Gccc-logo.png


მუხლი 306⁴. აუქციონის ჩატარება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 306⁴. აუქციონის ჩატარება


ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. აუქციონი ტარდება კრედიტორის მიერ სპეციალისტთან განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

2. უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება არ მოხდება. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული.

3. ფასის ბოლო შემოთავაზება უნდა გამოცხადდეს სამჯერ და ხმამაღლა. 4. აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარადგინოს საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილის მიერ თანხის სრულად დაფარვას აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში. საბანკო გარანტიის ოდენობა შეადგენს უძრავი ნივთის საწყისი ფასის ერთ მეათედს. საბანკო გარანტიის პირველადი ბენეფიციარი არის კრედიტორი.

I. ზოგადი დებულებები

1

მუხლის ნორმები ადგენს სპეციალისტის მიერ აუქციონის ჩატარების ვადასა და პროცედურას.

II. აუქციონის ჩატარების ვადა და პროცედურა

2

კანონი ადგენს აუქციონის ჩატარების ზღვრულ ვადას – 1 თვეს იპოთეკარის მიერ სპეციალისტისთვის განცხადების წარდგენის მომენტიდან. პროცედურის სიმარტივისა და ეფექტურობის გარდა, სპეციალისტის მეშვეობით უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის პოპულარულობა განპირობებულია სწორედ მისი ჩატარების შემჭიდროებული ვადების გამო, რაც გამორიცხავს აუქციონის ჩატარების უმიზეზო გაჭიანურებას. აუქციონზე გაყიდვის საწყისი ფასი შეადგენს აუქციონის ჩატარების ხარჯისა და იპოთეკარის მოთხოვნის ჯამური თანხის ოდენობას. აღსანიშნავია, რომ ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ფასის განსაზღვრის ეს წესი უსამართლოა, რადგან „ამ შემთხვევაში კანონმდებელი მხედველობაში არ იღებს მესაკუთრის ინტერესებს. კანონმდებლობით მესაკუთრეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოითხოვოს, იპოთეკის საგნის რეალიზაციის ფასი განისაზღვროს დამოუკიდებელი ექსპერტის (აუდიტორის) მიერ“.1 აუქციონის მსვლელობისას სპეციალისტის მიერ ცხადდება ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული; ამასთან, ფასის ბოლო შემოთავაზება უნდა გამოცხადდეს სამჯერ და ხმამაღლა.

III. აუქციონის მონაწილის მიერ თანხის გადახდის უზრუნველყოფა

3

იმისათვის, რათა გამოირიცხოს აუქციონის მონაწილეების მხრიდან ისეთი არაკეთილსინდისიერი ქმედებები, როგორიცაა, მაგალითად, აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში თანხის გადაუხდელობა, კანონი ავალდებულებს მათ საბანკო გარანტიის (879890) წარდგენას, რომლის ბენეფიციარი იქნება იპოთეკარი. საბანკო გარანტიის თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს აუქციონზე გაყიდვის საწყისი ფასის 10%-ს.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_306⁴._აუქციონის_ჩატარება&oldid=2109"