Gccc-logo.png


მუხლი 293. იპოთეკის გავრცელება უძრავი ნივთის ნაყოფზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 293. იპოთეკის გავრცელება უძრავი ნივთის ნაყოფზე


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

იპოთეკა არ ვრცელდება უძრავი ნივთის ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007 წ., მუხ. 260.

I. უძრავი ნივთის ნაყოფი

1

293-ე მუხლი, რომელიც 2007 წლამდე საპირისპირო შინაარსის მქონე იყო, ამჟამად ემსახურება იპოთეკისათვის პასუხისმგებელი ქონებრივი მასიდან უძრავი ნივთის ნაყოფის (154) გამოთიშვას, თუ მხარეები საპირისპიროზე არ შეთანხმებულან. ამგვარ გადაწყვეტას რთულად თუ შეიძლება მოეძებნოს გამართლება. ეს გადაწყვეტა მიუღებელია როგორც დოგმატურ-სისტემური, ისე სამართლის პოლიტიკის კუთხით. პირველ რიგში, ის წინააღმდეგობაში მოდის პარალელურ დანაწესთან გირავნობის სამართალში (256 II), რომელიც გირავნობას მოძრავი ნივთის ნაყოფზეც ავრცელებს, გარდა ამისა, მიზანშეწონილია, უძრავი ნივთის ეკონომიკური ერთობის[1] შენარჩუნების მიზნით, ასევე ნაყოფის იპოთეკისათვის პასუხისმგებელი მასისათვის მიკუთვნება, რაც უძრავი ნივთის შემთხვევაში უფრო აქტუალურია, ვიდრე მოძრავის.

2

293-ე მუხლის გაგებით, ნაყოფში მოიაზრება ასევე არამატერიალური სარგებელიც. შესაბამისად, ე.წ. „უძრავი ნივთის გირავნობის“ ხელშეკრულებისას (რომელიც სინამდვილეში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებათა კომბინაციაა) მხარეებმა დამატებით უნდა შეათანხმონ ამ ნივთით სარგებლობის უფლება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სარგებელი იპოთეკის გამცემს უნდა დაუბრუნდეს, რაც საკმაოდ მოუხერხებელია. მხარეთა შეთანხმებით, რა თქმა უნდა, დასაშვებია ასევე უძრავი ნივთის ნაყოფზე იპოთეკის გავრცელება.

3

მესაკუთრე კარგავს უფლებას, დაიტოვოს ნაყოფი აუქციონის გამოცხადების ან სასამართლოს მიერ ნივთის რეალიზაციის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან (303) და ის იპოთეკისათვის პასუხისმგებელ ქონებრივ მასას განეკუთვნება.[2]

II. არსებითი და არაარსებითი შემადგენელი ნაწილი

4

უძრავი ნივთის არსებითი და არაარსებითი შემადგენლის ბედი ისევე უნდა გადაწყდეს, როგორც გირავნობის შემთხვევაში. იხ. ამასთან დაკავშირებით მუხ. 254, მე-11 ველი.[3]

III. საკუთვნებელი

5

293-ე მუხლი ღიად ტოვებს იპოთეკით დატვირთული ნივთის საკუთვნებლის (151) საკითხს. ერთი შეხედვით, ამ ნორმიდან უკუდასკვნით ნაყოფის დარად არც საკუთვნებელი უნდა აგებდეს პასუხს, თუმცა საკუთვნებლის სამართლებრივი ბედის გადაწყვეტისას იპოთეკისა და, ზოგადად, კრედიტის უზრუნველყოფის სამართლის სისტემატიკასთან ერთად, მისი იპოთეკისათვის პასუხისმგებელ ქონებრივ მასაში ჩართვის მიზანშეწონილობა უნდა იყოს გადამწყვეტი. მაგალითად, გირავნობის სამართალში საკუთვნებელი საპასუხისმგებლო მასიდან გამოთიშულია (იხ. მუხ. 254, მე-11 ველი). მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტა არასავალდებულოა იპოთეკის შემთხვევისათვის. პირიქით, უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ნივთის რეალიზაციისას (ან კრედიტორის საკუთრებაში გადასვლისას) ეკონომიკური და ფუნქციური ერთიანობის შენარჩუნება,[4] რაც უძრავი ნივთის შემთხვევაში გაცილებით უფრო რთულად მიღწევადია საკუთვნებლის გარეშე, მოითხოვს იპოთეკის მასზე გავრცელებასაც.[5] უძრავი ნივთის საკუთვნებელი, ჩვეულებრივ, უფრო რთულად ჩანაცვლებადია და მისი დაკარგვა უფრო მეტად არღვევს ნივთის ფუნქციურ ერთობას – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გახდება გამოუყენებელი, თუ მესაკუთრე მოსავლის დათესვის ან მოწევის მომენტისათვის მოაშორებს მასზე არსებულ მთლიან ტექნიკას. შესაბამისად, გერმანული დოქტრინის კვალდაკვალ, საქართველოშიც საკუთვნებელი უნდა მოექცეს იპოთეკისათვის პასუხისმგებელ მასაში, დამოუკიდებლად იმისა, მასზე საკუთრების მოპოვება იპოთეკის დადგენამდე მოხდა, თუ მას შემდეგ.[6] საკუთრება მიწის ნაკვეთსა და საკუთვნებელზე უნდა იყოს ურთიერთმფარავი.[7] თანასაკუთრების შემთხვევაში იპოთეკით იტვირთება მხოლოდ თანამესაკუთრის წილი საკუთვნებელზე.[8]

6

თუმცა იპოთეკის საკუთვნებელზე გავრცელების პრინციპი შეზღუდვას საჭიროებს,[9] განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი დამკვიდრება მხოლოდ სამოსამართლეო სამართალშემოქმედების ფორმით არის შესაძლებელი. შემოსაზღვრის ყველაზე გამართლებულ კრიტერიუმად კი, გერმანული სამართლის დარად (§ 1120, გსკ), მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრება უნდა იქნეს არჩეული – იპოთეკისათვის პასუხი უნდა აგოს მხოლოდ იმ საკუთვნებელმა, რომელიც დატვირთული ნივთის მესაკუთრის საკუთრებაში მოხვდა იპოთეკის დადგენამდე, ან დადგენასა და რეალიზაციას შორის შუალედში.

7

საკუთვნებლის გასხვისებისა და უძრავი ქონებისაგან მოშორების შემთხვევაში მან აღარ უნდა აგოს პასუხი იპოთეკისათვის.[10] ნივთი პასუხს არ აგებს იპოთეკისათვის, მაშინაც კი, როდესაც ის რჩება მიწის ნაკვეთზე, თუმცა მასზე საკუთრებას მოიპოვებს მესამე პირი 186 II მუხლის მე-2 ვარიანტის მიხედვით.




  1. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1120, Rn. 1.
  2. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 79.
  3. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., 2016, § 1120, Rn. 2; შდრ. იპოთეკისათვის Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1120, Rn. 3-5 და იქ მითითებული ლიტერატურა.
  4. ეს პრინციპი წითელ ხაზად გასდევს მთელ სანივთო სამართალს, შედარებისათვის საკმარისია 196-ე მუხლი.
  5. შდრ. გსკ-ის 1120-ე პარაგრაფი.
  6. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1120, Rn. 7.
  7. იქვე.
  8. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., 2016, § 1120, Rn. 6.
  9. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1115, Rn. 1; BGHZ 60, 270; BGH NJW 1996, 836.
  10. შდრ. გსკ-ის 1121-ე პარაგრაფი.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_293._იპოთეკის_გავრცელება_უძრავი_ნივთის_ნაყოფზე&oldid=2206"