Gccc-logo.png


მუხლი 37. ზიანის ანაზღაურება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 37. ზიანის ანაზღაურება


ირაკლი ბურდული/ნონა ზუბიტაშვილი
ბოლო დამუშავება: 17 აპრილი, 2019

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მიადგა მესამე პირებს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ისეთი მოქმედების გამო, რომელიც იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

2. ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს. ამ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წინაშე პასუხისმგებელია წარმოშობილი ზიანისათვის. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმა ბათილია, თუ ეს აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336

I. ა(ა)იპ-ის დამოუკიდებლობის კონცეფცია და მისი ფარდობითი ბუნება

1

კოდექსი განამტკიცებს იურიდიული პირის დამოუკიდებლობის ტრადიციულ დოქტრინას, რომლის თანახმადაც იურიდიული პირი განცალკევებულია მისი დამფუძნებლებისგან, იურიდიული პირის ქმედება არ იწვევს მათ პასუხისმგებლობას და, პირიქით.[1] ეს არის სამართლებრივი ფიქცია, რომლის ძალითაც ა(ა)იპ-ის ქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებას, საბოლოო ჯამში, ყოველთვის ფიზიკური პირი ახორციელებს, მიეწერება თავად ა(ა)იპ-ს.

ამავდროულად, სამართლის პრაქტიკული გამოყენების პროცესში შეიძლება შეიქმნას რეალობა, რომელშიც იურიდიული პირის სამართლებრივი განცალკევებულობა გამოიყენება არა იმ მიზნით, რა მიზნითაც იგი შეიქმნა (ან უნდა შექმნილიყო). ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს უარყოს იურიდიული პირის მისი წევრისგან დამოუკიდებლობა და იურიდიული პირის სახელით განხორციელებული ქმედება მიაწეროს მის წევრს.[2] უნდა აღინიშნოს, რომ მეწარმეთა შესახებ კანონი, სამოქალაქო კოდექსისგან განსხვავებით, აწესებს პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრინციპის უკუგდების შესაძლებლობას კაპიტალური ტიპის იურიდიული პირების პარტნიორების წინააღმდეგ, თუკი სახეზეა მათ მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის ბოროტად გამოყენება.[3] ზოგადად, ქართული სასამართლო პრაქტიკა არ არის მდიდარი იურიდიული პირის სამართლებრივი დამოუკიდებლობის კონცეფციის შეფასებაში.[4]

II. ა(ა)იპ-ის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის ელემენტები

2

ზიანის ანაზღაურების სახით ა(ა)იპ-ის პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს ა(ა)იპ-ის მიერ, ხელმძღვანელის (წარმომადგენლის) მეშვეობით, ზიანის მიმყენებელი ქმედების განხორცილება, ან ა(ა)იპ-ის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანის მიყენება.

3

პასუხისმგებლობის პირველი წინაპირობაა ზიანის მიყენება (ზიანის არსებობა).[5] ა(ა)იპ-ის (და ზოგადად იურიდიული პირის) კონტექსტში ეს წინაპირობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, რადგანაც ზიანის მიმყენებელ ქმედებას სჩადის ფიზიკური პირი, რომელიც ა(ა)იპ-ის დამოუკიდებელი სამართალსუბიექტობის პრინციპის ძალით მიეწერება ა(ა)იპ-ს. ამდენად, მნიშვნელოვანია იმ სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათის განსაზღვრა, რომელიც აკავშირებს ზიანის მიმყენებელ ფიზიკურ პირს ა(ა)იპ-თან. ეს ურთიერთობა ნებისმიერ შემთხვევაში სახელშეკრულებო ბუნებისაა და შეიძლება გამომდინარეობდეს როგორც შრომითი, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი წარმომადგენლობითი ურთიერთობიდან (დავალების ხელშეკრულებიდან, მინდობილოდან). ზიანი შეიძლება მიყენებულ იქნეს ა(ა)იპის სახელით (მაგ., სახელშკრულებო ვალდებულების დარღვევის დროს) ან ფიზიკური პირის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის (სამსახურებრივი, შრომითი) შესრულების დროს. ამ კონტექსტში საჭიროა დელიქტურისა და სხვა კატეგორიის ზიანის ანაზღაურების წესის გამიჯვნა. დელიქტის შემთხვევაში ა(ა)იპ-ის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება არამხოლოდ ხელმძღვანელის (წარმომადგენლის), არამედ ნებისმიერი მუშაკის მართლსაწინააღმეგო ქმედებით[6] დამდგარი ზიანი (997). სახელშეკრულებო კატეგორიის ზიანის შემთხვევაში, ხელმძღვანელის (წარმომადგენლის) ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, მიეწერება ა(ა)იპ-ს და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მას გადახდება. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებასთან დაკავშირებით მოქმედებს ზოგადი პრინციპი: „არ არსებობს პასუხისმგებლობა ბრალის გარეშე,“[7] ამდენად, მეორე წინაპირობად უნდა განვიხილოთ ბრალი, რომელიც შეიძლება გამოიხატოს განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით.[8] მესამე წინაპირობაა, მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და ქმედებას შორის, რისი ძალითაც ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო და პირდაპირი შედეგია.[9]

