Gccc-logo.png


მუხლი 310. ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი)

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 310. ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი)


ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. იძულებითი აღსრულებისათვის უფლებამოსილი იპოთეკარის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, აუქციონზე იძულებითი გასხვისების ნაცვლად დაადგინოს ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი). ასეთ შემთხვევაში სასამართლო მართვის ფუნქციას გადასცემს მმართველს, რომელიც შეიძლება იყოს იპოთეკარიც.

2. გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ უნდა მოუსმინოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა უფლებებიც შეიძლება შეილახოს იძულებითი მართვით.

3. მმართველი იღებს ნივთისაგან ნაყოფს და განაწილების გეგმის საფუძველზე, რომელსაც ადგენს თვითონ და ამტკიცებს სასამართლო, ანაწილებს მას წლის ბოლოს ყველა დანახარჯის გამოკლებით, რომელთაც მიეკუთვნება მართვის ხარჯებიც.

4. იძულებითი მართვა უნდა გაუქმდეს, როდესაც კრედიტორი დაკმაყოფილებულია ან აშკარაა, რომ მართვის გზით კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ნივთის იძულებითი მართვის (სეკვესტრის) გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით.

I. ზოგადი დებულებები

1

მუხლის ნორმები ადგენს იპოთეკის საგნის იძულებითი მართვის (სეკვესტრის) დადგენისა და წარმოების წესებს; მათი მიზანია იპოთეკის საგნის აუქციონზე იძულებით გაყიდვის ალტერნატივის შექმნა, რათა იპოთეკარის მოთხოვნა დაიფაროს არა იპოთეკის საგნის გაყიდვის გზით, არამედ იძულებითი მართვის შედეგად ამონაგები თანხებით.

II. იპოთეკის საგნის იძულებითი მართვის (სეკვესტრის) ცნება და დადგენა

2

სეკვესტრი ანუ იპოთეკის საგნის იძულებითი მართვა იპო თე კის რეგისტრაციასა და იძულები თ აუქ ცი ო ნთან ერთად უძრავი ნივთების მიმართ აღსრულების ერთ-ერთი სახეა, რომლის მიზანია ვალდებულების შეძლებისდაგვარად მცირე დროში შესრულება იპოთეკის საგნის სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებით მიღებული შემოსავლების ხარჯზე. სეკვესტრი დგინდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ უნდა მოუსმინოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა უფლებებიც შეიძლება შეილახოს იძულებითი მართვით (მაგ.: მეაღნაგე, უზუფრუქტუარი, დამქირავებელი). სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლთან ერთად, სეკვესტრის მიმართ გამოიყენება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე–82-ე მუხლების სპეციალური ნორმები.

III. იპოთეკის საგნის იძულებითი მართვის (სეკვესტრის) პროცედურა. მისი შეწყვეტა და გაუქმება

3

სეკვესტრი ხორციელდება სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს თავად იპოთეკარი, ხოლო თუ სეკვესტრი ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული იძულებით აღსრულების ფარგლებში, ასევე − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნული მმართველი ან იპოთეკის საგნის მესაკუთრე. მმართველი არ შეიძლება იყოს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი ან ამ გადაწყვეტილების მიმღების ახლო ნათესავი. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მმართველად ინიშნება აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. მმართველად კრედიტორის დანიშვნისთვის საჭიროა მისი თანხმობა. იძულებითი მართვის შედეგად მმართველი იღებს ნივთისაგან ნაყოფს და განაწილების გეგმის საფუძველზე, რომელსაც ადგენს თვითონ და ამტკიცებს სასამართლო, ანაწილებს მას წლის ბოლოს ყველა დანახარჯის გამოკლებით, რომელთაც მიეკუთვნება მართვის ხარჯებიც. იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხები (მიმდინარე ხარჯების გამოკლებით) შეტანილ უნდა იქნეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შესახებაც მმართველი აცნობებს აღმასრულებელს. მმართველი პასუხს აგებს ყველა ვალდებულებისათვის, რომლებიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. ის ვალდებულია, ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს წარადგინოს ანგარიში. მმართველის ანგარიში წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, მას წარუდგენს კრედიტორსა და მოვალეს.

4

მმართველი და აღმასრულებელი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს, ხოლო თუ იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ − აღსრულების ეროვნულ ბიუროს, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას იძულებითი მართვის შეწყვეტის შესახებ. იძულებითი მართვა უნდა ასევე გაუქმდეს, როდესაც კრედიტორი დაკმაყოფილებულია ან აშკარაა, რომ მართვის გზით კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება. იძულებითი მართვის გამოყენება დაუშვებელია, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია, ან, თუ ის არ უზრუნველყოფს იმ პირობების შექმნას, რომლებიც აუცილებელია იძულებითი მართვის ნორმალურ პირობებში განსახორციელებლად. იძულებითი მართვა წყდება და აღსრულება ზოგადი წესის შესაბამისად გრძელდება, თუ:

- იძულებითი მართვის შედეგად არ დაიფარა ვალდებულება და, იმავდროულად, არ არსებობს იძულებითი მართვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი;

- დაირღვა იძულებითი მართვის პირობები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია დარღვევის მცირე დროში, იძულებითი მართვის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტამდე, აღმოფხვრა);

- იძულებითი მართვის პერიოდში გამოვლინდა სხვა გარემოება, რომელიც სამართლებრივი ან ფაქტობრივი თვალსაზრისით გამორიცხავს იძულებითი მართვის გამოყენებას.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_310._ნივთის_იძულებითი_მართვა_(სეკვესტრი)&oldid=2095"