Gccc-logo.png


მუხლი 304. აუქციონის თავიდან აცილება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 304. აუქციონის თავიდან აცილება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მესაკუთრეს ან ნებისმიერ პირს მესაკუთრესთან შეთანხმებით ან/და მესამე პირს, რომლის უფლებაც შეიძლება შეილახოს აუქციონის შედეგად, უფლება აქვს, აუქციონის ჩატარებამდე მოთხოვნის დაკმაყოფილებით თავიდან აიცილოს აუქციონი.

2. მესამე პირის უფლების შელახვის ფაქტს ადგენს სასამართლო.

I. ზოგადი დებულებები

1

304-ე მუხლი, 372-ე მუხლთან შედარებით, აფართოებს იმ პირთა დაცვის ფარგლებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ აუქციონზე გატანილ იპოთეკის საგანზე სანივთო უფლება ან მფლობელობა. ამ პირებს ენიჭებათ უფლება, იპოთეკარის დაკმაყოფილების გზით თავიდან აიცილონ უფლების დაკარგვა („გამოხსნის უფლება“), რაც მათ ემუქრებათ აუქციონის შედეგად.[1] ამგვარად ხდება ასევე იძულებითი აღსრულებისა თუ კერძოსამართლებრივი აუქციონის ხარჯების დაზოგვა.[2]

2

ამავდროულად, დაცული უნდა იყოს იპოთეკარის უფლებებიც – ის არ უნდა ჩადგეს უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე იმ შემთხვევაში, მესაკუთრეს თავად რომ ემოქმედა. ამგვარად, მესამე პირმა გამოხსნის უფლება უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას გააკეთებდა მესაკუთრე.[3]

3

304-ე მუხლის შეცვლა სანივთო ძალით – იმგვარად, რომ მესამე პირმა დაკარგოს გამოხსნის უფლება – შეუძლებელია.[4]

4

304-ე მუხლი გამოიყენება როგორც 302-ე და შემდგომი მუხლების მიხედვით მოწყობილი კერძოსამართლებრივი აუქციონის, ასევე იძულებითი აუქციონის შემთხვევაში.

5

გარდა ამისა, 304-ე მუხლი მესამე პირს ანიჭებს იპოთეკის საგნის გამოხსნის უფლებას მესაკუთრესთან შეთანხმებით, უფლების შელახვის, როგორც წინაპირობის, არსებობისაგან დამოუკიდებლად.

II. გამოხსნის უფლების წინაპირობები

6

304-ე მუხლის მიხედვით გამოხსნის უფლების წინაპირობაა იპოთეკარის მხრიდან ნივთის აუქციონზე გატანის მოთხოვნა.[5] იპოთეკა უნდა იყოს ვადამოსული.[6] აუცილებელი არ არის, იპოთეკის უფლებასთან დაკავშირებით წამოწყებული იყოს სამართლებრივი დავა ან დაწყებული იყოს თავად აუქციონი. მოშლა კრედიტორის მხრიდან, თუ ეს იპოთეკის ვადამოსულობის წინაპირობაა, საკმარისია,[7] ისევე, როგორც გაფრთხილება[8] ან იპოთეკარსა და მესაკუთრეს შორის კერძოსამართლებრივი აუქციონის შეთანხმება.[9]

7

თუ კრედიტორი იძულებით აღსრულებას ახორციელებს არა იპოთეკის უფლების, არამედ უზრუნველყოფილი მოთხოვნის საფუძველზე, ამ შემთხვევაში მესაკუთრეს ან მესამე პირს მხოლოდ 372-ე მუხლით მინიჭებული უფლებები აქვს.[10]

III. მესამე პირი

1. მესაკუთრე და მასთან შეთანხმებით მოქმედი მესამე პირი

8

იპოთეკით დატვირთული საგნის მესაკუთრეს ზემოთ მოყვანილი წინაპირობების არსებობისას ყოველთვის აქვს გამოხსნის უფლება. ამ შემთხვევაში 304 I მუხლი, 292 I მუხლთან შედარებით, არსობრივად არაფერს ახალს არ გვთავაზობს (იხ. რეგისტრირებული მფლობელი არამესაკუთრის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით მუხ. 292, მე-6 ველი).

9

მესამე პირს, რომელიც მოქმედებს მესაკუთრესთან შეთანხმებით, გამოხსნის უფლება ენიჭება მისი პირადი უფლების შელახვის ფაქტისაგან დამოუკიდებლად. ამ შემთხვევაში მესამე პირის გამოხსნის უფლება ნაწარმოებია თავად მესაკუთრის უფლებისაგან, რის გამოც აუცილებელია, მას თავად ჰქონდეს ეს გამოხსნის უფლება (შდრ. ზემოთ).

2. მესამე პირის უფლების შელახვა

10

მესამე პირს მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე ნივთის გამოხსნის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას იპოთეკის საგნის აუქციონზე გატანით ემუქრება ნივთზე სანივთო პოზიციის ან თუნდაც მხოლოდ მფლობელობის[11] – დამქირავებელი, მოიჯარე – დაკარგვა ან სხვაგვარად შემცირება. ეს პირი შეიძლება იყოს მომდევნო რიგის იპოთეკარიც ან სხვა სანივთო უფლების მფლობელი, რომელიც ქარწყლდება ნივთზე მისი აუქციონზე გასხვისების შემდეგ.[12]

11

გამოხსნის უფლების წინაპირობა არ არის უფლებამოსილი პირის მიერ აუქციონის თავიდან აცილების მიზანი.[13] სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფიდან გამომდინარე, უმნიშვნელო უნდა იყოს „გამომხსნელი“ პირის სუბიექტური ნება.[14] თუმცა აუცილებელია, რომ გამოხსნის უფლების გამოყენებით ობიექტურად შესაძლებელი იყოს აუქციონის თავიდან აცილება.[15] აუქციონის დასრულებასთან ერთად ქარწყლდება ასევე გამოხსნის უფლება.[16]

12

უფლების შელახვის საფრთხეს ადგენს სასამართლო აღიარებითი სარჩელის საფუძველზე. მესამე პირი ატარებს მტკიცების ტვირთს გამოხსნის უფლების, ასევე სხვა წინაპირობების არსებობისათვისაც.[17] კრედიტორის პიროვნებასთან დაკავშირებით მის სასარგებლოდ მოქმედებს პრეზუმფცია 312-ე მუხლის მიხედვით[18] – რეგისტრირებული იპოთეკარი გამომხსნელის ინტერესებში ითვლება ასეთად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე.

IV. კრედიტორის დაკმაყოფილება

13

ნივთის გამოხსნა ხდება კრედიტორის დაკმაყოფილების გზით. ის შეიძლება განხორციელდეს დეპონირების ან გაქვითვის მეშვეობით. გამოხსნის უფლების მქონეს შეუძლია, მისი ეფექტის დადგომა გახადოს ცალმხრივად რაიმე პირობაზე დამოკიდებული. არ არის აუცილებელი, რომ პირობა მოთხოვნის არსებობას უკავშირდებოდეს.[19] იპოთეკარს შეუძლია, უარი თქვას ამგვარ პირობადებულ გადახდაზე. თუმცა, თუ ის იღებს ამ გადახდას, მაშინ გამოხსნა ნამდვილი ხდება მხოლოდ პირობის დადგომის შემდეგ.[20]

V. სამართლებრივი შედეგი

14

როდესაც მესაკუთრე აკმაყოფილებს კრედიტორს და ის და პირადი მოვალე ერთი და იგივე პირია, უზრუნველყოფილი ვალდებულება წყდება და მესაკუთრეზე გადადის იპოთეკა 288-ე მუხლის შესაბამისად. როდესაც მესაკუთრე და პირადი მოვალე სხვადასხვა პირია, გამოიყენება 292-ე მუხლი და მესაკუთრეზე გადადის იპოთეკაც და უზრუნველყოფილი მოთხოვნაც.

15

როდესაც კრედიტორს აკმაყოფილებს მესამე პირი, მასზე გადადის უზრუნველყოფილი მოთხოვნა 372 II მუხლის შესაბამისად და მიჰყვება იპოთეკა კანონის ძალით (201 I, 295).[21] როდესაც ნივთის რეალიზება ხდება არა იძულებითი აღსრულების ფარგლებში, არამედ მხარეთა შეთანხმებული აუქციონით, გამოიყენება 372 II მუხლი ანალოგიით.

16

კრედიტორის დაკმაყოფილების შემდეგ აუქციონი, შესაბამისად, წყდება ან უქმდება.




  1. RGZ 123, 340.
  2. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1150, Rn. 1; Wolfsteiner, in Staudinger BGB, 16. Aufl., 2015, § 1150, Rn. 1.
  3. BGH NJW 1990, 260.
  4. Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1150, Rn. 1.
  5. BGH NJW 1994, 1475.
  6. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1150, Rn. 4.
  7. BGH NJW 1990, 258; Wolfsteiner, in Staudinger BGB, 16. Aufl., 2015, § 1150, Rn. 4.
  8. RGZ 91, 302; RGZ 146, 322; BGH NJW 1994, 1475.
  9. შდრ. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1150, Rn. 4.
  10. Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1150, Rn. 4.
  11. RGZ 91, 297; Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1150, Rn. 12.
  12. შდრ. BGH NJW 1994, 1475; RGZ 146, 324; Wolfsteiner, in Staudinger BGB, 16. Aufl., 2015, § 1150, Rn. 12.
  13. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1150, Rn. 6.
  14. BGH NJW 1994, 1475; LG Memmingen NJW-RR 1998, 1512.
  15. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1150, Rn. 6.
  16. RGZ 123, 340; Lieder, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1150, Rn. 6.
  17. RGZ 146, 324.
  18. Wolfsteiner, in Staudinger BGB, 16. Aufl., 2015, § 1150, Rn. 40.
  19. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1150, Rn. 8.
  20. BGH NJW 1997, 2597.
  21. Rohe, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1150, Rn. 8.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_304._აუქციონის_თავიდან_აცილება&oldid=2125"