Gccc-logo.png


მუხლი 291. იმ უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლება, რომელიც არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი...

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 291. იმ უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლება, რომელიც არ არის იპო- თეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია, იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო.

2. თუ მოთხოვნის შესრულების ვადა დამოკიდებულია სამართლებრივი ურ- თიერთობის მოშლის შეტყობინებაზე, მოშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ნამდვილად, როდესაც ამის შესახებ მესაკუთრე განუცხადებს კრედიტორს ან კრედიტორი – მესაკუთრეს.

სარჩევი

I. ზოგადი დებულლებები

1

291-ე მუხლი მიზნად ისახავს დატვირთული საგნის ისეთი მესაკუთრის დაცვას, რომელიც, ამავდროულად, არ არის იპოთეკარის პირადი მოვალე.[1] მუხლის ორივე ნაწილი იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარეობს. უზრუნველყოფილი მოთხოვნა და იპოთეკა ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ მოთხოვნის წარმოშობა და განხორციელებადობა გავლენას ახდენს, ასევე, იპოთეკის წარმოშობასა და განხორციელებაზეც.[2] ამ ურთიერთგადაჯაჭვულობაზე აპელირების უფლება აქვს, ასევე, არამოვალე მესაკუთრესაც – დანაწესის პირველი ნაწილი ანიჭებს მას უფლებას, პირადი მოვალის კუთვნილი შესაგებლის წაყენების გზით დაიცვას თავი კრედიტორის მხრიდან ნივთის რეალიზაციის მოთხოვნისაგან.

2

291 II მუხლის იმპერატიული[3] ხასიათის მქონე დანაწესი იცავს არამოვალე მესაკუთრეს იმგვარად, რომ აწესებს მისი ინფორმირების აუცილებლობას იპოთეკის ვადამოსულობის შემთხვევაში.

II. შესაგებლის წარდგენის უფლება

3

291 I მუხლში დაფიქსირებული უფლების მქონეა უზრუნველყოფილი ქონების მესაკუთრე, რომელიც ამავდროულად არ არის პირადი მოვალე. ჩანაწერში, „რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს“, იგულისხმება ამ უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე.[4] ნორმა ემსახურება მესაკუთრის საკუთრების უფლების დაცვას[5] და ანიჭებს მას უფლებას, გამოიყენოს მოვალის შესაგებელი არა უზრუნველყოფილი მოთხოვნის განხორციელების ხელშესაშლელად,[6] არამედ უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციის წინააღმდეგ.[7] მესაკუთრეს უფლება აქვს, გამოიყენოს როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი.[8] 291 I ეხება მხოლოდ იმ შესაგებელს, რომელიც პირად მოვალეს აქვს.

1. იპოთეკის უფლების წინააღმდეგ მიმართული შესაგებელი

ა) იპოთეკის არსებობის წინააღმდეგ მიმართული შესაგებელი

4

ზემოთ თქმულის საპირისპიროდ, თავისთავად ცხადია, რომ მესაკუთრეს აქვს 291 I მუხლის მიღმა საკუთარი შესაგებლის წარდგენის უფლებაც, რომელიც მიმართული იქნება იპოთეკის უფლების არსებობის წინააღმდეგ.[9] მესაკუთრეს შეუძლია ამტკიცოს, რომ იპოთეკა არ წარმოშობილა, რადგანაც, მაგალითად, იპოთეკის რეგისტრაციისას დარღვეული იყო შესაბამისი წესი.[10] გარდა ამისა, მესაკუთრეს შეუძლია მიუთითოს, რომ იპოთეკარმა დაკარგა იპოთეკა, რადგანაც ის მესაკუთრის იპოთეკად გარდაიქმნა (288) ან გადავიდა მესამე პირზე.[11]

5

ასეთ დროს მესაკუთრეს უწევს 312 I-ით გათვალისწინებული უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის წინააღმდეგ რეესტრში არსებული ჩანაწერის საწინააღმდეგო მტკიცება და, შესაბამისად, მტკიცების ტვირთი მთლიანად მას აწვება.[12] ამის საპირისპიროდ, მესაკუთრეს შეუძლია, მოსთხოვოს იპოთეკარს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა და იპოთეკის რეალიზაციის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა.[13]

