Gccc-logo.png


მუხლი 289⁸. იპოთეკის მოწმობის უპირატესობა საჯარო რეესტრის ჩანაწერთან

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 289⁸. იპოთეკის მოწმობის უპირატესობა საჯარო რეესტრის ჩანაწერთან


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

იპოთეკის მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იპოთეკის მოწმობას.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007 წ., მუხ. 260.

I. ზოგადი დებულებები

1

ეს დანაწესი უკავშირდება იპოთეკის უფლების განსხეულებას იპოთეკის მოწმობაში და ადგენს მის უპირატეს ძალას რეესტრის ჩანაწერთან შედარებით.[1] თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მოწმობა არ განაპირობებს მოთხოვნის ფიქციას 297-ე მუხლის გაგებით, ის რეესტრის ჩანაწერისაგან განსხვავებით დამოუკიდებლად სრულად ვერ უზრუნველყოფს იპოთეკის კეთილსინდისიერად მოპოვებას. მოწმობა არის მხოლოდ 289³ I მუხლის გაგებით – „ფაქტობრივი მფლობელი ითვლება მის კანონიერ მფლობელად“ – საჯარო ნდობის მატარებელი, რის დამატებითი კონსტატაციაცაა იგი (289⁸).

2

ამ 289³ I მუხლში დაფიქსირებული შემთხვევის გარდა, მოწმობა მხოლოდ ნეგატიური ნდობის მატარებელია – აქარწყლებს რეესტრის ჩანაწერის მიმართ ნდობას.[2]

II. რეესტრის ჩანაწერსა და მოწმობას შორის განსხვავება

3

ჩვეულებრივ, რეესტრის ჩანაწერი და იპოთეკის მოწმობა ერთმანეთს ემთხვევა. განსხვავების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ გამოიხატება ეს ურთიერთაცდენა:

1. განსხვავება იპოთეკარის პიროვნებასთან დაკავშირებით

4

რეესტრის ჩანაწერისა და იპოთეკის მოწმობის ურთიერთაცდენა იპოთეკარის პიროვნებასთან დაკავშირებით განპირობებულია ამ უფლების რეესტრის მიღმა მოპოვების შესაძლებლობით (289⁴ I). იპოთეკის უფლება შეიძლება გადავიდეს სხვა პირზე, მისი რეესტრში იპოთეკარად დაფიქსირების გარეშე. ამ იპოთეკარისაგან უფლების მოპოვების შემთხვევაში შემძენის ნდობა, რომ გამსხვისებელი ნამდვილად არის იპოთეკის მფლობელი, ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ნდობა რეესტრის ჩანაწერის მიმართ (297).[3] ამ დაშვების გარეშე მოწმობაში განსხეულებული იპოთეკა ყოველგვარ დამატებით ცირკულაციაუნარიანობას დაკარგავდა – პირველივე შემძენი ვალდებული იქნებოდა, დარეგისტრირებულიყო იპოთეკარად. ამგვარად, 289³ I და 289⁸ მუხლების ურთიერთკავშირიდან გამომდინარეობს, რომ ვინც მოწმობის მფლობელისაგან მოიპოვებს იპოთეკას ან მის წინაშე ასრულებს, დაცულია მოწმობის მალეგიტიმირებელი მოქმედებით – მოიპოვებს იპოთეკას ან დაფარავს თავის ვალდებულებას, თუნდაც რეესტრში სხვა პირი იყოს რეგისტრირებული და ეს ჩანაწერი სწორი იყოს.

2. განსხვავებული სამართლებრივი შინაარსი

5

თუ რეესტრის ჩანაწერი და მოწმობა ერთმანეთისაგან შინაარსობრივად განსხვავდება, მაგალითად, მოთხოვნის ოდენობის ან პროცენტების ოდენობის ნაწილში, აქ შემდეგი განსხვავება უნდა გამოიკვეთოს: თუ რეესტრი სწორია, მაგალითად, დაფიქსირებულია მოთხოვნა 10 000 ლარის ოდენობით, მაშინ უფლება წარმოშობილია მხოლოდ ამ მოცულობით. თუ ამისაგან განსხვავებით, მოწმობაში 100 000 ლარის მოთხოვნაა მითითებული, არასწორი მოწმობა ნდობას არ წარმოშობს და მის შინაარსს მინდობილი შემძენი უფლებას მოიპოვებს – მაშინაც კი, როდესაც გადაცემა რეესტრის მიღმა ხდება – მხოლოდ რეესტრში დაფიქსირებული ოდენობით.[4] იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმობაში აღნიშნული არ არის ვალის ნაწილობრივ დაფარვა.[5]

6

თუ ამის საპირისპიროდ, არასწორია რეესტრის ჩანაწერი, უპირატესობა ენიჭება მოწმობის შინაარსს და ის აქარწყლებს რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ საჯარო ნდობას. თუ, მაგალითად, მოწმობაზე აღნიშნულია ნაწილობრივი გადახდა, რაც ჯერ კიდევ არ არის დაფიქსირებული რეესტრში, კეთილსინდისიერი შემძენი მოიპოვებს იპოთეკას მხოლოდ ჯერ კიდევ ძალაში დარჩენილი ოდენობით.[6] მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც როგორც რეესტრი, ისე მოწმობა არასწორია, დასაშვებია კეთილსინდისიერი მოპოვება 297-ე მუხლის მიხედვით.

7

2988 მუხლი აწესებს მხოლოდ სწორი მოწმობის მეშვეობით რეესტრის არასწორი ჩანაწერის მიმართ ნდობის გაქარწყლების შესაძლებლობას.[7] ამ ნორმის სხვა გაგება არასწორი იქნებოდა.[8] 297-ე მუხლისაგან განსხვავებით, 298⁸ მუხლი შეიცავს არა პოზიტიურ (პრეზუმფციას) მტკიცებას – „ის, რაც მოწმობაში წერია, სწორად ითვლება“ (ამას შეიცავს მხოლოდ 289³ I მხოლოდ იპოთეკარის პიროვნებასთან დაკავშირებით), არამედ მხოლოდ ნეგატიურ მტკიცებას – „თუ რეესტრის ჩანაწერი და მოწმობა ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს ჩანაწერი მოწმობასთან შედარებით ითვლება არასწორად.“ რაც ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მოწმობა თავისთავად სწორად ითვლება შემძენის ინტერესებისთვის. ამგვარი პოზიტიური პრეზუმფციის გამოყვანა 298⁸ მუხლიდან გრამატიკულადაც კი დაუშვებელი იქნებოდა, გარდა იმისა, რომ ეს ფართო ასპარეზს მისცემდა არაკეთილსინდისიერ პირებს მაქინაციებისათვის.




  1. შდრ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 67.
  2. Wolfsteiner, in Staudinger BGB, 16 Aufl., 2015, § 1140, Rn. 1; Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1140, Rn. 6.
  3. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1116, Rn. 19.
  4. RGZ 76, 378; RGZ 129, 128; Wolfsteiner, in Staudinger BGB, 16 Aufl., 2015, § 1116, Rn. 26.
  5. Lieder, იქვე, Rn. 20.
  6. იქვე, Rn. 21.
  7. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1140, Rn. 3.
  8. პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ ის გსკ-ის 1140-ე პარაგრაფის არასწორი თარგმანია. გსკ-ის ეს პარაგრაფი აწესებს მოწმობის მხოლოდ ნეგატიურ მოქმედებას, ანუ რეესტრის ჩანაწერის მიმართ ნდობის გაქარწყლებას და არა პოზიტიური ნდობის მოპოვებას.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_289⁸._იპოთეკის_მოწმობის_უპირატესობა_საჯარო_რეესტრის_ჩანაწერთან&oldid=2192"