Gccc-logo.png


მუხლი 289⁴. იპოთეკის მოწმობაზე უფლების გადაცემა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 289⁴. იპოთეკის მოწმობაზე უფლების გადაცემა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. იპოთეკის მოწმობაში მოცემული მოთხოვნის დათმობა ხდება იპოთეკის მოწმობაზე უფლების გადამცემის სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერით.

2. თუ მოთხოვნის დათმობა ხდება იპოთეკის მოწმობის აუქციონზე გაყიდვით, იპოთეკის მოწმობაზე კეთდება აღნიშვნა „გაყიდულია აუქციონზე“ და დასტურდება სპეციალისტის სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერით.

3. ბათილია იპოთეკის მოწმობის სხვა პირისთვის გადაცემის აკრძალვა.

4. პირი, რომლის სასარგებლოდაც მოხდა მოთხოვნის დათმობა, ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს მოვალეს.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007 წ., მუხ. 260.

I. ზოგადი დებულებები

1

ეს ნორმა აწესრიგებს იპოთეკის მოწმობაზე უფლების გადაცემას გარიგების მეშვეობით. გასხვისების შეზღუდვა ან აკრძალვა 199 I მუხლის მიხედვით ამ შემთხვევაში დაუშვებელია (289⁴ III), რადგან ეს ეწინააღმდეგება იპოთეკის ბრუნვაუნარიანობის პრინციპს, რასაც ემსახურება, ზოგადად, იპოთეკის მოწმობის არსებობა. ამ მუხლის საფუძველზე იპოთეკის გადაცემისათვის რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელი არ არის, თუმცა შესაძლებელია.[1]

II. მოწმობაზე უფლებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის გადაცემა

2

იპოთეკის მოწმობაზე უფლების გადაცემა, იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია უზრუნველყოფილი მოთხოვნის გარეშე. განკარგვა ეხება მხოლოდ იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას, მაშინაც კი, როდესაც ის მოწმობის მეშვეობით ხდება.[2] ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი – „უფლება ქაღალდზე მიჰყვება მასში განსხეულებულ უფლებას“, ანუ უზრუნველყოფილ მოთხოვნას.

1. დათმობის ხელშეკრულება

3

მოთხოვნის უფლების დათმობისათვის აუცილებელია დათმობის ოფერტი, გაკეთებული მოწმობაზე სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერის ფორმით, მისი აქცეპტი ამავე ან სხვა ნებისმიერი ფორმით (განკარგვის გარიგება[3]) და მოწმობის გადაცემა (295 3).[4] ერთ-ერთი ელემენტის არარსებობაც კი საკმარისია მთლიანი პროცესის ჩაშლისათვის.[5]

4

იპოთეკის მოწმობით ლეგიტიმაციამინიჭებული კრედიტორის მოწმობაზე სანოტარო წესით დამოწმებული ნების გამოხატვა მოთხოვნის დათმობასთან დაკავშირებით ფუნქციურად ანაცვლებს რეესტრში რეგისტრაციას, რის გამოც ის უნდა შეიცავდეს დასათმობი მოთხოვნის ზუსტ აღწერას, მითითებას იპოთეკის უფლებასა და დატვირთულ მიწის ნაკვეთზე,[6] ისევე, როგორც ცედენტისა და ცესიონერის პიროვნების დასახელებას.[7] თუ იპოთეკის იდენტიფიცირება ცალსახად არის შესაძლებელი, ზედმეტია რანგის შესახებ მითითება.[8] ზედმეტია ასევე დათარიღება, რის გამოც არასწორად დასმული თარიღი უვნებელია.[9] განმარტების წესები ამ შემთხვევაში შესაბამისად მოქმედებს.[10] დოკუმენტს მიღმა დარჩენილ გარემოებებზე მითითება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ყველასათვის უპრობლემოდ არის შეცნობადი.[11] სანოტარო ფორმა მოთხოვნის დათმობისათვის შეიძლება ჩანაცვლდეს ცესიის რეესტრში შეტანის მეშვეობით.[12]

5

2894 I მუხლში ნახსენები მოთხოვნის დათმობა ეხება მხოლოდ მთავარი მოთხოვნის დათმობას და არა დამატებითი მოთხოვნებისას, მაგალითად, პროცენტების დათმობას. მათი დათმობა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ ზუსტად განსაზღვრის შემთხვევაში.[13] არასაკმარისია ამ დამატებითი მოთხოვნების მოხსენიება „პროცენტებთან ერთად“, ან „მთლიან პროცენტებთან ერთად“.[14]

6

სხვა მხრივ ძალაში რჩება 199 II მუხლით დათქმული მასშტაბი. ცესიის განცხადება შეიძლება იყოს პირობითი ან ვადიანი.[15]

2. ცესონერის შეტყობინების ვალდებულება

7

ცესიონერი ვალდებულია, აცნობოს დათმობის შესახებ მოვალეს (289⁴ IV) და ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უნაზღაურებს ამით გამოწვეულ ზიანს. თუმცა შეუტყობინებლობის შემთხვევაშიც მოვალე ვეღარ გათავისუფლდება თავდაპირველი კრედიტორის წინაშე შესრულებით (მოქმედებს 296-ე და არა მე-200 მუხლი). ის არ აისახება არც თავად დათმობის ნამდვილობაზე (199 I 1).

8

აუქციონზე შეძენილ მოწმობაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა (289⁴ II) და, ზოგადად, მოქმედებს აუქციონზე ნივთის შეძენის წესები.




  1. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1154, Rn. 41.
  2. Wilhelm, Sachenrecht, 4. Aufl., 2010, Rn. 1577.
  3. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1154, Rn. 9.
  4. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 70; Rohe, იქვე, Rn. 3.
  5. BGH NJW-RR 1994, 847.
  6. OLG Düsseldorf DNotZ 1981, 647.
  7. BGH NJW-RR 1992, 179.
  8. Rohe, იქვე, Rn. 4.
  9. BGH NJW 1957, 137.
  10. Rohe, იქვე.
  11. BGH NJW-RR 1992, 179.
  12. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., 2016, § 1154, Rn. 2.
  13. OLG Frankfurt NJW-RR 1993, 1299.
  14. Rohe, იქვე, Rn. 7.
  15. OLG Frankfurt OLGZ 1993, 385.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_289⁴._იპოთეკის_მოწმობაზე_უფლების_გადაცემა&oldid=2180"