Gccc-logo.png


მუხლი 289¹. იპოთეკის მოწმობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 289¹. იპოთეკის მოწმობა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. იპოთეკის მოწმობა არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი კანონიერი მფლობელის უფლებას:

ა) მოითხოვოს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება;

ბ) ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის საგნიდან.

2. იპოთეკის მოწმობა დგება ერთ ეგზემპლარად.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007 წ., მუხ. 260.

I. ზოგადი დებულებები

1

იპოთეკა არსებობს რეესტრის ან საბარათე იპოთეკის ფორმით, რომელთაც ერთმანეთისაგან ამ უფლების ცირკულაციის ხარისხი განასხვავებთ.[1] საბარათე იპოთეკის ცირკულაციაუნარიანობა ერთ-ერთი ქვეფუნქციაა მოწმობის იმ ზოგადი ფუნქციისა, რომელსაც ლეგიტიმაციის ფუნქცია ეწოდება. პირი, რომელსაც ხელში უჭირავს რეესტრის ჩანაწერის შესაბამისი ბარათი, ითვლება, რომ ფლობს ლეგიტიმაციას იპოთეკასთან დაკავშირებით (289³ I, III).[2] თუ იპოთეკის მოწმობა და რეესტრის ჩანაწერი განსხვავებული შინაარსის მქონეა, მაშინ უპირატესობა მოწმობას ენიჭება (289⁸, შდრ. დეტალურად ამ მუხლის კომენტარში).

2

გერმანიისაგან განსხვავებით, სადაც საბარათე იპოთეკა არის წესი, ხოლო რეესტრის იპოთეკა გამონაკლისი,[3] ქართული სამართლის მიხედვით, გამონაკლისი სწორედ საბარათე იპოთეკის გაცემის შემთხვევებია. ეს, რა თქმა უნდა, არ უწყობს ხელს იპოთეკის ბრუნვაუნარიანობას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოწმობაში განსხეულებული იპოთეკის უფლების ცირკულაციისას მესაკუთრის ინტერესები და ამ პროცესის საჯაროობა ნაკლებად უზრუნველყოფილია – მესაკუთრე წინ ვერ აღუდგება იპოთეკის მესამე პირისათვის გადაცემას (295 1, 2, 199 I) და ამის რეგისტრაცია არ ხდება საჯარო რეესტრში (295 3) – უმჯობესია, საბარათე იპოთეკა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევად დარჩეს.

II. საბარათე იპოთეკა

3

საბარათე იპოთეკის წარმოშობისათვის აუცილებელია, მხარეთა შეთანხმებისა და რეგისტრაციის გარდა, ასევე შეთანხმება იპოთეკის მოწმობის გაცემაზე, მისი გაცემა რეესტრის მიერ და ამ გაცემის რეგისტრაცია.[4]

1. იპოთეკის მოწმობა

ა) სამართლებრივი ბუნება

4

იპოთეკის მოწმობა არის ისეთი ფასიანი ქაღალდი, რომელიც იპოთეკარს ანიჭებს ვალდებულების შესრულების მოთხოვნისა და, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკის საგნიდან საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებას. ამგვარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის რეალიზაციისათვის (მაგ.: სარჩელის აღძვრა, აღსრულება და ა. შ.) საკმარისია მხოლოდ იპოთეკის მოწმობის წარდგენა. შესაბამისად არის განსაზღვრული მისი რეკვიზიტებიც და შინაარსიც 289² I, II მუხლის მიხედვით.

ბ) საჯარო ნდობა

5

იპოთეკის მოწმობა, გერმანიაში გაბატონებული მოსაზრების[5] საწინააღმდეგოდ, უნდა ჩაითვალოს საჯარო ნდობის მატარებელ ფასიან ქაღალდად (289³ I). ამას განსაკუთრებით ცხადად ნათელყოფს 289⁸ მუხლი, რომელიც შინაარსის განსხვავების შემთხვევაში მოწმობის შინაარსს ანიჭებს უპირატესობას. ეს არ არის მხოლოდ რეესტრის ნდობიდან ნაწარმოები ნდობა,[6] არამედ დამოუკიდებელი, თავად მოწმობიდან გამომდინარე ნდობაა. მოწმობა არა მხოლოდ განაპირობებს საჯარო ნდობას მისი შინაარსის მიმართ, არამედ ასევე შეუძლია, გააქარწყლოს ნდობა რეესტრის ჩანაწერის მიმართ, შინაარსობრივი აცდენის შემთხვევაში (იხ. დეტალურად 289⁸ მუხლის კომენტარში).

გ) სახელობითი ფასიანი ქაღალდი

6

იპოთეკის მოწმობა არის სახელობითი ფასიანი ქაღალდი,[7] რადგან ის უფლებამოსილებას ანიჭებს მასში მოხსენიებულ კონკრეტულ პირს. შესაბამისად, შეუძლებელია ბარათის გადაცემა დამოუკიდებლად, როგორც მოძრავი ნივთისა, არამედ აუცილებელია, რომ მასში განსხეულებული უფლება გადაიცეს ამ უფლების გადაცემისათვის განსაზღვრული წესების დაცვით (289⁴). ამ დროს, 928-ე მუხლის მიხედვით, ბარათზე უფლება მიჰყვება მასში განსხეულებულ უფლებას. ბარათი, იპოთეკასთან ამ შინაგანი კავშირის გამო, არ შეიძლება გახდეს შეზღუდული სანივთო უფლების დამოუკიდებელი ობიექტი, რის გამოც ბარათის დაგირავება, იპოთეკის უფლების დაგირავების გარეშე, შეუძლებელია.[8]

დ) იპოთეკის მოწმობის ფუნქციები

7

იპოთეკის მოწმობა გადამწყვეტია იპოთეკის უფლების გადაცემისათვის (289⁴), განხორციელებისა (289³) და დაგირავებისათვის (289⁶).

2. იპოთეკის წარმოშობა და ბარათზე საკუთრება

8

იპოთეკა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და მისი რეგისტრაციის მომენტიდან (289 I), თუმცა საბარათე იპოთეკას იპოთეკარი მხოლოდ მოწმობის Gადაცემისა' (289 II 1) და მისი რეგისტრაციის (289 II 2) შემდეგ მოიპოვებს (შდრ. პრეზუმფცია 289³ I მუხლის მიხედვით).[9] მანამდე ის მესაკუთრის იპოთეკის (288) ფორმით არსებობს.[10]

9

საკუთრება იპოთეკის მოწმობაზე, 928 II მუხლის მიხედვით, ეკუთვნის იპოთეკარს.[11] მესაკუთრის იპოთეკის შემთხვევაში (288) ეს არის უძრავი ნივ- თის მესაკუთრე. სესხის მსესხებლისათვის ნაწილობრივ გადახდის შემთხვევაში იპოთეკის მოწმობაზე წარმოიშობა გამსესხებელი იპოთეკარისა და მესაკუთრის თანასაკუთრება.[12] დამოუკიდებელი (იპოთეკის უფლებისაგან დამოუკიდებელი) სანივთო უფლება მოწმობაზე (განსხვავებით ვალდებულებითისაგან) არ შეიძლება არსებობდეს.[13]

3. იპოთეკის მოწმობის გაცემა

10

იპოთეკის მოწმობას, კრედიტორის მოთხოვნით, გასცემს საჯარო რეესტრი მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში (289 II 1), რისი წინაპირობაცაა მანამდე სანოტარო ფორმით[14] დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების წარდგენა საჯარო რეესტრში, რომელიც ამ მოწმობის გაცემას ითვალისწინებს (289 III).[15] მოწმობას რეესტრი გადასცემს პირდაპირ იპოთეკარ-კრედიტორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, რაც დამატებითი სამართლებრივი სტაბილურობის შემომტანია და რის გამოც, გერმანიისაგან განსხვავებით,[16] შეუძლებელია ამ მოწმობის ჯერ მესაკუთრისათვის, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელის მიერ იპოთეკარისათვის გადაცემა. ასეთი სახით გადაწყვეტა აუცილებელია 289³ I მუხლში დაფიქსირებული პრეზუმფციის სრული მოცულობით ამოქმედებისათვის. იპოთეკარისათვის იპოთეკის მოწმობის გადაცემა არის არა გარიგება, არამედ მხოლოდ რეალაქტი, რომელიც ხორციელდება მოწმობაზე (პირდაპირი) მფლობელობის ნებითი მოპოვებით.[17] საერთო იპოთეკაზე (იხ. 286, მე-14 ველი) გაიცემა მხოლოდ ერთი იპოთეკის მოწმობა.




