Gccc-logo.png


მუხლი 31. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო...

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 31. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილების რეგისტრაცია


ირაკლი ბურდული
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებებს, საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება განხორციელებულად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმე იურიდიული პირის/ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი№179 — სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3140 — სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 — სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2458 — სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.370
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 — სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 — ვებგვერდი, 14.07.2011წ.

I. ნორმის სტრუქტურა, მიზანი და საგანი

1

წინამდებარე მუხლი არასამეწარმეო იურიდიული პირის, ასევე, უცხო ქვეყნის ფილიალის მიერ განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციას ეხება. მისი მიზანია დაადგინოს ის საფუძველი, რომლითაც მარეგისტრირებელი ორგანო შესაბამისი რეგისტრაციადაქვემდებარებული იურიდიული ფაქტის აღნუსხვას განახორციელებს. 31-ე მუხლი არასამეწარმეო იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ფილიალის, მისი წარმომადგენლობის ცვლილების რეგისტრაციას ეხება. „ძირითად“ იურიდიულ პირთან დაკავშირებული სავალდებულო ფაქტების რეგისტრაციისას[1] სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებთან ერთად ამ საკითხის მოსაწესრიგებლად „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 51-ე მუხლი. მოთხოვნებსაც იყენებს, რომელიც (მეწარმე სუბიექტის) რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციას ეხება.

II. ცვლილების საფუძველი

2

რეგისტრირებული მონაცემი, იურიდიული მნიშვნელობით, არის ის იურიდიული ფაქტი, რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას და შეტანილია რეესტრში. უცხო ქვეყნის არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, როგორც წინა მუხლების კომენტირებისას აღინიშნა, განსხვავებით სამეწარმეო სუბიექტის ფილიალისაგან, რეგისტრაციას ექვემდებარება. შესაბამისად, ფილიალთან დაკავშირებული მონაცემები, რომლებიც რეგისტრირდება, რეესტრის საჯაროობისა და უტყუარობის პრეზუმფციას ამკვიდრებს.[2] ეს მონაცემები ნებისმიერი პირისათვის არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ამ მონაცემების შეცვლა იმ პირის მიერ, რომლის ქმედების შედეგადაც რეესტრმა მოახდინა სავალდებულო წესით მათი თავდაპირველი რეგისტრაცია, ასევე მავალდებულებელი წესით ექვემდებარება რეგისტრაციას. 31 I მუხლის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედება (განახორციელოს შესაბამისი ფაქტის ცვლილების რეგისტრაცია) დეტერმინირებული უნდა იყოს ნაციონალური ან უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის სათანადო ორგანოს გადაწყვეტილებით. სათანადო ორგანოში მოიაზრება იურიდიული პირის ის სტრუქტურული შემადგენელი ნაწილი, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაზე არის უფლებამოსილი.[3] თავად უფლებამოსილება კანონით და კანონიდან გამომდინარე ორგანიზაციის წესდებით განისაზღვრება. შესაძლებელია, ეს კომპეტენცია სხვა ორგანოზე იქნეს დელეგირებული. იურიდიული პირის ორგანოს ნაცვლად შესაძლებელია აღნიშნული უფლებამოსილება უფლებამოსილ პირს ჰქონდეს მინიჭებული (მაგ., დირექტორს). მნიშვნელოვანია ასევე, რომ გადაწყვეტილება სათანადო წესით იქნეს მიღებული, შედგენილი წერილობითი ფორმით და დამოწმებული შესაბამისი წესით. ეს ძირითადად უცხო ქვეყნის იურიდიულ პირს ეხება.[4] საქართველოს შემთხვევაში, გარკვეული სამართლებრივი ფილტრის გავლის მიზანშეწონილობიდან, „მნიშვნელოვანი პრევენციული ფუნქციიდან“[5] გამომდინარე, უმჯობესია გადაწყვეტილება სანოტარო წესით დამოწმდეს.

III. ცვლილების იურიდიული ძალა

3

31 II მუხლის შესაბამისად, ნაციონალური იურიდიული პირის, უცხოური იურიდიული პირის ფილიალის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებები, რომელიც საჭიროებს რეგისტრაციას, იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

IV. ცვლილების რეგისტრაცია დადგენილი წესით

1

31 III მუხლი არაკომერციული იურიდიული პირის, უცხოურის ფილიალის, მისი წარმომადგენლობის ცვლილების რეგისტრაციისთვის გამოსაყენებელ წესზე აკეთებს მინიშნებას. თუმცა დადგენილი წესი დაწვრილებით მოცემული არ არის. ამ წესის შემცველი ნორმა-დებულებები გაბნეულია სხვადასხვა აქტში. პირველ რიგში, თვით სამოქალაქო კოდექსში. ამ თვალსაზრისით გამოსაყენებელი იქნება 28-ე მუხლი, რომელიც იურიდიული პირისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს. მართალია, საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით ამგვარი მიდგომა უხერხულობას იწვევს, მაგრამ სხვა წესი დადგენილი არ არის. შესაბამისად, თუკი იცვლება ის მონაცემები, რომლებიც თავდაპირველი რეგისტრაციის შედეგად იქნა აღნუსხული რეესტრში, ბუნებრივია, შეცვლილი იურიდიული ფაქტი რეგისტრაციას იმ წესის მიხედვით დაექვემდებარება, რომელიც, ზოგადად, იურიდიული პირისა და მისი ფილიალის რეგისტრაციისათვის არის განკუთვნილი. მეწარმეთა კანონს (5 I) პირობების განმსაზღვრელი ფუნქცია ენიჭება, ხოლო იუსტიციის მინისტრის ზემოთ აღნიშნული ბრძანება რეგისტრაციის პროცედურას[6] ადგენს (თუმცა ხაზგასასმელია ამ ბრძანებით გათვალისწინებული ნორმების ანალოგიით გამოყენების ხასიათი).




  1. სკ-ის მუხლი 29-ე და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხლი მე-5 გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია, მაგ., სახელწოდება, იურიდიული მისამართი, წევრად მიღების, გასვლისა და გარიცხვის წესები და ა.შ.
  2. შდრ. იხ. ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, 2002, გვ. 71-72.
  3. აქ გასათვალისწინებელი იქნებოდა, თუ რომელ მართლწესრიგთან, რომელ სისტემასთან გვექნება საქმე. იმ ქვეყნებში, სადაც ბატონობს საწესდებო ავტონომიის თავისუფლება, შესაძლოა ორგანიზაციული სტრუქტურის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავებული სიტუაცია გვქონდეს ფუნქციური თვალსაზრისით. ამიტომ მნიშვნელოვანია რეგისტრაციისას იმ ფაქტის ცოდნა, აქვს თუ არა სამართლებრივი ფორმის (კავშირის, ფონდის) ამა თუ იმ ორგანოს ცვლილების განხორციელების კომპეტენცია.
  4. იხ. საქ. იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბერის #241 ბრძანება, „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი მე-11, პუნქტი მე-3.
  5. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 258.
  6. როგორც ამას უზენაესი სასამართლო უწოდებს: საქ. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის # ბს-1211-1178 (კ-10) გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_31._არასამეწარმეო_(არაკომერციული)_იურიდიული_პირის,_უცხო_ქვეყნის_არასამეწარმეო...&oldid=1116"