III. ხელმძღვანელის (წარმომადგენლის) შიდასამართლებრივი პასუხისმგებლობა

4

ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის დახასიათებისას უნდა გაიმიჯნოს იმ სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტობრივი ხასიათი, რომელშიც წარმოიშვა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამ კუთხით, უნდა განვასხვავოთ შიდა და გარეურთიერთობები. გარესამართლებრივ ურთიერთობებში (ე.ი. მესამე პირების წინაშე) ხელმძღვანელი (წარმომადგენელი), როგორც ზემოთ აღინიშნა, არ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისათვის, იმ დათქმით, რომ იგი მოქმედებდა ა(ა)იპ-ის სახელით ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ეს წესი გამომდინარეობს, ერთი მხრივ, ა(ა)იპ-ის დამოუკიდებლობის კონცეფციიდან და, მეორე მხრივ, წარმომადგენლობის ინსტიტუტის ფუნდამენტური პრინციპიდან, რომელიც ასევე განმტკიცებულია კოდექსში, კერძოდ კი, 396-ე მუხლში. რაც შეეხება შიდაურთიერთოებებს, ამ შემთხვევაში დირექტორის პასუხისმგებლობა შეუზღუდავია. აქ მას აღარ იცავს ა(ა)იპ-ის დამოუკიდებლობის ფიქცია. შესაბამისად, ხელმძღვანელი (წარმომადგენელი) პასუხისმგებელია ა(ა)იპ-ის წინაშე იმ ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის მოვალეობის დარღვევის შედეგად. ხელმძღვანელ პირთა მოვალეობების განსაზღვრისას მუხლი შემოიფარგლება მხოლოდ კეთილსინდისიერების ზოგადი მოვალეობის დაწესებით. შესაბამისად, ისმის კითხვა: რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს დირექტორმა ა(ა)იპ-ის მართვისას? როგორც ქართულ, ასევე დასავლურ იურიდიულ ლიტერატურაში არსებული შეხედულების თანახმად, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელს არსებითად იგივე ფიდუციური მოვალეობები აკისრია, როგორც კომერციულ იურიდიულ პირის ხელმძღვანელს.[10] ამ შეხედულებას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ფიდუციური მოვალეობის, როგორც არ უნდა განიმარტოს იგი, საფუძველი მაინც კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია.[11] უნდა აღინიშნოს, რომ კოდექსით დადგენილი წესი ანალოგიურია მეწარმეთა შესახებ კანონით გათვალისწინებული პოსტულატისა, იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელი შედარებით დეტალურად განუსაზღვრავს კომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელს კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე კონკრეტულ მოვალეობებს.[12]

IV. კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის ცნება

5

კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობა გულისხმობს, ერთი მხრივ, გულმოდგინების (duty of care), ხოლო, მეორე მხრივ, ერთგულების მოვალეობის (duty of loyalty) დაცვას. გულმოდგინების მოვალეობა ავალდებულებს ა(ა) იპ-ს ხელმძღვანელს იმოქმედოს სათანადო გონივრულობის ფარგლებში. ერთგულების მოვალეობა ა(ა)იპ-ის კონტექსტში, გაბატონებული შეხედულების თანახმად, გულისხმობს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მოვალეობას.[13] დასავლურ იურიდიულ ლიტერატურაში, არაკომერციულ იურიდიულ პირებთან მიმართებით, ასევე გამოყოფენ მიზნებისადმი „მორჩილების მოვალეობას“ (duty to obedience), რაშიც მოიაზრება ხელმძღვანელის მოვალეობა უზრუნველყოს ა(ა)იპ-ს საქმიანობის შესაბამისობა ა(ა)იპ-ის მიზნებსა და ზოგადად, მისიასთან.[14]

