Gccc-logo.png


მუხლი 29. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 29. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები


ირაკლი ბურდული
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას და განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მონაცემებისა, უნდა მიეთითოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;

გ) რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის სხვა წესები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“,„პროფესიული კავშირების შესახებ“ და „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონებით.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 — სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2458 — სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.370
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 — სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 — ვებგვერდი, 14.07.2011წ.

I. ნორმის სტრუქტურა, მიზანი და საგანი

1

აღნიშნული მუხლი არასამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მოთხოვნებს ეხება. ეს მოთხოვნები გათვალისწინებულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით და აფუძნებს იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობებს, რომლის დაუცველობაც ხდება ამ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის ან მისთვის (უფრო სწორედ, მისი დამფუძნებლისთვის) ხარვეზის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ამ ნორმის მიზანს წარმოადგენს იმ პირობების განსაზღვრა, რომლებიც აუცილებელია სოციალური წარმონაქმნის მიერ იურიდიული პირის სტატუსის შესაძენად და სრული უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მქონე ორგანიზაციად ჩამოსაყალიბებლად.

II. რეგისტრაციის განმახორციელებელი სუბიექტი და რეგისტრაციის იურიდიული საფუძველი

1. წინაპირობა

2

როგორც წინა მუხლის კომენტარში აღინიშნა, კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციას ახორციელებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში ექცევა. იმისთვის, რომ არაკომერციულ იურიდიულ პირს სახელმწიფოს მხრიდან ლეგიტიმაციის ხარისხი მიენიჭოს, გასათვალისწინებელია სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი: უნდა არსებობდეს იურიდიული პირის დაფუძნების მსურველთა შეთანხმება, შეთანხმება მოიცავს წევრებსა და თავად ამ იურიდიულ პირს შორის სამართლებრივ კავშირს და უნდა მოხდეს „შეთანხმება“ თავად სახელმწიფოსა და იურიდიულ პირს შორის, რაც საბოლოოდ სახელმწიფოს მხრიდან მის იურიდიულ პირად აღიარებას ნიშნავს, ანუ ხელშეკრულება სახელმწიფოსა და „კორპორაციას“, იურიდიული პირის სტატუსში გახვეულ სოციალურ წარმონაქმნს შორის. სწორედ ამ ხელშეკრულებათა კავშირს წარმოადგენს იურიდიული პირი. მაგრამ ის პირობები, რომელიც ამ კავშირს უნდა განაპირობებდეს ნაწილობრივ იმპერატიული ნორმების სახით, არის მოცემული კანონმდებლობაში. იმისთვის, რომ სახეზე იყოს არაკომერციული იურიდიული პირი, ანუ დაფუძნდეს ასეთი სამართლებრივი ფორმა, გარკვეული პროცედურული ნიუანსებია გასათვალისწინებელი.

III. დაინტერესებული პირი (მოთხოვნის სუბიექტი) და მარეგისტრირებელი ორგანო

3

იდეალური მიზნის მქონე სუბიექტის რეგისტრაციის წინაპირობას ორი ძირითადი მონაწილის არსებობა განაპირობებს. პირველი — ეს არის დაინტერესებული პირი, ხოლო მეორე სახელმწიფო, წარმოდგენილი მარეგისტრირებელი ორგანოს სახით. დაინტერესებული პირის ლეგალურ დეფინიციას საკანონმდებლო აქტები არ იძლევა, თუმცა იგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით არის განსაზღვრული.[1] ბრძანების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ყველა ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომლის ინტერესზეც სააგენტოს (ადმინისტრაციული ორგანოს — საჯარო რეესტრის) გადაწყვეტილება ან მისი რომელიმე ქმედება პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პირველადი რეგისტრაციის დროს დაინტერესებული პირი არის არაკომერციული იურიდიული პირის დამფუძნებელი,[2] მისი წევრი, რომელიც რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ორგანოს — მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს წარუდგენს შეთანხმებასა (საზოგადოების დაფუძნების თაობაზე)[3] და განაცხადს. განცხადების წარმდგენი პირი, მისი (ა(ა)იპ-ის) დამფუძნებელი წევრია (წევრები არიან). შესაძლებელია ასევე, რომ წევრებმა მინდობილობა გასცენ ერთ-ერთ წევრზე ან სხვა პირზე, რომელსაც სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭება. ამ შემთხვევაშიც დაინტერესებულ პირად ისევ დამფუძნებელი უნდა მიიჩნეოდეს. თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5 II მუხლიდან გამომდინარეობს, რომ სარეგისტრაციო განაცხადის, ანუ სავალდებულო რეკვიზიტების ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილების მქონე სხვა პირი განისაზღვროს, ანუ არა ხელმძღვანელი და წარმომადგენელი ან ორგანიზაციის წევრი, არამედ სხვა გარეშე პირიც.

