Gccc-logo.png


მუხლი 292. მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 292. მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია, შეასრულოს შესაბამისი მოქმედება.

2. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.

3. (ამოღებულია – 11.05.2007, #4744).

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი #4744 – სსმ I, #18, 22.05.2007 წ., მუხ. 158.

I. ზოგადი დებულებები

1

292-ე მუხლი აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც მესაკუთრე აკმაყოფილებს კრედიტორს. ის არ არის ვალდებული, დაელოდოს თავისი უძრავი ქონების რეალიზაციას, არამედ შეუძლია, სხვა ქონებიდან თავისი ნებით დააკმაყოფილოს კრედიტორი და, შესაბამისად, გამოიხსნას იპოთეკით დატვირთული ნივთი.[1]

2

მუხლის მიზანია, დამატებითი დაცვითი მექანიზმი[2] მიანიჭოს მესაკუთრეს იპოთეკის საგანზე საკუთრების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. მუხლის პირველ ნაწილში განმტკიცებული მესაკუთრის უფლება,[3] დააკმაყოფილოს კრედიტორი, არის სპეციალური დანაწესი,[4] რომელიც 371-ე მუხლის ზოგადი წესის მოდიფიცირებას ახდენს.[5] მესაკუთრის ამ უფლებას შეესაბამება, ერთი მხრივ, კრედიტორის ვალდებულება, მიიღოს შესრულება მოვალის ნაცვლად მესაკუთრისაგან და, მეორე მხრივ, მოვალის ვალდებულება, ითმინოს მესაკუთრის ეს ქმედება. 371 II მუხლი ასეთ შემთხვევაში არ გამოიყენება.[6] 292 I მუხლის დანაწესი თავისი შინაარსით იმპერატიულია.[7] მხარეებს არ შეუძლიათ, ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებით შეცვალონ ნორმის სანივთოსამართლებრივი შედეგები.

3

მუხლის მეორე ნაწილის მიზანია, მიანიჭოს არამოვალე მესაკუთრეს იგივე უფლება, რაც 905-ე მუხლის შესაბამისად აქვს თავდებს. ეს დანაწესიც იმპერატიული შინაარსის მქონეა.[8]

II. კრედიტორის დაკმაყოფილება

1. დაკმაყოფილების წინაპირობები

ა) დაკმაყოფილების სუბიექტები

4

მუხლის პირველი ნაწილით გამტკიცებული უფლების სუბიექტია იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრე, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა ის ასეთად საჯარო რეესტრში. მხოლოდ მან შეიძლება, დაკარგოს ნივთის რეალიზაციით საკუთრება ნივთზე და, შესაბამისად, მხოლოდ მას შეუძლია, დაიცვას თავი მისგან 292 I მუხლზე დაყრდნობით.

5

ამის საპირისპიროდ, იმ პირს, რომელიც არასწორადაა რეგისტრირებული მესაკუთრედ, არა აქვს უფლება, დააკმაყოფილოს კრედიტორი, რადგანაც მის საკუთრებას საფრთხე არ ემუქრება.[9] 312-ე მუხლი ამ შემთხვევაში არ გამოიყენება, რადგანაც საკუთარი უფლების მიმართ ნდობა დაცული არ არის.[10]


6

რეგისტრირებულ არამესაკუთრეს, თუ ის არის ნივთის მფლობელი, რჩება უფლება, დააკმაყოფილოს კრედიტორი 372-ე მუხლის შესაბამისად.[11] ის ამით, 304 I, 372 მუხლების მიხედვით, თავის მფლობელობის უფლებას გამოიხსნის რეალიზაციის საფრთხისაგან. ნივთის არამფლობელ რეგისტრირებულ არამესაკუთრეს არ ემუქრება არც საკუთრების და არც მფლობელობის დაკარგვის საფრთხე. შესაბამისად, მას არ აქვს კრედიტორის დაკმაყოფილების უფლება.[12]

7

292-ე მუხლი მნიშვნელობას იძენს იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრე და პირადი მოვალე სხვადასხვა პირია.[13] მოვალე-მესაკუთრე დაკმაყოფილებას ასრულებს არა ამ დანაწესზე დაყრდნობით, როგორც იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრე, არამედ როგორც ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან ვალდებული პირი.[14]

