Gccc-logo.png


მუხლი 285. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 285. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგები


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. გირავნობის საგნის რეალიზაციით შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, გარდა 279-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის არამართლზომიერი რეალიზაციის შემთხვევაში შემძენი იძენს საკუთრების უფლებას, თუ იგი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

I. ზოგადი დებულებები

1

ეს მუხლი ადგენს გირავნობის საგნის მართლზომიერი და არამართლზომიერი რეალიზაციის შედეგებს. მოგირავნეს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის გირაოს მესაკუთრე, 285 I მუხლის მიხედვით მინიჭებული აქვს სხვისი საკუთრების განკარგვის (186) შესაძლებლობა. 285 II მუხლი 187-ე მუხლის ანალოგია გირავნობის სამართალში იმ განსხვავებით, რომ გამონაკლისის სახით უშვებს შემძენის ნდობის დაცვას მაშინაც, როდესაც ის არა გამსხვისებლის საკუთრებას, არამედ მის განკარგვის უფლებამოსილებას უკავშირდებოდა.

2

285 I მუხლი ანალოგიით უნდა გავრცელდეს მოგირავნის გირაოზე საკუთრების მოპოვებით დაკმაყოფილების შემთხვევაზე, განსხვავებით მეორე ნაწილისაგან.[1]

II. გირაოს მართლზომიერი რეალიზაცია, 285 I

3

გირავნობის საგნის მართლზომიერი რეალიზაციის შედეგია შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლა და გირავნობის უფლების შეწყვეტა. რეალიზაციის მართლზომიერების წინაპირობაა გირავნობის უფლების არსებობა და მართლზომიერი გასხვისება,[2] რაც გულისხმობს 278-ე მუხლის მოთხოვნებისა და გირაოს რეალიზაციის შეთანხმებული ფორმის (კანონში გაწერილი თუ მხარეთა მიერ დადგენილი) წინაპირობების დაცვას.

4

შემძენი გირავნობის საგანს იძენს, როგორც წესი, დაუტვირთავად, თუმცა ამ წესიდან არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ, გირავნობის საგანი დატვირთული რჩება იმ მოგირავნეთა უფლებებით, რომელთა გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას (279 IV).

5

გირაოს პირდაპირი მიყიდვის (283 I 2) გზით რეალიზაციისას, ნასყიდობიდან გასვლის ან შეცილების (ისევე როგორც სხვა საფუძვლით არანამდვილობის) შემთხვევაში, მოგირავნემ უნდა დაუბრუნოს ნასყიდობის ფასი მყიდველს და დაიბრუნოს მისგან გირავნობის საგანი. გასხვისების შედეგად შეწყვეტილი გირავნობა ამის შემდეგ თავიდან აღდგება,[3] ისევე როგორც თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრება და ყველა სხვა სანივთო უფლება;[4] სხვა მოსაზრების თანახმად,[5] გამონაკლისის სახით გირაოზე საკუთრება მოგირავნეს უნდა ერგოს, თუ მას დაბრუნებული საგანის შენარჩუნება და გირაოს გაყიდვის შედეგად უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებად მიჩნევა სურს.

III. გირავნობის საგნის კეთილსინდისიერი შეძენა, 285 II

6

არამართლზომიერი რეალიზაციის შემთხვევაშიც შემძენი იძენს საკუთრების უფლებას იმ პირობით, რომ იგი არამართლზომიერი რეალიზაციის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, რაც მიზნად ისახავს შემძენის ნდობის დაცვას და მის წაქეზებას დაგირავებული საგნის შეძენისაკენ. გირაოს რეალიზაციის არამართლზომიერება, როგორც ზემოთ იყო ნახსენები, შეიძლება განპირობებული იყოს როგორც უშუალოდ რეალიზაციის წინაპირობების დაუცველობით, ასევე არარსებული გირავნობის უფლების საფუძველზე რეალიზაციით.[6]

7

285 II მუხლი გამოიყენება კანონისმიერი გირავნობის უფლებაზეც,[7] ისევე როგორც დაგირავებული უფლებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, თუ მოგირავნის დაკმაყოფილება მათი რეალიზაციის მეშვეობით ხორციელდება.[8] ეს დანაწესი თანაბრად მოქმედებს როგორც მფლობელობითი, ისე რეგისტრირებული გირავნობისას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შემძენის ნდობა უნდა უკავშირდებოდეს არა გამსხვისებლის მფლობელობით გამყარებულ ლეგიტიმაციას, არამედ რეესტრის შესაბამის ჩანაწერს (312 II მუხლი).

