მუხლი 307. მეორე აუქციონი
1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, სპეციალისტი 10 დღის ვადაში ნიშნავს მეორე აუქციონს. 2. მეორე აუქციონი უნდა გამოცხადდეს იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. ამასთანავე, უნდა მიეთითოს, რომ აუქციონი ტარდება მეორედ. 3. მეორე აუქციონის ჩატარების დროს უძრავი ნივთის საწყისი ფასი უნდა იყოს პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი ან კრედიტორის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში – უფრო მცირე თანხა. 4. (ამოღებულია). 5. თუ მეორე აუქციონზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ვერ გაიყიდა, კრედიტორისა და მოვალის (უძრავი ნივთის მესაკუთრის) შეთანხმებით შესაძლებელია, მოთხოვნა დაკმაყოფილდეს კრედიტორისათვის უძრავი ნივ- თის საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში ხარჯების დაფარვა დაეკისრება კრედიტორს. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სპეციალისტი ატარებს მესამე აუქციონს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში. მესამე აუქციონზე უძრავი ნივთის გაყიდვის წესს განსაზღვრავს სპეციალისტი. მესამე აუქციონი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უძრავი ნივთი გაიყიდოს.
|
სარჩევი
I. ზოგადი დებულებები
მუხლის ნორმები ადგენს აუქციონის პროცედურას მეორე და მესამე აუქციონებზე.
II. მეორე აუქციონის ჩატარების პროცედურა
იპოთეკის საგანი შეიძლება ვერ გაიყიდოს პირველ აუქციონზე შესაბამისი შეთავაზების არარსებობის გამო; შესაბამისად, საჭირო ხდება მეორე აუქციონის ჩატარება. ამ უკანასკნელს სპეციალისტი ნიშნავს პირველი აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში პირველი აუქციონისათვის დადგენილი ფორმით და იმაზე მითითებით, რომ აუქციონი ტარდება მეორედ. პირველ და მეორე აუქციონებს შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ მეორე აუქციონის დროს იპოთეკის საგნის საწყისი ფასი უკვე უნდა იყოს პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი, თუმცა ამ საერთო წესიდან დაიშვება გამონაკლისი უფრო მცირე თანხის დადგენის სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკარი ამას დაეთანხმება წერილობით.
მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკის საგნის მიმართ მიმდინარეობს აუქციონი, ეს ხელს მაინც არ უშლის იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებს – იპოთეკარსა და მესაკუთრეს – შეთანხმდნენ იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემაზე ამ უკანასკნელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ანგარიშში. ამ შემთხვევაში გამოიყენება მე-300 მუხლის ნორმები;[1] იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემის ხარჯები ეკისრება იპოთეკარს.
III. მესამე აუქციონის ჩატარების პროცედურა
თუ იპოთეკის საგანი ვერ გაიყიდა ვერც მეორე აუქციონზე, მაშინ ტარდება მესამე აუქციონი, რომელზეც იპოთეკის საგნის გაყიდვის წესებს თავისი შეხედულებით განსაზღვრავს სპეციალისტი. კანონი მას, პრაქტიკულად, სრულ თავისუფლებას ანიჭებს აუქციონის ჩატარების პროცედურის მხრივ მხოლოდ იმ მოთხოვნით, რომ აუქციონი ისე იყოს ორგანიზებული და ჩატარებული, იპოთეკის საგანი ყველა შემთხვევაში გაიყიდოს.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა