Gccc-logo.png


მუხლი 288. მესაკუთრის იპოთეკა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 288. მესაკუთრის იპოთეკა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა, არ წარმოშობილა, იგი ქარწყლდება, ან გადადის უძრავი ნივთის მესაკუთრეზე, მაშინ იპოთეკაც გადადის ამ უკანასკნელზე (მესაკუთრის იპოთეკა).

I. ზოგადი დებულებები

1

თუ უზრუნველყოფილი მოთხოვნა არ ან აღარ არსებობს, ამ შემთხვევაში იპოთეკას აკლია მისი მთავარი საფუძველი (იხ. მუხ. 286, მე-11 ველი), რის გარეშეც რეესტრის თუ საბარათე იპოთეკის უფლება რჩება მესაკუთრეს მესაკუთრის იპოთეკის ფორმით.[1] ეს იმპერატიული[2] წესი მიზნად ისახავს იპოთეკის რანგის შენარჩუნებას და მომდევნო რიგის უფლების მიერ მისი ადგილის დაკავების გამორიცხვას[3] – მესაკუთრეს უფლება უნდა ჰქონდეს, უპირატესი რანგის უზრუნველყოფის საშუალება ამ რანგის დაუკარგავად გამოიყენოს სხვა კრედიტის უზრუნველსაყოფად (286 III).[4]

2

ქართული სამართლისათვის მესაკუთრის იპოთეკა ახალი ინსტიტუტია, რომელსაც წინამორბედი არ გააჩნია და რომელიც გერმანული სამართლისათვის ცნობილი შესაბამისი სამართლებრივი ფიგურის რეცეფციის შედეგადაა შექმნილი. თუმცა გერმანული სამართალი, მესაკუთრის იპოთეკის გარდა, იცნობს „მესაკუთრის მიწის ვალს“,[5] რომელიც კრედიტის უზრუნველყოფის არააქცესორული საშუალებაა, რითაც არის განპირობებული მისი განსაკუთრებული ბრუნვაუნარიანობა. მართალია, თავად მესაკუთრის იპოთეკა 288-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ვარიანტში გათვალისწინებულ შემთხვევებში აქცესორულობის პრინციპის დარღვევით (უზრუნველყოფილი მოთხოვნის გარეშე) არსებობს, თუმცა ეს გამონაკლისი მხოლოდ მესაკუთრის სასარგებლოდ დაიშვება და ამ უფლების გადაცემა სხვა პირისათვის უზრუნველყოფილი მოთხოვნის გარეშე დაუშვებელია, რის გამოც ქართულ სამართალში მესაკუთრის იპოთეკა გერმანული „მესაკუთრის მიწის ვალის“ შესაბამის ეკონომიკურ ფუნქციას ვერ იტვირთებს (შდრ. მაგალითისათვის ქვემოთ, სქ. 10), მიუხედავად იმისა, რომ მოიცავს იმ შემთხვევებს, როდესაც გერმანიაში მესაკუთრის მიწის ვალი წარმოიშობა.[6]

3

გარდა ამისა, ქართულ პრაქტიკაში ამ ინსტიტუტის არსის ვერგაგების გამო, მისი გამოყენების სფერო თითქმის ნულის ტოლფასია.[7]

II. მესაკუთრის იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები

1. მესაკუთრის იპოთეკა უზრუნველყოფილი მოთხოვნის წარმოშობამდე

4

288-ე მუხლის გამოყენების წინაპირობაა ნამდვილი იპოთეკის დადგენა უძრავ ქონებაზე.[8] თუ იპოთეკა, მხარეთა შეთანხმების თანახმად, მხოლოდ უზრუნველყოფილი მოთხოვნის წარმოშობის შემდეგ უნდა წარმოიშვას, მაშინ ის პირდაპირ კრედიტორის იპოთეკის ფორმით წარმოიშობა.[9]

5

იმ მომენტიდან, როდესაც უზრუნველყოფილი მოთხოვნის წარმოშობა უკვე შეუძლებელია, წარმოიშობა მესაკუთრის იპოთეკა (288-ე მუხლის 1-ლი ვარიანტი), რაც რეესტრის ჩანაწერს არასწორად აქცევს.[10] მესაკუთრეს ამ შემთხვევაში აქვს მისი საკუთარ სახელზე გადაწერის მოთხოვნის უფლება.

6

მოთხოვნის არწარმოშობა შეიძლება განპირობებული იყოს არანამდვილობის ნებისმიერი საფუძვლით. გარდა ამისა, სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, ის დადებულად არ ითვლება სესხის თანხის გადაცემამდე (მუხ. 623, მე-18 ველი), შესაბამისად, ამ თანხის დაბრუნების მოთხოვნის უზრუნველმყოფი იპოთეკაც მხოლოდ ამ მომენტიდან წარმოიშობა.[11] მანამდე რეგისტრირებული იპოთეკა მხოლოდ მესაკუთრის იპოთეკაა,[12] რომელიც თანხის გადახდის შემდეგ ავტომატურად გადაიქცევა კრედიტორის იპოთეკად და ინარჩუნებს თავის რანგს, მაშინაც კი, როდესაც მიწის ნაკვეთი უკვე სხვის საკუთრებაშია.[13]

7

თუ სესხის თანხა გადაეცა მსესხებელს, თუმცა მისი დაბრუნების მოთხოვნა მაინც არ წარმოშობილა ხელშეკრულების სხვა მიზეზით არანამდვილობის ან შეცილების გამო, იპოთეკა არ უზრუნველყოფს გამსესხებლის კონდიქციურ მოთხოვნას, თუკი მხარეები ამაზე სპეციალურად არ შეთანხმებულან.[14] ამის საპირისპიროდ მოთხოვნა წარმოშობილად ითვლება მაშინაც კი, როდესაც ის კონდიცირებადია.[15] გერმანულ სამართალში აღიარებული მოსაზრების მიხედვით, კრედიტორს მოთხოვნის უფლების წარმოშობამდე აქვს ე. წ. მოლოდინის უფლება იპოთეკაზე, რომლის გადაცემაც და კეთილსინდისიერად მოპოვებაც არის შესაძლებელი 295-ე მუხლის მიხედვით. ამ გადაწყვეტის გაზიარება ქართულ სამართალში ხელს შეუწყობდა იპოთეკის ბრუნვაუნარიანობას.

2. უზრუნველყოფილი მოთხოვნის გაქარწყლება

8

მესაკუთრე, ჩვეულებრივ, კანონის ძალით მოიპოვებს მესაკუთრის იპოთეკას უზრუნველყოფილი მოთხოვნის გაქარწყლების შემთხვევაშიც[16] (288-ე მუხლის მე-2 ვარიანტი), დამოუკიდებლად გაქარწყლების საფუძვლისა,[17] თუმცა უკუქცევითი ძალით გაქარწყლების შემთხვევაში მოქმედებს ზემოთ მოყვანილი წესი. მართალია, 288-ე მუხლი იმპერატიული დანაწესია და მხარეები სანივთო ეფექტით განსხვავებულ წესზე ვერ შეთანხმდებიან, თუმცა დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით მოთხოვნის დაფარვის წესის შეცვლა,[18] რაც ზეგავლენას ახდენს მესაკუთრის იპოთეკის წარმოშობის მომენტზე, თუმცა ამ შეთანხმების მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ 288-ე მუხლის მე-2 ვარიანტში დაფიქსირებული წესის გვერდის ავლა,[19] რასაც მისი არანამდვილობა მოსდევს შედეგად.

3. უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოპოვება მესაკუთრის მიერ

9

თუ უზრუნველყოფილი მოთხოვნა მესაკუთრეზე გადადის, იპოთეკა კი არ ქარწყლდება, არამედ, ზემოთ ხსენებული შემთხვევების დარად, გარდაიქმნება მესაკუთრის იპოთეკად (288-ე მუხლის მე-3 ვარიანტი).

