Gccc-logo.png


მუხლი 289². იპოთეკის მოწმობის შინაარსი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 289². იპოთეკის მოწმობის შინაარსი


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. იპოთეკის მოწმობა უნდა შეიცავდეს:

ა) სათაურში აღნიშვნას „იპოთეკის მოწმობა“;

ბ) იპოთეკარის სახელსა და მისამართს;

გ) მოვალის სახელსა და მისამართს;

დ) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელსა და მისამართს;

ე) იპოთეკით დატვირთული ქონების სარეგისტრაციო კოდს, იპოთეკის საგნის მისამართს;

ვ) აღნიშვნას იპოთეკის მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით;

ზ) მითითებას იმის თაობაზე, არის თუ არა იპოთეკის საგანი ან მისი ნაწილი დატვირთული სხვა იპოთეკით ან სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლებით;

თ) იპოთეკის ხელშეკრულების შედგენის ადგილსა და თარიღს;

ი) უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას;

კ) იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას, ხოლო თუ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ უნდა შესრულდეს, – მისი შესრულების ვადებს;

ლ) იპოთეკის მოწმობის გაცემის თარიღს.

2. იპოთეკის მოწმობის ნამდვილობა დასტურდება საჯარო რეესტრის ბეჭდით.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს იპოთეკის მოწმობის ბათილობას.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007წ., მუხ. 260.



1

289² მუხლი, მიუხედავად ცალსახა დასახელებისა, აწესრიგებს არა მხოლოდ იპოთეკის მოწმობის შინაარსს, არამედ, ასევე, გარეგან რეკვიზიტებსაც. ასეთ გარეგან რეკვიზიტს განეკუთვნება, მაგალითად, აღნიშვნა „იპოთეკის მოწმობა“ (289² I ა)), რის გარეშეც შედგენილ დოკუმენტს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. იპოთეკის მოწმობა, მართალია, ფასიანი ქაღალდია (იხ. მუხ. 289¹, მე-6 ველი), რომელიც დამოუკიდებლად არის ბრუნვაუნარიანი, თუმცა ის ვერ ჩაანაცვლებს იპოთეკის თავდაპირველ რეგისტრაციას, ანუ ბარათიდან უნდა იკითხებოდეს, თუ როდის მოხდა ეს რეგისტრაცია (289² I ვ) ყველა შესაბამისი რეკვიზიტით (მაგ., სარეგისტრაციო კოდი და ა. შ.). იპოთეკის მოწმობის გარეგანი რეკვიზიტია, ასევე, მასზე დასმული საჯარო რეესტრის ბეჭედი, 289² II მუხლის მიხედვით.

2

იპოთეკის მოწმობის შინაარსობრივი მხარე მოწესრიგებულია 289² I მუხლში. მოწმობა უნდა შეიცავდეს ყველა არსებით ინფორმაციას იპოთეკასთან დაკავშირებით (იხ. მუხ. 289, მე-3 და მომდევნო ველები), თუმცა ეს არ გულისხმობს, ზოგადად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული რეესტრის ჩანაწერის სრულად გადმოცემას (მიუხედავად 289² I ზ) პუნქტისა), რის გამოც სასურველია, თუ მოწმობის შემძენი მაინც ჩაიხედავს საჯარო რეესტრში.[1]

3

289² I, II მუხლებში გაწერილი იმპერატიული შინაარსიდან გადახვევა იწვევს იპოთეკის მოწმობის არანამდვილობას (289² III), რისგანაც უნდა განვასხვაოთ კონკრეტული მონაცემის არასწორად მითითება. ამ შემთხვევაში მოწმობა ძალაშია არასწორი შინაარსით, სანამ არ მოხდება მისი რეესტრის მიერ გამოთხოვა და ბათილად ცნობა.




  1. Baur/Stürner, Lehrbuch des Sachenrechts, 16. Aufl., 1992, S, 37 III 3a.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_289²._იპოთეკის_მოწმობის_შინაარსი&oldid=2176"