Gccc-logo.png


მუხლი 289⁵. იპოთეკის მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 289⁵. იპოთეკის მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

იპოთეკის მოწმობის დაზიანების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში იპოთეკის მოწმობის მფლობელი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს საჯარო რეესტრს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო აცხადებს მას ძალადაკარგულად საერთო წესის საფუძველზე (გამოწვევითი წარმოება).

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007 წ., მუხ. 260.


I. ზოგადი დებულებები

1

იპოთეკის მოწმობის დაკარგვა არ იწვევს მოწმობაში განსხეულებული უფლების დაკარგვას. თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია სავალდებულო გამოწვევითი წარმოება (სსსკ-ის 328-ე და მომდევნო მუხლები), რათა მოწმობას ბრუნვაუნარიანობა შეუნარჩუნდეს.[1]

II. წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები

2

ამ ნორმის გამოყენების წინაპირობაა იპოთეკის მოწმობის დაკარგვა, დაზიანება ან განადგურება. ამასთან დაკავშირებულ მტკიცების ტვირთს ატარებს კრედიტორი.[2] დაკარგვა გულისხმობს 187 II 1-ლი ვარიანტის შემთხვევებს, თუმცა არამხოლოდ. შესაძლებელია პარალელის გავლება 289⁵-ე და 918-ე მუხლებს შორის და განმარტებისათვის, ჩვეულებრივ, ეს უკანასკნელი უნდა მოვიშველიოთ.[3] ორივე შემთხვევაში გადამწყვეტია არა დაკარგვის კონკრეტული გარემოებები, არამედ ის გარემოება, რომ უფლებამოსილ პირს სჭირდება ლეგიტიმაციის მიმნიჭებელი მოწმობა და არაუფლებამოსილს ის უნდა ჩამოერთვას. შესაბამისად, დასაშვებია გამოწვევითი წარმოების დაწყება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბარათის ადგილსამყოფელი იპოთეკარისათვის ცნობილია, თუმცა შეუძლებელია მისთვის ამ ბარათის რამენაირად უკან დაბრუნება.[4]

3

დაზიანება და განადგურება ერთმანეთისაგან განსხვავდება ბარათის წაკითხვადობის ხარისხით. დაზიანების შემთხვევაში ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი წარდგენა რეესტრში და განახლება, ანუ ახალი ბარათის მოპოვება მის საფუძველზე. განადგურება გულისხმობს ბარათის შინაარსის სრულ ამოუკითხვადობას.[5]

4

გამოწვევითი წარმოების შედეგად ძველი ბარათი იცნობა ძალადაკარგულად და, ამგვარად, ვეღარ იქნება იპოთეკის კეთილსინდისიერად მოპოვების საფუძველი.[6] კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ახალი ბარათის გაცემა.[7]




  1. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., 2016, § 1162, Rn. 1; Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1162, Rn. 1.
  2. Rohe, იქვე, Rn. 2.
  3. იქვე, Rn. 3.
  4. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1162, Rn. 2.
  5. Rohe, იქვე, Rn. 4.
  6. KGJ 45, 296.
  7. Rohe, იქვე, Rn. 6; Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1162, Rn. 12.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_289⁵._იპოთეკის_მოწმობის_ძალადაკარგულად_გამოცხადება&oldid=2184"