Gccc-logo.png


მუხლი 311. საჯარო რეესტრის დანიშნულება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 311. საჯარო რეესტრის დანიშნულება


თამარ შოთაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

2. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის წესები და პირობები განისაზღვრება კანონით.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი #4744 – სსმ I, #18, 22.05.2007 წ., მუხ. 158.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1. საჯარო რეესტრის მნიშვნელობა

1

საჯარო რეესტრი სახელმწიფო რეესტრის ერთ-ერთი სახეა. საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. საჯარო რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.[1]

2

ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის ინსტიტუტი კონსტიტუტიური მნიშვნელობით დამკვიდრდა ქართულ კანონმდებლობაში. კანონმდებელი რეგისტრაციის ფაქტს მრავალ სამართლებრივ შედეგს უკავშირებს. რეგისტრაციის საჯარო აქტით ხდება როგორც რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებათა წარმოშობა, ასევე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან (311¹ 3).

3

კონსტიტუტიური მნიშვნელობა გამოიხატება უფლების წარმოშობით, კერძოდ, უფლება იურიდიულ ძალას იძენს რეგისტრაციის დასრულებისთანავე. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მიმართ მოქმედი წესი ვრცელდება სხვა სანივთო და სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ვალდებულებით (სარგებლობის შინაარსის) უფლებებზე, მაგალითად, 289-ე მუხლის საფუძველზე. მსგავსად საკუთრების უფლებისა, იპოთეკის უფლება იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

4

საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი ადასტურებს ქონებაზე უფლების წარმოშობასა და სახელმწიფოს მიერ საჯარო აქტით დადასტურების გზით გარანტირებულს ხდის უფლების ნამდვილობას. სამოქალაქო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის აქტი – ეს არის საჯარო დადასტურება სამოქალაქო გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების ნამდვილობისა. შესაძლებელია, ხელშეკრულების საფუძველზე არსებული უფლების რეგისტრაციის ვალდებულება მომდინარეობდეს არა მხარეთა ინიციატივის, არამედ სასამართლოს დავალებით: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საჯარო რეესტრში ფიქსირდება ნებისმიერი უფლება, რაც არსებობს ამ ნივთის მიმართ და თუ სამართლებრივად არსებობს ესა თუ ის უფლება, მაგრამ იგი სხვადასხვა ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით არ ფიქსირდება რეესტრში, სასამართლოს შეუძლია, დაავალდებულოს ასეთი მოქმედების შესრულების განხორციელება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უფლების რეგისტრაცია გულისხმობს ნამდვილი უფლების არსებობას. ანუ უფლება მხოლოდ მაშინ შეიძლება დაფიქსირდეს საჯარო რეესტრში, თუ იგი მართლზომიერია“.[2]

5

რეგისტრაციის ინსტიტუტი სამართლებრივ ურთიერთობებში საჯაროსამართლებრივი მნიშვნელობის აქტად განიხილება. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში რეგისტრაციის მეშვეობით სახელმწიფო კი არ ერევა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, არამედ ახდენს რეგისტრაციის საჯაროობით, უფლების აღრიცხვის სიზუსტით სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფოს რეგისტრაციის მეშვეობით წესრიგი შეაქვს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში.

6

ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის ვალდებულებიდან გამომდინარე, გამორიცხულია უფლების არსებობის ფაქტის დადგენა, გარდა საჯარო რეესტრში დაცული რეგისტრირებული ინფორმაციისა. „სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ტერმინს – ქონების ბალანსზე არსებობას ან ბალანსიდან ბალანსზე გადაცემას. კოდექსის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული გარიგების დადების საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (183-ე მუხლი). ამიტომ მითითება იმისა, რომ სადავო სახლი არსებობს რომელიმე ორგანოს ბალანსზე, არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს იმის დასადასტურებლად, რომ სადავო ქონება მისი საკუთრებაა“.[3]

7

საჯარო რეესტრში რეგისტრაცია მიზნად ისახავს ქონებაზე უფლებათა წარმოშობას. უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება სარეგისტრაციო ერთეულზე კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული უფლებები, საჯარო შეზღუდვა და სხვა მონაცემები, რომლებიც უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის ინფორმირებას ქონებისა და მასაზე არსებული უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. უძრავ ქონებაზე უფლებათა სავალდებულო წესით რეგისტრაციის შედეგია ის, რომ არარეგისტრირებული უფლებები უძრავ ქონებაზე არ ითვლება წარმოშობილად.