8

კეთილსინდისიერი მესაკუთრის მიერ რეგისტრირებული არაკრედიტორის ან იპოთეკის მოწმობის არამართლზომიერი მფლობელის წინაშე შესრულებით დაკმაყოფილებულად ითვლება ნამდვილი კრედიტორი. საჯარო რეესტრის ჩანაწერის, ანდა იპოთეკის მოწმობის მფლობელის მიმართ არსებული ნდობა ამ შემთხვევაშიც დაცულია, 312 მუხლისა და 2893 I მუხლის შესაბამისად.[15]

ბ) დაკმაყოფილების უფლების წარმოშობის მომენტი

9

მესაკუთრეს კრედიტორის დაკმაყოფილების უფლება წარმოეშობა მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომის მომენტიდან, ან იმ შემთხვევაში, როდესაც პირადი მოვალე უფლებამოსილია, შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. უზრუნველყოფილი მოთხოვნა ვადამოსულია 291 II მუხლის შესაბამისად მესაკუთრისათვის მოშლის შეტყობინების მისვლიდან, ან ხელშეკრულებით წინასწარ გათვალისწინებული მომენტიდან.[16] მოთხოვნა ვადამოსულია ასევე მოვალის გაკოტრების შემთხვევაში, თუ გამონაკლისის სახით აუცილებელი არ არის მოშლა 291 II მუხლის მიხედვით.[17]

10

მეორე მხრივ, კრედიტორის დაკმაყოფილება მესაკუთრეს შეუძლია ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც პირად მოვალეს აქვს კრედიტორის სასარგებლოდ შესრულების უფლება. მაგალითად, ხელშეკრულებით შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს, რომ შესრულების უფლება მოვალეს აქვს ყოველი თვის ბოლოს ან ნებისმიერ დროს. ამგვარი დათქმის არარსებობისას, მოვალეს არ შეუძლია შესრულების განხორციელება საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით, რადგანაც 366-ე მუხლი იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე არ გამოიყენება – კრედიტორი არ უნდა იყოს ვალდებული, მიიღოს ნაადრევი შესრულება მაშინ, როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან და, ჩვეულებრივ, ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ კაპიტალდაბანდებას.[18]

2. დაკმაყოფილების ფორმები და ფარგლები

11

მესაკუთრეს კრედიტორის დასაკმაყოფილებლად შეუძლია, გამოიყენოს ყველა ის ფორმა, რომლებიც გათვალისწინებულია 427-ე და მომდევნო მუხლებში. 434-ე და მომდევნო მუხლებში გაწერილი წინაპირობების არსებობისას მესაკუთრეს აქვს კრედიტორის დეპონირებით დაკმაყოფილების უფლება. რაც შეეხება მოთხოვნათა გაქვითვას, მესაკუთრეს შეუძლია, მიმართოს ვალდებულების შეწყვეტის ამ საშუალებასაც, რის საპირისპიროდაც კრედიტორი არ არის უფლებამოსილი, მესაკუთრის მოთხოვნა გაქვითოს იპოთეკის საგნის რეალიზაციის უფლების ანგარიშში, მათი არაერთგვაროვანი ხასიათის გამო.[19]

12

მესაკუთრეს, 292 I მუხლზე დაყრდნობით, უფლება აქვს, დააკმაყოფილოს კრედიტორი მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც აგებს პასუხს იპოთეკით დატვირთული ქონებისთვის.[20]

III. მოთხოვნის გადასვლა მესაკუთრეზე, 292 II

1. ზოგადი დებულებები

13

292 II მუხლი ითვალისწინებს კანონისმიერი ცესიის (cessio legis) შემთხვევას,[21] რომელიც კრედიტორის დაკმაყოფილების (292 I) სამართლებრივი შედეგია. ამისათვის აუცილებელია, რომ მესაკუთრე და მოვალე სხვადასხვა პირი იყოს[22] და ნამდვილმა მესაკუთრემ დააკმაყოფილოს კრედიტორი.[23]

14

კრედიტორის დაკმაყოფილებისას მესაკუთრე უნდა მოქმედებდეს საკუთარი ნივთის იპოთეკისაგან გამოხსნის განზრახვით,[24] წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე მოთხოვნა არ გადავა. ამის საპირისპიროდ, როდესაც მესაკუთრე მოვალის წინაშე ვალდებულია, დააკმაყოფილოს კრედიტორი, ვინაიდან იგი მოქმედებს ნებით, – დაიხსნას მოვალე უზრუნველყოფილი მოთხოვნისგან, – ვალდებულება წყდება 427-ე მუხლის შესაბამისად.[25]

2. მოთხოვნის გადასვლა

15

კრედიტორის დაკმაყოფილებით მესაკუთრეზე გადადის შესაბამისი ვალდებულებითი მოთხოვნა.[26] ამ შემთხვევაში მესაკუთრე იძენს მოთხოვნას მოვალის მიმართ კანონის საფუძველზე,[27] ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე რეგრესული მოთხოვნისგან დამოუკიდებლად.[28]

16

სოლიდარული მოვალეების მიმართ მოთხოვნა ძალაში რჩება უცვლელი ფორმით.[29] როცა იპოთეკის საგანი რამდენიმე პირის თანასაკუთრებაშია, გადამწყვეტია ის ფაქტი, ვინ აკმაყოფილებს კრედიტორს: თუ ისინი ერთობ ლივად გამოიხსნიან უზრუნველყოფილ ქონებას, მოთხოვნა გადადის მათზე თანასაკუთრებაში წილის პროპორციულად;[30] თუ მხოლოდ ერთ-ერთი აკმაყოფილებს კრედიტორს, მაშინ მოთხოვნა მთლიანად მასზე გადადის.[31]

17

როდესაც მესაკუთრე კრედიტორს ამავე უზრუნველყოფილი ნივთით აკმაყოფილებს, მესაკუთრეზე გადადის მხოლოდ მოთხოვნა, ხოლო იპოთეკა წყდება.[32] თუ მესაკუთრე მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს მოთხოვნას (რა ნაწილშიც მისი ქონება აგებდა პასუხს), მასზე მოთხოვნა ნაწილობრივ გადადის.[33]

3. მესაკუთრის იპოთეკა

18

მესაკუთრეზე უზრუნველყოფილი მოთხოვნის გადასვლასთან ერთად, იპოთეკა ავტომატურად გარდაიქმნება მესაკუთრის იპოთეკად.[34] მართალია, მესაკუთრე ვერ მოითხოვს საკუთარი ნივთის რეალიზაციას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მაგრამ იპოთეკა, შესაძლოა, გამოსადეგი იყოს, მაგალითად, თავად მესაკუთრისთვის ნივთის შემდგომი გასხვისებისას ან ახალი კრედიტორისათვის მოთხოვნის ცესიისას.

4. მიმართება თავდებისათვის 905-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებულ უფლებამოსილებასთან

19

მოთხოვნა შესაძლოა, იპოთეკასთან ერთად უზრუნველყოფილი იყოს სხვა საშუალებებითაც, როგორიცაა, მაგალითად, თავდებობა. თავის მხრივ, თავადებსაც აქვს 905-ე მუხლით გარანტირებული უფლება, დააკმაყოფილოს კრედიტორი და მოიპოვოს ამით უზრუნველყოფილი უფლება. თუ რომელ მათგანზე უნდა გადავიდეს მოთხოვნა, არ შეიძლება დასწრებაზე იყოს დამოკიდებული.[35] ერთი შეხედულებით, თავდები უნდა ჩადგეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რადგანაც ის პირადად, მთელი თავისი ქონებით, აგებს პასუხს და არა მხოლოდ ერთი უზრუნველყოფილი ნივთით. ამიტომ, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მოთხოვნაც და იპოთეკაც მასზე უნდა გადავიდეს, ხოლო თუ მესაკუთრე დააკმაყოფილებს კრედიტორს, მას არ უნდა შეეძლოს თავდებისაგან ანაზღაურების მოთხოვნა. ამ შეხედულების საწინააღმდეგოდ, მეორე მოსაზრებით, რომელიც უფრო დამაჯერებელია, იმ პირმა, რომელიც პირველი აკმაყოფილებს კრედიტორს, უნდა მოიპოვოს მეორე უზრუნველყოფის ნახევარი, 896-ე, 905-ე, 473-ე მუხლების ანალოგიით.[36] ეს მოსაზრება ეფუძნება იპოთეკარის თავდების მსგავს მდგომარეობას და ანალოგიით ავრცელებს მასზე რამდენიმე თავდების პასუხისმგებლობის პარადიგმას,[37] რაც გამართლებულია.