1. რეალიზაციის წინაპირობების დარღვევით განპირობებული არამართლზომიერება

8

არამართლზომიერია გირაოს რეალიზაცია მისი წინაპირობების დაუცველობისას (მაგ., მისი რეალიზაცია მოთხოვნის ვადამოსულობამდე (278), გირაოს რეალიზაცია მისი წინა რიგის მოგირავნისათვის დაბრუნების ნაცვლად (279 II ა) ან (კანონით თუ შეთანხმებით) დაუშვებელი რეალიზაციის ფორმის გამოყენებით.

9

არამართლზომიერი რეალიზაციის შედეგად შემძენი ვერ მოიპოვებს 285 I მუხლის მიხედვით დაუტვირთავ საკუთრებას და ნივთზე არსებული სანივ- თო უფლებები აგრძელებენ არსებობას, გარდა 285 II მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუმცა ეს წესი არ მოქმედებს საჯარო აუქციონის შემთხვევაში.

10

ნებისმიერი ზემოხსენებული რეალიზაციის წესის დარღვევით გირაოს გასხვისების არამართლზომიერების შედეგების გამოსწორება შესაძლებელია გირაოს მესაკუთრის მოწონების მეშვეობით.[9]

11

გირაოს მესაკუთრეს/დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის ურთიერთობაში გირაოს არამართლზომიერებასთან დაკავშირებულ მტკიცების ტვირთს პირველი მათგანი ატარებს.[10] მანვე უნდა ამტკიცოს ზიანის შესახებ. რაც შეეხება ბრალს, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი დამოკიდებულია მოთხოვნის საფუძველზე: 394 I მუხლის შემთხვევაში ბრალის ვარაუდის გაქარწყლების ვალდებულება მოვალეს აკისრია, ხოლო 992-ე მუხლის შემთხვევაში დაზარალებულს – მისი არსებობის მტკიცება.

2. არაუფლებამოსილი პირის მიერ გირაოს არამართლზომიერი რეალიზაცია

12

გირაოს რეალიზაცია არამართლზომიერია ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც რეალიზატორს არ ჰქონდა გირავნობის ნამდვილი უფლება. არაუფლებამოსილი რეალიზატორისაგან გირავნობის საგანზე საკუთრების კეთილსინდისიერად მოპოვებისათვის აუცილებელია, რომ მან ეს საგანი ისე გაასხვისოს, როგორც გირაო. თუ ის მას საკუთრებად ასაღებს, მაშინ გამოიყენება 187 და არა 285 II მუხლი.[11] ეს დანაწესი მოქმედებს კანონით გათვალისწინებული ყველა ტიპის რეალიზაციის შემთხვევაში (აუქციონი, პირდაპირი მიყიდვა (283 I 2), მიყიდვა სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით (283 II) და ა. შ.), როდესაც ეს ხდება გირაოს მიყიდვის მეშვეობით.[12]

3. კეთილსინდისიერება

13

გირავნობის საგნის შემძენი უნდა იყოს კეთილსინდისიერი 187 I მუხლის მიხედვით, თუმცა ამ შემთხვევაში ნდობა უნდა უკავშირდებოდეს არა გამსხვისებლის საკუთრების, არამედ გირავნობის უფლებას. შემძენი კეთილსინდისიერია, თუ მან არ იცის გირავნობის უფლების არარსებობის შესახებ და ეს არცოდნა უხეში გაუფრთხილებლობით არ არის განპირობებული.[13]