IV. რეგისტრაციის პირობები

4

საკორპორაციო სამართალში, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის რეგისტრაციის წინაპირობას წარმოადგენს წესდება, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება.[4] 29 I მუხლი ამ საკითხთან მიმართებაში არ ხმარობს კორპორაციულ-სამართლებრივ ტერმინს და ორგანიზაციის — არაკომერციული იურიდიული პირის — სტრუქტურას, შიდა ურთიერთობებთან და სხვა დაკავშირებულ საკითხებს წევრთა შეთანხმებით არეგულირებს. პირველი ნაწილი იმგვარად არის ფორმულირებული, რომ რეგისტრაციის წინაპირობას კუმულაციური ფაქტის დადგომა განაპირობებს, ანუ რეესტრს არა მხოლოდ შიდა სტრუქტურის მომწესრიგებელი დოკუმენტი (შეთანხმება) წარედგინება, არამედ განცხადებაც, რომელშიც უნდა აისახოს მონაცემები ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, იურიდიული პირის სახელწოდების, დამფუძნებელი წევრის (წევრების), იურიდიული მისამართის, ხელმძღვანელი და წარმომადგენელი პირის შესახებ.[5] შესაბამისად, არასამეწარმეო იურიდიული პირის დამფუძნებელი დოკუმენტებიც ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს — ფაკულტატური (არასავალდებულო) და სავალდებულო. ამ უკანასკნელს კი ისეთი სახე ექნება, როგორიც ეს მეწარმე სუბიექტის განაცხადს აქვს. თუმცა სამეწარმეო საზოგადოებების განაცხადის აუცილებელი მონაცემები არაკომერციული პირის შემთხვევაში შესაძლოა ინტეგრირებული იყოს დამფუძნებელთა ან წევრთა შეთანხმებაში.

5

განსხვავებით სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციებისაგან, იდეალური იურიდიული პირისთვის აუცილებელია სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში მისი საქმიანობის მიზნის მითითება. მეწარმეთა კანონი მხოლოდ გარკვეულ სფეროში მოქმედი პირებისთვის აწესებს ასეთ მოთხოვნას.[6] ბუნებრივია, იდეალური მიზნის მქონე საზოგადოების ტიპოლოგიური ბუნება განსხვავდება სამეწარმეო საზოგადოებისაგან. სწორედ ამით არის განპირობებული 29 II „ა“მუხლის მინიშნება.

6

სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში (დამფუძნებელთა შეთანხმებაში) მიეთითება, აგრეთევე, არაკომერციულ იურიდიულ პირში წევრად მიღება-გასვლის და წევრობიდან პირის გარიცხვის საკითხების მომწესრიგებელი წესები (29II ბ). თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირს ეხება. ბუნებრივია, ქონების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებულ სუბიექტში ასეთი მოცემულობა არ იარსებებს.

7

წესდების (დამფუძნებელთა შეთანხმების) ავტონომიურად განსაზღვრის პრინციპი[7] განაპირობებს იმას, რომ კოდექსი მხოლოდ არაკომერციული იურიდიული პირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის მიმღები ორგანოს დასახელებას, გადაწყვეტილების მიღების წესსა და უფლებამოსილების ვადას ითხოვს (29 II გ). ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, როგორც წესი, წევრთა საერთო კრებაა (მაგალითად, კავშირის არაკომერციული იურიდიული პირის შემთხვევაში). თუმცა შესაძლებელია, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილება პირის მიერ იქნეს მიღებული (მაგალითად, ფონდის შემთხვევაში იმ ფიზიკური პირის მიერ, რომელმაც არასამეწარმეო იურიდიულ პირს გარკვეული ქონება გადასცა). გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურაში იგულისხმება ის პროცედურულ-ორგანიზაციული საკითხები, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღებასთან არის დაკავშირებული, ასევე, გადაწყვეტილებაუნარიანობასთან, ხმის მიცემასთან და ა.შ. დაკავშირებული საკითხები.

8

დაბოლოს, არაკომერციული იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, მეწარმეთა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო მონაცემების გარდა, მოცემული უნდა იყოს იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (მაგალითად, კოლეგიური გამგეობის) ან დირექტორის (იმ შემთხვევაში, თუ სახეზე მხოლოდ ერთი დირექტორია) შექმნის, არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა (29 II დ). აქვე სასურველია, რადგანაც კანონმდებლობა ამ საკითხს დაწვრილებით არ აწესრიგებს, რომ დამფუძნებელთა შეთანხმებით დარეგულირებული იყოს დირექტორის გადარჩევის, კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სპეციალური პირის დანიშვნის წესი, მისი უფლებამოსილების ვადა და სხვა მსგავსი საკითხები.

V. რეგისტრაციის სხვა წესები

9

არაკომერციული იურიდიული პირის რეგისტრაციის, გარდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი, სხვა წესები საქართველოს სხვადასხვა კანონმდებლობით განისაზღვრება. „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე ზემოთ უკვე იყო საუბარი. პრინციპში, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმა-დებულებები არაკომერციული იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ შემვსებ ხასიათს ატარებს, რადგანაც ძირითადი მონაცემები სარეგისტრაციო განაცხადისა, სწორედ მეწარმეთა კანონშია ინტეგრირებული. გამოსაყოფია აგრეთვე „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონი, თუმცა რამდენად ასრულებს ამ კანონში მოცემული ნორმები დამატებით რეგულატორულ ფუნქციას ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით, საკამათოა („პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი). შესაბამისად, პროფესიული კავშირების ასოციაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ისევ სამოქალაქო კოდექსით განისაზღვრება: ასოციაციის შინაგანი სტრუტურა, მართვის, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, წევრად მიღებისა და წევრობიდან გასვლის, გარიცხვის, ორგანოთა კომპეტენციის საკითხები წესდებით განისაზღვრება. ამიტომ განსაკუთრებულ წესებს ეს კანონი არ შეიცავს. ბუნებრივია, პროფკავშირის გაერთიანებაც არასამეწარმეო იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს, თუ იგი იურიდიული პირის სტატუსით საქმიანობს. ამასთან, 2 0IX მუხლი ასეთი ასოციაციის დასაფუძნებლად მინიმუმ 50 პირს განსაზღვრავს.

10

გასათვალისწინებელია ასევე „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ კანონი, რომელიც გარკვეულ სპეციფიკას შეიცავს. ასეთი კავშირი, მე-11 მუხლის საფუძველზე იდეალური მიზნის მქონე ორგანიზაციად მიიჩნევა და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო იურიდიული პირის სამართლებრივ ფორმად ყალიბდება. მისი დამფუძნებლები მხოლოდ ფიზიკური პირები (ე.წ. შემოქმედი მუშაკები) არიან, რომელთა რაოდენობა 5-ზე ნაკლები არ უნდა იყოს (16 I). ასეთი წარმონაქმნის შექმნის საფუძველს წარმოადგენს სულ მცირე 5 პირისაგან ჩამოყალიბებული ყრილობა, რომელიც იღებს ორგანიზაციის წესდებას და რეგისტრაციისთვის წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (17 I). შესაბამისად, ასეთი საქმიანობის მატარებელი არაკომერციული იურიდიული პირის რეგისტრაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, განსხვავდება სამეწარმეო ან სხვა (სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული) არასამეწარმეო საზოგადოების მარეგისტრირებელი ორგანოსაგან. წინა კანონისაგან (პროფკავ.) განსხვავებით, „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ კანონი დეტალურად ადგენს იმ მინიმალურ სავალდებულო მოთხოვნებს, რომელსაც ორგანიზაციის წესდება უნდა აკმაყოფილებდეს, რათა იგი სააგენტომ რეგისტრაციაში გაატაროს. მოთხოვნათა მინიმალური სტანდარტი (წესდების სავალდებულო რეკვიზიტები) მოცემულია 19 II მუხლში, ხოლო ფაკულტატურის შესახებ მინიშნება 19 III.




  1. იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბერის # 241 ბრძანება, „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
  2. ის შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. იხ.: ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 253-254.
  3. მასში ასევე სხვა ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებიც შეიძლება იყოს ინტეგრირებული. ეს დოკუმენტიც, როგორც წესი, წესდების ფორმას ატარებს. იხ.: ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 254.
  4. წესდების სავალდებულო და ფაკულტატური მონაცემების (ასევე, ამ საკითხის შედარებით-სამართლებრივი შემხებლობის) შესახებ იხ.: ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი I, 2010, გვ. 398-417; ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, გვ. 131; Windbichler, Gesellschaftsrecht, 23. Aufl., 2013, §26 Rn. 2.
  5. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი.
  6. საქმიანობის საგნის შესახებ მონაცემის სავალდებულო წესით მითითებას შეიცავს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი.
  7. ქართულ კერძო სამართალში საწესდებო ავტონომიის თავისუფლების ფარგლებთან და, ზოგადად, ლიბერალური რეგულატორული რეჟიმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით იხ.: ჭანტურია, საწესდებო ავტონომია საკორპორაციო სამართალში, კრებულში: სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, წიგნი I, 2010, გვ. 560-571; Burduli, Gesellschaftsrecht in Georgien und seine Entwicklungstendenzen, Kieler Ostrechts-Notizen, 16. Jahrgang 1/2013, S. 28 ff.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_29._არასამეწარმეო_(არაკომერციული)_იურიდიული_პირის_რეგისტრაციის_პირობები&oldid=1104"