Gccc-logo.png


მუხლი 294. იპოთეკით დატვირთული ნივთის მოვლის მოვალეობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 294. იპოთეკით დატვირთული ნივთის მოვლის მოვალეობა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მესაკუთრე ვალდებულია, ისე განახორციელოს ნივთის მოვლა-პატრონობა, რომ იპოთეკის მიზანს არ შეექმნას საფრთხე. საფრთხის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია, მესაკუთრეს განუსაზღვროს შესაბამისი ვადა ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. თუ იპოთეკით დატვირთულ ნივთს ფლობს კრედიტორი, ნივთის მოვლა-პატრონობის მოვალეობა მასვე ეკისრება.

2. თუ ნივთი დაზღვეულია, მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდა დამზღვევისათვის ვითარების გაუარესების შემდეგ მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც ზიანის მიყენების ფაქტის შესახებ კრედიტორს უკვე ეცნობა. კრედიტორს შეუძლია, წინ აღუდგეს თანხის გადახდას, თუ იგი შიშობს, რომ თანხა არ იქნება გამოყენებული ნივთის აღსადგენად.

3. თუ ირკვევა, რომ მესაკუთრე ვერ ასრულებს ნივთის მოვლის მოვალეობას, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის ნივთის სამართავად გადაცემა. გადაწყვეტილებას ასეთი მოთხოვნის შესახებ იღებს სასამართლო.

4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეთანხმება, რომლითაც მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, არ გაასხვისოს, არ ისარგებლოს ან სხვანაირად არ დატვირთოს უძრავი ნივთი, ბათილია. ასეთი გარიგებების ნამდვილობა მესამე პირთათვის არ შეიძლება დამოკიდებული იყოს კრედიტორების თანხმობაზე.

5. იპოთეკის ხელშეკრულებით მესაკუთრემ კრედიტორის წინაშე შეიძლება აიღოს ვალდებულება, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ დატვირთავს აღნაგობის უფლებით.

I. ზოგადი

1

294-ე მუხლი აწესრიგებს მესაკუთრის კანონისმიერ ვალდებულებებს,[1] რომლებიც მას ეკისრება ქონების იპოთეკით დატვირთვის შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ნივთის ღირებულების გაუფასურებასთან ერთად იპოთეკარი კარგავს უზრუნველყოფის საშუალებას, კანონი ამ შედეგის თავიდან აცილებისათვის სთავაზობს დაცვის მექანიზმს – ღირებულების დაკარგვის საფრთხის შემთხვევაში, მოითხოვოს საგნის მისთვის გადაცემა სამართავად.

2

294 II მუხლი სთავაზობს კრედიტორს შესაძლებლობას, იყოს ინფორმირებული ნივთის დაზიანების შესახებ და გააკონტროლოს მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის გადახდა.

3

294 IV მუხლი აწესებს გამონაკლისს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან მესაკუთრის თავისუფლების დაცვის სასარგებლოდ.[2] კრედიტორი მას ვერ აუკრძალავს ნივთის გასხვისებას, რაც შეესატყვისება სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად წესს – ვალდებულებით შეთანხმებას გაუსხვისებლობასთან დაკავშირებით სანივთო ძალა არ გააჩნია.

II. მოვლის ვალდებულება, 294 I

4

294 I მუხლი ემსახურება კრედიტორის ინტერესების დაცვას.[3] ეს დამცავი ნორმა[4] უზრუნველყოფს იპოთეკით დატვირთული ნივთის თავდაპირველ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ის საფრთხე, რომელიც კრედიტორისათვის შეიძლება წარმოშვას ნივთის მესაკუთრის მფლობელობაში დატოვებამ,[5] კომპენსირებულია იპოთეკარის მოთხოვნის უფლებით, მოითხოვოს მესაკუთრისაგან ნივთის მოვლა-პატრონობა იპოთეკის მიზნის შესაბამისად. ამგვარად, იპოთეკის საფუძველზე მესაკუთრეს წარმოეშობა კანონისმიერი ვალდებულება, იზრუნოს ნივთის ღირებულების შენარჩუნებაზე, რასაც შეესატყვისება კრედიტორის შესაბამისი მოთხოვნის უფლება.[6]

1. წინაპირობები

5

ამ დანაწესის გამოყენებისათვის საფრთხე უნდა ექმნებოდეს იპოთეკის მიზანს. აქ იგულისხმება ნივთის დაზიანება, რომლის შედეგადაც მისი ღირებულება იმდენად მცირდება, რომ ეჭვქვეშ დგება მოთხოვნის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.[7]

6

მესაკუთრე წინ უნდა აღუდგეს ნივთის სუბსტანციის ისეთ ცვლილებას (მაგ., შენობის გადაკეთება), რომელიც შეამცირებს მის საბაზრო ღირებულებას.[8] მან არა მხოლოდ არ უნდა გამოიწვიოს თავისი ქმედებით ღირებულების შემცირება, არამედ უნდა განახორციელოს ისეთი მოქმედება, რომელიც დაიცავს ნივთს გაუფასურებისგან.[9] აუცილებელია, რომ ღირებულების დაკარგვა მიზეზშედეგობრივ კავშირში იყოს მესაკუთრის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან – მესაკუთრის გარკვეული მოქმედების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების შემთხვევაში ნივთის ღირებულება არ შემცირდებოდა.

7

294 I მუხლი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არ იცვლება ნივთის სუბსტანცია, არამედ მხოლოდ მეურნეობის გაძღოლის ფორმა ან უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება მცირდება დაძველების შედეგად.[10] სხვა შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ფასის შემცირება ხდება მესაკუთრის მართლსაწინააღმდეგო თუ ბრალეული ქმედებით,[11] გამოწვეულია მესამე პირის მიერ, თუ ბუნებრივი მოვლენების შედეგად.[12] მაშინაც კი, როდესაც მესაკუთრე ნივთს ექცევა ისე, როგორც საკუთარს, იჩენს მისთვის ჩვეულ მზრუნველობას, მაგრამ ეს საკმარისი არაა ნივთის ღირებულების შესანარჩუნებლად, მოქმედებს 294 I მუხლი.

8

თუ ნივთს ფლობს იპოთეკარი, ამ შემთხვევაში, 294 I მუხლის საფუძველზე, მას წარმოეშობა ზრუნვის მოვალეობა (საკუთარი თავის წინაშე) და არა ვალდებულება. მესაკუთრეს არ აქვს იპოთეკის ურთიერთობიდან წარმომდგარი მოთხოვნის უფლება კრედიტორის მიმართ, მოუაროს ნივთს ისე, რომ არ შეექმნას კრედიტის უზრუნველყოფას საფრთხე. ეს მხოლოდ მის ინტერესებშია. თუმცა მესაკუთრე, რა თქმა უნდა, დაცულია საკუთრების დაცვის ზოგადი წესების მიხედვით.

2. სამართლებრივი შედეგები

9

თუ იპოთეკარი შეიტყობს, რომ მესაკუთრე არ უვლის სათანადოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას, მას აქვს უფლება, მისცეს მესაკუთრეს დამატებით Vადა და მოსთხოვოს იმ ქმედების შეწყვეტა, რომელიც იწვევს ნივთის ღირებულების შემცირებას, ან იმ ქმედების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ნივთის ღირებულების შენარჩუნებას, ან/და მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.[13] წინააღმდეგ შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ნივთის მისთვის გადაცემა სამართავად 294 III მუხლის შესაბამისად.

10

იმ მომენტიდან, როდესაც მესაკუთრე აღმოფხვრის ნივთზე მოქმედ უარყოფით ფაქტორებს ან უზრუნველყოფს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონება კვლავ იმავე მოცულობით უზრუნველყოფს მოთხოვნას,[14] 294 I მუხლი აღარ გამოიყენება.[15]

11

294 I მუხლით გათვალისწინებული ზრუნვისა და მოვლის ვალდებულების დარღვევა არის მართლსაწინააღმდეგო 992 მუხლის გაგებით.[16]

III. სადაზღვევო თანხის გადახდა, 294 II

12

294 II მუხლი გამოიყენება, როდესაც იპოთეკით დატვირთული საგანი დაზღვეულია. აქ არ იგულისხმება შენობაში არსებული ცალკეული ნივთების დაზღვევა.[17] როდესაც დაზღვევის ხელშეკრულებით პირდაპირ ნივთის აღდგენაა შეთანხმებული და არა თანხის გადახდა, 294 II მუხლი არ გამოიყენება.[18]

13

მზღვეველის მხრიდან დაზღვეულისათვის თანხის გადახდის უფლების წარმოშობის წინაპირობაა კრედიტორისათვის ზიანის დადგომის ფაქტის შეტყობინება. ამ დროს მზღვეველს შეუძლია, დაეყრდნოს რეესტრის ჩანაწერს და განახორციელოს ის რეგისტრირებული არაკრედიტორის მიმართაც.[19] მართალია, საქმე არ ეხება უშუალოდ განკარგვას,[20] მაგრამ ეს შეტყობინება პირდაპირ კავშირშია კრედიტორის მიერ შემდგომი სამართლებრივი ქმედებების განხორციელებასთან.