5. კრედიტორისა და მოვალის დაცვა

ა) კრედიტორის დაცვა

20

მესაკუთრის მიერ 291 I, II მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენებამ არ უნდა გააუარესოს კრედიტორის მდგომარეობა.[38] შესაბამისად, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის ნაწილი და მას გადაყოლილი სანივთო უფლება, რომელიც გადავიდა მესაკუთრეზე, რანგით უკან იხევს კრედიტორის (დარჩენილ) უფლებასთან შედარებით.[39]

ბ) მოვალის დაცვა

21

მოვალეს უნარჩუნდება ყველა ის შესაგებელი, რომლებიც მას აქვს მესაკუთრესთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.[40] გარდა ამისა, მოვალეს უნარჩუნდება ასევე ის შესაგებლები, რომლებიც მას ჰქონდა კრედიტორის წინაშე (201-ე მუხლი). თუ მოვალეს შეეძლო, მოეთხოვა ანაზღაურება მესაკუთრისათვის, თუკი ის თავად დააკმაყოფილებდა კრედიტორს, მას წარმოეშობა სპეციალური შესაგებელი 298 II მუხლის ანალოგიით.[41]




  1. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 91.
  2. შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის #ას-312-294-2014 განჩინება.
  3. BGHZ 7, 123, 126.
  4. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1142, Rn. 1.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 10 სექტემბრის #ას-363-345-2015 განჩინებაში მიუთითებს, რომ, როდესაც მესაკუთრე აკმაყოფილებს კრედიტორს და შემდეგ იპოთეკის ხელშეკრულება ბათილი აღმოჩნდება, მესაკუთრის ქმედება უნდა შეფასდეს როგორც 371-ე მუხლით გათვალისწინებული (და არა 292-ით) და მას ექნება კრედიტორის მიმართ კონდიქციური მოთხოვნა.
  6. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1143, Rn. 1.
  7. RG JR 1927 Nr. 1807; BGH NJW 1990, 258.
  8. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., 2016, § 1143, Rn. 1.
  9. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1142, Rn. 6.
  10. იქვე, Rn. 7.
  11. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წელის 11 მარტის #ას-1245-1174-2012 განჩინება, სადაც სასამართლო უთითებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის მიხედვითაც, ერთმანეთისაგან გამიჯნულია 292-ე მუხლი, როგორც იმ მესაკუთრის უფლება, რომელიც არ არის პირადი მოვალე და 372-ე მუხლი, როგორც ყველა სხვა პირის უფლება.
  12. Lieder, იქვე, Rn. 7.
  13. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 91; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წელის 23 მარტის #ას-1206-1450-05 განჩინება.
  14. BGH NJW 1952, 1175; Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1142, Rn. 8.
  15. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1143, Rn. 5.
  16. Wieling, Sachenrecht, 1992, § 27 II c; Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1142, Rn. 10.
  17. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1142, Rn. 11.
  18. იქვე, Rn. 12.
  19. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1142, Rn. 16.
  20. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1142, Rn. 36.
  21. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 92.
  22. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1143, Rn. 3.
  23. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1143, Rn. 4 ff.
  24. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1143, Rn. 8.
  25. RGZ 80, 317.
  26. Wilhelm, Sachenrecht, 4. Aufl., 2010, Rn. 1670.
  27. Wieling, Sachenrecht, 1992, § 27 IV aa.
  28. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1143, Rn. 11.
  29. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1143, Rn. 8.
  30. RGZ 51, 398; KGJ 1941, 243.
  31. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1143, Rn. 11.
  32. Wilhelm, Sachenrecht, 4. Aufl., 2010, Rn. 1671.
  33. Lieder, იქვე, Rn. 23.
  34. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 92.
  35. Lieder, იქვე, Rn. 18.
  36. BGH NJW 1989, 2530; BGH NJW-RR 1991, 682.
  37. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1143, Rn. 20.
  38. იქვე, Rn. 23.
  39. RGZ 76, 198; RGZ 82, 133; RGZ 83, 404; RGZ 126, 81; Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1143, Rn. 9.
  40. Lieder, იქვე, Rn. 25.
  41. RGZ 143, 289; Lieder, იქვე.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_292._მესაკუთრის_უფლება_კრედიტორის_დაკმაყოფილებისას&oldid=2203"