Gccc-logo.png


მუხლი 289³. იპოთეკის მოწმობიდან გამომდინარე უფლების განხორციელება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 289³. იპოთეკის მოწმობიდან გამომდინარე უფლების განხორციელება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. იპოთეკის მოწმობის ფაქტობრივი მფლობელი ითვლება მის კანონიერ მფლობელად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.

2. იპოთეკის მოწმობის არსებობისას უზრუნველყოფილი მოთხოვნა შესრულდება მხოლოდ იპოთეკის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. კრედიტორი ვალდებულია, საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე იპოთეკის მოწმობა გადასცეს ვალდებულების შემსრულებელს.

3. მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისთანავე კრედიტორი ვალდებულია, იპოთეკის მოწმობაში შეიტანოს შესაბამისი აღნიშვნა.

4. იპოთეკის შესახებ გარიგების დამმოწმებელი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007 წ., მუხ. 260.

I. ზოგადი დებულებები

1

289³ მუხლი აწესრიგებს იპოთეკის მოწმობასთან დაკავშირებულ ურთიერთობას, კერძოდ, ამ მოწმობიდან გამომდინარე პრეზუმფციასა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის შესრულებას, კრედიტორის წინაშე ვალის დაფარვისა თუ ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირების მეშვეობით.

II. იპოთეკის მოწმობიდან გამომდინარე პრეზუმფცია

2

2893 მუხლი ითვალისწინებს პრეზუმფციას, რომლის მიხედვითაც საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იპოთეკის მოწმობის ფაქტობრივი მფლობელი ითვლება მის კანონიერ მფლობელად, ანუ იპოთეკარად, რაც მოწმობას „ლეგიტიმაციის მიმნიჭებელ დოკუმენტად[1]“ აქცევს. ეს მფლობელობიდან გამომდინარე ლეგიტიმაცია და მასზე დამყარებული ვარაუდი, რომელიც მხოლოდ მოძრავი ნივთების შემთხვევაშია ცნობილი, ეწინააღმდეგება რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (312, 297). ამ დანაწესის მიხედვით, იპოთეკის შემძენი თავისუფლდება რეესტრში ჩახედვის ვალდებულებისაგან, თუ მის კონტრაჰენტს ხელში მისთვის ლეგიტიმაციის მიმნიჭებელი იპოთეკის მოწმობა უჭირავს. მართალია, მოწმობისათვის ამგვარი მნიშვნელობის მინიჭება (298⁸ მუხლთან ურთიერთკავშირში) საკმაო ასპარეზს უტოვებს მხარეებს არაკეთილსინდისიერი ქმედებისათვის, თუმცა კანონმდებელმა ამ შემთხვევაში სამართლებრივი სტაბილურობა იპოთეკის ბრუნვაუნარიანობას შესწირა მსხვერპლად.[2]

3

ამგვარად, პირი, რომელსაც ხელში უჭირავს მის სახელზე გაცემული იპოთეკის მოწმობა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ იპოთეკარია, ისე, თითქოს რეესტრში ყოფილიყოს ასეთად დაფიქსირებული.[3]

4

შესაბამისად, რეესტრი ვალდებულია, მაშინაც კი, როდესაც მისთვის ცნობილია ცედენტის არაუფლებამოსილება, ცესიონერი-იპოთეკის შემძენი დაარეგისტრიროს იპოთეკარად, სანამ მისი არაკეთილსინდისიერება დამტკიცდებოდეს.[4]

5

შემძენის კეთილსინდისიერება უნდა გავრცელდეს ცედენტის უფლებამოსილებასა და, ზოგადად, ასევე გამსხვისებლის წინაკაცის (გასხვისებათა ჯაჭვის შემთხვევაში) უფლებამოსილებაზეც.[5] თავად მფლობელობის მართლზომიერება ივარაუდება და შემძენს არ აწევს მისი გადამოწმების ვალდებულება.[6] წინაკაცის არაუფლებამოსილების შესახებ ცოდნა უმნიშვნელოა, თუ შემდგომმა შემძენმა კეთილსინდისიერად მოიპოვა იპოთეკა.[7]

6

შემძენი არაკეთილსინდისიერია (გარდა პოზიტიური ცოდნისა), თუ მოწმობიდან ან რეესტრიდან (როდესაც გამონაკლისის სახით მას ეკისრება რეესტრში ჩახედვის ვალდებულება) გამომდინარეობს ცედენტის არაუფლებამოსილება.[8]

7

საბარათე იპოთეკის შემთხვევაში ნდობა მოთხოვნის არსებობასთან დაკავშირებით დაცული არ არის, ამას მხოლოდ 297-ე მუხლი ითვალისწინებს.

III. უზრუნველყოფილი მოთხოვნის შესრულება

8

უზრუნველყოფილი მოთხოვნის შესრულების შემდეგაც არსებობს რისკი, რომ იპოთეკარი იპოთეკის მოწმობას სხვა კეთილსინდისიერ შემძენზე გაასხვისებს, რის გამოც 289³ II მუხლი ითვალისწინებს იპოთეკის მოვალისა და, ზოგადად, ყველა იმ მესამე პირის დამცავ დანაწესს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, იპოთეკარის წინაშე შესრულებით გამოიხსნან უძრავი ქონება. მათი ინტერესები გათვალისწინებულია იმგვარად, რომ შესრულება შეუძლებელია იპოთეკის მოწმობის გადაცემის გარეშე. ეს დანაწესი, ერთი შეხედვით, თავად შემსრულებელს უქმნის პრობლემებს შესრულებისას, თუმცა ეს პრობლემები მეტწილად გაქარწყლებულია იმით, რომ მოწმობის წარდგენის გარეშე შესრულებისას შემსრულებელს წარმოეშობა კონდიქციური მოთხოვნის უფლება, რომლის გაქვითვაც შესაძლებელია უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან, მოწმობის გამოთხოვასთან ერთად.

9

კრედიტორის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას მას ეკისრება ვალდებულება, თავად მოწმობაში შეიტანოს შესაბამისი აღნიშვნა (289³ III). ვალდებულებისაგან გათავისუფლება შესაძლებელია შესრულების სუროგატით, კერძოდ, იპოთეკის შესახებ გარიგების დამმოწმებელი ნოტარიუსის ანგარიშზე თანხის დეპონირებით, რა დროსაც არ არის აუცილებელი მოწმობის წარდგენა და ამ მოწმობის შემდგომი ბედი უკვე ნოტარიუსის ზრუნვის საგანია.




  1. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 71.
  2. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 72.
  3. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl. , 2017, § 1155, Rn. 21.
  4. იქვე; KG NJW 1973, 56.
  5. Lieder, იქვე.
  6. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl. , 2016, § 1155, Rn. 2.
  7. RGZ 135, 362.
  8. Lieder, იქვე, Rn. 23.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_289³._იპოთეკის_მოწმობიდან_გამომდინარე_უფლების_განხორციელება&oldid=2178"