Gccc-logo.png


მუხლი 35. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 35. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა


ირაკლი ბურდული/გიორგი მახარობლიშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/ წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა.

2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსი ლების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სა ხელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარე გისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას.

4. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 — სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79
საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონი №617 — სსმ I, №36, 08.12.2004 წ., მუხ.168
საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1051 — სსმ I, №9, 17.03.2005 წ., მუხ.59
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3140 — სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 — სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 — სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 — ვებგვერდი, 14.07.2011წ.

I. შესავალი

1

კოდექსით გათვალისწინებული იურიდიული პირის დეფინიცია შინაარსობრივად შეიცავს ორგანიზებული წარმონაქმნის ელემენტს. ორგანიზებულობას რამდენიმე ელემენტი აქვს. პირველი _ ეს არის სამართლებრივი ფორმა, რომელიც ნორმატიულ დონეზე ე.წ. დახურულ რიცხვთა (ნუმერუს ცლაუსუს)[1] პრინციპის ფარგლებშია განსაზღვრული.[2] სამართლებრივი ფორმა მისი ორგანიზაციული მართვის სტრუქტურას მოიცავს. ეს უკანასკნელი კი აყალიბებს ორგანიზებული წარმონაქმნის მეორე სეგმენტს — საზოგადოების მართვის შიდა სტრუქტურას.

2

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ისევე როგორც ნებისმიერი ორგანიზაციულად ჩამოყალიბებული სოციალური წარმონაქმნი, გარკვეული ორგანოების მეშვეობით ოპერირებს ბრუნვაში. ორგანიზაციული სტრუქტურა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქმედუნარიანობის[3] პრაქტიკული რეალიზების სამართლებრივი ფორმაა.[4] კოდექსით მოცემულია მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიული პირის აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც შეიძლება დირექტორთა საბჭო ან აღმასრულებელი საბჭო, დირექტორატი ან გამგეობა ეწოდოს.[5] ეს ლოგიკური დანაწესია, რადგან ა(ა)იპ-ს ფუნქციონირებისთვის სჭირდება ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი ამ ორგანოს სტრუქტურისა და კომპეტენციის ნორმატიულ დეტალიზაციას არ აკეთებს და მთლიანად სადამფუძნებლო დოკუმენტებსა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე გადამისამართებას ახდენს,[6] მას მაინც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სავალდებულო ორგანოდ განიხილავს.[7]

II. ა (ა) იპ-ის ორგანიზაციული სტრუქტურა

3

კოდექსი ა(ა)იპ-ის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე პირდაპირ არაფერს ამბობს. ის 35-ე მუხლში განმარტავს მხოლოდ ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით ინსტიტუტს, მაგრამ (დისპოზიციური) მოწესრიგების ყურადღების მიღმა ტოვებს საზოგადოების მართვის ისეთ ძირითად ორგანოს, როგორიც საერთო კრებაა და მისი განსაზღვრის შესაძლებლობას აბსოლუტურ კერძო ავტონომიურობის ფარგლებში აქცევს. თუმცა ირიბი ვალდებულება მაინც არის შენარჩუნებული (29 II), რომელიც ა(ა)იპ-ის სავალდებულო სარეგისტრაციო პირობად ითხოვს რეორგანიზაციაზე ან ლიკვიდაციაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს/პირის განსაზღვრას. საერთო ჯამში, ა(ა)იპ-ის წევრები/დამფუძნებლები აყალიბებენ წევრთა საერთო კრებას, რომელიც, წესით, რეგისტრაციის მომენტისთვის წესდებით უკვე უნდა იყოს განსაზღვრული.

4

35 III მუხლი არ განმარტავს ორგანიზაციული სტრუქტურის თანმდევ აუცილებელ ელემენტს — უფლებამოსილებას.[8] ორგანიზაციული მოწყობა, დანიშნულებიდან გამომდინარე, თვისებრივად მოიცავს მართვის კომპეტენციათა განსაზღვრას. ვინაიდან კოდექსი არ აწესრიგებს არც ორგანიზაციული მოწყობის უფლებამოსილებათა დანაწილებას, ეს საკითხიც საწესდებო ავტონომიის ფარგლებში უნდა იქნეს გაწერილი.[9]

5

რაც შეეხება წესდებით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის „სათანადო წესით დამოწმებას“. კოდექსის 29-ე მუხლი არაფერს ამბობს წესდების/პარტნიორთა შეთანხმების დამოწმების წესზე, თუმცა ა(ა)იპ-ის რეგისტრაციის წესებზე „მეწარმეთა შესახებ“ კანონს ავრცელებს (29 III). თავის მხრივ, მეწარმეთა კანონი მეწარმე სუბიექტის წესდების მიღების წერილობით ფორმას განსაზღვრავს, რომლის ნოტარიული დამოწმება არ არის აუცილებელი. თუმცა, სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს, უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ყველა დამფუძნებელი პარტნიორი მარეგისტრირებელ ორგანოში მოაწერს ხელს ამ განაცხადს.[10] შესაბამისად, ა(ა) იპ-ის წესდებაზე გავრცელდება იგივე წესები, რაც მეწარმე სუბიექტების მიმართ ზოგადად მოქმედებს.

III. ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივი არსი

6

ა(ა)იპ-ის, როგორც ფიქციური (ხელოვნური) წარმონაქმნის[11] ხასიათი განაპირობებს მის გარესამართლებრივ ურთიერთობაში წარმოდგენაზე უფლებამოსილი ორგანოს შიდაორგანიზაციულ კონსტანტირებას.[12] ხელმძღვანელები ორგანიზაციულ მართვაში არსებით როლს ასრულებენ, რადგან მათ უნარზე, ნიჭსა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული საზოგადოების მიზნობრივად სწორი ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დელეგირება აუცილებელი წინაპირობაა პირის ხელმძღვანელად (წარმომადგენლად) დანიშვნის პროცესში. ა(ა)იპ-ის ძირითადი მიზანი არასამეწარმეო საქმიანობაა, რომელიც თავისთავად არ გულისხმობს ეკონომიკური აქტივობის არარსებობას. პირიქით, ა(ა)იპ, როგორი მიმართულების ან თვისებრივი სპეციფიკის მიზნითაც არ უნდა იყოს დაფუძნებული, ჩართულია ჩვეულებრივ სტატიკურ თუ დინამიკურ ეკონომიკურ პროცესში. უფრო მეტიც, ის შესაძლოა სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას და აქტივობას მობილიზებას უკეთებდეს მისი (იდეალური) მიზნის მიღწევისთვის, ანუ ეკონომიკური ბუნების შეთავსება მისთვის მიზნის მიღწევის საშუალებაა (25 V). დედუქციური მსჯელობა ა(ა) იპ-ის დამფუძნებლის ან წევრის ინტერესს წარმოსახავს. ამიტომ მას (დამფუძნებელს/წევრს) პირადი ინტერესი აქვს, რომ ა(ა)იპ-ის მატერიალური თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის სამართლებრივი კონსტრუქციის ქვეშ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით მიზნის რელატიური ორგანიზაციული მმართველი დანიშნოს. შესაბამისად, 35 I ა(ა)იპ-ის დამფუძნებელ პირს ან უბრალოდ მის წევრს, ანუ არადამფუძნებელ სუბიექტს, ე.წ. პრინციპალს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, დანიშნოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.[13] დამფუძნებელი პირი დანიშვნის ორგანიზაციულ უფლებას ერთჯერადი გენერირებით იყენებს. კერძოდ, ქართულ ნორმატიულ სივრცეში დამკვიდრებული ორგანული თეორიიდან[14] გამომდინარე, ხელმძღანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილებით პირის ავტორიზება ერთჯერადი ბუნების მქონეა.

7

კოდექსი[15] ერთმანეთისგან განასხვავებს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ინსტიტუტებს. განსხვავება ორი მიმართულებით პოვებს განვრცობას. პირველი მიმართულების მოცემულობას ხელმძღანელობისა და წარმომადგენლობის სახეები აყალიბებს (35 I). რაც შეეხება მეორე მიმარ- თულებას, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას შორის ჰიპოთეტური დივერგენსიის წყაროდ კომპეტენციური სხვაობა გვევლინება (35 II).

