Gccc-logo.png


მუხლი 32. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო...

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 32. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების წესი


ირაკლი ბურდული
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მარეგისტრირებელი ორგანო ამ თავით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დადგენილ, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14² მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.

2. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14² მუხლით.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლი ლების მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო, გარდა მეწარმე სუბიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლებისა, იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:

ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ- სამართლებრივ პრინციპებს;

ბ) არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 — სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2458 — სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.370
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილისკანონი №2978 — სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისისკანონი №5017 — ვებგვერდი, 14.07.2011წ.

I. ნორმის სტრუქტურა, მიზანი და საგანი

1

წინამდებარე მუხლი არასამეწარმეო იურიდიული პირის, ასევე, უცხო ქვეყნის არაკომერციული იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის გადაწყვეტილების მიღების წესს ეხება. ნორმის სტრუქტურის მიხედვით სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლთან ერთად გამოიყენება საქართველოს კანონები „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან რეგისტრაციის ან ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების იურიდიული საფუძველია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტებით ამისათვის დადგენილი ნორმადებულებები, ხოლო 32 III მუხლი წარმოადგენს დამატებითი ხასიათის რეგულაციას დამახასიათებელს არაკომერციული იურიდიული პირის სპეციფიკისთვის. მუხლის მიზანია, მოაწესრიგოს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების ფორმირების წესი, პროცედურა.

II. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება

1. საჯარო რეესტრის კანონის მიხედვით (კომპეტენციის საკითხები)

2

როგორც წინა მუხლების კომენტარებისას აღინიშნა, იურიდიულ პირთან, მის ფილიალთან დაკავშირებული იურიდიული ფაქტების აღნუსხვას ახორციელებს საჯარო რეესტრში შემავალი მარეგისტრირებელი ორგანო — მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი. მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს პირველ რიგში „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის საფუძველზე.

ამ კანონის 3 II მუხლი ფუნქციურად განსაზღვრავს სააგენტოს, ანუ მარეგისტრირებელი ორგანოს კომპეტენციას. შესაბამისად, ფუნქცია და უფლებამოსილება კანონის მიზნიდან გამომდინარე სინონიმებად უნდა იქნეს აღქმული. ამავე მუხლის II „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო სხვა უფლებამოსილებასაც ახორციელებს. ეს ნიშნავს, რომ კომერციულ და არაკომერციულ იურიდიულ პირებთან მიმართებაში კომპეტენციის ფარგლებში სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელების საფუძველი ორ ძირითად კანონშია ინტეგრირებული. ეს არის სამოქალაქო კოდექსი და კანონი „მეწარმეთა შესახებ“.

3

რეესტრის წარმოებაზე და კონკრეტული მეწარმე თუ არასამეწარმეო სუბიექტის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მარეგისტრირებელი ორგანო, ინფორმაცია (გარკვეული გამონაკლისების გარდა) არის საჯარო და აღნიშნული კანონის 3 I მუხლის შესაბამისად, იგი წარმოადგენს ამ საკითხებთან მიმართებაში საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ დაწესებულებას.[1] „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3 II „ა“ მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია რეგისტრაციაზე. ჩვენს შემთხვევაში რეგისტრაციის ფაქტი ეხება ასევე არაკომერციულ იურიდიულ პირთან დაკავშირებული რეგისტრაცია სავალდებულო ფაქტების აღნუსხვას რეესტრში.

{{ვ|4} მნიშვნელოვანია აგრეთვე ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოცემულობა, რომელიც ყურადღებას ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ამახვილებს.[2] ეს მარეგისტრირებელი ორგანოს საჯარო-სამართლებრივი ფუნქციის მეტად მნიშვნელოვანი გამოვლენაა, რადგან ის ფაქტები, რომლებიც რეგისტრაციას ექვემდებარება, საჯარო, ყველასათვის ხელმისაწვდომი[3] უნდა იყოს, რასაც აღნიშნული მუხლის ჩანაწერი უზრუნველყოფს ამავე კანონის მე-5, მე-6, 61-ე მუხლების დანაწესებთან ერთობლიობაში.[4]

2. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე

5

32 I მუხლი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 142-ე მუხლზე აკეთებს მინიშნებას. აღნიშნული ნაწილი ამავე მუხლის II ნაწილთან მიმართების გზით უნდა განიმარტოს, რადგანაც სწორედ ამ უკანასკნელშია მითითება იმაზე, თუ (შინაარსობრივად) რა სახის გადაწყვეტილებას იღებს მარეგისტრირებელი ორგანო. მეწარმეთა კანონის 142-ე მუხლი იმ წესს ეხება, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებისთვის, მათ შორის, ხარვეზის დადგენის, მისი გამოუსწორებლობის საფუძველზე რეგისტრაციის გაუქმებისთვის არის დადგენილი.[5] თუმცა კანონის ეს მოცემულობა, მიუხედავად ამგვარი მოწესრიგების პოლიტიკურ-სამართლებრივი მიზანშეუწონლობისა, იმავდროულად არასამეწარმეო იურიდიულ პირზეც ვრცელდება.

6

მეწარმეთა კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კატეგორიაში ექცევა.[6] მისი გაუქმება შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. აქედან არსებობს გამონაკლისი, რომელიც ამავე მუხლის IV და მომდევნო პუნქტებშია გათვალისწინებული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება გამოიწვევს იურიდიული პირის რეგისტრაციის შეწყვეტას და ამ იურიდიულ პირს არ რჩება სამართალმემკვიდრე. საჯარო ინტერესიდან, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანო ნიშნავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. (30-დღიანი) ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი მარეგისტრირებელი ორგანო იწყებს იძულებითი ლიკვიდაციის პროცესს და შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს (142 VI). ეს უკანასკნელი შესაძლოა გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ საერთო წესით სასამართლოში. სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება კი იურიდიული პირის ლიკვიდაციას, უფრო სწორედ, რეესტრიდან მის ამოშლას ედება საფუძვლად.

3. წარმოების შეჩერების დამატებითი საფუძვლები

7

გარდა ზემოთ აღნიშნული საფუძვლებისა, რომლებიც მეწარმეთა კანონშია მოცემული,32 IIIმუხლი არაკომერციული იურიდიული პირისთვის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სხვა საფუძვლის მქონე გადაწყვეტილების მიღების საკითხს განსაზღვრავს. ეს (ფუნქციურად) კავშირშია სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლთან, რომელიც არაკომერციული იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერებას ან შეწყვეტას ითვალისწინებს.[7] თუმცა უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ 32 III მუხლი სარეგისტრაციო წარმოებას, ანუ იმ პროცედურას ეხება, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში იურიდიული პირის (ან უცხოური იურიდიული პირის) მიერ დოკუმენტაციის წარდგენისას ექვემდებარება შემოწმებას, კონტროლს. თუკი 33-ე მუხლიუკვე დარეგისტრირებული იურიდიული პირის ან ფილიალის საქმიანობის შეჩერებაზე, ან აკრძალვაზე ამახვილებს ყურადღებას, 32 III მუხლი რეგისტრაციის (მათ შორის, ცვლილების რეგისტრაციის) დროს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მოცემული შემთხვევების გამოაშკარავებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მყისიერ რეაქციაზე აკეთებს აქცენტს.

8

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საქმიანობის მიზნის „დაუყოვნებლივი“ კონტროლი, რათა ეს უკანასკნელი არ ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ სამართალს, ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. ეს კი კონკრეტული საქმის შეფასების ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, რაც საკმაოდ რთულია, რამდენადაც მართლსაწინააღმდეგო მიზნის გაცხადება დოკუმენტურად ყოველგვარ რაციონალურ საფუძველსაა მოკლებული. შესაბამისად, ასეთი შემთხვევები ქართულ კაუტელარულ პრაქტიკაში არც არსებობს.

9

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ პირს თავისუფლად და დამოუკიდებლად აქვს გაერთიანების შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება.[8] საზოგადოებრივი გაერთიანებები არაკომერციული იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმითაც მოქმედებენ და მათი შექმნის თავისუფლება, ისევე როგორც განსახორციელებელი საქმიანობის თავისუფლება, კონსტიტუციურ-სამართლებრივად არის გარანტირებული. თუმცა კონსტიტუციით დაცულია ის შემთხვევები, როდესაც ასეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბების, მისი შემდგომი საქმიანობის მიზანი ასახავს 26 III მუხლში ფორმულირებულ ნიშნებს. კერძოდ, თუკი მიზანი განასახიერებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლას,[9] ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, ომის, ძალადობის პროპაგანდას და ა.შ.,[10] მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. შესაბამისად, სახეზე იქნება ადმინისტრაციული აქტი, რომლის გასაჩივრება საერთო წესით იქნება შესაძლებელი.




  1. მაგ. საქ. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2013 წლის 29 იანვრის #ბს-1504- 1466(კ-10) განჩინება.
  2. იხ. ასევე პეპანაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 262.
  3. გარკვეული გამონაკლისების გარდა, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი. მაგ. პერსონალური მონაცემების, გარკვეული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და სხვ.
  4. პეპანაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 262.
  5. იქვე, გვ. 263 და მომდევნო.
  6. იქვე, გვ. 263.
  7. იხ. ამავე კომენტარის მუხლი 33-ე. ასევე, ამ მუხლიდან გამომდინარე ორგანული კანონი „საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“. აგრეთვე: პეპანაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 269 და მომდ.
  8. ამასთან დაკავშირებით იხ. ქანთარია, საქ. კონსტიტუციის კომენტარი, თავი II, 2013, მუხ. 26, გვ. 298-309; ასევე, მისი შეზღუდული ხასიათის შესახებ: კუბლაშვილი, იზორია/კორკელია/კუბლაშვილი/ხუბუა, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 2005, მუხ. 26, გვ. 224-230.
  9. რაშიც, მიუხედავად საკანონმდებლო ნორმის სტრუქტურისა, დამხობაც მოიაზრება. ამიტომ, როგორც ლიტერატურაში აღნიშნავენ, ეს ორი ფრაზა შინაარსობრივად ერთი და იგივეს აცხადებს (და ერისა და იმავე შედეგამდე მივყავართ). ქანთარია, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი II, 2013, მუხ. 26, გვ. 323 (71 სქოლიო) შემდ. მითითებით.
  10. ნორმის (26 III) თითოეული მოცემულობის შინაარსობრივი განმარტებისთვის ვრცლად იხ.: ქანთარია, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი II, 2013, მუხ. 26, გვ. 322-328; კუბლაშვილი, იზორია/კორკელია/კუბლაშვილი/ხუბუა, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 2005, მუხ. 26, გვ. 231-232.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_32._არასამეწარმეო_(არაკომერციული)_იურიდიული_პირის,_უცხო_ქვეყნის_არასამეწარმეო...&oldid=1122"