V. ხელმძღვანელის შიდასამართლებრივი პასუხისმგებლობის ელემენტები

6

ხელმძღვანელის შიდასამართლებრივი პასუხისმგებლობის პირობები პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი კონსტრუქციის ანალოგიურია. შესაბამისად, პირველ წინაპირობას, 37 II მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს ხელმძღვანელის მიერ კოდექსით (ანდა წესდებით) გათვალისწინებული მოვალეობის ბრალეული დარღვევა.[15] მეორე წინაპირობაა ზიანის არსებობა. თავის მხრივ, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანი (395 I).[16] მესამე წინაპირობა ასევე კოდექსიდან გამომდინარებს (412) და არის მიზეზობრივი კავშირის არსებობა ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ამდენად, ხელმძღვანელს სამოქალაქო-სამართლებივი პასუხისმგებლობა ზიანის ანაზ- ღაურების სახით გადახდება იმ შემთხვევაში, თუკი სახეზე იქნება სამივე წინაპირობა.[17]

VI. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები

7

ფიდუციური მოვალეობის დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი ანაზ- ღაურდება. ა(ა)იპ-ის დამოუკიდებლობის კონცეფციის გამოვლინება ამ საკითხშიც ხდება. ა(ა)იპ-ისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა თავად ა(ა)იპ-ს ეკუთვნის და არა, მაგალითად, მის წევრებს. ხელმძღვანელი შეიძლება გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. ამავდროულად კოდექსით დადგენილია, ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის გამომრიცხავი გარემოება — თუკი ზიანის ანაზღაურება აუცილებელია კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად.[18] რა ფორმით უნდა მოხდეს უარის თქმა, კოდექსი არ უთითებს. ასევე არ არის მითითება, თუ რომელი ორგანოა უფლებამოსილი, მოსთხოვოს ხელმძღვანელს (წარმომადგენელს) ზიანის ანაზღაურება ან, პირიქით, უარი თქვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის განხორციელებაზე? ბუნებრივია, ხელმძღვანელი (წარმომადგენელი), როგორც მოთხოვნის ადრესატი, ვერ იქნება ამავე მოთხოვნის განმახორციელებელი სუბიექტი. ამდენად, საჭიროა განისაზღვროს ის ორგანო/პირი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება წარმოადგინოს ა(ა)იპ-ი ხელმძღვანელის წინააღმდეგ დავაში. ეს პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხები უნდა მოწესრიგდეს ა(ა)იპ-ის წესდებით. შესაძლებელია რამდენიმე კომბინაციიდან ერთ-ერთის გამოყენება. კერძოდ, წესდებით დამფუძნებელ წევრს მიენიჭოს ნაწარმოები სარჩელის წარდგენის უფლება (ე.წ. „დერივაციული სარჩელი“),[19] როდესაც დამფუძნებელი წევრი უფლებამოსილი იქნება საკუთარი სახელით და საზოგადოების სასარგებლოდ იდაოს ხელმძღვანელის წინააღმდეგ ან წევრთა საერთო კრების მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდეს ასეთ დავაში საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ლოგიკურდ, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე უარი უნდა იყოს მიღებული ა(ა)იპ-ის წევრების მიერ. თუმცა კოდექსი არ უთითებს პროცედურულად რომელი ორგანოს კომპეტენციაში შედის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დათმობა, რის გამოც ისმის რამდენიმე კითხვა: მოთხოვნის დათმობა უნდა მოხდეს წევრთა საერთო კრებაზე გადაწყვეტილების ფორმით თუ წევრებსა და დირექტორს შორის წერილობითი (ან ზეპირი) შეთანხმების ფორმით? ჩაითვლება თუ არა ა(ა)იპ-ის უმოქმედობა მოთხოვნის განხორციელებაზე უარად? იმის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ-ის უარი ნების გამოვლენაა და მისთვის კანონით არ არის გათვალისწინებული სპეციალური ფორმა, იგი შეიძლება განხორციელდეს როგორც ზეპირი, ასევე წერილობით ფორმით (წევრებსა და დირექტორს შორის შეთანხმების ან წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილების ფორმით), რაზეც ასევე უნდა არსებობდეს კომპეტენციის დამდგენი დათქმა წესდებაში. საზოგადოების (მისი წევრების) უმოქმედობა მოთხოვნის დათმობად არ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც მოთხოვნის ხანდაზმულობის არსიდან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია ხანდაზმულობის ვადაში ნებისმიერ დროს მოახდინოს ვალდებულების მოთხოვნის იძილებითი წესით განხორციელება.[20]