ბ) ვალდებულებითსამართლებრივი შეთანხმება მესაკუთრესა და კრედიტორს შორის

6

იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციას შესაძლოა, გამორიცხავდეს მესაკუთრესა და კრედიტორს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი შეთანხმება. ასეთი ხელშეკრულება შესაძლოა, დამატებით წინაპირობას ითვალისწინებდეს კრედიტორის მხრიდან იპოთეკის უფლების გამოყენებისათვის.[14] შესაძლებელია, იპოთეკარი ხელშეკრულებით, გარკვეული პირობების არსებობისას, უარს ამბობდეს იპოთეკაზე, მის რეალიზაციაზე იძულებითი აღსრულების ფარგლებში,[15] ან, ზოგადად, რეალიზაციაზე გარკვეული დროის განმავლობაში,[16] ასევე, შესაძლებელია, მესაკუთრე და კრედიტორი შეთანხმდნენ, რომ იპოთეკარი დაკმაყოფილებას ჯერ პირადი მოვალისგან მოითხოვს და მხოლოდ შემდეგ განახორციელებს იპოთეკის საგნის რეალიზაციას.[17] ყველა ამ შემთხვევაში მესაკუთრეს ენიჭება შესაგებელი იპოთეკარის რეალიზაციის მოთხოვნის წინააღმდეგ.

7

ვალდებულებითსამართლებრივი ხელშეკრულების რელატიური ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, ასეთი შესაგებელი არ გადადის ახალ მესაკუთრეზე.[18]

2. უზრუნველყოფილი მოთხოვნის წინააღმდეგ მიმართული შესაგებელი

ა) ზოგადი დებულებები

8

იპოთეკის აქცესორული ბუნების შესაბამისად, უზრუნველყოფილი მოთხოვნიდან გამომდინარე შესაგებლები ვრცელდება, აგრეთვე, იპოთეკაზეც და მათი გამოყენება შეუძლია მესაკუთრესაც.[19] ასეთი შესაგებელი სახეზეა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალეს შეუძლია, დროებით ან ხანგრძლივად თქვას უარი შესრულებაზე.[20] მათ რიცხვს მიეკუთვნება მოთხოვნის გადავადება, ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე შესაგებელი,[21] საპასუხო შესრულების დაკავების შესაგებელი (ერთდროულად შესრულების შესაგებელი),[22] შეთანხმება, რომლის ძალითაც კრედიტორი უარს ამბობს უზრუნველყოფილი მოთხოვნის სასამართლო წესით განხორციელებაზე[23] ან, ზოგადად, მის გამოყენებაზე,[24] აგრეთვე უსაფუძვლო გამდიდრების შესაგებელი.[25]

ბ) ხანდაზმულობის შესაგებელი

9

მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მოთხოვნის იძულებით განხორციელებას. შესაბამისად, მესაკუთრეს უფლება აქვს, მიუთითოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ხანდაზმულობაზე[26] და ამ საფუძვლით წინ აღუდგეს იპოთეკის საგნის რეალიზაციას.[27]

გ) უფლებამონაცვლის ან მემკვიდრის შესაგებელი

10

მესაკუთრეს უფლება აქვს, გამოიყენოს შესაგებელი, რომელიც პირად მოვალეს აქვს და არა ის, რომელიც დამოუკიდებლად წარმოეშობა პირადი მოვალის უფლებამონაცვლეს ან მემკვიდრეს. ასე, მაგალითად, მესაკუთრეს არ შეუძლია, გამოიყენოს ის შესაგებელი, რომელიც მოვალის მემკვიდრეებს აქვთ მოთხოვნის დაკმაყოფილების ფარგლებთან დაკავშირებით (1484 I).[28]