8

„საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლებებს, რომელთა არსებობა ვლინდება მხოლოდ საჯარო რეესტრიდან, ახასიათებთ განსაკუთრებული თავისებურება, რაც ვლინდება მათი განკარგვის შემთხვევაში. ამდენად, მათი გასხვისების, დატვირთვის ან სხვაგვარი განკარგვის შემთხვევაში მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მესამე პირთა უფლებებს, რომლებისთვისაც აღნიშნული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს მყარ გარანტიას სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს საჯარო რეესტრის მნიშვნელობაზე, კერძოდ, საჯარო რეესტრის ცნების განმარტებისათვის აუცილებელია, სწორად შეფასდეს საჯარო რეესტრის დანიშნულება და ფუნქცია, თუ რა ინტერესებს ემსახურება აღნიშნული ინსტიტუტი და, აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა ენიჭება რეესტრის რეგისტრაციის ფაქტს.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს საჯარო რეესტრის დანიშნულებაზე, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება ბრუნვის მონაწილის ინტერესების უზრუნველყოფას, დაცვას. აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, ობიექტურად არსებული ფაქტი – საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია, იცავს ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაუნარიანი უფლებების განკარგვის დროს და მისი სისწორის პრეზუმფცია ეხება როგორც ადრინდელი მესაკუთრის, ასევე ახალი შემძენის უფლებებს. კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული პრინციპი იცავს ასევე კრედიტორის (იპოთეკარის) უფლებას“.[4]

2. საჯარო რეესტრის შექმნის ისტორია

9

1997 წლის 25 ნოემბრის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიღებით, უძრავ ქონებაზე უფლებათა აღრიცხვის მიზნით, ძალაში შევიდა ნორმები საჯარო რეესტრის შესახებ, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა გერმანიის საადგილმამულო წიგნის პრინციპებზე აგებულ საჯარო რეესტრის ინსტიტუტს. მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა განხორციელებულიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში.

10

საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა, უზრუნველეყო სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან (1514). 1998 წელს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში ჩამოყალიბდა საჯარო რეესტრის სამსახური. მიწის მართვის დეპარტამენტი სხვა ფუნქციებთან ერთად ახორციელებდა უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის წარმოების ფუნქციას, დეპარტამენტის ლიკვიდაციამდე, 2004 წლამდე.

11

საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაეკისრა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს[5] ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ასევე საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელთაც უნდა უზრუნველყონ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის (1515).

12

მიწის რეგისტრაციის შესახებ ძალადაკარგული კანონისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 1999 წლის 20 ივლისის

  1. 47 ბრძანებით დამტკიცებული ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური

აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების მიხედვით, იმ დროს მოქმედი მარეგისტრირებელი ორგანოების ვალდებულება იყო, უძრავ ნივთზე მასთან დაცული მონაცემები მიეწოდებინა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურისთვის.

13

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის #416 ბრძანებულებით, ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და ამ სამსახურებში არსებული უძრავი ნივთების სააღრიცხვო მონაცემები არქივის სახით გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. თანამედროვე სარეგისტრაციო პროცესში ტექბიუროს საარქივო ინფორმაციას აქვს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მნიშვნელობა, რომლის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უძრავ ნივთებზე ხორციელდება უფლებათა რეგისტრაცია.

14

2004 წლის 1 ივნისის „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის

  1. 835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

დებულებით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციული ფორმით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.[6]

II. რეგისტრირებული მონაცემები

1. სარეგისტრაციო ერთეული

15

საჯარო რეესტრში უფლებათა რეგისტრაციას ექვემდებარება კანონით განსაზღვრული კატეგორიის ქონება, რომელსაც ასევე შესაძლებელია, ვუწოდოთ სარეგისტრაციო ერთეული. სამოქალაქო კოდექსით ქონების კატეგორიაში შემავალი ობიექტები გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

