Gccc-logo.png


მუხლი 306⁵. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 306⁵. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა


ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. აუქციონზე ქონების შემძენს გადაეცემა სპეციალისტის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც უნდა აღინიშნოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, ფასი და აუქციონის პირობები. აუქციონთან დაკავშირებულ განკარგულებებზე სპეციალისტის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულოა.

2. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება, გადასახდელი თანხა ერთი კვირის განმავლობაში შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე. იპოთეკის ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს თანხის გადახდის სხვა წესი, რაც წინასწარ უნდა განისაზღვროს აუქციონის პირობებში.

3. განკარგულება ცხადდება აუქციონზე.

4. განკარგულება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ აუქციონზე ქონების შემძენს საკუთრების უფლება წარმოეშობა მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ.

5. საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება.

6. აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

7. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.

I. ზოგადი დებულებები

1

მუხლის ნორმები ადგენს სპეციალისტის მიერ ჩასატარებელი აუქციონის პროცედურას ბოლო ეტაპზე და იპოთეკის საგნის გაყიდვის სამართლებრივ შედეგებს.

II. აუქციონის ჩატარების პროცედურა ბოლო ეტაპზე

2

აუქციონზე გამარჯვებულად ცხადდება მონაწილე, რომელიც ყველაზე დიდ ფასს შესთავაზებს. გამარჯვების ფაქტის აღსანიშნავად ჯერ ცხადდება, შემდეგ კი გადაეცემა შემძენს სპეციალისტის განკარგულება ნაყიდი იპოთეკის საგნის, შემძენის, ფასისა და აუქციონის პირობების შესახებ ინფორმაციის მითითებით. მართალია, განკარგულება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე, მაგრამ შემძენის მიერ ნაყიდ იპოთეკის საგანზე საკუთრების უფლების შეძენა დამოკიდებულია ნასყიდობის ფასის თანხის სრულად გადახდაზე. შემძენის მიერ ფასის სრულად გადახდა ანიჭებს მას უფლებას, მოითხოვოს საჯარო რეესტრში შეძენილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.[1] თანხა შეტანილ უნდა იქნეს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულებიდან 1 კვირის ვადაში. იპოთეკის ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს თანხის გადახდის სხვა წესი, რაც წინასწარ უნდა განისაზღვროს აუქციონის პირობებში. განკარგულება (მასზე სპეციალისტის ხელმოწერის ნამდვილობა) მოწმდება სანოტარო წესით და ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

III. აუქციონზე იპოთეკის საგნის გაყიდვის სამართლებრივი შედეგები

3

აუქციონზე იპოთეკის საგნის გაყიდვის შედეგად შენარჩუნდება ის სანივთო უფლებები, რომლებსაც აქვს უპირატესობა იმ იპოთეკის უფლებასთან შედარებით, რომლის საფუძველზეც ხორციელდება იპოთეკის საგნის რეალიზაცია; უპირატესობის არმქონე (იმ იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შემდეგ დადგენილი უფლებები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება იპოთეკის საგნის რეალიზაცია) უფლებები უქმდება. 306⁵ V ნორმის ტექსტში მითითებულია, რომ საკუთრების გადასვლის შედეგად „უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება“; შესაბამისად, მასში იგულისხმება ასევე აღნაგობა, თუმცა ეს ნორმა აშკარად კოლიზიურია 237-ე მუხლის ნორმებისა, რომლებიც ადგენს, რომ აღნაგობის უფლება საჯარო რეესტრში შეიტანება სანივთო უფლებებს შორის მხოლოდ პირველი რიგის უფლებად და ეს რიგი არ შეიძლება შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ 237-ე მუხლის ნორმები იმპერატიულია და სავალდებულოა შესასრულებლად საჯარო რეესტრისათვის, ნორმათა კოლიზია უნდა გადაწყდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ 2009 წლის 22 ოქტომბრის N1876 – IIს საქ. კანონით, რომელიც ადგენს, რომ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს (მე-7 მუხლის მე-8 ნაწილი). 306⁵ მუხლის ბოლო რედაქცია მიღებულია 2010 წლის 7 დეკემბერს (პირველი რედაქცია კი 2007 წლის 29 ივნისს). ამდენად, ფორმალურ-იურიდიული მიდგომით 306⁵ მუხლის ნორმებს ენიჭება უპირატესობა სამოქალაქო კოდექსის 237-ე მუხლის ნორმებთან შედარებით, თუმცა საკითხის ასეთი გადაწყვეტა, ვფიქრობთ, არ შეესაბამება იმ დიდ სოციალურ მნიშვნელობას, რასაც კანონმდებელი ანიჭებს აღნაგობის უფლებას. ანალოგიური კოლიზიაა 237-ე მუხლის ნორმებსა და „სააღ სრუ ლე ბო წარმოებათა შესახებ“ 1999 წლის 16 აპრილის N1908 IIს საქ. კანონის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 წინადადების ნორმასთან (იხ. 237-ე კომენტარი).

4

იპოთეკის საგნის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას უძრავ ნივთზე და, შესაბამისად, მისი უფლებრივი კავშირი იპოთეკის საგანთან ამ უკანასკნელის რეალიზაციის შედეგად წყდება.[2] აუქციონზე გაყიდული იპოთეკის საგნის შემძენი იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის იპოთეკის საგანთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე. მაგ., იპოთეკის საგნის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ძველ მესაკუთრეს ჰქონდა წყლის, ელექტროენერგიის ან კომუნალური მომსახურების დავალიანება; შემძენი ავტომატურად ხდება ამ მიწოდებისა თუ მომსახურების ურთიერთობების მონაწილე.




  1. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 111.
  2. იქვე, გვ. 113.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_306⁵._აუქციონზე_შეძენილ_ქონებაზე_საკუთრების_უფლების_წარმოშობა&oldid=2107"