Gccc-logo.png


მუხლი 36. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების...

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 36. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება


ირაკლი ბურდული/გიორგი მახარობლიშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336

I. შესავალი: ა(ა)იპ-ის ქონება

1

კოდექსში მოცემული იურიდიული პირის დეფინიციის შემადგენელი ელემენტი ქონებაა (25 I). სავალდებულო მინიმალური კანონისმიერი კაპიტალის არარსებობის პირობებში, იურიდიულ პირს სარეგისტრაციო მიზნებისთვის განსაზღვრული ქონების საკუთრებაში ფლობა არ მოეთხოვება. თუმცა, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, ისე მეწარმე იურიდიული პირი, მისი ფუნქციონირების დაწყების პირველივე ფაზაში, შესაძლოა აღიჭურვოს განსაზღვრული ქონებით, ანუ იყოს კაპიტალიზებული.

2

იურიდიული პირის ქონება გამიჯნულია მისივე პარტნიორების (წევრების) ქონებისაგან. გამიჯვნის მთავარი არსი რამდენიმე პოსტულატშია. პირველი, იურიდიული პირი მისი შექმნის/ჩამოყალიბების მომენტიდან იძენს დამოუკიდებელი სუბიექტის სტატუსს და ხდება „განცალკევებული პატრიმონი“.[1] ეს უკანასკნელი მოიცავს გამყოფ ხაზს გაერთიანების შედეგად შექმნილ ქონებასა და საზოგადოების წევრთა საკუთრებაში არსებულ ქონებას შორის. გაერთიანებული ქონების მესაკუთრედ განიხილება საზოგადოება, რომელიც ქონების მართვას ახორციელებს ხელმძღვანელის საშუალებით. განსაზღვრული ქონების მართვის უფლებამოსილება მოიცავს მის განკარგვას, გაყიდვას და გარემოებებიდან გამომდინარე, კრედიტორებისთვის გადაცემას, ე.ი. რადგან ეს ქონება საზოგადოების საკუთრებად განიხილება და არა იურიდიული პირის წევრთა საკუთრებად, საზოგადოების მესაკუთრეთა პირად კრედიტორთათვის ეს ქონება პასუხისმგებლობის მისაქცევად მიუწვდომელია, რაც საზოგადოების იურიდიული პირის სტატუსით სამართლებრივი პიროვნულობის შედეგად მიიღწევა.[2] „განცალკევებული მემკვიდრეობის~ ძირითად ფუნქციას „გაერთიანების დაცულობა“ ეწოდება.[3] გაერთიანების დაცვა ნიშნავს საზოგადოების მესაკუთრეთა პირად კრედიტორთა მოთხოვნებისგან საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების დაცვას.[4] „ორგანიზაციული წარმონაქმნის“ სახელმწიფოს მხრიდან რეგისტრაციის გზით ლეგიტიმირების შემდგომ ეტაპზე აღარ განიხილება, რომ საზოგადოებას ცალკე პიროვნულობის სტატუსი არ აქვს: ის განცალკევებული და სამართალსუბიექტობის მქონე იურიდიული პირის სტატუსის მატარებელი საზოგადოებაა,[5] რომელსაც შეიძლება ჰქონდეს განსაზღვრული ტიპის ან გარკვეული მოცულობის (რაოდენობრივად) ქონება.[6]

3

საზოგადოების ქონება არის ამ საზოგადოებაში არსებული ყველა ობიექტის ერთობლიობა.[7] ქონების შინაარსობრივ მოცემულობას,[8] თუ რა კატეგორიის ან სუბსტანციის მატარებელია (მატერიალური თუ არამატერიალური) ის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ქონება იყოს ბრუნვაუნარიანი ობიექტი, რომელსაც განსაზღვრული ეკონომიკური ღირებულება აქვს ან შესაძლებელია მისი ეკონომიკური ღირებულების დადგენა.[9]

ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოების ქონების მართვა სუბსტანციურად მნიშვნელოვანი მომენტია ფუნქციონირების პროცესში. შესაბამისად, ქონების მართვაზე უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი (ორგანო) პასუხისმგებელია მის სწორ და მიზნობრივ განკარგვაზე.