საჯარო რეესტრში ქონებაზე უფლებრივი რეგისტრაციის პროცესი აგებულია ობიექტის პრინციპის მიხედვით, რაც გულისხმობს იმას, რომ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად არსებული ინფორმაცია აღირიცხება სარეგისტრაციო ობიექტის ირგვლივ, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს უფლების რეგისტრაციამდე სარეგისტრაციო ობიექტის იდენტიფიკაციას. სარეგისტრაციო ერთეულის დაზუსტება მეტწილად განაპირობებს რეგისტრირებული უფლების სიზუსტეს. აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციამდე ხდება საჯარო რეესტრის სისტემაში უძრავი ქონების, როგორც საკადასტრო ერთეულის, რეგისტრაცია, რაც წინ უსწრებს უფლების რეგისტრაციის პროცესს.

16

საჯარო რეესტრში უფლებრივ რეგისტრაციას ექვემდებარება შემდეგი სახის სარეგისტრაციო ობიექტები: უძრავი ნივთი, მოძრავი ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

ა. უძრავი ნივთები

17

უძრავი ნივთის ცნება სხვადასხვა სამართლებრივ სისტემაში სხვადასხვაგვარი შინაარსით გხვდება. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობით უძრავ ნივთად მიჩნეულია მხოლოდ მიწის ნაკვეთი („ერთიანი ობიექტის“ კონცეფცია).[7]

18

სხვა ქვეყნების კანონმდებლობით, უძრავი ნივთის ცნებას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის გარდა, უძრავ ნივთად მიიჩნევა სხვა სახის ობიექტები: ნაგებობა, მოწყობილობა, ინვენტარი („მრავალი ნივთის“ კონცეფცია).[8]

19

რომის სამართალში მოქმედებდა პრინციპი – Superfi cis solo cedit, რომლის თანახმად, ბუნებით უძრავ ნივთად მიიჩნევა მხოლოდ მიწის ნაკვეთი, ეს პრინციპი რომის სამართლის რეცეფციის შემდეგ ამავე შინაარსით აისახა გერმანიის სამოქალაქო კოდექსში. გერმანიის სკ-ი არ ითვალისწინებს უძრავი ნივთის ცნებას, კანონმდებლის ყურადღება უფრო მეტად გადატანილია მის სამართლებრივ რეგულირებაზე. ყველა იმ ობიექტზე, რომელიც არსებობს მიწის ქვემოთ ან მიწის ზემოთ, ვრცელდება უძრავი ქონების მიმართ დადგენილი წესები. უძრავი ნივთების მიმართ მოქმედი სამართლის გავრცელება სხვა სახის ობიექტებზე დამოკიდებულია მათ კავშირზე მიწის ნაკვეთთან. აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რა სახის – მუდმივ თუ დროებით, ბუნებრივ თუ ხელოვნურ – კავშირთან გვაქვს საქმე.[9]

20

კანონმდებლობით აღიარებულია უძრავი ნივთის მიმართ არსებული „მრავალი ნივთის“ კონცეფცია, რაც კონკრეტულ ნორმატიულ გამოხატულებას პოვებს სამოქალაქო კოდექსისა (149-ე მუხლი) და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში (მე-2 მუხლი). მიუხედავად იმისა, რომ მცენარე და წიაღისეული შედის უძრავი ნივთის ერთიან ცნებაში, ისინი დამოუკიდებელ სარეგისტრაციო ერთეულად არ განიხილებიან. კერძოდ, მათ მიმართ მოქმედებს პრინციპი – უფლება მთავარ ნივთზე ვრცელდება მის არსებით შემადგენელ ნაწილზეც.[10] ანუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იმავდროულად არის მიწაზე აღმოცენებული მცენარეებისა და წიაღისეულის მესაკუთრე, მის გამოცალკევებამდე. საჯარო რეესტრში უფლებრივ რეგისტრაციას ექვემდებარება შემდეგი სახის უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, შენობა-ნაგებობის ერთეული და ხაზობრივი ნაგებობა.

21

საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე უფლებრივი რეგისტრაცია გარკვეული თავისებურებებით ხორციელდება, კერძოდ, უძრავ ქონებაზე უფლების ან სხვა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ჩანაწერის განხორციელება ხდება მას შემდეგ, რაც განხორციელდება უძრავი ქონების საკადასტრო რეგისტრაცია. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანო ახდენს უძრავი ქონების, როგორც სარეგისტრაციო ერთეულის, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეგისტრაციას, განსაზღვრავს მის საზღვრებს, ფართობსა და მდებარეობას. საკადასტრო რეგისტრაციის შედეგად უძრავ ქონებას ენიჭება საკადასტრო კოდი, რომელიც უნიკალურია და არ ექვემდებარება ცვლილებას, სამართლებრივი უფლების ცვლილების მიუხედავად. უძრავ ქონებაზე საკადასტრო რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების ფაქტის პროგრამულად დადასტურების შემდეგ იწყება უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია.

ბ. მოძრავი ნივთები

22

სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს მოძრავი ნივთის ცნებას, თუმცა, სარეგისტრაციო მიზნებიდან გამომდინარე, მოძრავ ნივთად მიიჩნევა ნებისმიერი ნივთი, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არ არის უძრავი.[11] ამ წესიდან არსებობს გამონაკლისი: საჯარო რეესტრში უფლებრივ რეგისტრაციას არ ექვემდებარება მექანიკური სატრანსპორტო, საფრენი და მცურავი საშუალებები. ამ სახის მოძრავ ქონებაზე უფლებრივ რეგისტრაციას ახორციელებს შსს მომსახურების სააგენტო.

23

საჯარო რეესტრის სისტემაში რეესტრის დამოუკიდებელი სახეა მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრი, რომელიც არის მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეგისტრაციის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების და უფლების შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. საჯარო რეესტრში უძრავი ნივთებისაგან განსხვავებით, სრულიად განსხვავებულ პრინციპებზეა აგებული მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე უფლებრივი რეგისტრაცია. მოძრავი ნივთების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში არ ხდება მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

გ. არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები

24

საჯარო რეესტრში უფლებრივ რეგისტრაციას ექვემდებარება შემდეგი სახის არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები: სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ქონებრივი უფლებები და მოთხოვნები, ასევე სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში პარტნიორის მონაწილეობის გამომხატველი ქონებრივი სიკეთეები (წილი, პაი). საჯარო რეესტრის სისტემაში განხორციელებული რეფორმის შედეგად, 2010 წლის 1 იანვრიდან საჯარო რეესტრი ახორციელებს იურიდიულ პირთა რეგისტრაციას, რაც განაპირობებს სამეწარმეო საზოგადოებებში პარტნიორთა წილობრივი მდგომარეობის, ასევე მათზე უფლებათა (საჯარო შეზღუდვის) რეგისტრაციის წარმოების აუცილებლობას.[12]

2. რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლებები

25

სამოქალაქო კოდექსის პირველი რედაქციის 311 I მუხლის თანახმად, რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარებოდა უძრავ ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებები. საჯარო რეესტრის სისტემაში განხორციელებული რეფორმის შედეგად გაიზარდა რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებათა სპექტრი. უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის სავალდებულო წესი ვრცელდება როგორც სანივთო, ასევე ქონებასთან დაკავშირებულ ვალდებულებითი უფლებების მიმართ.

26

უძრავ ქონებაზე შესაბამისი უფლებები უნდა დარეგისტრირდეს რეგისტრაციის მწარმოებელ ორგანოში. ეს პრინციპი საფუძვლად უდევს კანონმდებლობაში არსებულ წესებს, რომლებიც ადგენენ უფლებათა სავალდებულო რეგისტრაციას, რაც სამოქალაქო კოდექსის საწყის ეტაპზე ითვალისწინებდა უძრავ ქონებაზე სანივთო უფლებათა სავალდებულო წესით რეგისტრაციას. სანივთო უფლება უძრავ ქონებაზე წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. დროთა განმავლობაში ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისა და რეგისტრირებული ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობის პრინციპის შედეგად სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარა არა მხოლოდ სანივთო უფლებები, არამედ მთელი რიგი ვალდებულებითი შინაარსის უფლებებისა, მათ შორის საჯაროსამართლებრივი შინაარსის შეზღუდვები (ყადაღა, გასხვისების აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და ა.შ).

