Gccc-logo.png


მუხლი 287. საერთო იპოთეკა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 287. საერთო იპოთეკა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007წ., მუხ.260.

I. ზოგადი დებულებები

1

287-ე მუხლი ითვალისწინებს რამდენიმე მიწის ნაკვეთის საერთო იპოთეკით[1] დატვირთვის შესაძლებლობას და ხელს უწყობს ამით ცალკეული, მცირე ღირებულების უძრავი ქონების ეკონომიკურ კონსოლიდაციას და მათი კრედიტის უზრუნველყოფის პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციას.[2] თუმცა ეს ინსტიტუტი ფუნქციას ინარჩუნებს ასევე მსხვილი კრედიტის შემთხვევაშიც, რომლის უზრუნველყოფაც მხოლოდ რამდენიმე ნივთის ღირებულებათა გაერთიანებით შეიძლება.[3]

II. წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები

1. შინაარსი

2

ეს დანაწესი აწესრიგებს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რამდენიმე საგანზე (შდრ. იპოთეკაუნარიან საგნებთან დაკავშირებით მუხ. 286, მე-9 ველი)[4] იპოთეკის დადგენის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი ერთი და იმავე იპოთეკარის საკუთრებაში.[5]

3

არ არის აუცილებელი, რომ საერთო იპოთეკის ფარგლებში თითოეულ საგანზე დაწესებული საიპოთეკო რეჟიმი იდენტური იყოს,[6] თუმცა აუცილებელია ერთგვაროვნების უზრუნველყოფა იმ დონემდე, რომ გამორიცხული იყოს კრედიტორის უფლების დანაწევრება, ანუ ცალკეულ იპოთეკებად ჩამოყალიბება, რომელთა ჯამური ღირებულებაც საერთო იპოთეკის ღირებულებას გადააჭარბებდა.[7] ყოველგვარი სხვა ტიპის გადახვევა საიპოთეკო რეჟიმთა ერთგვაროვნების პრინციპიდან დასაშვებია.

4

დასაშვებია იპოთეკის ვადამოსულობისა[8] (შდრ. მუხ. 300, მე-12 და მომდევნო ველები) და რანგის[9] განსხვავებულად განსაზღვრა სხვადასხვა საგანთან დაკავშირებით. ერთ-ერთი საგნის გათავისუფლება იპოთეკური ტვირთისაგან არ იწვევს იმავე სამართლებრივ შედეგს სხვა საგნებისათვის და საერთო იპოთეკის გაუქმებას.[10] შესაძლებელია ვალის დაფარვისა და მოშლის განსხვავებული წესის შეთანხმება თითოეულ ნაკვეთთან მიმართებით.[11]

5

საერთო იპოთეკა, როგორც ერთიანი უფლება, ყველა საგანზე ერთიანი ფორმით უნდა დადგინდეს, რის გამოც დაუშვებელია, მაგალითად, ერთ საგანზე რეესტრის იპოთეკის, მეორე საგნის შემთხვევაში კი იპოთეკის მოწმობის გაცემა (289 IV).[12]

2. უზრუნველყოფილი მოთხოვნა

6

სხვადასხვა საგანზე დადგენილი საერთო იპოთეკა უზრუნველყოფს ერთ ან რამდენიმე მოთხოვნას (იხ. ორმაგი უზრუნველყოფის აკრძალვასთან დაკავშირებით მუხ. 286, მე-13 ველი), რომლის კრედიტორი, მოვალე და საფუძველიც იდენტურია.[13] ერთი მოთხოვნის რამდენიმე საგანზე დადგენილი იპოთეკით უზრუნველყოფისას საერთო იპოთეკა ავტომატურად, კანონის ძალით, წარმოიშობა.[14] დასაშვებია პირთა სიმრავლე მოვალეთა (სოლიდარული მოვალეები) და კრედიტორთა (სოლიდარული კრედიტორები) მხარეზე.[15]

3. იპოთეკის დადგენა

7

საერთო იპოთეკა წარმოიშობა გარიგების ან კანონის ძალით. გარიგების საფუძველზე საერთო იპოთეკის წარმოშობისათვის აუცილებელია 287-ე მუხლის წინაპირობების შესრულება და იპოთეკის რეგისტრაცია ყველა საგანზე.[16] მოვალეთა, კრედიტორთა ან მოთხოვნათა სიმრავლის შემთხვევაში, განმარტების მეშვეობით უნდა დაგინდეს, საერთო იპოთეკაა სახეზე, თუ რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი იპოთეკა.[17] განმარტების საგანია ასევე ის საკითხი, უნდა წარმოიშვას თუ არა უკანასკნელ საგანზე იპოთეკის რეგისტრაციამდე ცალკეული იპოთეკები ცალკეულ საგნებზე,[18] რაც, ჩვეულებრივ, მხარეთა მიერ ნასურვებია ხოლმე,[19] თუმცა საპირისპირო შემთხვევაში, საერთო იპოთეკის ჩაშლისას, ცალკეული რეგისტრირებული უფლებრივი ტვირთის ბედი განისაზღვრება 62-ე მუხლის მიხედვით.[20] დასაშვებია ასევე ერთ საგანზე წარმოშობილი იპოთეკის მოგვიანებით, სხვა საგნებზე გავრცელების გზით, საერთო იპოთეკად გარდაქმნა,[21] მაგრამ გამორიცხულია ე. წ. ფარული გავრცელება, როდესაც ხდება რეგისტრაციის გარეშე დათმობილი მესაკუთრის საბარათე იპოთეკის პასუხისმგებლობის გაფართოება, რადგან აუცილებელია უძრავი ნივთის მესაკუთრის ჩართვა პასუხისმგებლობის განვრცობის შეთანხმებაში და რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება.[22]