IV. ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სახეები

8

არსებობს ხელმძღვანელობის (წარმომადგენლობის), როგორც ინსტიტუტის ორი ძირითადი სახე: ერთპიროვნული (დამოუკიდებელი) და თანახელმძღვანელობა (კოლეგიური). თუ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელი პირი/წევრი გადაწყვეტს, რომ საზოგადოებას ჰყავდეს ერთპიროვნული ხელმძღვანელი, მაშინ ის კონკრეტულ სუბიექტს მიანიჭებს საქმის ერთპიროვნული გაძღოლის უფლებამოსილებას. ერთპიროვნული მმართველობის დროს, მაგალითად, მეწარმე სუბიექტების შემთხვევაში, ხელმძღვანელ პირს, როგორც წესი, უწოდებენ გენერალურ დირექტორს, რომლის უფლებამოსილება გარესამართლებრივ ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა ისეთი საგამონაკლისო შემთხვევისა, როდესაც დირექტორის უფლებამოსილების სისრულისთვის საწარმოს საერთო კრების ან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება იქნება საჭირო. ეს არის დანიშნული ხელმძღვანელის კონტროლთან დაკავშირებული სტრატეგიული მიდგომა მისი პრაქტიკული განხორციელების პირდაპირი მექანიზმით, იქნება ეს ერთპიროვნული თუ კოლეგიური მართვის სახე. საკითხი ეხება დამფუძნებელი პირების/წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების,[16] ინიცირებისა და ვეტოს უფლებას.[17] ა(ა) იპ-ის წევრთა მხრიდან გადაწყვეტილების მიღებაში პირდაპირი მონაწილეობის უფლება ან გადასაწყვეტი საკითხის დაბლოკვა საზოგადოების ფუნდამენტური სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შემზღუდველი და, შესაბამისად, კონტროლირებადი ფაქტორია.[18] ფუნდამენტური ორგანიზაციული ცვლილება შეიძლება იყოს ისეთი შიდა ცვლილება, როგორიცაა წესდებაში ცვლილებების შეტანა და ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია და „გარე~ ცვლილება, როგორიც არის ერთი ა(ა)იპ-ის მიერ მეორეს შეძენა ან მათი შერწყმა (38).[19]

9

თუ ა(ა)იპ-ის წევრები მართვის პროცესის რამდენიმე პირისგან შემდგარ ორგანოს შექმნიან, სახეზე იქნება კოლეგიური ხელმძღვანელობის ტიპი. თანახელმძღვანელობის მთავარი მაკვალიფიცირებელი ფაქტორი საზოგადოების სახელით მიღებული გადაწყვეტილების მესამე პირებთან ავტორიზირებული „მიტანის“ ფორმაში მდგომარეობს. კერძოდ, არასამეწარმეო იურიდიული პირის კოლეგიური ხელმძღვანელობის დროს, საჭიროა, რომ მართვის ორგანოში შემავალი, მაგალითად, ორი დირექტორი, ერთდროულად და ერთობლივად ახორციელებდეს საზოგადოების ხელმძღვანელობასა და მართვას.[20] ამასთან, რეესტრის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში ცალკეულ ხელმძღვანელს (დირექტორს) დამოუკიდებლად აქვს საზოგადოების სახელით გამოსვლის უფლებამოსილება მინიჭებული.

10

ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სრული ავტორიზებისთვის აუცილებელია მისი მესამე პირებისთვის „გაცხადება“. ამას საზოგადოება რეესტრში რეგისტრაციის გზით აღწევს. მაგრამ, ხშირია შემთხვევა, როდესაც საზოგადოების დირექტორატი რამდენიმე პირისგან შედგება, მაგრამ ყველა ისინი არ არიან დარეგისტრირებული რეესტრში, როგორც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები. ასეთ შემთხვევაში, სრულყოფილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ექნებათ იმ პირებს, რომლებიც რეესტრის ამონაწერში იქნებიან დაფიქსირებული, ხოლო ისინი, რომლებიც რეესტრის მონაცემებში არ არიან, ბუნებრივია, არ ექნებათ საზოგადოების მესამე პირებთან წარმოდგენის კომპეტენცია. ისინი მხოლოდ შიდასაზოგადოებრივი საკითხების მოგვარებით იქნებიან შემოსაზღვრულნი.[21]