27

რაც შეეხება სამეწარმეო საზოგადოებაში არსებულ წილს, როგორც არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, საჯარო რეესტრში მიმდინარე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგ პარტნიორს წარმოეშობა საკუთრების უფლება თავის წილზე, რაც განაპირობებს მისი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ქცევას. საჯარო რეესტრი ახორციელებს მხოლოდ შპს-სა და კომანდიტურ საზოგადოებაში არსებული წილის გასხვისებისა და გირავნობის უფლების რეგისტრაციას.

ა. სანივთო უფლებები

28

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სავალდებულო წესით რეგისტრაციას ექვემდებარება შემდეგი სახის სანივთო უფლებები: საკუთრება, აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა.

29

რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლების წარმოშობის წინაპირობაა საკუთრების უფლების არსებობა უძრავ ნივთზე. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. რეგისტრაციის ფაქტის კონსტიტუტიური მნიშვნელობა გულისხმობს იმას, რომ უძრავ ქონებაზე სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლებები წარმოიშობა მათი რეგისტრაციის მომენტიდან. უძრავი ნივთის გასხვისების ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვის შემთხვევაში რეგისტრირებული ჩანაწერის სახით უზრუნველყოფილია უფლებათა მიდევნება, მესაკუთრის ცვლილების მიუხედავად, თუ თავად უფლების ცვლილების ან შეწყვეტის აქტში სხვა რამ არ არის მითითებული. რეგისტრირებული უფლება ვრცელდება როგორც მიწის ნაკვეთზე, ასევე მის არსებით შემადგენელ ნაწილზე, თუ უფლების დამდგენი დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

30

საჯარო რეესტრში მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სანივთო უფლებებიდან რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ გირავნობის უფლება.

ბ. ვალდებულებითი უფლებები

31

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია მიმდინარეობს საჯარო რეესტრის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რომელიც არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

32

რაც შეეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ვალდებულებით უფლებებს, თუ უფლების წარმოშობა ხდება ფიზიკურ პირებს შორის შეთანხმების საფუძველზე, უფლების რეგისტრაციაც მათ სურვილზეა დამოკიდებული და არ არის უფლების წარმოშობისათვის სავალდებულო პირობა. კერძო სამართლის იურიდიული პირების მონაწილეობით გაფორმებული ყველა გარიგება, რომელიც ერთ წელზე მეტი ვადით იდება და წარმოშობს ვალდებულებით უფლებას, სავალდებულო წესით ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით სავალდებულო წესით რეგისტრაციას ექვემდებარება შემდეგი სახის ვალდებულებითი უფლებები: ქირავნობა, ქვექირავნობა; იჯარა, ქვეიჯარა; თხოვება; ლიზინგი; უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

33

საჯარო რეესტრში მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ვალდებულებითი უფლებებიდან სავალდებულო წესით რეგისტრაციას ექვემდებარება ლიზინგი, საბანკო გარანტია.

3. რეგისტრირებული შეზღუდვები

34

საქართველოში რეგისტრაციის ინსტიტუტის მნიშვნელობის გაფართოებასთან ერთად გაიზარდა ქონებაზე რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლებებისა და სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტების სპექტრი. უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაცია განიხილება არა მხოლოდ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი უფლებების, არამედ ასევე ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შინაარსის შეზღუდვების რეგისტრაციის მიმართულებით. ქონებაზე როგორც კერძოსამართლებრივი, ასევე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მიზანია მესაკუთრის მხრიდან საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობის აკრძალვა, შეზღუდვის მოქმედების ვადით.

ა. კერძოსამართლებრივი შეზღუდვები

35

კერძოსამართლებრივი შინაარსის შეზღუდვის წარმოშობის საფუძველია მხარეთა შეთანხმება – ხელშეკრულება, რომლის ძალით ხელშეკრულების ერთი მხარე ნებაყოფლობით დებს პირობას, არ განკარგოს ქონება შეზ- ღუდვის ვადით ან შეთანხმებული პირობის დადგომამდე. საჯარო რეესტრ- ში კერძოსამართლებრივი შინაარსის შეზღუდვა აღირიცხება ქონებაზე მიბმული ვალდებულების ან წინასწარი საკუთრების უფლების რეგისტრაციის გზით. მაგალითად, უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი).