  1. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1116, Rn. 1.
  2. Wilhelm, Sachenrecht, 4. Aufl., 2010, Rn. 1575.
  3. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 70; Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1116, Rn. 1, თუმცა შდრ. თავდაპირველ საკანონმდებლო ჩანაფიქრთან დაკავშირებით: Motive Zu Dem Entwurfe Eines Bürgerlichen Gesetzbuches III, Berlin/Leipzig 1888, 618, რომლის მიხედვითაც სწორედ საბარათე იპოთეკა იყო გამონაკლისი.
  4. Wilhelm, Sachenrecht, 4. Aufl., 2010, Rn. 1572, გერმანიისაგან განსხვავებით, სადაც მოწმობას საადგილმამულო წიგნი ჯერ უძრავი ქონების მესაკუთრეს გადასცემს და შემდეგ თავად ეს უკანასკნელი გადასცემს იპოთეკარს, საქართველოში პირდაპირ რეესტრის სამსახური გასცემს მოწმობას იპოთეკარზე. აქედან გამომდინარე, საქართველოში მოწმობა არ გამოდგება ერთდროულად შესრულების უზრუნველსაყოფად, რადგან ის იპოთეკის გამცემი მოვალის ხელში არ არის. გერმანიისაგან განსხვავებით (Wilhelm, Sachenrecht, 4. Aufl., 2010, Rn. 1572), მოწმობის გადაცემამდე იპოთეკა არ არის მესაკუთრის მიწის ვალი/იპოთეკა, შესაბამისად, შესაძლებელია მისი კეთილსინდისიერად მოპოვება.
  5. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1116, Rn. 6.
  6. შდრ. გერმანიაში ამგვარ განმარტებასთან დაკავშირებით: Lieder, იქვე, Rn. 5.
  7. Wolfsteiner, in Staudinger BGB, 16 Aufl., 2015, § 1116, Rn. 8.
  8. RGZ 66, 27; RGZ 68, 282; RGZ 148, 203.
  9. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1117, Rn. 4.
  10. იქვე, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციიდან მოწმობის გადაცემამდე შუალედში რეესტრის ჩანაწერი (იპოთეკის რეგისტრაცია კრედიტორის სახელზე) არასწორია, მესაკუთრის მიერ ამ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ კრედიტორს აქვს შესაგებლები იპოთეკის ხელშეკრულებიდან.
  11. BGH NJW-RR 1994, 847; OLG Düsseldorf DNotZ 1981, 646.
  12. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1116, Rn. 4.
  13. OLG Düsseldorf DNotZ 1981, 646.
  14. შდრ. ყოველი შემდგომი მოქმედების იმავე ნოტარიუსის მიერ დამოწმების აუცილებლობასთან დაკავშირებით: ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 71.
  15. გერმანიისაგან განსხვავებით (BGH NJW-RR 1993, 369), ამ წინაპირობის გამო, ზედმეტია დამატებით გადაცემის მომენტში მესაკუთრის ნებაზე აქცენტის გაკეთება. ამ განსხვავების განმაპირობებელია ის გარემოება, რომ საქართველოში საბარათე იპოთეკა არ გულისხმობს წესს და შეუძლებელია რეესტრის იპოთეკის საფუძველზე იპოთეკის მოწმობის მოთხოვნა – ხელშეკრულების ცვლილების (ფორმასავალდებულოობის გათვალისწინებით) გარეშე. ამგვარი შეზღუდვა, ერთი შეხედვით, ხელს არ უწყობს იპოთეკის ბრუნვაუნარიანობას, თუმცა ის მაინც აუცილებელია, რადგან ამის გარეშე იპოთეკის ხელიდან ხელში გადასვლას ვერაფერი დააბრკოლებდა.
  16. იხ. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1117, Rn. 5.
  17. ამ პროცესში წარმომადგენლის ჩართვა იპოთეკარის მხარეზე, ჩვეულებრივ, შეუძლებელი უნდა იყოს (შდრ. რუსიაშვილი, კაზუსები სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2015, გვ. 275 და შემდგ.).


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_289¹._იპოთეკის_მოწმობა&oldid=2171"