Gccc-logo.png


მუხლი 302. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 302. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია


ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით. შეთანხმებით განისაზღვრება სპეციალისტის ანაზღაურება.

1¹. სპეციალისტის მიერ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ნივთის აუქციონზე რეალიზაცია არ ითვლება იძულებით აღსრულებად.

2. ყოველი დათქმა, რომელიც მესამე პირებს მათი თანხმობის გარეშე აკისრებს ვალდებულებებს, ბათილია, რაც არ იწვევს აუქციონის შესახებ შეთანხმების ბათილობას.

3. კრედიტორისა და მესაკუთრის შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს აუქციონისაგან განსხვავებული რეალიზაციის ფორმა.

3¹. კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

4. თუ კრედიტორი და მესაკუთრე ვერ თანხმდებიან აუქციონის ჩატარებაზე ან უძრავი ნივთის რეალიზაციის სხვა ფორმაზე, სასამართლო კრედიტორის განცხადების საფუძველზე წყვეტს უძრავი ნივთის აუქციონზე იძულებით გაყიდვის საკითხს. სასამართლოს გადაწყვეტილება უძრავი ნივთის აუქციონზე იძულებით გაყიდვის შესახებ აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5. სპეციალისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი, მათ შორის, კრედიტორი, მოვალე ან მესაკუთრე.

6. სპეციალისტი ვალდებულია, აუქციონის შესახებ შეატყობინოს საჯარო რეესტრში შეყვანილ უფლებამოსილ პირებს.

7. ყადაღადადებული ნივთის სპეციალისტის მეშვეობით რეალიზაცია დაუშვებელია.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების რეგულირების საგანი

1

მუხლის ნორმები ადგენს იპოთეკარის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციის ფორმებს, რომლებსაც მიეკუთვნება: იპოთეკის საგნის რეალიზაცია სპეციალისტის მეშვეობით უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის გზით, იპოთეკის საგნის რეალიზაცია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და იპოთეკის საგნის აუქციონზე იძულებით გაყიდვა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია

2

301-ე მუხლის მსგავსად, მუხლის თავდაპირველი რედაქციაც არაერთხელ შეიცვალა. პირველად იგი შეიცვალა 2007 წლის 29 ივნისის #5127 კანონით. ამ კანონით თავდაპირველად ორნაწილიანი მუხლი მთლიანად შეიცვალა და ჩამოყალიბდა მუხლის ახალი ექვსნაწილიანი რედაქციით. ცვლილების შედეგად გაუქმდა მუხლის თავდაპირველი რედაქციის მე-2 ნაწილის ნორმა, რომლის თანახმადაც უძრავი ნივთის იპოთეკარის საკუთრებაში პირდაპირ გადასვლის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმება ბათილად მიიჩნეოდა. შემდგომში 2008 წლის 15 ივლისის #219 და 2008 წლის 19 დეკემბრის #826 კანონებით შეიცვალა მუხლის მე-4 ნაწილი; გარდა ამისა, შეიცვალა მუხლის მე-6 ნაწილიც. 2009 წლის 4 დეკემბრის #2284 კანონით მუხლს დაემატა 3¹ ნაწილი, ხოლო მუხლის საბოლოო რედაქცია ჩამოყალიბდა 2010 წლის 6 ივლისის #3368 კანონით, რომლითაც მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი.

II. იპოთეკის საგნის რეალიზაცია სპეციალისტის მეშვეობით უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის გზით

1. ზოგადი დებულებები

3

მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაცია სპეციალისტის მეშვეობით ჩატარებული აუქციონით არ ითვლება იძულებით აღსრულებად (302 I¹) და ასევე სპეციალისტს ეკრძალება ყადაღადადებული უძრავი ნივთის რეალიზაცია (302 VII), სპეციალისტის მეშვეობით უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვა იპოთეკის საგნის რეალიზაციის პრაქტიკაში მაინც ყველაზე გავრცელებული ფორმაა. რეალიზაციის ამ ფორმის პოპულარულობა განპირობებულია, ძირითადად, მისი პროცედურის სიმარტივითა და ეფექტურობით; აუქციონის ჩატარების პროცედურის არსებითი პირობები დეტალურად გაწერილია სამოქალაქო კოდექსის 306-ე–309-ე მუხლებში.

2. წინაპირობები

4

სპეციალისტის მეშვეობით უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის პროცედურის მოქმედების წინაპირობებია:

- სპეციალისტის ქმედუნარიანობა. ამავე დროს, ის შეიძლება იყოს როგორც იპოთეკარი, ისე მოვალე ან იპოთეკის საგნის მესაკუთრე;

- იპოთეკარისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის პირდაპირი შეთანხმება იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკის საგნის რეალიზაციის ამ ფორმაზე;

- სპეციალისტად დანიშნული პირის თანხმობა.

ზემოაღნიშნული სამივე წინაპირობის ერთდროულად არსებობა აუცილებელია სპეციალისტის მეშვეობით უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის კანონიერებისათვის.

III. იპოთეკის საგნის რეალიზაცია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე

1. ზოგადი დებულებები

5

იპოთეკის საგნის რეალიზაცია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ანალოგიურია 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესისა გირავნობის უფლების მიმართ; რეალიზაციის ეს ფორმა ძალზე სწრაფი და ქმედითი ინსტრუმენტია იპოთეკარის ინტერესების დასაცავად; მასზე შეთანხმებით იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავიდან აიცილონ (ხშირად სრულიად უპერსპექტივო) გაჭიანურებული და ძვირადღირებული სასამართლო დავა.

2. წინაპირობები

6

ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის წინაპირობებია:

- იპოთეკარისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის პირდაპირი შეთანხმება იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკის საგნის რეალიზაციის ამ ფორმაზე;

- ნოტარიუსის მიერ იპოთეკის ხელშეკრულების დადასტურება. ამასთან, 2009 წლის 4 დეკემბრის „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად, იპოთეკის ხელშეკრულების დამმოწმებელ სანოტარო აქტში ნოტარიუსის მიერ წერილობით უნდა იყოს განმარტებული სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს თავად სანოტარო აქტი. ამასთან, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე („ნოტარიატის შესახებ“ 2009 წლის 4 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-40 მუხლის I, II ნაწილები).

IV. იპოთეკის საგნის აუქციონზე იძულებით გაყიდვა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე

7

იპოთეკის საგნის აუქციონზე იძულებით გაყიდვა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის ყველაზე „უხეში“ ფორმაა. ასეთ ფორმას იპოთეკარი მიმართავს, როგორც წესი, იმ შემთხვევაში, როდესაც იპოთეკის საგნის მესაკუთრე უარს აცხადებს კრედიტორთან თანამშრომლობაზე და, შესაბამისად, მხარეები ვერ თანხმდებიან აუქციონის ჩატარებაზე ან იპოთეკის საგნის რეალიზაციის სხვა ფორმაზე. სასამართლოს კრედიტორი მიმართავს წერილობითი განცხადებით. სასამართლო გადაწყვეტილებას იპოთეკის საგნის იძულებითი გაყიდვის შესახებ აღასრულებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_302._იპოთეკით_დატვირთული_უძრავი_ნივთის_რეალიზაცია&oldid=2129"