II. ა(ა)იპ-ის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირი (ორგანო)

4

ზოგადად, იურიდიული პირის ქმედუნარიანობის გარეგნული გამოვლენის გამოხატულებაა საზოგადოების მესამე პირებთან წარმოდგენის[10] უფლებამოსილებათა მქონე პირი,[11] რომელსაც შეუძლია გაერთიანების სახელით მისივე (საზოგადოების) ქონების განკარგვა და ისეთ სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ამავე (საზოგადოების) ქონებით.[12] ამ ეტაპზე იკვეთება ისეთი სფერო, როგორიც საზოგადოების პრაქტიკული ფუნქციონირების პროცესში მისი (ორგანიზაციის) ინტერესების დაცვაა, რადგან შესაძლებელია იურიდიული პირის სახელით ქონების არამიზნობრივი განკარგვა და სტაგნაციურ ეკონომიკურ თუ არაეკონომიკურ ურთიერთობაში შესვლა. საზოგადოების ინტერესთა დაცვა საჭიროა მაშინ, როდესაც მისი უფლებები ირღვევა ან ის არღვევს სხვის უფლებებს. ბუნებაში უფლება აბსტრაქტულად მისი მატარებელი კონკრეტული სუბიექტის გარეშე არ არსებობს. თუ ინტერესის დაცვა ხდება, ე.ი. ის უფლების დარღვევის ან გადაჭარბების შედეგია; თუ უფლება არსებობს, ე.ი. მისი მატარებელი სუბიექტიც სახეზეა, ხოლო თუ ამ უფლება-მოვალეობათა მატარებელი სუბიექტი არსებობს, ე.ი. მას ახასიათებს სამართლებრივი სუბსტანცია, რომლის ფუნქციურ რეალიზაციას უფლებამოსილებათა დელეგირების საფუძველზე ახორციელებენ. შედეგად, კოდექსი ა(ა)იპ-ის ქონების რეალიზაციის ნორმატიულ დასაშვებობას ადგენს, მაგრამ კონკრეტულად არ განსაზღვრავს მის პრაქტიკულ განხორციელებაზე უფლებამოსილ პირს.

5

კოდექსი ა(ა)იპ-ის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე არაფერს ამბობს (35 III). ის 35-ე მუხლში განმარტავს მხოლოდ ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით ინსტიტუტს, ხოლო საერთო კრებისა და მისი განსაზღვრის შესაძლებლობას საწესდებო ავტონომიურობის ფარგლებში აქცევს. ორგანიზაციული მართვის კუთხით, აუცილებელია, რომ ა(ა)იპ-ის წევრები/დამფუძნებლები აყალიბებდნენ წევრთა საერთო კრებას, რომელიც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან) ერთად შექმნის ა(ა)იპ-ის ორგანიზაციულ სტრუქტურას. ორგანიზაციული სტრუქტურის, როგორც მართვის სქემის რელევანტური კომპონენტიც (უფლებამოსილება), კანონით პირდაპირ განსაზღვრის არარსებობის პირობებში, წესდებით გადასაწყვეტ საკითხთა სფეროს განეკუთვნება. თუ ა(ა)იპ-ის ქონების განსხვისების შესაძლებლობა მხოლოდ წევრთა/დამფუძნებლეთა გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება შესაძლებელი,[13] ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, ე.წ. დამატებითი ავტორიზება ესაჭიროება ა(ა)იპ-ის ქონების „ნამდვილი“ გასხვისებისთვის.[14] წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი პირის მიერ გასხვისება, რომელსაც მესამე პირებთან მიმართებით სამართლებრივად მბოჭავი ხასიათი ექნება, ხოლო საზოგადოების შიდაორგანიზაციულ და სამართლებრივ კონტექსტში ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის (წარმომადგენლის) პირადი პასუხისმგებლობის საფუძველს შექმნის.[15]

ნებისმიერ შემთხვევაში, ა(ა)იპ-ის წესდებით როგორ იქნება გავლებული კომპეტენციათა ზღვარი მართვის ორგანოთა შორის, ა(ა)იპ-ის ქონების განსხვისების, ანუ გარესამართლებრივი ურთიერთობის პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობით კანონით დადგენილი ხელმძღვანელობით (წარმომადგენლობით) თანამდებობაზე მყოფი პირია აღჭურვილი. სხვა საკითხია, თუ უფლებამოსილების საწესდებო შეზღუდვის შესახებ იცოდა მესამე პირმა. ასეთ შემთხვევაში, კოდექსის (35 IV) მიხედვით, გამოსაყენებელია „მეწარმეთა შესახებ“ კანონი (9 IV), რომლის მიხედვითაც წარმოდგენილ საზოგადოებას (ა(ა)იპ-ს) შესაძლებლობა ექნება გარიგების დადებიდან 18 თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე.[16]