3. „გასაჩივრების შესაგებელი“ – თავდების შესაგებლები

11

გერმანულისაგან განსხვავებით, ქართული სამართალი არ ითვალისწინებს დათქმას, რომ მესაკუთრეს აქვს იმავე შესაგებლის წარდგენის უფლება, რაც თავდებს.[29] მაგრამ მესაკუთრისა და თავდების არსებითად იდენტური მდგომარეობის[30] გამო ქართულ სამართალშიც დასაშვებია მე-900 მუხლის ანალოგიით გამოყენება. კანონმდებლის ჩანაწერი – „მოთხოვნის გასაჩივრება“ – სწორედ მე-900 მუხლის დისპოზიციაში დაფიქსირებულ „სადავოდ Gახდას“ შეესაბამება. იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, თუ მოვალეს შეუძლია, სადავო გახადოს მოთხოვნის არსებობა, მესაკუთრესაც შეუძლია, წაუყენოს კრედიტორს შესაგებელი, რომ არც მისი ნივთის რეალიზაციის უფლება აქვს მას ასეთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ესენია შეცილების შესაგებელი და გაქვითვის შესაგებელი.[31] 894-ე მუხლის ანალოგიით გამოყენება დაუშვებელია.[32]

ა) შეცილება

12

მესაკუთრეს შეუძლია, უარი თქვას იპოთეკარის მიერ იპოთეკის გამოყენებაზე, სანამ პირად მოვალეს აქვს ხელშეკრულების შეცილების უფლება.[33] წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა ისეთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკის რეალიზაციით, რომელიც შესაძლოა, შემდგომში შეცილების გზით გაბათილებულიყო. ეს კი წინააღმდეგობაში მოვიდოდა იპოთეკის აქცესორულ ბუნებასთან. ამის საპირისპიროდ, თავად შეცილების უფლება მესაკუთრეს არ აქვს, რადგანაც ეს მხოლოდ პირადი მოვალისათვის გათვალისწინებული გარდაქმნითი უფლებაა.[34]

ბ) გაქვითვის შესაგებელი

13

ვალდებულებათა გაქვითვის შესაგებელზე კანონმდებელი უშუალოდ მიუთითებს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოვალეს აქვს სხვა მოთხოვნა კრედიტორის მიმართ, და ამ ვალდებულებათა გაქვითვა 442-ე და შემდგომი მუხლებით შესაძლებელია, მესაკუთრეს აქვს უფლება, წინ აღუდგეს ნივ- თის რეალიზაციას.[35] არ აქვს მნიშვნელობა, იყენებს თუ არა ამ შესაგებელ თავად მოვალე. მაშინაც კი, როდესაც მოვალე გაქვითვის წინააღმდეგია და არ წყვეტს ამ გზით უზრუნველყოფილ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობას, კრედიტორს მაინც არ აქვს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის უფლება, მანამ, სანამ რეალურად ჯერ კიდევ შესაძლებელია გაქვითვა.

14

საკამათოა, შესაძლებელია თუ არა, მესაკუთრემ წარუდგინოს გაქვითვის შესაგებელი იპოთეკარს, როდესაც პირად მოვალეს აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა კრედიტორის წინაშე ჯანმრთელობის დაზიანების ან მარჩენალის გარდაცვალების გამო.[36] გავრცელებული შეხედულებით,[37] ასეთ შემთხვევაში, 447 გ) მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს არ შეუძლია, გამოიყენოს ასეთი შესაგებელი, რადგან გაქვითვის უფლება მხოლოდ მოვალეს აქვს (და არა იპოთეკარს). ეს შეხედულება ნაკლებ დამაჯერებელია. მესაკუთრეს მაინც უნდა ჰქონდეს უფლება, უარი უთხრას კრედიტორს იპოთეკის რეალიზაციაზე, თუ არსებობს გაქვითვის შესაძლებლობა. 407 გ) მუხლი ემსახურება მხოლოდ დაზარალებულის ინტერესების დაცვას, რომ მეორე მხარემ (იპოთეკარმა) არ გაქვითოს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა ზემოთ ხსენებული დელიქტური მოთხოვნის ანგარიშში, თუმცა, ამის საპირისპიროდ, პირად მოვალეს ამ მოთხოვნების ურთიერთგაქვითვის შესაძლებლობა არ ეზღუდება. ვინაიდან არამოვალე მესაკუთრის შესაგებელი ნაწარმოებია პირადი მოვალის უფლებებიდან, მასაც უნდა ჰქონდეს უფლება, უარი უთხრას იპოთეკარს იპოთეკის რეალიზაციაზე მანამ, სანამ დაზარალებულ პირად მოვალეს აქვს გაქვითვის ეს შესაძლებლობა.