10

მოთხოვნის მესაკუთრის მიერ მოპოვება შეიძლება განპირობებული იყოს იპოთეკარის დაკმაყოფილებით (292 II), იპოთეკარის მიერ არამოვალე მესაკუთრისათვის მოთხოვნის დათმობით,[20] მემკვიდრეობით მიღებით ან იპოთეკარის მიერ დატვირთულ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვებით (გარიგებით ან მემკვიდრეობით).[21]




  1. იხ. ამასთან დაკავშირებით: ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 63.
  2. Lieder,in MÜKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1163, Rn. 36; RGZ 142, 159.
  3. იხ. დეტალურად ამასთან დაკავშირებით: Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1163, Rn. 1.
  4. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1177, Rn. 2.
  5. Wilhelm, Sachenrecht, 4. Aufl., 2010, Rn. 1512 ff; ამასთან დაკავშირებით იხ. ასევე დარჯანია, იპოთეკის აქცესორულობის პრობლემატიკა საკრედიტო ხელშეკრულებებში, „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი“, 2013, გვ. 7 და შემდგ.
  6. მესაკუთრის იპოთეკა გერმანიაში მხოლოდ უზრუნველყოფილი მოთხოვნის იპოთეკის მოვალეზე გადასვლის §177 II, გსკ) შემთხვევაშია შესაძლებელი, ყველა სხვა შემთხვევაში მესაკუთრის მიწის ვალი წარმოიშობა. იხ. ამასთან დაკავშირებით დარჯანია, იპოთეკის აქცესორულობის პრობლემატიკა საკრედიტო ხელშეკრულებებში, „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი“, 2013, გვ. 9.
  7. თუმცა ეს ვერგაგება არა მხოლოდ ამ პრაქტიკის ინერტულობით არის განპირობებული, არამედ ასევე მესაკუთრის იპოთეკის მომწესრიგებელი რამდენიმე საკვანძო ნორმის, რომელიც ამ ინსტიტუტის დაკონკრეტებასა და უკეთ გაგებას შეუწყობდა ხელს, არარსებობით ქართულ სამართალში. მაგალითად, სრულებით გაუგებარია, ენიჭება თუ არა მესაკუთრის იპოთეკას რაიმე ფუნქცია იძულებითი აღსრულების ფარგლებში (შდრ. გსკ-ის 1197-ე პარაგრაფი). იხ. ამასთან დაკავშირებული კაზუისტიკისათვის: Wilhelm, Sachenrecht, 4. Aufl., 2010, Rn. 1521 ff .
  8. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., 2016, § 1163, Rn. 3; RGZ 106, 139.
  9. RGZ 136, 77.
  10. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, §1163, Rn. 3. გერმანული სამართალი იცნობს, ასევე, მესაკუთრის დროებით (პირობადებულ) მიწის ვალს (BGH NJW 1973, 895), რომლის დათმობის გზითაც ხდება იპოთეკის რეგისტრაციასა და სესხის გადახდის ინტერვალში კრედიტორის უზრუნველყოფა (BGH NJW 1970, 322), რაც მხოლოდ მიწის ვალის არააქცესორული ხასიათის წყალობით არის შესაძლებელი და რისი გადმოტანაც ქართულ სამართალში შეუძლებელია.
  11. შდრ. BGH NJW 1970, 322.
  12. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 62 და შემდგ.
  13. RGZ 153, 169.
  14. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., 2016, § 1163, Rn. 16; RG JW 1911, 653; BGH NJW 1994, 1275; თუმცა შდრ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 64.
  15. RGZ 154, 389.
  16. Bassenge, იქვე, Rn. 13; RGZ 88, 303.
  17. შდრ. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1163, Rn. 13.
  18. RGZ 104, 73; 142, 159.
  19. RGZ 142, 159.
  20. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1177, Rn. 10.
  21. იქვე.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_288._მესაკუთრის_იპოთეკა&oldid=2166"