III. ქონების გასხვისების წინაპირობები

6

კოდექსის 36-ე მუხლი ა(ა)იპ-ის ქონების გასხვისების (და ნორმის გამოყენების) ორ გენერალურ წინაპირობას განასხვავებს. პირველი სამართლებრივად მარტივი კონსტრუქციის მატარებელია და გულისხმობს ქონების არსებობას, ანუ ა(ა)იპ-ის ბალანსზე განსაზღვრული ოდენობის ქონების აღრიცხვას. სუბსტანციურად მნიშვნელოვანი კი მეორე წინაპირობაა. ეს არის ქონების გასხვისების კანონით დადგენილი ის ალტერნატივები, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში ა(ა)იპ-ის უფლებამოსილი პირი (ორგანო) ქონების გასხვისების კანონისმიერი უფლებით აღიჭურვება.

7

ა(ა)იპ-ს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

იურიდიული პირი, რომელიც არ მისდევს სამეწარმეო საქმიანობას, იქმნება სხვადასხვა მიზნის რეალიზებისათვის. მიზანი შეიძლება იყოს იდეალური, მაგრამ აკრძალულია არსებითად სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვა (33 II). დასაშვებია მხოლოდ მიზნის მიღწევისთვის სამეწარმეო საქმიანობის დროებითი განხორციელება, რომლისგანაც მიღებული შემოსავალი მიზნის სისრულეში მოყვანას უნდა მოხმარდეს. ა(ა)იპ-ის მიზანი არ ზღუდავს მისი საქმიანობის განმარტების არეალს. კერძოდ, ის ჩვეულებრივ მონაწილეობს ეკონომიკურ ურთიერთობაში,[17] დებს ხელშეკრულებებს, საკუთარი ქონებით აგებს პასუხს და ა.შ. შესაბამისად, ეკონომიკურ ურთიერთობაში მონაწილეობის პროცესში ან იდეალური მიზნის მიღწევისთვის მას, როგორც სამართალსუბიექტს, უწევს ქონებრივი გარიგებების დადება, მათ შორის, საკუთარი ქონების გასხვისების შესახებ ნების გამოვლენა. სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევას აწესრიგებს კოდექსის მიმდინარე მუხლი, რომელიც იმპერატიულად, მაგრამ ალტერნატივების ფარგლებში განსაზღვრულად ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია ა(ა)იპ-ის ქონების გასხვისება.[18] მუხლის ძირითადი დატვირთვაა, რომ ა(ა)იპ-ის ქონება შეიძლება გასხვისდეს ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი შემთხვევიდან ერთ-ერთის არსებობისას.

8

პირველი, ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ ის ემსახურება საზოგადოების საქმიანობას. შემთხვევის ილუსტრირებისთვის ნათელი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. მაგალითად, ა(ა)იპ-ის („უმცირესობათა პარიტეტული უფლებები“) დაფუძნებისას მისმა დამფუძნებელმა ერთ-ერთმა პირმა საზოგადოებას საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი ავტომობილი, რომლის ღირებულება 10 000 ლარია. მაგრამ საზოგადოების საქმიანობის შესასრულებლად აუცილებელია საოფისე ფართი, საიდანაც ა(ა)იპ-ის ორგანიზაციული მართვა განხორციელდება. ფართის იჯარით აღებისთვის უკვე ა(ა)იპ-ის კუთვნილი ავტომობილის გასხვისება არის საზოგადოების საქმიანობისთვის საჭირო განკარგვის შემთხვევა, რომელსაც კოდექსი დასაშვებად ცნობს.

9

ა(ა)იპ-ის ქონების გასხვისების მეორე შემთხვევა ორგანიზაციულ განვითარებას მოიცავს. ზემოაღნიშნული ილუსტრაციის ფონზე, თუ ა(ა)იპ-ის ორგანიზაციული საქმიანობა მოითხოვს გაფართოებას ან/და დამატებითი/ ახალი პერსონალის დაქირავებას და მას ამისთვის საჭირო თანხის მოძიება შეუძლია კუთვნილი ქონების გასხვისების საშუალებით.

10

რაც შეეხება გასხვისების მესამე და მეოთხე წინაპირობებს, ისინი მსგავსი ურთიერთობების აღმწერი ფუნქციით არიან დატვირთული. კერძოდ, ა(ა) იპ იქმნება როგორც უშუალოდ საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ისე სხვა ნებისმიერი საქმიანობის სამართლებრივი ფორმის ქვეშ განხორციელებისთვის, რომლის მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნულ მიზნებს კოდექსის 36-ე მუხლი ერთმანეთისგან განასხვავებს. შესაბამისად, თუ, მაგალითად, შექმნილია ა(ა)იპ „მწერალთა კავშირი“ და ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი იავნანა“, მაშინ მათი მიზნები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა არც ერთი მისდევს სამეწარმეო საქმიანობას და არც მეორე. აქედან გამომდინარე, კოდექსი ალტერნატივების ფორმით ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში, იქნება ეს საქველმოქმედო თუ არასაქველმოქმედო მიზნით განხორციელებული, შესაძლებელია ა(ა)იპ-ის ქონების გასხვისება.[19]

11

დაბოლოს, კოდექსი ა(ა)იპ-ის ქონების გასხვისების სხვა შემთხვევას არ ადგენს, თუმცა შესაძლებელია ქონების განკარგვის ორი სხვა ფორმის გამოყოფა. ქონების განკარგვის ერთ-ერთ ფორმად იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მისთვის დაწესებულ სასჯელთა ისეთი ფორმა შეიძლება იქნეს წარმოდგენილი, როგორიც ქონების ჩამორთმევაა.[20] ქონების ჩამორთმევა სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს მიერ პირის საკუთრების (ქონების) იძულებითი განკარგვაა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი პირობების არსებობისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს.[21] ქონების გასხვისების მეორე ფორმა მოიცავს შემთხვევას, როდესაც ა(ა)იპ-ის დამფუძნებლებმა/წევრებმა ლიკვიდაციის ნარჩენ ქონებაზე უფლებამოსილი პირი არ განსაზღვრეს და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას სასამართლო გადასცემს[22] ერთ ან რამდენიმე ა(ა)იპ-ს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ ა(ა) იპ-ს ჰქონდა (38 IV). კოდექსის ეს დანაწესი ხაზს უსვამს ა(ა)იპ-ის მიზნებს და ამოდის მისი მიღწევის ყველა მეთოდის დეტალიზაციის პრინციპიდან. ამიტომ, თუ ასეთი იურიდიული პირი (პირები) არ არსებობს ან ასეთი იურიდიული პირის (პირების) გამოვლენა შეუძლებელია, რომელსაც მსგავსი მიზანი (ანუ არასამეწარმეო მიზანი) ექნება, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.