11

შესაძლებელია, აგრეთვე, წარმომადგენლობასთან დაკავშირებით კომბინირებული ვარიანტების შემუშავება. მაგალითად, დირექტორატის, როგორც კოლეგიური ორგანოს ერთ წევრს, ჰქონდეს გარკვეულ სფეროში მინიჭებული წარმომადგენლობა, ხოლო დანარჩენი წევრები ერთობლივად წარმოადგენდნენ.[22] მსგავსი მრავალი კომბინაცია შეიძლება იქნეს შემუშავებული. აღნიშნულს შესაძლოა ეწოდოს ხელმძღვანელობის შერეული ფორმა, თუმცა ასეთი შემთხვევები რამდენად იდეალური იქნება პრაქტიკისთვის, ეს თავად მომავლის საკითხია.

V. ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ურთიერთმიმართება და გამიჯვნა

12

ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას შორის კომპეტენციური სხვა ობა იდენტურად არის მოწესრიგებული როგორც კოდექსით (35 (II) ), ისე „მეწარმეთა შესახებ“ კანონით (9 (II) ). ამიტომ, კომპეტენციური დივერგენსია სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა ხელმძღვანელობის (წარმომადგენლობის) ურთიერთმიმართებით შეჯერდება.

კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. აღნიშნული დანაწესი, ისევე როგორც „მეწარმეთა შესახებ“ კანონი, ხელმძღვანელობის ვიწრო გაგებას გვთავაზობს. კერძოდ, დაკონკრეტებული და გამიჯნულია საზოგადოების შიდაორგანიზაციული საქმიანობა გარესამართლებრივი ურთიერთობისგან. მაგალითად, მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში, რომელსაც ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, საბჭოს თავმჯდომარე არის შიდაორგანიზაციული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც საზოგადოების სახელით მატერიალურ-სამართლებრივ გადაწყვეტილებებს არ ღებულობს[23] და რომელსაც მესამე პირებთან სამართლებრივად მბოჭავ ხასიათს მიანიჭებდა.[24] თუმცა, მას (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს) შეუძლია მოიწვიოს საერთო კრება, აწარმოოს სააღრიცხვო დღე და ა.შ.[25] ანალოგიური ვითარება წარმოდგება ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელთან მიმართებაში, როდესაც მას შიდაორგანიზაციული ურთიერთობის მიღმა სამართლებრივი მოქმედება შეზღუდული ექნება. ასეთი კონფიგურაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ფორმით: საზოგადოება შიდაორგანიზაციულად, ანუ საწესდებო დონეზე დაადგენს ვიწრო გაგებით ხელმძღვანელ პირს, რომელიც არ იქნება რეგისტრირებული რეესტრში, რადგან რეგისტრირებული ხელმძღვანელი პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირების წინაშე არ შეიძლება შეიზღუდოს.[26] სხვა სიტყვით, თუ პირი რეგისტრირებულია ხელმძღვანელად რეესტრში, საჯაროობის მოვალეობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მესამე პირებთან მიმართებით იქნეს გამოყენებული ხელმძღვანელის დანიშვნის პროცედურული ხარვეზები ან/და კომპეტენციური შეზღუდვები, თუ ეს არ ეხება თანახელმძღვანელობას ან თუ ასეთი შეზღუდვის შესახებ იცოდა მესამე პირმა.[27]

13

35 II 1 მუხლი შესაძლებლობას უშვებს ხელმძღვანელობა წარმომადგენლობის გარეშე არსებობდეს. ასეთ დროს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მხოლოდ მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოსვლის კომპეტენციას მოიცავს. მაგრამ ამას საწესდებო ავტონომიის ფარგლებში მოწესრიგება სჭირდება, რადგან წარმომადგენლის დანიშვნა ავტომატურად არ ნიშნავს ხელმძღვანელი პირისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას.[28]

14

კოდექსის დისპოზიციური მოწესრიგება ხელმძღვანელობას ფართო გაგებით ადგენს (35 II 2). კერძოდ, ხელძღვანელობა, მისი კანონისმიერი მოწესრიგების ფარგლებში, მოიცავს წარმომადგენლობას. აღნიშნულ დათქმას კომბინაციაში მოჰყავს ხელმძღვანელობის ვიწრო გაგება და წარმომადგენლობის ინსტიტუტი.

VI. ა (ა) იპ-ის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის წარმოშობა და შეწყვეტა

15

35 IV მუხლი ბლანკეტური ტიპის ნორმაა. ის ხელმძღვანელობის(წარმომადგენლობის) წარმოშობისა და შეწყვეტის სამართლებრივ რეგულირებას „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე გადამისამართებით ახდენს.

ხელმძღვანელი (წარმომადგენელი) პირი საზოგადოების ფიდუციარია.[29] საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისგან განასხვავებს საწარმოს დირექტორატის წევრად წარდგენას (დანიშვნას) და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას.[30] ეს არის კონსესუალური ურთიერთობა, რომელიც სათავეშივე მოითხოვს პრინციპალის მხრიდან ნების (სურვილის) გამოხატვას და წარმომადგენლის მიერ თანხმობის გაცხადებას.[31]

ა(ა)იპ-ის წევრს უფლება აქვს წარადგინოს ნებისმიერი პირი წევრთა საერთო კრებაზე დასანიშნად (ასარჩევად).[32] წარდგენის, დანიშვნის ქვეშ მოიაზრება დირექტორატის წევრის დანიშვნა მის ორგანულ თანამდებობაზე. ამიტომ, დანიშვნის აქტი არის კორპორაციულ-სამართლებრივი და ამავდროულად, ცალმხრივი ხასიათის, რადგან დანიშვნა ფორმდება საზოგადოების აქტით, რომელიც საზოგადოების მხრიდან ნების გამოვლენისა და ამ ნების მიღების სამართლებრივ აქტს წარმოადგენს.[33] დანიშვნის აქტი საფუძველია დირექტორის კომპეტენციის განსაჯაროებისთვის, ანუ მარეგისტრირებელ ორგანოში დასარეგისტრირებლად. სწორედ რეგისტრაციის კონსტიტუტიური მნიშვნელობიდან გამომდინარე, პირი საზოგადოების ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით მას შემდეგ აღიჭურვება, რაც მის სარეგისტრაციო მონაცემებში ხელმძღვანელ (წარმომადგენელ) პირად რეგისტრაცია განხორციელდება. შესაბამისად, პირი ხელმძღვანელად გამწესებულად ითვლება საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების გამოქვეყნების, განსაჯაროების მომენტიდან.

16

ხელმძღვანელის (წარმომადგენლის) დანიშვნის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით, როგორც წესი, განისაზღვრება ხელმძღვანელის (წარმომადგენლის) უფლებამოსილების ვადა. განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ რეესტრში ცვლილებების შეუტანლობა არ იწვევს ავტორიზებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტას.[34] საწესდებო ავტონომიის ფარგლები ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში გადამწყვეტია. დირექტორის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა რაიმე კანონისმიერ დათქმაზე დაფუძნებული არ არის.[35] შესაბამისად, საზოგადოების წევრთა საერთო კრებას ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ ორგანოს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. პირი გათავისუფლებულად ითვლება (გარესამართლებრივი ურთიერთობისთვის) გათავისუფლების შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენისა და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის მომენტიდან.[36]

17

კოდექსი არ განსაზღვრავს ხელმძღანელობითი საქმიანობის ფარგლებს და ორგანოთა შორის კომპეტენციათა განაწილების სქემას. თუმცა, რადგან კოდექსის 35 IV მუხლი ხელმძღვანელობის (წარმომადგენლობის) წარმოშობასა და შეწყვეტას „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე გადამისამართებით არეგულირებს, ამიტომ ხელმძღვანელობითი კომპეტენციის ფარგლები ამ უკანასკნელის ანალიზიდან უნდა დადგინდეს. ანალიზის აუცილებლობა მეწარმეთა კანონიდან გამომდინარეობს, რადგან არც ის ითვალისწინებს კონკრეტულად დირექტორის უფლებამოსილებათა განსაზღვრულ არეალს (ე.წ. დაწერილ კომპეტეციას[37]), მაგრამ მისი უფლებამოსილებათა ფარგლების შემოსაზღვრა შესაძლებელია საზოგადოების მართვის სხვა ორგანოთა კომპეტენციების ანალიზის საფუძველზე. სხვა ორგანოთა (საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო) უფლებამოსილებები კი გამიჯნულად მხოლოდ სააქციო საზოგადოების კერძო ნაწილშია წარმოდგენილი. შესაბამისად, ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებათა ფარგლების ძირითადი განმსაზღვრელია პირის დანიშვნის აქტი[38] და მასთან დადებული (სასამსახურო)[39] ხელშეკრულება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობით უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს საქმის კეთილსინდისიერად წარმართვის მოვალეობა ეკისრებათ, რაც მათი ფიდუციური ბუნებით არის განპირობებული.




  1. ტერმინი გამოხატავს პრინციპს, რომელიც სამართლებრივ მდგომარეობათა (ფორმათა) ნორმატიულად ზუსტად განსაზღვრულ რიცხვს ადგენს, რომლის სახელშეკრულებო დონეზე შეცვლა ბათილია. იხ. Merrill/Smith, Optimal Standardization in the Law of Property: The Numerus Clausus Principle, The Yale Law Journal, Vol. 110, 2000, p. 9-12.
  2. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 220.
  3. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 238-240.
  4. აშშ-ის უმრავლეს შტატში კორპორაციის, როგორც იურიდიული პირის ინკორპორირების დასრულების ბოლო ეტაპი რეგისტრაციის შემდგომი ორგანიზაციული კრებაა (პირველი კრება), სადაც სრულყოფილად იქნება შესრულებული საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება: აირჩევა დირექტორი (თუ ისინი სადამფუძნებლო დოკუმენტში, ე.წ. Article of incorporation არ არის წარმოდგენილი), დაინიშნება აღმასრულებელი მენეჯერი ან კრება აირჩევს ბორდს, რომელიც დაასრულებს საზოგადოების ორგანიზაციულ მოწყობას. იხ. Cox/Hazen, The Law of Corporations, Vol. 1, 2010, p. 186 აღნიშნული პროცესის დასრულებით კორპორაცია, როგორც იურიდიული პირი, ხდება ქმედუნარიანი (გარიგებაუნარიანი). იხ. ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი II, 2013, გვ. 358-359; Schneeman, The Law of Corporations and Other Business Organizations, 2008, pp. 307-310; Palmiter, Corporations, 2006, p. 44-45.
  5. ქართული სამართლებრივი სივრცე არანაირ შეზღუდვას არ შეიცავს აღმასრულებელი ორგანოს სახელწოდებასთან მიმართებით. შესაბამისად, პრაქტიკაში ამ ორგანოს სახელწოდება განსხვავებულია და დამოკიდებულია ორგანიზაციაზე, საქმიანობის საგანსა და ა.შ.
  6. იგი (მეწარმეთა შესახებ კანონი), თავის მხრივ, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოს კომპეტენციის ნორმატიულ მოწესრიგებას არ შეიცავს.
  7. კერძო სამართლის ყველა იურიდიულ პირს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ორგანო სავალდებულო სტრუქტურულ ელემენტად აქვს დადგენილი. იხ. მაგ., Pinto/Branson, Understanding Corporate Law, 2009, p. 13. ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, II, 2013, გვ. 355-360.
  8. Allen/Kraakman/Subramanian, Commentaries and Caseson the Law of business Organization, 2012, p. 96.
  9. ა(ა)იპ-ის სამართლებრივი ფორმა არ არის მის წევრთა პირადი ქონებრივი ინტერესების მართვის ორგანიზაციული ბერკეტი. ასეთ სამართლებრივ ფორმას არ აქვს წილები. იხ. Davies, Introduction to Company Law, 2010, p. 26. შესაბამისად, არაქონებრივი ინტერესის დაცვისთვის მასში ისეთი დამატებითი ორგანოს შემოღება, როგორიც სამეთვალყურეო საბჭოა, მენეჯმენტის კუთხით, არამიზნობრივი ხარჯი და ბიუროკრატიული ელემენტი უნდა იყოს.
  10. იხ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი, 5 III.
  11. ისევე როგორც თითქმის ყველა კერძოსამართლებრივი ორგანიზაციული წარმონაქმნი. იხ. Jensen/Meckling, Theory of the FirmVol. 3, No. 4, 1976, p. 314.
  12. იხ. Merrill Lynch Trust Co. FSB., 235 S.W.3d 185, Texas, 2007.
  13. მმართველი ორგანოს დაკომპლექტება საზოგადოების წევრების (პარტნიორების) რელევანტური უფლებამოსილებაა როგორც ა(ა)იპ-ის, ისე მეწარმე სუბიექტების შემთხვევაში. იხ. ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობა, 2006, გვ. 112; ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი II, 2013, გვ. 357-358; Allen/Kraakman/Subramanian, Commentaries and Caseson the Law of business Organization, 2012, p. 8, 156. ამასთან, დამფუძნებლის/წევრის მიერ მართვის (მისი პირდაპირი გაგებით) ორგანოს დაკომპლექტება შესაძლებელია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მეთოდით. მაგ., კაპიტალური ტიპის საზოგადოების ერთსაფეხურიანი მართვის სისტემის მქონე ქვეყნებსა და ამხანაგური ტიპის საზოგადოებათა (თუ პარტნიორები არ ისურვებენ ხელმძღვანელობას, როგორც ამხანაგური ტიპის საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ფორმას. იხ. ლაზარაშვილი, პარტნიორთა უფლებები და მოვალეობები სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ჟურნალი ადამიანი და კონსტიტუცია, 3/1997, გვ. 36.) მართვის ორგანოს დაკომპლექტების პირდაპირი წესია დამკვიდრებული, რაც ნიშნავს უშუალოდ პარტნიორების/წევრების მიერ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა არჩევა/დანიშვნას. ხოლო კაპიტალური ტიპის მეწარმე სუბიექტთა მიმართ მართვის დუალისტური მოდელის პირობებში ხელმძღვანელის (წარმომადგენლის) არაპირდაპირი არჩევა/დანიშვნის წესია უპირატესი, ანუ პარტნირთა კრება ირჩევს „ზედამხედველობის“ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს), რომელიც, თავის მხრივ, აკომპლექტებს დირექტორატს. მაგ., იხ. Rosin/Closen, Agency, Partnerships and Limited Liability Companies, 2000, p. 127.
  14. იხ. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 238-241; ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, 2005, გვ. 232-233.
  15. ისევე, როგორც კანონი „მეწარმეთა შესახებ“. ამასთან, მეწარმეთა კანონის მე-9 მუხლზე გადამისამართებას კოდექსი აკეთებს (35 IV).
  16. კონტროლის ეს სეგმენტი იურიდიულ დოქტრინაში სავსებით სამართლიანად არის აღიარებული ფორმალურ კონტროლად, როდესაც ხმის მიცემა ხდება დირექტორთა საბჭოს ასარჩევად ან ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად წევრთა საერთო კრებაზე. იხ. Hansmann, Ownership of Enterprise, 1996, p. 11.
  17. Armour/Hansmann/Kraakman, Agency Problems and Legal Strategies, 2009, p. 38 et seq.
  18. Hansmann, Ownership of the Firm, Journal of Law, IV:2, 1991, p. 290.
  19. Palmiter, Corporations, 2006, p. 595-614.
  20. საქ. უზენაესმა სასამართლომ ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა მისი უფლებამოსილების არეალს მიღმა დატოვა. იხ. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბერი # ას-310-294-2011. ეს ლოგიკურია, რადგან, მაგ., მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მინიჭება ხდება ორგანული, კორპორაციულ-სამართლებრივი აქტის (წესდება ან შესაბამისი ორგანოს სხდომის ოქმით გაფორმებული გადაწყვეტილება) საფუძველზე, რაც პრინციპულად გამორიცხავს ხელმძღვანელისთვის იგივე, ორგანული და ექსკლუზიური უფლებამოსილების „გადაყოლას“. ის საზოგადოების „ზემდგომი“ ორგანოს, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის შიდა ორგანიზაციული კომპეტენციაა. რაც შეეხება დირექტორის მიერ გაცემულ მინდობილობას, მას მხოლოდ გარიგებით-სამართლებრივი ხასიათი ექნება და არა ორგანული წარმომადგენლობითი ბუნება.
  21. ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი II, 2013, გვ. 364.
  22. ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი II, 2013, გვ. 365-369.
  23. შესაძლოა მხედველობაში მიიღებოდეს გარკვეული გამონაკლისები.
  24. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის პირდაპირი ადრესატები არიან, როგორც ფიდუციარები. იხ. მეწარმეთა შესახებ კანონი, 9 VI.
  25. იხ. მაგ., „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ. 54 I, 55 VI.
  26. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 264.
  27. მაგ., ევროპის კავშირის პირველი საკორპორაციო-სამართლებრივი დირექტივა შეიცავს დანაწესს, რომ საზოგადოების მართვის ორგანოთა უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც მხოლოდ წესდებით არის გათვალისწინებული, არ აქვს იურიდიული ძალა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის გამოქვეყნებულია. შესაბამისად, დირექტივა მხოლოდ კანონის საფუძველზე მიიჩნევს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას მესამე პირებისათვის სამართლებრივი ძალის მქონედ. იხ. ჭანტურია, საკორპორაციო სამართლის ევროპული დირექტივები, 2009, გვ. 461.
  28. შდრ. ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი II, 2013, გვ. 365.
  29. იხ. Kleinberger, Agency, Partnerships and LLC, 2002, p. 4.
  30. შდრ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ. 9 VII. იხ. ლაზარაშვილი, სასამსახურო ხელშეკრულება საწარმოს დირექტორთან, წიგნში: ბურდული, თანამედროვე საკორპორაციო სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, 2009, გვ. 314 და მომდ; ვრცლად: ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი II, 2013, გვ. 374 და მომდევნონი.
  31. Allen/Kraakman/Subramanian, Commentaries and Caseson the Law of business Organization, 2012, p. 8. მეწარმეთა კანონი (5 I2) პირდაპირ ადგენს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) დანიშვნისთვის/რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს ამ პირის (პირების) ნება.
  32. იხ. Armour/Hasnmann/Kraakman, WhatisCorporateLaw? In: AnatomyofCorporateLaw, 2009, p. 14.
  33. ვრცლად, იხ. ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი II, 2013, გვ. 374-381.
  34. იხ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ. 5 I3.
  35. განსხვავებით, მაგ., ინგლისური კომპანიათა სამართლისგან. იხ. French, Mayson, Ryan, Company Law, 2010, p. 437.
  36. იხ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ. 9 VII 1 და VII 2 .
  37. იხ. ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი II, 2013, გვ. 325-330. არსებობს ფაქტობრივი, ნამდვილი უფლებამოსილება (Actual Authority), გარემოებების მიხედვით გონივრულად ნავარაუდევი უფლებამოსილებები (Apparent Authority), ნაგულისხმევი უფლებამოსილება (Implied Authority) და არსებული უფლებამოსილება, რომელიც მისი დანიშვნის აქტში ან მასთან დადებულ სასამსახურო ხელშეკრულებაში არ არის ჩამოთვლილი, მაგრამ გამომდინარეობს მისგან (Inherent Power). იხ. Rosin/Closen, Agency, Partnerships and Limited Liability Companies, 2000, p. 235-264; Kleinberger, Agency, Partnerships and LLC, 2002, pp. 21-29.
  38. იხ. Allen/Kraakman/Subramanian, Commentaries and Caseson the Law of business Organization, 2012, p. 103.
  39. ლაზარაშვილი, სასამსახურო ხელშეკრულება დირექტორთან. პარტნიორი და დირექტორი შიდასაზოგადოებრივ ურთიერთობაში, წიგნში: ბურდული, თანამედროვე საკორპორაციო სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, 2009, გვ. 309-341.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_35._არასამეწარმეო_(არაკომერციული)_იურიდიული_პირის_ხელმძღვანელობა_და_წარმომადგენლობა&oldid=1149"