ბ. საჯაროსამართლებრივი შეზღუდვები

36

საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ შეზღუდვათა (აკრძალვების) შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება შემდეგი სახის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვები: ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა, უფლების განკარგვის აკრძალვა, რეგისტრაციის აკრძალვა.

37

საჯარო რეესტრი, უფლებათა რეგისტრაციის გარდა, უზრუნველყოფს ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვების რეგისტრაციას. საჯარო რეესტრის სისტემაში საჯაროსამართლებრივი რეესტრი არსებობს დამოუკიდებელი რეესტრის სახით. რეესტრის წარმოების შედეგად რეგისტრირებული ინფორმაციის ასახვა ხდება შესაბამის ამონაწერში. საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-19 მუხლის 1 პუნქტის მიხედვით საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. რეგისტრაციის შედეგად ქონებაზე უფლებათა წარმოშობისაგან განსხვავებით საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა ძალაში შედის უფლებამოსილი ორგანოს მიერ აქტის გამოცემის მომენტიდან, რაც შეეხება ამ სახის შეზღუდვების რეგისტრაციას, იგი ემსახურება ქონებაზე სამართლებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის კონსოლიდაციას, მესამე პირთათვის რეგისტრირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით.

38

საჯარო რეესტრში დაინტერესებული პირების მიერ ხშირად ხდება ქონების განკარგვის ამკრძალავი ან სხვა შინაარსის შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რათა სასამართლოში დავის დასრულებამდე ან ქონების კუთვნილების საკითხის გარკვევამდე არ მოხდეს ობიექტის გასხვისება ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვა.[13] ქონებაზე საჯარო შეზღუდვის რეგისტრაციის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის გზით. საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

39

„კანონმდებლობით სადავო ნივთის გასხვისება აკრძალული არ არის. ამის დასტურია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა. ეს ცხადყოფს, რომ დავის პროცესში ნივთის გასხვისება არ არის არამართლზომიერი ფაქტი, იგი ცალსახად არ გულისხმობს მხარის არაკეთილსინდისიერებას. მას ყველა შემთხვევაში არ უკავშირდება ნივთის ჩამორთმევა, როგორც დავის განხილვის შედეგი. კანონით ნივთის გასხვისება იკრძალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოდავე მხარის განცხადების საფუძველზე სასამართლო იყენებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. ამ ღონისძიების გამოყენება მხარის უფლებაა და მისი რეალიზაცია დაკავშირებულია კონკრეტულ განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ რისკებთან. ამ თვალსაზრისით, მხარეს აქვს პროცესუალური რესურსები იმისა, რომ თავიდან აიცილოს ყოველგვარი გაუგებრობა და მძიმე შედეგი სადავო ნივთის გასხვისების ჩათვლით.“[14]

ბ.ა. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა

40

ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის ერთ-ერთ სახედ რეგისტრირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებაა. კანონმდებლობით იგი დადგენილია როგორც საჯაროსამართლებრივი შინაარსის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს ვადამოსული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნებს.

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. სხვა სახის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვებისაგან განსხვავებით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გამორიცხავს ქონების განკარგვის შესაძლებლობას, თუმცა კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის ფაქტი უზრუნველყოფს ქონებაზე მიდევნებას და მის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის აღსრულებაც ხდება დაუბრკოლებლად, ვის საკუთრებაშიც არ უნდა იყოს აღსრულების ეტაპზე ქონება.[15]

ბ.ბ. მოვალეთა რეესტრი

41

საჯარო შეზღუდვის ერთ-ერთი სახეა მესაკუთრის (სამომავლო საკუთრების უფლების მქონე პირის) აღრიცხვა მოვალეთა რეესტრში. მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა.

42

მოვალეთა რეესტრის წარმოება მიმდინარეობს არა საჯარო რეესტრში, არამედ ის წარმოადგენს ვალაუვალ პირთა რეესტრს, რომლის წარმოებას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. მოვალეთა რეესტრში პირის დაფიქსირება გულისხმობს იმას, რომ, როგორც კი მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის სახელზე წარდგენილი იქნება განაცხადი საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, საჯარო რეესტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით ვალდებულია, შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება და დაუყოვნებლივ აცნობოს ამ ფაქტის შესახებ რეესტრის მწარმოებელ ორგანოს.

III. საჯარო რეესტრის წარმოება

43

საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის წესები და პირობები განისაზღვრება კანონით (311.II). სარეგისტრაციო წარმოება – ეს არის ქონებაზე რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემთა აღრიცხვის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქართველოში საჯარო რეესტრის წარმოებას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

44

დაინტერესებული პირ(ებ)ი სააგენტოს მიმართავენ სარეგისტრაციო მოთხოვნით (განცხადებით), რომელსაც თან ერთვის კანონმდებლობით დადგენილი, სარეგისტრაციო მოთხოვნის შესაბამისი, დოკუმენტაცია. სარეგისტრაციო მოთხოვნა (განცხადება) ეხება უფლების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას (მიტოვებას). ამ შინაარსის მოთხოვნა ვრცელდება ყველა სხვა სახის რეგისტრირებულ მონაცემზე. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებისა და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარებით მიიღწევა ქონებაზე სუბიექტ- თა და სამართლებრივი მდგომარეობის ცვლილების განხორციელება. პირველადი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ თითოეული სარეგისტრაციო მოთხოვნა ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, რაც მიზნად ისახავს ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ინფორმაციის განახლება- ცვლილებას, ასევე ხელს უწყობს ქონებაზე უფლებათა გადაცემის ისტორიის უწყვეტობას. საჯაროობის პრინციპი განაპირობებს სარეგისტრაციო ინფორმაციის კონსოლიდაციასა და სისრულეს. პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე ყოველი შემდგომი რეგისტრაცია არის ქონებაზე უფლებათა ჯაჭვის გადაცემის უწყვეტობის გარანტია.[16]

45

სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრატორის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირის – რეგისტრატორის – მეშვეობით. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ექვემდებარება ზოგადი ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებას. სარეგისტრაციო წარმოების შედეგად ქონებაზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებასთან ერთად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს (აქვეყნებს) – ამონაწერს, რომელიც მოიცავს ერთ ერთეულ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებს.[17]

IV. რეგისტრირებულ მონაცემთა ხელმისაწვდომობა

46

საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოების შედეგად რეგისტრირებული მონაცემები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. რეგისტრირებული მონაცემი, როგორც ინფორმაცია, რამდენიმე სახითაა ხელმისაწვდომი. დაინტერესებული პირები რეგისტრირებული მონაცემების შესახებ ინფორმაციას იღებენ ამონაწერის ფორმით, რომელიც მოიცავს მისი მომზადებისა და გაცემის ეტაპზე ერთ ერთეულ ქონებაზე რეგისტრირებულ ინფორმაციას. რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სამართლებრივი აქტების, ასევე სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის სახით. ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია როგორც ელექტრონული, ასევე სააგენტოსადმი მიმართვის ფორმით, ყოველგვარი იურიდიული ინტერესის დასაბუთების გარეშე.

47

„საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა, სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, საჯარო რეესტრი, ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსენსუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან. კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება არ შეესაბამება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია“.[18]

48

„ქონების შეძენის თითოეულ შემთხვევაში, შეუძლებელია გადამოწმება იმ ფაქტისა, მიმდინარეობს თუ არა დავა რომელიმე სასამართლოში ამ ნივთის თაობაზე. აღნიშნული, კანონის თვალსაზრისით, აუცილებლობას არც წარმოადგენს. შემძენის წინდახედულობა შემოიფარგლება რეესტრის მონაცემთა შემოწმებით. ამ თვალსაზრისით, საჯარო რეესტრის მონაცემები მნიშვნელოვანი სამართლებრივი დატვირთვის მატარებელია. საჯარო რეესტრში აისახება ყველა მონაცემი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, აქ ფიქსირდება ინფორმაცია სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზეც კი“.[19]

V. ნორმის მნიშვნელობა საპროცესო სამართალში

49

სასამართლოში დავის განხილვის პროცესში საჯარო რეესტრში ქონებაზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დავის საგანზე უფლების არსებობის უტყუარი ფაქტი დასტურდება საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერით. საჯარო რეესტრშია დაცული უძრავ ქონებაზე უფლებათა გადაცემის შესახებ ისტორია, ასევე ყველა ის სამართლებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისას.

50

თავის მხრივ, სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე ან დავის განხილვის პროცესში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიღებული განჩინება[20] კანონმდებლობით დადგენილი წესით ეგზავნება საჯარო რეესტრს, რათა მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს დავის სასამართლოში განხილვის ეტაპზე ქონებაზე სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.




  1. საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ (19.12.2008); საქართველოს იუსტიციის მინისტრის # 4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (15.01.2010).
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის #ას-1154-1299-08 გადაწყვეტილება.
  3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის # ას-402-794-06 გადაწყვეტილება.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის # ას-307-633-07 გადაწყვეტილება.
  5. საქართველოში 1939 წლიდან მოქმედებდა ტექნიკური აღრიცხვის/ინვენტარიზაციის ბიუროები (შემდგ. ტექბიურო), სადაც აღირიცხებოდა მოქალაქეთა მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლები, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები (ფართის მითითებით). იმ დროს არსებული ეკონომიკური ფორმაციისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ტექბიურო ახდენდა უძრავი ქონების ტექნიკური შინაარსის ინფორმაციის აღრიცხვა/აღწერას, ისე, რომ არ ხდებოდა უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია. იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოთა პერიოდის საქართველოში უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრედ სახელმწიფო ითვლებოდა, სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა ტექბიუროში არ განაპირობებდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების წარმოშობას. პირებს, მოქმედი კანონმდებლობით, არ ეკრძალებოდათ სამოქალაქო გარიგებათა დადება, თუმცა საქართველოს სსრ-ის სამოქალაქო სამართლის კოდექსის საფუძველზე ხდებოდა ხელშეკრულების რეგისტრაცია, რაც უკავშირდებოდა დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და არა ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი საკუთრების უფლების წარმოშობას (რეგისტრაციას).
  6. იხ. ლაფაჩი, საჯარო რეესტრი – უძრავ ნივთებზე უფლებათა მარეგისტრირებელი ორგანო და ამ სფეროში განხორციელებული რეფორმები, „სამართლის ჟურნალი“, 2/2011, გვ. 77-98.
  7. გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ხორვატიაში, ესტონეთსა და ა.შ. მაგალითად, შვეიცარიის კანონმდებლობაში უძრავი ნივთის ცნებას ვხვდებით საადგილმამულო წიგნის შესახებ კანონში (3.2) (GBV-Vorordnung betreff end das Grundbuch), რომლის თანახმად, უძრავ ქონებად მიჩნეულია ზუსტ საზღვრებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.
  8. საფრანგეთში, ბელგიაში, პორტუგალიაში და ა.შ.
  9. იხ. Курзински-Сингер/Зарандия, Рецепция немецкого вещного права в Грузии, „Вестник Гражданского право“, 1/2012, С. 250-252.
  10. იხ. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, 2001, გვ. 163-168; შოთაძე, იპოთეკა, როგორც საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება, 2012, გვ. 48-52.
  11. საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მუხ. 12.
  12. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 46-49.
  13. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებზე იხ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, გვ. 299-305.
  14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის #ას-888-836-2010 გადაწყვეტილება.
  15. შოთაძე, იპოთეკა, როგორც საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება, 2012, გვ. 225-229.
  16. შოთაძე, იპოთეკა, როგორც საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება, 2012, გვ. 152- 154; ლაფაჩი, უძრავ ნივთზე ქონებრივი უფლებების რეგისტრაციის პრინციპები ქართული და გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, „სამართლის ჟურნალი“, 1/2013, გვ. 62-66.
  17. რეგისტრაციის ძირითად სამართლებრივ ასპექტებზე იხ. ლაფაჩი, უძრავ ნივთებზე სანივთო უფლებათა რეგისტრაციის გავლენა სანივთო უფლებათა განხორციელებასა და დაცვაზე, დის., 2016, ხელმისაწვდომია: www.tsu.ge.ge.faculties.law.news.
  18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის #ას-189-182-2013 გადაწყვეტილება.
  19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის #ას-888-836-2010 გადაწყვეტილება.
  20. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლი.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_311._საჯარო_რეესტრის_დანიშნულება&oldid=2082"