Gccc-logo.png


მუხლი 290. უძრავი ნივთის იპოთეკით რამდენჯერმე დატვირთვა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 290. უძრავი ნივთის იპოთეკით რამდენჯერმე დატვირთვა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ერთი უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. რიგითობა განისაზღვრება იპოთეკის შესახებ განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007 წ., მუხ. 260.

I. ზოგადი დებულებები

1

ერთი და იმავე მიწის ნაკვეთი იპოთეკით შეიძლება დაიტვირთოს რამდენჯერმე 289-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. მის აკრძალვას მესამე პირების მიმართ ძალა არ გააჩნია. მაშინაც კი, როდესაც მესაკუთრე და იპოთეკარი, ან მესამე პირი ათანხმებენ ამგვარი დატვირთვის აკრძალვას, მისი დარღვევით დადგენილი იპოთეკა მაინც ნამდვილია.

2

ერთი და იმავე მიწის ნაკვეთის რამდენიმე იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში ისინი ერთმანეთთან კონკურირებენ იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებით. უფლებათა რიგითობა (რანგი) განსაზღვრავს, თუ რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, როდესაც შეუძლებელია ყველა ამ უფლების დაკმაყოფილება დატვირთული საგნის რეალიზაციით.

3

იპოთეკის რანგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ ცხოვრებაში. მაგალითად, მოთხოვნის მომდევნო რანგის იპოთეკით უზრუნველყოფის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, სესხის გამცემი უფრო მკაცრ პირობებს სთავაზობს მსესხებელს, ვიდრე პირველი რიგის უფლებით უზრუნველყოფისას.

II. რანგის სამართლებრივი ბუნება

4

რანგის სამართლებრივი ბუნების დაკვალიფიცირება პრობლემურია.[1] ერთი მოსაზრების[2] თანახმად, ის არის ე. წ. სხვა კონკურენტული უფლებების „განდევნის უფლება“. თუმცა გაბატონებული მოსაზრების[3] მიხედვით, ის თვითონ იპოთეკის უფლების შინაარსია, რის გამოც ამ სამართლებრივი შინაარსის მომწესრიგებელი ნორმები მასზე ანალოგიით გამოიყენება.[4]

III. იძულებითი აღსრულება

3

იპოთეკათა რიგითობა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იძულებითი აღსრულების ფარგლებში. აღსრულების ხარჯების ამოღების შემდეგ (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 821 I 1) გადამწყვეტია კრედიტორთა მოთხოვნების რიგითობა. მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ (კანონის 822 II), ერთი და იმავე რიგის მოთხოვნათა კრედიტორების დაკმაყოფილება ხდება პროპორციულად (კანონის 822 III).

4

რანგი გადამწყვეტია ასევე სეკვესტრის შემთხვევაში, მმართველის უფლებების განსაზღვრისათვის მომდევნო რანგის მქონე უფლებებთან მიმართებით.[5]

IV. პრიორიტეტის პრინციპი

7

იპოთეკის უფლების რანგი განისაზღვრება (გამონაკლისი: კანონის მიერ იმპერატიულად განსაზღვრული რანგი) მათი წარმოშობის დროის მიხედვით; მოქმედებს ამგვარად პრიორიტეტის პრინციპი.[6] ჩვეულებრივ, იპოთეკის რეგისტრაციის მომენტი რამდენიმე სარეგისტრაციო განცხადების შემთხვევაში განისაზღვრება მათი წარდგენის დროის მიხედვით.[7] განცხადება წარდგენილად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი ელექტრონული ან ქაღალდის ვერსიის განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციითა და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით (საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 13 I მუხლი). ამ წიგნში მიეთითება განცხადების შემოსვლის დრო. რამდენიმე განცხადების ერთდროულად შემოსვლის შემთხვევაში, შესაძლებელია, ერთი და იმავე რანგის თავიდან ასაცილებლად, მათი ნუმერაცია, რომლითაც ხდება მათი რიგითობის განსაზღვრა, მიუხედავად იმისა, რომ მათზე ერთი და იმავე შემოსვლის წუთია ასახული.[8] ამ შემთხვევაში კონკრეტული გარემოებებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ მხარეებს სხვადასხვა რანგის მინიჭება სურდათ, რაც რეესტრის სამსახურმა მხარეებთან დამატებით უნდა დააზუსტოს.[9] რეესტრის სამსახურს არ აქვს განცხადებების რიგითობის თვითნებურად გადანაცვლების უფლება, ეს დასაშვებია მხოლოდ წინა განცხადებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემთხვევაში (საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 18 I მუხლი).

8

იპოთეკისათვის რიგი მინიჭებულად ითვლება სარეგისტრაციო წარმოების დასრულებისა და უფლების რეესტრში დაფიქსირების მომენტიდან. გადადების პირობით და ვადიანად დადგენილი უფლების რანგის განსაზღვრისათვისაც ეს წესია გადამწყვეტი და არა განუსაზღვრელი მოვლენის დადგომის მომენტი.[10]

9

პრობლემურია შემთხვევა, როდესაც დროში წინმსწრებად წარდგენილ განცხადებას „გადაასწრებს“ მოგვიანებით წარდგენილ განცხადებაში დაფიქსირებული უფლების რეგისტრაცია, რადგან ამ უკანასკნელ შემთხვევაში წარმდგენმა დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოება აირჩია. ამ შემთხვევაშიც წინა რანგი უნდა დაიკავოს იმ უფლებამ, რომლის რეგისტრაციაც სხვა უფლებაზე ადრე მოხდა (290 II), დამოუკიდებლად განცხადების წარდგენის მომენტისა.




  1. შდრ. დეტალურად ამასთან დაკავშირებით: Stadler, Der Rang im Immobiliarsachenrecht - ein noch immer ungelöstes Problem? AcP 189, 1989, S. 430.
  2. Kutter, in Staudinger BGB, 15 Aufl ., 2012, § 879, Rn. 2.
  3. Kohler, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 879, Rn. 16; BayObLGZ 1956, 461; OLG Zweibrücken Rpfl eger 1985, 54.
  4. Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl ., 2014, § 879, Rn. 1; OLG Hamm OLGZ 1981, 132.
  5. LG Dortmund ZfIR 2011, 152.
  6. Wilhelm, Der Rang der Grundstücksrechte aufgrund des Verfügungstatbestands, JZ 1990, S. 501.
  7. BayObLG NJW-RR 2005, 103.
  8. Kohler, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 879, Rn. 14.
  9. Kutter, in Staudinger BGB, 15 Aufl ., 2012, § 879, Rn. 38.
  10. Kohler, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 879, Rn. 16.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_290._უძრავი_ნივთის_იპოთეკით_რამდენჯერმე_დატვირთვა&oldid=2194"