  1. ე.წ. Separate patrimony („განცალკევებული მემკვიდრეობა“) _ ქონების დამოუკიდებელი, განცალკევებული მემკვიდრე მესაკუთრე, რომელიც საზოგადოებას მიღებული აქვს მისი წევრების (პარტნიორების) მხრიდან. იხ. Armour/Hasnmann/Kraakman, What is Corporate Law? In: Anatomy of Corporate Law, 2009, p. 6.
  2. ეს, როგორც წესი, მხოლოდ კაპიტალური საზოგადოების შემთხვევაში გვხვდება, რადგან ქარ- თული კანონმდებლობით გათვალისწინებული ამხანაგური ტიპის საზოგადოებებს, მიუხედავად მათი იურიდიული პიროვნულობისა, მსგავსი „თავდაცვითი~ საშუალების გამოყენების შესაძლებლობა არ აქვს არც საკანონმდებლო და არც პარტნიორთა კერძო ავტონომიის ფარგლებში. მაგ., „მეწარმეთა შესახებ” კანონის მუხ. 3 III გამომდინარე ყველა ასეთი დათქმა თუ შეთანხმება ბათილია მესამე პირების წინაშე. იხ. მახარობლიშვილი, მეწარმე სუბიექტთა დოგმატურ-თეორიული გამიჯვნა კაპიტალურ საზოგადოებათა საწყისებზე, სამართლის ჟურნალი, 2/2011, გვ. 116. კაპიტალური ტიპის საზოგადოების ანალოგიური თავდაცვის სისტემა გავრცელდება ა(ა)იპ-ისა და მისი წევრების მიმართ.
  3. Hansmann/Kraakman/Squire, Law and Rise of the Firm, 119 Harvard Law Review 1333, 2006, pp. 1335-1343.
  4. Armour/Hasnmann/Kraakman, What is Corporate Law?, 2009, p. 6.
  5. მახარობლიშვილი, მეწარმე სუბიექტთა დოგმატურ-თეორიული გამიჯვნა კაპიტალურ საზოგადოებათა საწყისებზე, სამართლის ჟურნალი, 2/2011, გვ. 115-116.
  6. ქონების დეფინიცია სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლშია მოცემული.
  7. მეწარმე სუბიექტის ქონებასთან დაკავშირებით, იხ. ბურდული, ქონებრივი ურთიერთობა სააქციო საზოგადოებაში, 2008, გვ. 115-116; ზოიძე, სანივთო სამართალი, 2002, გვ. 26-55.
  8. ზოგადად, ქონების შესახებ, იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 138-164; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 183-231.
  9. იხ. მახარობლიშვილი, შეტანაუნარიანი ობიექტების განსაზღვრის პოზიტიური და ნეგატიური შინაარსი, მართლმსაჯულება და კანონი, 1/2012, გვ. 102-108; ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, 2002, გვ. 48.
  10. და ამით სახელშეკრულებო ურთიერთობაში მისი სამართლებრივი პიროვნულობის სტატუსით ფუნქციონირების ეფექტურად წარმოჩენა.
  11. საბოლოო ჯამში, ნებისმიერი იურიდიული პირის საქმიანობა, მიუხედავად მისი განცალკევებული პიროვნულობისა, დაიყვანება ფიზიკურ პირებამდე, რადგან „ხელოვნურ” ქმნილებას, რომელსაც ადამიანის მნიშვნელოვანი ელემენტი — ღირსება არ გააჩნია (იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 165-166.), ესაჭიროება მისი როგორც სამართლის სუბიექტის უფლებამოსილების განმახორციელებელი კონკრეტული ინდივიდი, რაც, თავის მხრივ, არ აფერმკრთალებს, მისი, როგორც ცალკე სუბიექტის არსებობის ფაქტს _ ის უბრალოდ საზოგადოების მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოდგენის საშუალებაა. იხ. Ratner, Corporations and Human Rights: A Theory of Legal Responsibility, 111 Yale Law Journal, 2001, pp. 2-39. ამიტომ უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს საზოგადოების ორეულსაც უწოდებენ. იხ. Armour/Hasnmann/Kraakman, What is Corporate Law?, 2009, p. 13.
  12. Armour/Hasnmann/Kraakman, What is Corporate Law?, 2009, p. 7.
  13. მეწარმე სუბიექტების შემთხვევაში საზოგადოების ქონების გასხვისების უფლებამოსილება აქვს დირექტორს, მაგრამ ის, როგორც წესი, შეზღუდულია გარკვეული მოცულობის ფარგლებში. მაგალითად, თუ გასხვისების ობიექტია საზოგადოების ქონების ნახევარზე მეტი (ქონებრივი გასხვისების შემთხვევაში, ე.წ. Aსსეტ Dეალ), მაშინ გასხვისებას საერთო კრების გადაწყვეტილება ესაჭიროება. იხ. მეწარმეთა შესახებ კანონი, 54 VI ლ.
  14. Cox/Hazen, Treatise on The Law of Corporations, Vol. 1, 2010, pp. 499-501.
  15. Fletcher, Fletcher Cyclopedia of the Law of Corporations, Vol. 3A, 2011, pp.161-166.
  16. იხ. მაგ. საქ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის #ას-281-270-2012.
  17. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ა(ა)იპ-ის საქმიანობის მიზანი არის საქველმოქმედო საქმიანობა. ასეთ შემთხვევაში, საქველმოქმედო საქმიანობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით (საქართველოს პარლამენტი, # 3591, 17/09/2010) (9 II ბ)) აღიარებულია არაეკონომიკურ საქმიანობად.
  18. ავტომობილის გასხვისება, რა თქმა უნდა, ა(ა)იპ-ის ეკონომიკური აქტივობაა. ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, იხ. ნადარაია, ნადარაია/როგავა/რუხაძე/ბოლქვაძე, საგადასახადო კოდექსის კომენტარი, 2012, გვ. 120-127.
  19. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ა(ა)იპ-ის საქმიანობა, მისი ორგანიზაციული განვითარება და საზოგადოების მიზნების ხელშემწყობი ქონების გასხვისება პირობითი ცნებებია და ისინი პრაქტიკაში ერთმანეთისგან ძნელად გასამიჯნ კატეგორიას წარმოადგენენ.
  20. დვალიძე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, 2013, გვ. 263-266.
  21. დვალიძე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, 2013, გვ. 261-262.
  22. გადაცემა გასხვისებაში გენერალური სუკცესიის გზით მოიაზრება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_36._არასამეწარმეო_(არაკომერციული)_იურიდიული_პირის_საკუთრებაში_არსებული_ქონების...&oldid=1158"