4. პირადი მოვალის უარი შესაგებელზე

15

როდესაც პირადი მოვალე უარს ამბობს შესაგებელზე, მესაკუთრეს მაინც რჩება მისი წარდგენის უფლება.[38] მოვალეს (მაგალითად, იპოთეკართან შეთანხმებით) არ უნდა ჰქონდეს უფლება, უარი თქვას შესაგებელზე და ამით მესაკუთრეს მოუჭრას 291 I მუხლით გარანტირებული თავის დაცვის შესა- ძლებლობა. ამიტომ მესაკუთრეს ზემოთ მოყვანილი შესაგებლებით სარგებლობა უნდა შეეძლოს მანამ, სანამ მოვალეს რეალურად გააჩნია ეს შესაგებლები. ამის საპირისპიროდ, მესაკუთრე ამ უფლებას კარგავს, თუ, პირადი მოვალე თავად იმ უფლებაზე ამბობს უარს, რასაც ეფუძნება შესაგებელი, მაგალითად, ადასტურებს საცილო გარიგებას (61 III) ან კრედიტორის წინაშე ქვითავს სხვა მოთხოვნას, და არა იპოთეკით უზრუნველყოფილს.[39]

III. მოშლის შეტყობინება

16

291 II მუხლი ითვალისწინებს იმპერატიულ[40] დანაწესს, რომლის მიხედვითაც ვალდებულებითი ხელშეკრულების მოშლა მხოლოდ მაშინ იწვევს იპოთეკის ვადამოსულობას, როდესაც ის, ამავდროულად, წარმოადგენს სანივთო უფლების მოშლასაც და კრედიტორის მხრიდან განცხადების შემთხვევაში, მიუვა მესაკუთრეს.[41] იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ვადამოსულობა იწვევს იპოთეკარისთვის იპოთეკის რეალიზაციის მოთხოვნის უფლების მინიჭებას. ეს უფლება, 291 II მუხლით დაწესებული გამონაკლისის გამო, კრედიტორს არ ენიჭება, თუ მოშლის შეტყობინება მესაკუთრეს პირადად მისი მხრიდან არ მისვლია.[42] მესაკუთრისათვის იპოთეკარის რეალიზაციის მოთხოვნა არ უნდა იყოს მოულოდნელი.

17

291 II მუხლის გამოყენების წინაპირობაა, რომ არსებობდეს ისეთი მოთხოვნა, რომლის ვადამოსულობაც მოშლაზეა დამოკიდებული.[43] ნორმა არ გამოიყენება, თუ მოთხოვნის ვადამოსულობა წინასწარაა განსაზღვრული და უკავშირდება გარკვეულ თარიღს, ან ის უკვე ვადამოსულია.[44]

18

მოშლა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომელიც არის იპოთეკის (და არა მიწის ნაკვეთის) განკარგვა.[45] მისი გამოხმობა დაუშვებელია[46] და რეესტრში არ რეგისტრირდება.[47] მესაკუთრის ცვლილებისას ძველი მესაკუთრის მიმართ გამოვლენილი მოშლა მოქმედებს ახალი მესაკუთრისთვისაც, რადგანაც ამ უკანასკნელს არ შეუძლია მიუთითოს, რომ ის ენდობოდა რეესტრის ჩანაწერს. რეესტრში მოშლის შესახებ ჩანაწერი არ კეთდება, ასე რომ, მის მიმართ ნდობა არც უნდა ჰქონდეს ახალ მესაკუთრეს.[48]

19

მოშლაზე მოთხოვნის ვადამოსულობის დამოკიდებულება შესაძლოა, გამოწვეული იყოს მხარეთა შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ან კანონით.[49] კანონისმიერი საფუძვლის მაგალითია 871-ე და 627-ე მუხლები.[50]

20

კრედიტორის მიერ 291 II მუხლით დადგენილი წესის დარღვევა მესაკუთრეს ანიჭებს 291 I მუხლით გათვალისწინებულ შესაგებელს.[51]