8

საერთო იპოთეკა წარმოიშობა კანონის ძალით, მაგალითად, იპოთეკით დატვირთული ნაკვეთის გაყოფის,[23] იპოთეკარის ერთპიროვნული საკუთრებიდან თანასაკუთრებად გარდაქმნის,[24] უზრუნველყოფილი მოთხოვნების ერთი მოთხოვნით[25] შეცვლის (256 III) და კრედიტორის ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იძულებითი აღსრულების სხვადასხვა უძრავ ქონებაზე (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 63 I მუხლი) მიქცევის შემთხვევებში.

9

287-ე მუხლის წინაპირობების შესრულების შემთხვევაში საერთო იპოთეკა წარმოშობის კონკრეტული საფუძვლისაგან დამოუკიდებლად წარმოიშობა.[26] მისი ამგვარად მოხსენიება მხოლოდ დეკლარატორულ ხასიათს ატარებს.[27]

4. საერთო იპოთეკის განკარგვა

10

საერთო იპოთეკის განკარგვა დასაშვებია იმავე ფორმით, როგორც მისი დადგენა (იხ. ზემოთ). გადაცემა და უფლებრივად დატვირთვა ხდება ყველა ნივთთან მიმართებით და ერთი და იმავე პირის სასარგებლოდ,[28] რის საპირისპიროდაც იპოთეკის (მთლიანი ან ნაწილობრივი) გაუქმება შესაძლებელია ასევე მხოლოდ კონკრეტულ საგანზე.[29] განკარგვა ძალაში შედის შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ.[30]

5. პასუხისმგებლობის მოცულობა

11

287 1, 2 მუხლების მიხედვით, საერთო იპოთეკით დატვირთული თითოეული საგანი სრულად აგებს პასუხს უზრუნველყოფილი მოთხოვნისათვის და იპოთეკარს შეუზღუდავად შეუძლია თითოეული ნივთიდან დაკმაყოფილების მოთხოვნა.[31] მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია, დაწესებული იყოს გარკვეული (თვითნებური) რიგითობა ცალკეული საგნიდან დაკმაყოფილების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ყოველი მომდევნო საგნის რეალიზაციის ან მასზე საკუთრების მოპოვების უფლება იპოთეკარს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა საგანი სრულად ვერ ფარავს მის მოთხოვნას.




  1. შდრ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 73 და შემდგ.
  2. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1132, Rn. 2; შდრ. ასევე, ჭანტურია, იქვე, გვ. 75.
  3. OLG München FGPrax 2013, 113.
  4. ჭანტურია, იქვე, გვ. 74: არ არის აუცილებელი, რომ საგნები ერთგვაროვანი იყოს.
  5. ჭანტურია, იქვე; BGH NJW 1975, 445.
  6. BGH NJW 1981, 1503.
  7. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1132, Rn. 4.
  8. BGH WM 2010, 1615.
  9. BGH NJW 1981, 1503.
  10. შდრ. BGH NJW 1981, 1503.
  11. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1132, Rn. 5; Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., 2016, § 1132, Rn. 5.
  12. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 76; BayObLGZ 1962, 190.
  13. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., 2016, § 1132, Rn. 4; Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1132, Rn. 7.
  14. Bassenge, იქვე.
  15. იქვე.
  16. OLG Düsseldorf DNotZ 1973, 613; რეესტრში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი საერთო იპოთეკის შესახებ (ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 74); ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 335.
  17. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1132, Rn. 8.
  18. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., 2016, § 1132, Rn. 5.
  19. BGH DNotZ 1975, 153.
  20. BGH DNotZ 1975, 152.
  21. Rohe, იქვე.
  22. იქვე.
  23. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 75.
  24. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1132, Rn. 20; Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., 2016, § 1132, Rn. 8; OLG Frankfurt DNotZ 1961, 411; შდრ. თანასაკუთრების გაყოფილ წილებზე საერთო იპოთეკის წარმოშობასთან დაკავშირებით ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 75.
  25. Rohe, იქვე, Rn. 9.
  26. Rohe, იქვე.
  27. Lieder, იქვე, Rn. 44.
  28. RGZ 63, 75.
  29. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1132, Rn. 11.
  30. RGZ 63, 76.
  31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის #ას-884-1152-04 განჩინება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_287._საერთო_იპოთეკა&oldid=2162"