14

შეტყობინების შემდეგ მხოლოდ მაშინ აქვს მზღვეველს თანხის გადახდის უფლება, თუ კრედიტორი არ განაცხადებს ამაზე უარს. ამისათვის მას აქვს გონივრული ვადა, რომელიც საჭიროა კონკრეტულ შემთხვევაში იმის შესაფასებლად, გამოიყენებს თუ არა დაზღვეული თანხას ნივთის აღსადგენად. უარის გაცხადებას ფორმის დაცვა არ სჭირდება.[21]

15

რამდენიმე იპოთეკარის შემთხვევაში, გადახდაზე უარის თქმა მოქმედებს მხოლოდ განმცხადებელი იპოთეკარის სასარგებლოდ,[22] რის გამოც თითოეულმა მათგანმა 294 II მუხლით მინიჭებული უფლება ცალ-ცალკე უნდა გამოიყენოს.

16

თუ მზღვეველი უხდის თანხას დაზღვეულს ისე, რომ ჯერ კრედიტორს არ შეატყობინებს, ეს არ ათავისუფლებს მას ვალდებულებისაგან[23] და ევალება თავიდან შესრულება. იმ შემთხვევაში, როდესაც შეტყობინების შემდეგ კრედიტორი უარს იტყვის დაზღვეულისათვის თანხის გადაცემაზე, მზღვეველს ევალება თანხის დეპონირება როგორც იპოთეკარის, ისე მესაკუთრის სახელზე.[24] ამ შემთხვევაში სახეზეა სანივთო სუროგაცია და სადაზღვევო თანხა იკავებს 264 II მუხლის ანალოგიით იპოთეკის ადგილს.

17

თუ კრედიტორისათვის შეუტყობინებლად ან მისი უარის მიუხედავად, მზღვეველი მაინც გადაუხდის თანხას დამზღვევს და ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, გამოიყენებს მას ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად, მზღვეველი თავისუფლდება ვალდებულებისაგან და კრედიტორს არ აქვს დამატებით მოთხოვნები.

IV. ნივთის სამართავად გადაცემა, 294 III

19

294 III მუხლი პირველი ნაწილის გაგრძელებაა და დამატებით დაცვას სთავაზობს იპოთეკარს.[25] მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრე არ ასრულებს 294 I მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას, მიუხედავად კრედიტორის გაფრთხილებისა. არ აქვს მნიშვნელობა, ნივთს საფრთხე ექმნება მესაკუთრის ქმედებით თუ უმოქმედობით, როდესაც ის ვერ ახერხებს ნივთის დაცვას მესამე პირთაგან მომდინარე საფრთხისგან ან ბუნების მოვლენებისგან. მესაკუთრის ქმედების მართლწინააღმდეგობას ან მის ბრალს[26] მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა, ამის საპირისპიროდ, ნივთის მასთან ყოფნა მიზეზშედეგობრივ კავშირში უნდა იყოს იპოთეკისათვის საფრთხის შექმნასთან. თუ ნივთის კრედიტორისათვის გადაცემით არაფერი შეიცვლება (მაგალითად, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს), 294 III მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა არ წარმოიშობა.

19

294 I მუხლით გათვალისწინებული ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ კრედიტორს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს მესაკუთრის მიერ ნივთის მისთვის სამართავად გადაცემის მოთხოვნით. კრედიტორს ნივთი სამართავად უნდა გადაეცეს უვადოდ ან, კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ვადით, რომლის ამოწურვის შემდეგაც მესაკუთრე კვლავ შეძლებს ნივთის მოვლის ვალდებულების შესრულებას.

V. გასხვისების აკრძალვის დაუშვებლობა, 294 IV

20

იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დაუშვებელია ნივთის ბრუნვაუნარიანობის შეზღუდვა.[27] ამით, ერთი მხრივ, დაცულია მესაკუთრის ინტერესი და, მეორე მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა. შემძენს არ სჭირდება იმაზე ფიქრი, აქვს თუ არა მესაკუთრეს ნივთის გასხვისების უფლება, იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით.

21

294 IV მუხლის დარღვევით მიღწეული შეთანხმება ბათილია. გამორიცხულია, აგრეთვე, ნივთის დატვირთვის, გასხვისების ან სარგებლობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ან პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა.[28] ხელშეკრულებაში ასეთი ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში მისი დანარჩენი ნაწილი ნამდვილი რჩება (62).[29] თუმცა, თუ რეესტრისათვის წარდგენილი განცხადება შეიცავს ამ დებულებას და მხარეები არ აპირებენ მის ამოღებას, მაშინ რეესტრმა მთლიანად განცხადების რეგისტრაციაზე უნდა თქვას უარი,[30] რადგან რეესტრის სამსახურს არ შეუძლია განცხადების ნაწილობრივი რეგისტრაცია ან რეესტრში ისეთი დათქმის დაფიქსირება, რომელიც მის ჩანაწერს არასწორად აქცევდა.

22

კანონის იმპერატიული დანაწესები გამორიცხავს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ეფუძნება იპოთეკარის რეალიზაციის ინტერესს და აფერხებს ამ მიზნით დატვირთული ნივთის გასხვისებას, მისით სარგებლობას, შემდგომ დატვირთვას ან ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მას.[31] სხვა სახის შეთანხმება, რომელიც იპოთეკასთან პირდაპირ კავშირში არ არის, ნამდვილია, მაშინაც კი, როდესაც ხელშეკრულების მეორე მხარე იპოთეკარია.[32] ასე, მაგალითად, შეთანხმება უპირატესი შესყიდვის[33] ან მიწის ნაკვეთის დანაწევრების, ან გაერთიანების გამორიცხვის შესახებ[34] ნამდვილია.

23

როცა სადავოა ისეთი ჩანაწერის ნამდვილობა, რომელიც ნივთის გასხვისებას, დატვირთვას ან სარგებლობას ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად ასახელებს, ერთი მოსაზრებით, ასეთი შეთანხმებაც ბათილია.[35] ამ მოსაზრების საპირისპიროდ გაუმართლებელი ჩანს ერთიანად ყველა მსგავსი ჩანაწერის ნამდვილობაზე უარის თქმა. ამოსავალი წერტილი 294 IV მუხლის გამოყენებისა არის ის, რომ კრედიტორის გაბატონებული პოზიცია, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის მესაკუთრის მხრიდან ქონების განკარგვას. ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს, სახეზეა თუ არა განკარგვის უფლებამოსილების ამ ინტენსივობით შეზღუდვა და, შესაბამისად, შეთანხმების გაბათილების საფუძველი[36] – მოშლის შეთანხმება მხოლოდ მაშინ არის არანამდვილი, თუ ის მესაკუთრის თავისუფლებას ზღუდავს იმგვარად, რომ ფაქტობრივად უთანაბრდება გასხვისებისა და დატვირთვის აკრძალვას, მაგალითად, თუ მოშლა მესაკუთრეს ეკონომიკურად ისე მძიმე და უიმედო მდგომარეობაში აყენებს, რომ ის რეალურად არასოდეს გაასხვისებს დატვირთულ ნივთს.[37]

24

294 IV მუხლით დადგენილი წესიდან მუხლის მეხუთე ნაწილში თავად კანონმდებელი უშვებს გამონაკლისს. მესაკუთრეს შეიძლება აეკრძალოს აღნაგობის უფლებით მიწის ნაკვეთის დატვირთვა.




  1. Wieling, Sachenrecht, 1992, § 29 II b.
  2. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1136, Rn. 1.
  3. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1133, Rn. 1.
  4. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1133, Rn. 21.
  5. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 90.
  6. იქვე, გვ. 91.
  7. იქვე.
  8. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1133, Rn. 3.
  9. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 340.
  10. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1133, Rn. 7.
  11. Wolfsteiner, in Staudinger BGB, 16 Aufl., 2015, § 1133, Rn. 6.
  12. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1133, Rn. 3.
  13. Wieling, Sachenrecht, 1992, § 29 I b.
  14. მაგალითად, გერმანიის სამოქალაქო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრე დამატებითი ქონებით უზრუნველყოფს მოთხოვნას. ამასთან დაკავშირებით იხ. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1133, Rn. 6.
  15. Lieder, in MьKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1133, Rn. 1.
  16. BGH NJW 1976, 189; BGH NJW 1989, 1034; BGH NJW 1991, 695.
  17. Wolfsteiner, in Staudinger BGB, 16 Aufl., 2015, § 1128, Rn. 24.
  18. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1128, Rn. 2.
  19. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 75. Aufl., 2016, § 1128 Rn. 7.
  20. Lieder, იქვე, Rn. 8.
  21. OLG Königsberg OLGE 26, 147 f.
  22. Wolfsteiner, in Staudinger BGB, 16 Aufl., 2015, § 1128, Rn. 24.
  23. Lieder, იქვე, Rn. 14.
  24. Wolfsteiner, იქვე, Rn. 15.
  25. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1134, Rn. 1.
  26. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1134, Rn. 4.
  27. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1136, Rn. 1.
  28. Wolfsteiner, in Staudinger BGB, 16 Aufl., 2015, § 1136, Rn. 7.
  29. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1136, Rn. 2.
  30. OLG München JFG 20, 239.
  31. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1136, Rn. 4.
  32. BGH MDR 1966, 756; RGZ 55, 78.
  33. Bassenge, in Palandt, 75. Aufl., 2016, § 1136, Rn. 1.
  34. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1136, Rn. 6.
  35. BGH NJW 1980, 1625; OLG Frankfurt WM 1977, 1291; OLG Hamm Rpfl eger 1979, 405; BayObLG DNotZ 1981, 128.
  36. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1136, Rn. 6.
  37. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1136, Rn. 8.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_294._იპოთეკით_დატვირთული_ნივთის_მოვლის_მოვალეობა&oldid=2208"