  1. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 86; Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl ., 2017, § 1141, Rn. 1.
  2. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1137, Rn. 1.
  3. KG JW 1931, 3284; LG Hamburg Rpfl eger 1957, 116.
  4. Wieling, Sachenrecht, 1992, §27 III 2 b.
  5. 291-ე მუხლი იცავს მესაკუთრეს და მისთვის მოვალის შესაგებლების მინიჭება გამართლებულია, რადგანაც ნივთის ბედი მთლიანადაა დამოკიდებული კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაზე. ამასთან დაკავშირებით იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის #ას-866-1152-09 განჩინება; 2015 წლის 29 დეკემბრის #ას-737-699-2015(ბ) გადაწყვეტილება.
  6. თუმცა შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 თებერვლის #ას-1664-1652-2011 განჩინება.
  7. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl ., 2017, § 1137, Rn. 3.
  8. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1137, Rn. 4.
  9. იქვე, Rn. 3.
  10. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 88.
  11. იქვე, გვ. 89.
  12. BGH MDR 1956, 542; RGZ 127, 261.
  13. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 90.
  14. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1137, Rn. 7.
  15. BayObLG FGPrax 1998, 164.
  16. LG Saarbrücken Rpfl eger 2000, 213.
  17. Lieder, იქვე.
  18. იქვე.
  19. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl ., 2017, § 1137, Rn. 3.
  20. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl ., 2016, § 1137, Rn. 1.
  21. Wolfsteiner, in Staudinger BGB, 16 Aufl ., 2015, § 1137, Rn. 7.
  22. RGZ 78, 32.
  23. RGZ 67, 390.
  24. KG KGJ 53, 157.
  25. RGZ 86, 304; Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1137, Rn. 16.
  26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის #ას-369-350-2015 განჩინება (1.6.).
  27. გერმანულისაგან განსხვავებით, ქართული სამართალი არ ითვალისწინებს სპეციალურ დათქმას, რომელიც, მოთხოვნის ხანდაზმულობის მიუხედავად, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის უფლებას მიანიჭებდა კრედიტორს. ამასთან დაკავშირებით იხ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 87.
  28. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl ., 2017, § 1137, Rn. 36; გსკ-ის 1137 I 2 პარაგრაფი პირდაპირ მიუთითებს ამ გამორიცხვაზე, რაც ამავე ფორმით ძალაში უნდა დარჩეს ქართული სამართლის შემთხვევაში. იპოთეკის უფლება მიზნად ისახავს იპოთეკარისათვის ისეთი უზრუნველყოფის საშუალების მინიჭებას, რაც მისი ქონებრივი მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია და რისი გვერდის ავლაც არ უნდა მოხდეს 1484 I მუხლის მიხედვით.
  29. გერმანულ რეგულაციასთან დაკავშირებით იხ. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1137, Rn. 17.
  30. იქვე.
  31. Wilhelm, Sachenrecht, 4. Aufl ., 2010, Rn. 1767.
  32. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1137, Rn. 30.
  33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის #ას-580-551-2013 განჩინება.
  34. Lieder, იქვე, Rn. 18.
  35. Wilhelm, იქვე.
  36. Lieder, იქვე, Rn. 20.
  37. RGZ 137, 36.
  38. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1137, Rn. 32.
  39. იქვე, Rn. 33.
  40. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl ., 2017, § 1141, Rn. 1.
  41. OLG Köln DNotZ 2013, 770.
  42. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1141, Rn. 4.
  43. Rohe, იქვე, Rn. 3.
  44. OLG Köln DNotZ 2013, 770.
  45. BGH NJW 1951, 645.
  46. OLG Hamburg Rpfl eger 1959, 379.
  47. BGHZ 1, 306.
  48. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1141, Rn. 18.
  49. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl ., 2017, § 1141, Rn. 3.
  50. Lieder, იქვე, Rn. 7.
  51. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 86.
Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_291._იმ_უძრავი_ნივთის_მესაკუთრის_უფლება,_რომელიც_არ_არის_იპოთეკით_უზრუნველყოფილი...&oldid=2199"