინციპის ნორმატიული კონსტატაციაა და სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე ანიჭებს მათ უფლებას, შეათანხმონ გირაოს რეალიზაციის განსხვავებული წესი.

3

გირაოს რეალიზაციის 284 I, II მუხლით გათვალისწინებულ წესზე შეთანხმება შეუძლიათ როგორც დამგირავებელ-მესაკუთრეს, ისე არამესაკუთრეს, როგორც გირავნობის ხელშეკრულების დადებისას, ისე მოგვიანებით (იხ. მუხ. 283, მე-4 ველი), თუმცა 284 I მუხლის შემთხვევაში აუცილებელია თავდაპირველი ხელშეკრულების შეცვლის ხელშეკრულების ნოტარიალური ფორმით დადება.

II. გირავნობის საგნის რეალიზაცია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე

4

სანოტარო წესით დამოწმებული[2] (ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 40 III ა) გირავნობის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ გირავნობის საგნის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა და მისი რეალიზაცია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს თავად სანოტარო აქტი.[3] ამასთან, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე (ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 40 I, II მუხლი). ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები გაწერილია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 21 III1 მუხლში.

III. რეალიზაციის განსხვავებული წესი

5

გირავნობის ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, ასევე შეთანხმდნენ გირავნობის საგნის რეალიზაციის განსხვავებულ წესზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული გირავნობის შესახებ ქვეთავში (იხ. ამასთან დაკავშირებით მუხ. 276, მე-2 ველი).[4] ასეთი განსხვავებული წესი შეიძლება იყოს გირაოს საგნის გაქირავებიდან ამოღებული თანხით მოგირავნის დაკმაყოფილება.[5]

1. შეთანხმება, 284 II 1

6

284 II 1 მუხლით გათვალისწინებული არაფორმასავალდებულო შეთანხმებით დასაშვებია კანონით გათვალისწინებული გირაოს რეალიზაციის ფორმის გამარტივება ან გართულება', მისი წინაპირობების შეკვეცის ან დამატების მეშვეობით.[6]

7

ვინაიდან ეს შეთანხმება ცვლის გირავნობის უფლების შინაარსს, მას ენიჭება სანივთო მოქმედება'; გირავნობის საგნის ახალი მესაკუთრეც შებოჭილია მისით, მაშინაც კი, როდესაც საკუთრების მოპოვებისას მან ამის შესახებ არ იცოდა;[7] შეთანხმება ძალაში რჩება ასევე მოგირავნის გაკოტრებისას.[8]

8

შეთანხმება, რომელიც ამარტივებს გირავნობის საგნის რეალიზაციას, ვიწროდ უნდა განიმარტოს დამგირავებლის ინტერესების გათვალისწინებით.[9] იმ შეთანხმების დარღვევა, რომელიც ართულებს გირაოს რეალიზაციას, არ უნდა იწვევდეს მის არამართლზომიერებას (285 II), რადგან კანონში გაწერილი მართლზომიერების წინაპირობები ამომწურავად უნდა იქნეს მიჩნეული.[10] ამგვარად, მხარეთა მიერ გათვალისწინებული გირაოს რეალიზაციის წესის დარღვევა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს რეალიზატორ-მოგირავნეს, ხოლო შემძენზე მაინც დაუტვირთავი საკუთრება გადადის (285 I).

2. იმპერატიული დანაწესები

9

გირავნობის სამართალი შეიცავს გირაოს რეალიზაციასთან დაკავშირებულ მთელ რიგს იმპერატიული დანაწესებისას, რომელთა შეცვლაც მხარეებს თავიანთი კერძო ავტონომიური შეთანხმების საფუძველზე არ ძალუძთ. პირველ რიგში, ეს არის თავად 284 II მუხლის მე-2 ნაწილი – გირაოს გონივრულ და სამართლიან ფასად განხორციელების ვალდებულება.

10

284 II მუხლი უშვებს მხოლოდ რეალიზაციის განსხვავებული ფორმის შეთანხმებას და არა მისი სხვა წინაპირობების შეცვლას,[11] როგორიც არის, მაგალითად, გირაოს ვადამოსულობა (278), „გამოხსნის უფლება“ (269 III), მოთხოვნის უზრუნველყოფის ფარგლები (256 I) და ა. შ. ყველა ამ შემთხვევაში შეთანხმების დასაშვებობა უნდა გადამოწმდეს 284 II მუხლისაგან დამოუკიდებლად, კონკრეტული ნორმის დისპოზიციური ხასიათისა და ნდობისა და კეთილსინდისიერების (8 III) პრინციპის საფუძველზე.

11

284 II მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების არანამდვილობა არ იწვევს თავად გირავნობის დადგენის არანამდვილობას (62).[12]




  1. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 156.
  2. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 155.
  3. მოვალის ან დამგირავებლის გამოცხადება აუცილებელი არ არის. ჭანტურია, იქვე, გვ. 156.
  4. შდრ. მაგალითისათვის: ჭანტურია, იქვე, გვ. 158.
  5. Thonabauer/Nösslinger, Leitfadenreihe zum Kreditrisiko – Kreditsicherungsrecht in Polen, 2004, S. 26.
  6. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1245, Rn. 3.
  7. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1245, Rn. 2.
  8. RG JW 1902, 444.
  9. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1245, Rn. 2.
  10. Damrau, იქვე, Rn. 5; თუმცა შდრ. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1245, Rn. 3 და იქ მითითებული ლიტერატურა.
  11. Sosnitza, იქვე, Rn. 2.
  12. RGZ 100, 276.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_284._მხარეთა_შეთანხმება_რეალიზაციის_სხვა_წესზე&oldid=2144"