Gccc-logo.png


მუხლი 306³. აუქციონის ჩატარების წესები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 306³. აუქციონის ჩატარების წესები


ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. აუქციონს ატარებს სპეციალისტი. იგი აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.

2. სპეციალისტი აუქციონის ჩატარებამდე ადგენს, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის პრეტენზიასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება.

3. აუქციონზე სპეციალისტი აცხადებს:

ა) რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება, ძალაში რჩება და გადახდით არ დაკმაყოფილდება;

ბ) თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით უპირატეს უფლებებს ან უფლებებს, რომლებიც გადაჰყვება უძრავ ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ).

4. სპეციალისტი მონაწილე მხარეებს აუქციონის პროცესის დაწყებამდე განუმარტავს აუქციონის პირობებს.

I. ზოგადი დებულებები

1

მუხლის ნორმები ადგენს სპეციალისტის მიერ ჩასატარებელი აუქციონის პროცედურას საწყის ეტაპზე.

III. აუქციონის ჩატარების პროცედურა საწყის ეტაპზე

2

სპეციალისტის, როგორც აუქციონის ცენტრალური ფიგურის, მოვალეობები იწყება აუქციონის ჩატარების პროცედურის დაწყებამდე; კერძოდ, სპეციალისტი ვალდებულია, დაადგინოს იპოთეკის საგანზე დადგენილი ის სანივთო უფლებები, რომლებსაც აქვს უპირატესობა იმ იპოთეკის უფლებასთან შედარებით, რომლის საფუძველზეც ხორციელდება იპოთეკის საგნის რეალიზაცია. თუ ასეთი უპირატესი უფლებები დადგენილია იპოთეკის საგანზე, მაშინ სპეციალისტმა აუქციონის მონაწილეებს უნდა განუმარტოს აუქციონზე იპოთეკის საგნის გაყიდვის შედეგად მათი შენარჩუნების სამართლებრივი შედეგების შესახებ; გარდა ამისა, სპეციალისტმა უნდა დაადგინოს უპირატესი უფლებების ღირებულება და ასევე შეატყობინოს ამის შესახებ აუქციონის მონაწილეებს. ამ მოვალეობების განხორციელება აუცილებელია აუქციონის მონაწილეების მიერ თავიანთი უფლებების რეალიზაციისთვის. ამავე მიზანს ემსახურება ასევე პროცედურის დაწყებისას სპეციალისტის უპირველესი მოვალეობა – აუქციონის მონაწილეებისათვის აუქციონის პირობების განმარტება.

3

აუქციონის ჩატარების პროცედურის საწყისი ეტაპი სრულდება სპეციალისტის მიერ იპოთეკის საგნის გაყიდვის საწყისი ფასის შეთავაზებით, რომელიც არის აუქციონის ჩატარების ხარჯისა და იპოთეკარის მოთხოვნის ჯამური თანხის ოდენობა (306⁴ II 1).





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_306³._აუქციონის_ჩატარების_წესები&oldid=2111"