VII. ultra vires ქმედებით მიყენებული ზიანი სანაზღაურება

8

მუხლი პირდაპირ არ უთითებს, როგორ უნდა ანაზღაურდეს მესამე პირისათვის ხელმძღვანელის ისეთი ultra vires[21] ქმედებით მიყენებული ზიანი, რომელიც მოვალეობის შესრულებას არ უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში, ქმედება არ მიეწერება ა(ა)იპ-ს და შესაბამისად, გამოსაყენებელია 992-ე და 37(3) მუხლების კომბინაცია, რის საფუძველზეც ზიანს უშუალოდ ქმედების განმახორციელებელი ანაზღაურებს.




  1. Gurney, Behind the Corporate Screen, 1 Peabody Law Review 84 1936-1937, 87; Disregarding the Corporate Entity, Notes, 2 St. Louis Law Review 108, 1917, 110. ეს არის, ე.წ. entity shielding და owner shielding. პირველ შემთხვევაში საზოგადოებაა დაცული მისი წევრების პირადი კრედიტორების მოთხოვნებისგან, ხოლო მეორე მოცემულობაში, საზოგადოების წევრები არიან დაცულნი საზოგადოების კრედიტორთა მოთხოვნებისგან. იხ. Hansmann/Kraakman/Squire, Law and Rise of the Firm, 119 Harvard Law Review 1333, 2006, p. 1337-1343.
  2. ე.წ. „გამჭოლი პასუხისმგებლობა“. თუმცა ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში ა(ა)იპ-ის კონტექსტში ეს გამონაკლისი განხილული არ არის. გამჭოლი პასუხისმგებლობის გავრცელება ა(ა)იპ-ის წევრებზე სადავოა აშშ-ს დოქტრინაშიც, რამდენადაც ა(ა)იპ-ში არ არის წილები და შესაბამისად, არც მის წევრს აქვს ქონებრივი ინტერესი (დივიდენდის მიღების უფლების ჩათვლით). იხ. Schlicht, Piercing the Nonprofit Corporate Veil, 66, Marquette L. Rev. 134, 1982, p.135; თუმცა, აშშ-ს სასამართლო პრაქტიკაში არსებობს არაკომერციული იურიდიული პირის წევრის პირადი პასუხისმგებლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრეცედენტი ე.წ. „alter ego“-ს საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, თუკი წევრის კონტროლის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ იკარგება ა(ა)იპ-ის დამოუკიდებლობა, წევრი უნდა განიხილებოდეს, როგორც ა(ა)იპ-ის ალტერ ეგო, რაც მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას იძლევა, იხ. MacAluso v. Jenkins, 95 I1. App. 3d 461, 420 N.E.2d,1981, 257.
  3. „მეწარმეთა შესახებ“კანონის მუხ. 3 VI.
  4. იურიდიული პირის დამოუკიდებლობის დოქტრინასთან მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანი განმარტება ეკუთვნის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. 1998 წლის 19 იანვრის №2/36-7 გადაწყვეტილებში სასამართლომ იმსჯელა იურიდიული პირისა და მისი დამფუძნებლის დამოუკიდებელ სამართალსუბიექტობაზე საკუთრების მიკუთვნების კონტექსტში, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ „იურიდიული პირის ქონება იურიდიული პირის, როგორც სამართლის სუბიექტის საკუთრებაა და არა მისი დამფუძნებლების, ან მასში მონაწილეების.“ იხ. ზოიძე, თანამედროვე საკორპორაციო სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, 2009, გვ. 77-82.
  5. ზიანი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების ან კეთილდღეობის ხელყოფა. იხ.საქ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის # ას-920-959-11გადაწყვეტილება, ასევე 2013 წლის 24 ივნისის # ას-182-175-2013 გადაწყვეტილება.
  6. მართლწინააღმდეგობაზე, როგორც ზიანის ანაზღაურების წინაპირობაზე იხ. საქ. უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 16 აპრილის # 3კ-1457-02 გადაწყვეტილება, სადაც არასამეწარმეო იურიდიულ პირს არ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არრსებობის გამო.
  7. ცვაიგერტი/კოტცი, შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, II, 2001, გვ. 320.
  8. იხ. საქ. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რეგულარული შეხვედრების შედეგად სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში შემუშავებული რეკომენდაციები და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, 2011, გვ. 54.
  9. ქოჩაშვილი, ბრალი, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის პირობა, სამართლის ჟურნალი 1/2009, გვ. 82.
  10. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 265; ასევე, იხ. Hazen/Hazen, Punctilios and Nonprofit Corporate Governance, Journal of Business Law, Vol.14:2, 2012, p. 356; ხელმძღვანელ პირთა მოვალეობათა კატალოგი გვხვდება როგორც აშშ-ში, ასევე გერმანიაშიც. ამავდროულად, ამ სფეროში გერმანული სამართლის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია აშშ-ს პრეცედენტულმა სამართალმა. იხ. ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ. 256.
  11. დასავლეთის სამეცნიერო წრეებში მიდის დავა იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა კეთილსინდისიერება დამოუკიდებელ მოვალეობას, იხ. Strine/Hamermesh/Balotti/Gorris, Loyalty’s Core Demand, Georgetown Law Journal,98:629, 2010, p. 673, სადაც განხილულია კეთილსინდისიერების, როგორც დამოუკიდებელი მოვალეოების აღმასვლა და აღსასრული.
  12. როგორც ერთ-ერთ ცნობილ პრეცედენტში აღნიშნა მენის შტატის (აშშ) უზენაესმა სასამართლომ, მოვალეობა ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ დირექტორს შეეძლოს განსაზღვროს, რისი უფლება აქვს და რისი არა, Northeast Harbor Golf Club,Inc.v. Harris 61 A.2d 11146 (1995). კონკრეტიცაზიის გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ 37(2) მუხლის მითითება კეთილსინდისიერებაზე არაფრისმომცემია და წარმოადგენს მუხ. 8 III დუბლირებას.
  13. იქვე, ALI, Nonprofit Principles §330.
  14. Palmiter, Duty of Obedience: The Forgotten Duty, 55 N.Y.L. ch. Law Review (2010/2011) p.457; Atkinson, Obedience as the Foundation of Fiduciary Duty, The Journal of Corporation Law, Vol. 34:1, 2008,. p.43. ეს მოვალეობა განსაკუთრებულ დატვირთვას სწორედ არაკომერციულ იურიდიულ შემთხვევაში იძენს, რადგანაც პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ა(ა)იპ-ის სპონსორები და დონორები ითხოვენ სახსრების განკარგვას მხოლოდ განსაზღვრული მიზნისათვის. ამ მოვალეობასთან მიმართებით, ასევე, მნიშვნელოვანია 25 V მუხლი, რომლის თანახმადაც, ა(ა)იპ-ი უფლებამოსილია აწარმოოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა მხოლოდ იმისთვის, რომ ფინანსურად უზრუნველყოს ა(ა)იპ-ის იდეალური მიზნების მიღწევა.
  15. ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ. 386.
  16. თუმცა მუხლი უთითებს მოქმედებაზე.
  17. ამ საკითხებზე ვრცლად იხ. ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ. 384-386 და 405-407.
  18. უნდა აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების გარდა, მეწარმეთა შესახებ კანონი 9 V მუხლით დირექტორის შიდასამართლებრივი პასუხისმგებლობისას, საანქციის სახით ასევე აწესებს გასამრჯელოს დათმობის მოვალეობას.
  19. წევრისათვის დერივაციული სარჩელის წარდგენის უფლების მინიჭება წესდებით გავრცელებული პრაქტიკაა აშშ-ში, იხ. Hazen/Hazen, Punctilios and Nonprofit Corporate Governance, Journal of Business Law, Vol.14:2, 2012, 411.
  20. საქ. უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით, კრედიტორი უფლებამოსილია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც მოითხოვოს შესრულება, თუმცა ასეთ დროს მას აღარ აქვს იძულებითი განხორცილების უფლება, თუკი არ მოხდება ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლების დადასტურება. იხ. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის # ას-920-959-11 გადაწყვეტილება.
  21. არასანქცირებული, უფლებამოსილების ფარგლებს მიღმა იხ. Wharton, Dictionary of Jurisprudence, 1867, p. 951.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_37._ზიანის_ანაზღაურება&oldid=2216"