მუხლი 285¹. ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ
რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია, რეალიზაციის განხორციელებიდან გონივრულ ვადაში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, წარუდგინოს დამგირავებელს წერილობითი ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეალიზაციის ხარჯების, რეალიზაციიდან ამონაგები თანხისა და ამ თანხის გამოყენების თაობაზე. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284. |
I. ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება
გირაოს ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის შემთხვევაში (იხ. მუხ. 276, მე-2 ველი), მათ შორის გირაოს გაფრთხილების გარეშე რეალიზაციისასაც (282 II), მოგირავნეს ეკისრება დამგირავებლისათვის გონივრულ ვადაში მიღებასავალდებულო ნების გამოხატვის მეშვეობით ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება. 285¹ მუხლი დისპოზიციური დანაწესია და მისი გამორიცხვა შესაძლებელია ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებშიც.[1] ამ ნორმის მიხედვით, მოგირავნე ანგარიშვალდებულია მხოლოდ დამგირავებლის წინაშე, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც დამგირავებელი და გირაოს მესაკუთრე სხვადასხვა პირია (იხ. მუხ. 254, მე-9 ველი). ეს ვალდებულება მოგირავნეს სწორედ რომ მესაკუთრის წინაშე უნდა დაეკისროს, რაც ამ მუხლის ტელეოლოგიური განმარტებიდან გამომდინარეობს.[2] ჩაშლილი აუქციონის ან გირაოს ჩაშლილი ნასყიდობის შესახებ შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა სტადიამდე იყო მიყვანილი მოლაპარაკებები.
გონივრულ ვადასთან დაკავშირებით იხ. მუხ. 269, მე-9 ველი. ამ შემთხვევაშიც ვადის გონივრულობა განისაზღვრება ანგარიშის ჩაბარების შესაძლებლობისა და მხარეთა პატივსადები ინტერესის აწონ-დაწონის საფუძველზე.
2851 მუხლი ანალოგიით უნდა გავრცელდეს მოგირავნის მიერ გირაოზე საკუთრების მოპოვებით დაკმაყოფილების შემთხვევებზეც.
II. ანგარიშის ჩაუბარებლობა
ანგარიშის ჩაბარების ვალდებულების დარღვევა არ განაპირობებს გირაოს რეალიზაციის არამართლზომიერებას, თუმცა შეიძლება, ზიანის ანაზღაურების საფუძველი გახდეს (იხ. მუხ. 285, სქ. 6), მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც დაგვიანებით განხორციელებული (საერთოდ არგანხორციელებული) ანგარიში აკარგვინებს დამგირავებელს/მესაკუთრეს მონარჩენი ამონაგების მიღების შესაძლებლობას (280 III).
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა