Gccc-logo.png


მუხლი 3. სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 3. სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ძალაში შედიან მხოლოდ დადგენილი წესით ოფიციალურ ორგანოში საყოველთაო გაცნობისათვის მათი გამოქვეყნების შემდეგ.

2. კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.

3. კანონი კარგავს ძალას, თუ ამის შესახებ პირდაპირ უთითებს ახალი კანონი, ან ძველი ეწინააღმდეგება ახალს, ან ახალი კანონი მოიცავს ძველით მოწესრიგებულ ურთიერთობას, ანდა, თუ აღარ არსებობს ის ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებდა კანონი.

4. ზოგადი ხასიათის კანონი არ აუქმებს სპეციალურ კანონს, თუ ამგვარი გაუქმება არ წარმოადგენს კანონმდებლის პირდაპირ მიზანს.

5. იმ კანონის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი კანონი, არ ნიშნავს ძველი კანონის ამოქმედებას.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1. მიზანი და გამოყენების სფერო

1

მე-3 მუხლი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების ძალაში შესვლის, გაუქმებისა და კანონის ცოდნის პრეზუმფციის ზოგად დებულებებს და მას რაიმე მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური დანიშნულება და ფუნქცია არ გააჩნია.

მე-3 მუხლში მოცემული ნორმები საერთოა მთლიანად სამართლის სისტემისათვის და ისინი შეიცავენ კანონის დროში მოქმედების უნივერსალურ წესებს. შესაბამისად, ეს საკითხები უფრო დაწვრილებით არის მოწესრიგებული კანონში ნორმატიული აქტების შესახებ.[1]

კანონის მოქმედება დროში განისაზღვრება კანონის ამოქმედებისა და მისი ძალადაკარგულად აღიარების დროს შორის არსებული დროის მონაკვეთით.[2]

2. კავშირი სხვა ნორმებთან

2

მე-3 მუხლი განხილულ უნდა იქნეს, ერთი მხრივ, მე-2, მე-5 და მე-6 მუხლებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 22-ე მუხლთან. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სპეციალურ კანონს და სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს სპეციალურ კანონს, როგორც უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს.

II. ნორმატიული აქტის შესვლა ძალაში (3 I)

1. ნორმატიული აქტები

3

ნორმატიული აქტის ლეგალურ დეფინიციას განამტკიცებს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 2 III მუხლი, რომლის მიხედვითაც ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესებს.

თავის მხრივ ნორმატიული აქტები იყოფა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად (ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 7 I მუხლი).

2. დადგენილი წესით გამოქვეყნება

4

3 I მუხლის მიხედვით, ნორმატიული აქტები ძალაში შედის მხოლოდ დადგენილი წესით ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნების შემდეგ.

ნორმატიული აქტების გამოქვეყნების დადგენილი წესი მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის 68-ე და ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 22-ე და 27-ე მუხლებში.

5

ნორმატიული აქტის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე პირველად განთავსება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს (ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 26 I მუხლი).

6

საერთო წესის მიხედვით, ნორმატიული აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიულ აქტებში ძალაში შესვლის სხვა ვადა არ არის მითითებული (ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 23 I მუხლი) ანდა მოცემული აქტისათვის არ არის დადგენილი ძალაში შესვლის სპეციალური ვადა, მაგალითად, საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს (ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 23 III მუხლი). ჩვეულებრივ, ნორმატიულ აქტში მიეთითება მისი ძალაში შესვლის ვადა, მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის დრო არის 1997 წლის 25 ნოემბერი (1504).

თუ კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე — ეს ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს 24 საათზე (ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 22 II მუხლი).

3. საყოველთაო გაცნობა

7

ნორმატიული აქტების გამოქვეყნება, როგორც ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის კონსტიტუციური წინაპირობა, მიზნად ისახავს ამ აქტის მოსახლეობისათვის საყოველთაოდ გაცნობის უზრუნველყოფას. დადგენილი წესით ნორმატიული აქტის გამოქვეყნება გულისხმობს, რომ მოცემული აქტი მოსახლეობისათვის უკვე ხელმისაწვდომია.[3]

გარდა ოფიციალური გამოქვეყნებისა, შესაძლებელია ნორმატიული აქტების გამოცემა კერძო გამომცემლობების მიერ. ნორმატიული აქტები განეკუთვნება ისეთ ნაწარმოებთა კატეგორიას, რომლებზეც არ ვრცელდება საავტორო უფლება და ამიტომ მათი ტირაჟირება და გამოცემა დასაშვებია ნებისმიერი გამომცემლობისათვის.

8

საყოველთაო გაცნობისათვის ნორმატიული აქტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულია კანონის ცოდნის პრეზუმფცია, რომელიც მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს იწვევს (3 II), კერძოდ, ივარაუდება, რომ გამოქვეყნებული კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომია.

III. კანონის არცოდნის ან არასადანადოდ გაგების სამართლებრივი შედეგები (3 II)

1. შესავალი

9

3 II მუხლი რომის სამართლიდან მომდინარე ორ მნიშვნელოვან პრინციპს განამტკიცებს: პირველი, კანონის გამოუყენებლობის დაუშვებლობა და, მეორე, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დაუშვებლობა კანონის არცოდნის გამო.

კანონის ამ ორ პრინციპს ორი განსხვავებული ადრესატი ჰყავს: პირველი პრინციპი ეხება მოსამართლეს, რომელმაც კანონი უნდა გამოიყენოს, ხოლო მეორე – კერძო პირს, რომელმაც არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ან სხვაგვარად არამართლზომიერად მიაყენა ზიანი სხვა პირს.

2. კანონის გამოუყენებლობის დაუშვებლობა

10

კანონის გამოუყენებლობის დაუშვებლობას საფუძვლად უდევს რომის სამართლის პრინციპი iura novit curia – სასამართლომ იცის კანონი. უმთავრესად საპროცესო სამართალში გამოყენებადი ეს პრინციპი მოსამართლეს ავალდებულებს კანონის ცოდნას, მაგრამ იმავე ვალდებულებას არ აკისრებს კერძო პირს: მისთვის საკმარისია მოსამართლის წინაშე მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

11

მოსამართლეს არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე კანონის არცოდნის ან მისი არასათანადოდ გაგების მომიზეზებით. მსგავს აკრძალვას შეიცავს 4 I და II მუხლებიც. მოსამართლე არა მარტო ვალდებულია იცოდეს კანონი, არამედ უნდა გამოიყენოს კიდევაც ეს კანონი. იგი ვალდებულია მოძებნოს დავის გადასაწყვეტად სათანადო კანონი და მისი ნორმა. კანონის გამოუყენებლობა იქნება მოსამართლის მიერ კონსტიტუციური მოვალეობის შეუსრულებლობა.

12

გამონაკლისი ამ ზოგადი წესიდან მოქმედებს სასამართლოს მიერ სხვა ქვეყნის სამართლის გამოყენებისას, რადგან აღიარებული წესის მიხედვით მოსამართლე არ არის ვალდებული იცოდეს უცხო ქვეყნის სამართალი.

3. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დაუშვებლობა

13

კანონის არცოდნის გამო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას თანამედროვე სამართალი არ იცნობს. აღნიშნული აკრძალვაც რომის სამართლის პრინციპებს განეკუთვნება – Ignorantia legis non excusatკანონის არცოდნა არ ამართლებს. სხვა სიტყვებით, სამართლის უცოდინრობა ან შეცდომა არ არის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრინციპი უმთავრესად სისხლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალში გამოიყენება, 3 II მუხლს საფუძვლად დაედო ავსტრიის ზოგადი სამოქალაქო კოდექსის § 2, რომლის თანახმად, „კანონის სათანადოდ გამოქვეყნების მომენტიდან არავის არ შეუძლია თავი იმართლოს იმით, რომ კანონი მისთვის უცნობი იყო“. მოქმედი კანონის გამოყენება, აღიარებული შეხედულების თანახმად, არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული.[4]

14

მართალია, რიგითი მოქალაქე არ არის ვალდებული იცოდეს კანონი, მაგრამ კანონის არცოდნა მას არ ათავისუფლებს არც ერთი სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების, მათ შორის სახელშეკრულებო ვალდებულების, შესრულებისაგან.[5]

IV. კანონის გამოცხადება ძალადაკარგულად (3 III)

1. ნორმის მიზანი და საგანი

15

კანონის ამოქმედებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ძალადაკარგულად კანონის გამოცხადება. 3 III მუხლი შეიცავს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების რამდენიმე შემთხვევას, რომლებიც ასევე გათვალისწინებულია ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 25-ე მუხლში.

3 III მუხლის გარდა, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებით კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხები კონკრეტულად მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის გარდამავალ დებულებებში (1505-1507).

16

3 III მუხლი უთითებს კანონის ძალის დაკარგვის რამდენიმე საფუძველზე: ძველი კანონის გაუქმების შესახებ პირდაპირი მითითება ახალ კანონში, კოლიზია ძველსა და ახალ კანონს შორის, ძველი ურთიერთობის მოწესრიგება ახალი კანონით, მოსაწესრიგებელი ურთიერთობის არარსებობა. ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და მას მხოლოდ საორიენტაციო ფუნქცია აქვს.

2. პირდაპირ მითითება ახალ კანონში

17

სამოქალაქო ნორმების გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია ახალი კანონის გამოცემა, რომელიც აუქმებს ძველ კანონს.[6] გაუქმების შესახებ პირდაპირ უნდა იყოს მითითებული ახალ კანონში ან ახალი კანონი უნდა აწესრიგებდეს ძველი კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობას. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლში ჩამოთვლილია სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შედეგად გაუქმებული კანონები.

კანონი შეიძლება კონკრეტულად არ შეიცავდეს ძალადაკარგული კანონების ნუსხას, მაგრამ ზოგადად უთითებდეს გარკვეული კატეგორიის ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე. მაგალითად, 1506 I მუხლი ძალადაკარგულად აცხადებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს. საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი ნორმატიული აქტი არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსს, უნდა გადაწყდეს ინტერპრეტაციის საფუძველზე.[7]

3. კოლიზია ძველსა და ახალ კანონს შორის

18

ძალადაკარგულად კანონის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველია კოლიზია ძველსა და ახალ კანონებს შორის. კერძოდ, თუ ძველი კანონი ეწინააღმდეგება ახალ კანონს, ძველი კანონი მიიჩნევა ძალადაკარგულად. ამ დროს ახალი კანონი არ შეიცავს მითითებას იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი კანონი უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად. თვით კოლიზიის ფაქტი ხდება ძველი კანონის გაუქმების საფუძველი.

თუ ახალი კანონი ზოგადი ხასიათის კანონია, მისი ამოქმედება არ იწვევს მოქმედი სპეციალური კანონის გაუქმებას (3 IV). ამ ნორმის გამოყენებისას პრობლემად რჩება იმ საკითხის გარკვევა, თუ რომელი კანონი უნდა ჩაითვალოს სპეციალურად და რომელი ზოგადად.

19

ზოგადი ხასიათის კანონი მხოლოდ ერთ შემთხვევაში აუქმებს სპეციალურ კანონს: თუკი სპეციალური კანონის გაუქმება წარმოადგენს კანონმდებლის პირდაპირ მიზანს (3 IV). დასაზუსტებელია, თუ როგორ უნდა გამოიხატებოდეს „კანონმდებლის პირდაპირი მიზანი“. თუ ახალი კანონი პირდაპირ უთითებს გასაუქმებელ კანონზე, მაშინ სახეზე იქნება 3 III მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, მაგალითად, 1505-ე მუხლმა გააუქმა ისეთი სპეციალური კანონები, როგორიც იყო კანონი საკუთრების უფლების შესახებ ან საბინაო კოდექსი.

4. ძველი ურთიერთობის მოწესრიგება ახალი კანონით

20

კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება ახალი კანონით იწვევს ძველი კანონის გამოცხადებას ძალადაკარგულად. ზოგადი წესის მიხედვით, ახალი კანონი, მათ შორის სამოქალაქო კოდექსი, ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა კანონის (კოდექსის) ამოქმედების შემდეგ (1507 I) და ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გავრცელდება. ამიტომ ეს საკითხი კავშირშია კანონის უკუქცევითი ძალის საკითხთან (6).

ჩვეულებრივ, ახალი კანონი შეიცავს მითითებას წარსულში წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომლებიც უნდა მოაწესრიგოს ახალმა კანონმა, მაგალი- თად, 1507 III მუხლი.

21

ახალი კანონი შეიძლება არც შეიცავდეს მითითებას ახალი კანონით მოსაწესრიგებელ, მაგრამ ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე. ასეთ შემთხვევაში ინტერპრეტაციის საფუძველზე უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა ახალი კანონის მიღება მოქმედი კანონის გაუქმებას.

5. ურთიერთობის არარსებობა

22

კანონი ძალადაკარგულად ითვლება მაშინაც, როცა აღარ არსებობს კანონით მოსაწესრიგებელი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, ძველი კანონი ფორმალურად გაუქმებულია თუ არა. მაგალითად, საკოლმეურნეო ურთიერთობების გაუქმებამ გამოიწვია ყველა იმ საკანონმდებლო აქტის ფაქტობრივი გაუქმება, რომლებიც ამ ურთიერთობებს აწესრიგებდა, მიუხედავად იმისა, ოფიციალურად გაუქმდა ეს აქტები თუ არა.

V. ახალი კანონის გაუქმების შედეგი (3 V)

23

მართალია, ახალი კანონის ძალაში შესვლა იწვევს ძველი კანონის გაუქმებას, მიუხედავად ძალადაკარგულად გამოცხადების კონკრეტული საფუძვლებისა, მაგრამ ახალი კანონის გაუქმება, რაც პრაქტიკაში არ არის იშვიათობა, ავტომატურად არ ხდება ძალადაკარგული კანონის ამოქმედების საფუძველი. მაგალითად, 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის გაუქმება არ გამოიწვევს 1964 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის ამოქმედებას.




  1. შდრ. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, 22-ე მუხლი.
  2. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 59.
  3. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ოფიციალურ ტექსტებზე, რომელთაც კანონებიც განეკუთვნება, არ ვრცელდება საავტორო უფლებები.
  4. შდრ. Koziol/Bydlinski/Bollenberger, Kurzkommentar zum AGBG, 2. Aufl., 2007, S. 2-3.
  5. შდრ. „No man shall, under the pretence of ignorance oft he law, excuse himself from the performance of his obligations“: Festschrift für Hans Stoll zum 75. Geburtstag, 2001, S. 105, Fn. 174.
  6. შდრ. ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ბ ქვეპუნქტს.
  7. შდრ. ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტს.


ანონიმური მკითხველი #1

19 თვის წინ
შეფასება: 0++
საინტერესოა

ანონიმური მკითხველი #2

8 თვის წინ
შეფასება: 0 თქვენ
თუ კი გაუქმდა ახალი კანონი, რომელსაც გაუქმებული ჰქონდა ძველი კანონო და ახალი კანონის გაუქმების შემდეგ არ დარჩა ნორმა რომელიც მოაწესრიგებს გაუქმებული კანონით რეგულირებულ ურთიერთობებს რა უნდა მოხდეს მაშიინ? ანალოგით უნდა მოწესრიგდეს მსგავსი ურთიერთობაა?
დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_3._სამოქალაქო_კანონის_შესვლა_ძალაში&oldid=712"