4. სამართლებრივი შედეგები და მტკიცების ტვირთი

14

გირაოს შემძენი მოიპოვებს დაუტვირთავ საკუთრებას 285 I მუხლის მიხედვით, თუ ის კეთილსინდისიერია შესაბამისი (ჩვეულებრივ, მფლობელობის მოპოვების, მუხ. 187 მე-3 ველი) მომენტისათვის.[14] 187 II მუხლი არ გამოიყენება (არც ანალოგიით), რადგან 285 II მუხლი მასზე არ მიუთითებს[15] და რის გამოც, ამ დანაწესის მიხედვით, დაუტვირთავი საკუთრების მოპოვება შესაძლებელია მოპარულ და დაკარგულ ნივთებზეც.[16] გირაოს აუქციონის მეშვეობით რეალიზაციისას დაუტვირთავი საკუთრების მოპოვება შეუძლია თავად მოგირავნესაც, ისევე როგორც პირად მოვალეს (რომელიც, ამავდროულად, არ არის გირაოს საგნის მესაკუთრე).[17] 285 II მუხლის წინაპირობების არარსებობის შემთხვევაში შემძენი ვერ მოიპოვებს საკუთრებას და ის უკან უნდა დაუბრუნოს გირაოს მესაკუთრეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უკანასკნელი იწონებს არანამდვილ განკარგვას.[18]

15

გირაოს რეალიზაციის არამართლზომიერება იმ პირის სამტკიცებელია, რომელიც მასზე მიუთითებს (იხ. ზემოთ, მე-11 ველი). 285 II მუხლის სხვა წინაპირობები კი შემძენმა უნდა ამტკიცოს. მისი კეთილსინდისიერება, 187 II მუხლის დარად, ამ შემთხვევაშიც ივარაუდება (იხ. მუხ. 187, მე-12 ველი).[19]




  1. განსხვავებით გირაოს არამართლზომიერი გასხვისებისაგან მესამე პირზე, მოგირავნის მიერ მასზე საკუთრების მოპოვების შემთხვევაში, არ არსებობს ნდობის მომენტი, რომელიც გადაწონიდა არამართლზომიერებას და შემძენს საშუალებას მისცემდა საკუთრების დაუტვირთავად მოპოვებისას, ისევე, როგორც შეუძლებელია საკუთრების დაუტვირთავად მოპოვება საკუთარ თავთან დადებული გარიგების შემთხვევაში (შდრ. ამასთან დაკავშირებით: რუსიაშვილი, კაზუსები სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2015, 282, სქ. 74).
  2. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1242, Rn. 2; ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 158.
  3. Damrau, იქვე, Rn. 6.
  4. Ewald, Der Rückerwerb des Nichtberech􀆟 gten, JherJb 76/1926, S. 253.
  5. Damrau, იქვე; მესამე მოსაზრების თანახმად, მოგირავნე ამ შემთხვევაში ყოველთვის მესაკუთრე ხდება (შდრ. იქვე).
  6. თუმცა რეალიზაციის ნებისმიერი წინაპირობის დაუცველობა ავტომატურად არ იწვევს რეალიზაციის არამართლზომიერებას (მაგ. 282, 285¹ მუხლები) და მხოლოდ ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნის; შდრ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 159.
  7. Schärtl, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1244, Rn. 1.
  8. RGZ 61, 333; RGZ 100, 276; KGJ 40, 285.
  9. BGH NJW 1995, 1350.
  10. RGZ 77, 205; RGZ 100, 275.
  11. Schärtl, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1244, Rn. 1.
  12. იქვე, Rn. 2.
  13. RGZ 100, 277; RGZ 104, 301; BGH NJW 1992, 2570.
  14. Schärtl, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1244, Rn. 2.
  15. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1244, Rn. 4.
  16. BGH NJW 1990, 899; Damrau, იქვე, Rn. 1.
  17. Schärtl, იქვე, Rn. 4.
  18. იქვე.
  19. იქვე, Rn. 5.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_285._გირავნობის_საგნის_რეალიზაციის_შედეგები&oldid=2147"