მუხლი 289⁶. იპოთეკის მოწმობის დაგირავება
1. იპოთეკის მოწმობა შეიძლება დაგირავდეს მისი მფლობელის ან სხვა ნებისმიერი პირის სასარგებლოდ, ფასიანი ქაღალდების დაგირავებისთვის დადგენილი წესით. 2. იპოთეკის მოწმობის გირავნობა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 _ სსმ I, #27, 17.07.2007 წ., მუხ. 260. |
იპოთეკის უფლების დაგირავება შესაძლებელია მხოლოდ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაგირავების ფორმით, რომელსაც მიჰყვება იპოთეკის უფლება 295 I მუხლში გამყარებული აქცესორულობის პრინციპის საფუძველზე (მუხ. 199, მე-8 ველი).[1] პირადი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში მოქმედი ზოგადი პრინციპის თანახმად, იზიარებს რა დოკუმენტზე უფლება ამ დოკუმენტში განსხეულებული უფლების ბედს,[2] გირავნობის უფლება ვრცელდება ასევე იპოთეკის მოწმობაზეც.[3] თუ იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე და დაგირავებული მოთხოვნის მოვალე სხვადასხვა პირია, ამ უკანასკნელისათვის გირავნობის შესახებ შეტყობინება, 259 II მუხლის მიხედვით, სავალდებულო არ არის.[4] 289⁶ მუხლი ითვალისწინებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაგირავების მხოლოდ დამატებით ხერხს, რომელსაც გადაჰყვება ასევე იპოთეკის უფლება და უფლება იპოთეკის მოწმობაზე და, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იპოთეკის მოწმობის დამოუკიდებელ გირავნობაუნარიანობას, რაც წინააღმდეგობრივი იქნებოდა როგორც იპოთეკის აქცესორულობისა (295 I), ისე პირად ფასიან ქაღალდზე უფლების, მასში დაფიქსირებული უფლების გარეშე, გადაცემის დაუშვებლობის (928 II) პრინციპისა. იპოთეკის მოწმობის გირავნობა რეგისტრაციასავალდებულოა (289⁶ II).
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა