Gccc-logo.png


მუხლი 306². აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 306². აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა


ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სპეციალისტი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი;

ბ) სპეციალისტის სახელი და მისამართი;

გ) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;

დ) უძრავი ნივთის საწყისი ფასი;

ე) უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და მოკლე აღწერა;

ვ) განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვს უძრავ ნივთზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე;

ზ) აუქციონის პირობები.

2. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ განცხადება ქვეყნდება საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

3. სპეციალისტი აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

I. ზოგადი დებულებები

1

მუხლის ნორმები ადგენს სპეციალისტის მიერ აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის შეტყობინების წესებს.

II. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ განცხადება

2

აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება აუცილებელი წინაპირობაა სპეციალისტის მიერ იპოთეკის საგნის აუქციონის კანონიერად ჩასატარებლად, ვინაიდან ამ მოქმედების გარეშე მესამე პირებისათვის – პოტენციური მყიდველებისათვის უცნობი დარჩებოდა აუქციონის ჩატარების ფაქტი და მისი პირობები. გამოქვეყნებაში იგულისხმება ინფორმაციის გასაჯაროება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (გაზეთი, ტელევიზია, ინტერნეტი და მისთ.). გარდა გამოქვეყნებისა, კანონი სპეციალურად ადგენს აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უშუალო შეტყობინების ვალდებულებას იპოთეკის საგნის მესაკუ- თრისათვის, იპოთეკარისა და მოვალისათვის, ვინაიდან ეს პირები ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულები აუქციონის შედეგებით. შეტყობინება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით სასამართლო უწყების ჩაბარების მიმართ გათვალისწინებული წესების მიხედვით.

3

განცხადების გამოქვეყნებიდან და შეტყობინების ჩაბარებიდან აუქციონის ჩატარებამდე უნდა არსებობდეს დროის განსაზღვრული პერიოდი, რათა პოტენციურ მონაწილეებს მიეცეთ სათანადო დრო აუქციონისათვის მოსამზადებლად. ამიტომაც კანონი იმპერატიულად ადგენს მინიმალურ შვიდდღიან ვადას განცხადების გამოქვეყნებიდან და შეტყობინების ჩაბარებიდან აუქციონის ჩატარებამდე. კანონი ასევე იმპერატიულად ადგენს იმ მინიმალურ ინფორმაციასაც, რომელსაც უნდა შეიცავდეს აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ განცხადება:

- უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი;

- სპეციალისტის სახელი და მისამართი;

- აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;

- უძრავი ნივთის საწყისი ფასი;

- უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და მოკლე აღწერა;

- განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელთაც უფლებები აქვთ უძრავ ნივთზე, ვალდებულნი არიან, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;

- აუქციონის პირობები.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_306²._აუქციონის_ჩატარების_დროისა_და_ადგილის_დადგენა&oldid=2115"